logo.png

ლელა ცომაია

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა

(ნაწილი მეექვსე)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს იმის გარკვევა, თუ რა პოზიცია ეკავა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II კანონიერი ეროვნული ხელისუფლების შეიარაღებული გადატრიალების პერიოდში. ცნობილია, რომ პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ პირადად სთხოვა ჩარევა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II, მაგრამ პატრიარქმა ავადმყოფობა მოიმიზეზა და არ ეახლა პრეზიდენტს. მაშინ, პრეზიდენტმა თავად აახლა თავისი „დესპანები“ პატრიარქს, მაგრამ მან, ავადმყოფობის გამეორებითი მომიზეზებით, უარი თქვა მათთან შეხვედრაზეც. ეს არ იყო უარი ეკლესიის პოლიტიკაში ჩარევის გამო, არამედ, – უარი პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ-სახელმწიფოებრივი პოლიტიკური კურსის მხარდაჭერაზე. სამაგიეროდ, პატრიარქი საგანგებო მისიით მიდის „კგბ“-ს ციხეში ჯაბა იოსელიანთან და ვითარცა პეტრე მოციქული შთააგონებს მას: „თქვენ სჭირდებით საქართველოს!“ ციხიდან გამოშვებულს კი გულითად შეხვედრას უწყობს საპატრიარქოში და შემდეგაც ხშირად უმართავს ნადიმს. პატივისცემისა და კეთილგანწყობის ნიშნად პატიჟებს ჯაბას ყველა საეკლესიო დღესასწაულებზე, უწონებს მას შევარდნაძის ჩამოყვანას და ა.შ. ყოფილი ოპოზიციონერი მწერალი ნოდარ კობერიძე წერილში „სამოქალაქო ომი – აპოკალიფსი საქართველოსთვის“ წერს: „...პირველი გასროლის შემდეგ იყო თუ არა მემილიონედი შანსი სისხლისღვრის შეჩერებისა?... შეიძლებოდა და ეს ეკლესიის წინამძღვარს უნდა ეტვირთა... პირველი ბზარი ხალხსა და პატრიარქს შორის 9 აპრილის ღამეს გაჩნდა, როცა პატრიარქმა ბოლომდე არ უთხრა ხალხს, რაც მან იცოდა, ხოლო დარბევის დროს, იმის მაგივრად, თავის სამწყსოსთან ერთად შეხვედროდა განსაცდელს – გაუჩინარდა. არადა, თუ მწყემსი ხარ შენი ხალხისა – არ უნდა მიატოვო იგი... საქართველოს პატრიარქი 22 დეკემბერს მომაკვდავიც რომ ყოფილიყო, ჯვრით შემართული, რუსთაველის პროსპექტის შუაგულში უნდა დამდგარიყო. ნეიტრალიტეტი უნდა დაეცვა... აემოქმედებინა ის წიგნი, რომელშიც მოხვედრილ ქართველის მკვლელს სამარადისო წყევლა არ ასცდებოდა ...“ მწერალი კობერიძე, უთუოდ გულისხმობს პატრიარქ ილია II-ის 1990 წლის 28 ოქტომბრის ამ განჩინებას: „საგანგებო ბრძანება, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა ვბრძანებ: დღეიდან ყოველი ქართველი ადამიანის მკვლელი, მიუხედავად მსხვერპლის (მოკლულის) დანაშაულისა ან უდანაშაულობისა, გამოცხადდეს ქართველი ერის მტრად. მკვლელის სახელი და გვარი შეტანილ იქნას საპატრიარქოს სპეციალურ წიგნში და გადაეცეს თაობიდან თაობას, როგორც სამარცხვინო და დასაგმობი. საგანგებო ბრძანება ესე მიღებულია, რათა საქართველოში იქნას თავიდან აცილებული უმძიმესი ცოდვა და დანაშაული ღვთისა და ერის წინაშე – ძმათა კვლა“. პატრიარქის ამ განჩინებამ ერში გააღვივა იმედი, აწ უკვე მშვიდობიანობის სუფევისა, მაგრამ ეს განჩინება აღმოჩნდა, უფრო, ეროვნული ხელისუფლებისადმი მიმართული, რათა მას არ გამოეყენებინა ძალა მოსალოდნელ გადატრიალებაში, არ დაეცვა მონაპოვარი. ამადაც, ამ ბრძანება-განჩინებამ, შეიძლება ითქვას, რომ თავისი მისია შეასრულა. ხოლო, 1992 წელს, როდესაც ხუნტამ შეიარაღებითა და სისხლისღვრით დაამხო ეროვნული ხელისუფლება, პატრიარქმა გააუქმა ეს განჩინება. პატრიარქის გულგრილი და საეჭვო დამოკიდებულების გამო, ეკლესიებს მრავალი წლით განერიდა მრევლი და ეკლესიები კომუნისტური ხანის მდგომარეობში აღმოჩნდა. მამა ვახტანგ მარგიანს მოვუსმინოთ: „ჰაუბიცები შემოყვანილი ჰყავდათ ქაშუეთის ეკლესიაში და ინტენსიური სროლები უკვე მიმდინარეობდა. სიონის საკურთხეველში უკვე მესმოდა ხმა... მე ვარ ცოცხალი მოწმე... იმ დღეს ილია II არ მოვიდა წირვაზე... წირვა დამთავრებული იყო, როცა მოვიდნენ გამსახურდიას მთავრობის წარმომადგენლები... დიაკონმა ლევან რცხილაძემ უშვერი სიტყვებით და ფიზიკური შეურაცხყოფით გაყარა ეს ადამიანები... 6 იანვარს გამსახურდია უკვე წავიდა... შაბათს, 6 იანვარს წავედი, რათა მიმეღო მონაწილეობა საშობაო წირვა-ლოცვაში. მოვიდა ილია II ძალიან კარგ ხასიათზე სამღვდელოებასთან ერთად, მაგრამ სიონს აშკარად დაეტყო ხალხის ნაკლებობა... 7 იანვარს ილია II დამპატიჟა ბანკეტზე... ბანკეტი ჩატარდა, მაგრამ მათთვის სულ არ იყო მნიშვნელოვანი შობის დღესასწაული... თამადები იყვნენ... დიაკონი ლევან რცხილაძე და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დანიელ დათუაშვილი... ილია II ყველა ულოცავდა გამარჯვებას, ვინაიდან ილია მეორის ლოცვით იყო, რომ განიდევნა გამსახურდია საქართველოდან“.

1992 წლის ხუნტის პარლამენტის პირველივე სხდომაზე წითელი ინტელიგენციის წარმომადგენელმა ნიკო ჭავჭავაძემ სიტყვით გამოსვლა სთხოვა კათოლიკოს პატრიარქს ილია მეორეს, რომელიც ტრიბუნიდან, გაბადრული სახით, ასე მიესალმა ხუნტის პარლამენტარებს: „პატივცემულო დეპუტატებო, მე მინდა, კიდევ ამას დავუმატო „პატივცემულო დემოკრატებო“... მე მინდა მოგილოცოთ აი ეს ბედნიერი დღე და გისურვოთ დიდი წარმატებები; თქვენ იტვირთეთ ერის ჯვარი და ერის ტკივილი...“

პატრიარქი ილია II შესტრფის და შესციცინებს შევარდნაძეს და ჯაბას, ორივეს ქვეყნისთვის საჭირო პირებად მოიხსენიებს და შევარდნაძეს არ აძლევს უფლებას, გადადგეს. ხოლო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას კი პირქუშად უმზერს, არ იკარებს და არც თავად ეკარება.

სახელმწიფო გადატრიალების შემდგომ იატაკქვეშა გაზეთმა „ქართულმა აზრმა“ დაბეჭდა ფურცლები სათაურით: „ვინ ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობას!!!“ რომელშიც გამოქვეყნებული იყო КГБ-ს კართოტეკები, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1962 წლის 10 იანვრიდან ყოფილა КГВ-ს აგენტი ფსევდონიმით „ივერიელი“. ამავე არალეგალური ფურცლებიდან ვგებულობთ ერთ-ერთი აგრესიული ოპოზიციონერის, ყოფილი დისიდენტის, პროფესორ გურამ მამულიას შესახებაც, რომელიც თავგამოდებული იბრძოდა ე.წ. თურქი-მესხების (რომელთა პროცენტული უმრავლესობა ეთნიურად და რელიგიურად თურქები არიან) საქართველოში რეპატრიაციისათვის, იგიც, 1962 წლიდან КГБ-ს აგენტი ყოფილა, რომლისთვისაც ფსევდონიმად, რატომღაც „სალაძე“ მიუნიჭებიათ.

იქვეა, აგრეთვე, ზვიადის დაუძინებელი და პირაქაფებული მოწინააღმდეგის რამაზ კლიმიაშვილის კართოტეკაც ფსევდონიმით „საშა“. ხოლო, ეროვნული ხელისუფლების ერთ-ერთი შეთქმული წევრის, პროფესორ ლევან ალექსიძის ფსევდონიმი კი „ანდრეევი“ ყოფილა და იგიც, 1962 წელს გადაუბირებიათ.

კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, არც მანამდე, ადრეულ წლებში იყო კეთილგანწყობილი კლასიკოსი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას დისიდენტი ძისადმი, რაზეც ნათლად მეტყველებს 1983 წელს მთავრობაში გაგზავნილი მისი დეპეშის ტექსტი.

პატრიარქის 1992 და 1993 წლების საშობაო ეპისტოლეებშიც, აშკარად გამოსჭვივის პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასადმი მისი უარყოფითი დამოკიდებულება და ბრალის სიმძიმის მხოლოდ მასზე დაკისრება.

May be an image of 4 ადამიანი, წვერი და people standingMay be an image of 2 ადამიანი და people sitting

May be an image of 6 ადამიანი და people standingფოტოს აღწერა მიუწვდომელია

ნანახია: (1649)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას