ლელა ცომაია
„არ არსებობს უფრო დიდი მტერი საკუთარი ხალხისა, ვიდრე კოლონიზატორების მიერ აღზრდილი ინტელიგენცია“(ჯავაჰარლალ ნერუ). მოქანდაკე ზურაბ წერეთელი – ეს ტიპიური საქმოსან-ოლოგარქი, რომელიც არც-თუ ჰაბიტუსით ჰგავს შემოქმედის ნატურას, საბჭოთა პერიოდიდანვე ახლო ურთიერთობაში იყო ე. შევარდნაძესთან და არავის უთმობდა რუსეთის პოლიტბიუროს უმაღლეს პირთა მასპინძლობასაც. ჯაბა იოსელიანი თავის ხუთასგვერდიან დოკუმენტურ წიგნში „სამი განზომილება“ იხსენებს: „ზურაბ წერეთელმა თავისი მარიფათით საკუთარ სახლში, ბაგებში, ბრეჟნევის ცხოვრების ამსახველი ექსპოზიცია მოაწყო. შევარდნაძის დავალებით... საგანგებოდ დნეპროძერჟინსკშიც წავიდა... ბრეჟნევის სახლის და გარდაცვლილი დედის ფოტოები ჩამოიტანა. შემდეგ მონტაჟი გააკეთა – ერთ გადიდებულ ფოტოზე ბრეჟნევი დედამისის გვერდით გამოსახა და წინდახედულად შემოსასვლელში დაკიდა... ბრეჟნევი შეჩერდა, ცრემლები გადმოყარა და წაილუღლუღა: იცით, მე კი არა მაქვს ეს ფოტო“. აი, ამ ტიპის ხელოვანთა და საბჭოთა მეცნიერთ სძულდათ ზვიად გამსახურდია, რომლებსაც უმძიმდათ უარის თქმა ჩვეულ ნეგატიურ ცხოვრების წესსზე, რომლებსაც აკრთობდათ ზნეობა და მორალი. ისევე, როგორც 1918- 21 წლებში, 1990-იან წლებშიც, წითელმა ინტელიგენციამ, კომუნისტებთან ერთად პრინციპული ბრძოლა გამოუცხადა ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას, არ სურდათ რა მათ საქართველოს რუსეთისაგან გამოყოფა. ანალოგიისათვის მოვიყვანთ ციტატას გრიგოლ ჟვანიას კრებულიდან „როგორ მზადდებოდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია“: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისადმი დამოკიდებულების საკითხში განსაკუთრებულ შეურიგებლობას იჩენენ ქვეყნის შიგნით ქართველი კომუნისტები. ისინი რუსეთისაგან, ჯერ ამიერკავკასიის, ხოლო ისტორიული 26 მაისის შემდეგ საქართველოს ჩამოშორებას აფასებდნენ, როგორც „ანტიხალხურს“, „კონტრრევოლუციურს“ და ა.შ. ასე იყო 1918- 21 წლებში. ხოლო, 1991-93 წლებში კომუნისტების, წითელი ინტელიგენციისა და მათ მიერ დაგეშილი რეაქციონერების მხრიდან ბრძოლამ უფრო მწვავე და ულმობელი ხასიათი მიიღო, რადგან ამჯერად, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ხელისუფლების მართვის სადავეები ხელთ ეპყრა არა ნოე ჟორდანიას მსგავს რუსეთუმე და უნიათო პოლიტიკოსს, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკურ ლიდერს ზვიად გამსახურდიას, რაც მოასწავებდა სრულიად კავკასიის გაერთიანებას და მასზე რუსეთის გავლენის დაკარგვას. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ 1990 წლის 28 ოქტომბრის საარჩევნო სიების შედგენის წინ ზვიად გამსახურდია პირადად ეახლა აკაკი ბაქრაძეს შინ და გულითადად შესთავაზა სათავეში ჩასდგომოდა „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველოს“ საარჩევნო სიას და ამასთანავე გამოთქვა მზადყოფნა უპრეცენდენტო კომპრომისისათვის – თავად უარს იტყოდა საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრაზე. მიუხედავად იმისა, რომ აკაკი ბაქრაძემ მაშინვე უარით უპასუხა ზვიადს, ზვიადი, იგივე თხოვნით, კიდევ ორჯერ ეწვია მას. ბაქრაძის პასუხი სამჯერვე მტკიცედ უარყოფითი იყო. ზვიად გამსახურდიას, ასევე არაერთი მცდელობა ჰქონდა ნოდარ ნათაძესთანაც, რათა „სახალხო ფრონტსა“ და „მრგვალ მაგიდას“ ერთიანი სიით ეყარათ კენჭი, რაც ნოდარ ნათაძეს უჩენდა რეალურ პერსპექტივას პარლამენტში მეტი კანდიდატების შეყვანისა. ზვიად გამსახურდიას წინადადებებს, ნოდარ ნათაძემაც კატეგორიული უარით უპასუხა. პრეზიდენტად არჩევის შემდგომ კი ზვიად გამსახურდიამ არაერთ კომუნისტ მეცნიერს შესთავაზა მაღალი თანამდებობები; თამაზ გამყრელიძემ, მარიამ ლორთქიფანიძემ და რევაზ თვარაძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის თანხმობაზე შორს დაიჭირეს თავი, რისი ერთადერთი მიზეზიც პრეზიდენტ ზვიად გამსაურდიასადმი მათი მტრული დამოკიდებულება გახლდათ. წითელი ინტელიგენცია კრემლის ინსტრუქტაჟით მოქმედებდა და ბოიკოტს უცხადებდა ზვიად გამსახურდიას, რითაც მის დასუსტებასა და დამარცხებას ცდილობდა. თუმცა, კრემლის მცდელობამ წითელი ინტელიგენციით (რომლებსაც იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული დანიშნულებით ანიჭებდნენ უმაღლეს ჯილდოებსა და წოდებებს) დაემარცხებინა ზვიად გამსახურდია, არ გაამართლა. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა ზვიად გამსახურდიას. ამ შემდგარი რეალობის წინაშე უძლურ იქმნა კრემლი; იგი სამხედრო გადატრიალებისათვის სამზადისს შეუდგა. წითელმა ინტელიგენციამ, რომლის ძირითად ბირთვს ხელოვანები წარმოადგენდნენ, ბრძოლის პლაცდარმად კინოს სახლი აირჩია, სადაც პერმანენტულ მიტინგებზე პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდების სულისკვეთებით გამოდიოდნენ: რობერტ სტურუა, რეზო ჩხეიძე, ლანა ღოღობერიძე, გოგი ქავთარაძე, ოთარ ლითანიშვილი, თემო გოცაძე, გოგი ხარაბაძე, რეზო ესაძე, ქეთი დოლიძე, გია ბურჯანაძე, ოთარ მეღვინეთუხუცესი, გურანდა გაბუნია, ელდარ შენგელაია, გიორგი შენგელაია, გიგა ლორთქიფანიძე, ბუბა კიკაბიძე, დიმა ჯაიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, გურამ ფანჯიკიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, თამაზ წივწივაძე, ნაირა გელაშვილი, იზა ორჯონიკიძე, მერაბ მამარდაშვილი, ნოდარ ნათაძე, თამაზ გამყრელიძე... განუზომელი იყო ამ „ინტელექტუალი ვასალების“ შური და სიძულვილი დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიასადმი. მოგვიანებით ვახტანგ რაზმაძე გაიხსენებს: „ე. შენგელაიამ მითხრა: „ვახტანგ, ძალიან პატივს გცემ, არ ხარ ცუდი ადამიანი და გთხოვ, ნუ ემსახურები გამსახურდიასო“. ელდარ შენგელაია: «მე მივედი და დავწვი გაზეთ «საქართველოს რესპუბლიკის» ნომრები, სადაც ათასი სისულელე იწერება მოსკოვის ГИК-ზე (Государственный институт киноматографии –ავტ.); საქართველო უნდა იყოს ლაღი და თავისუფალი ქვეყანა... ის საქართველო კი... რომელიც მათ უნდათ... არ გვინდა ასეთი საქართველო! არ გვინდა ასეთი საქართველო!!!» მედროვე და უწიგნურმა ელდარ შენგელაიამ შევარდნაძეს როდი უერთგულა; პარლამენტის უკანასკნელ დაძაბულ სხდომაზე, გრძივ სკამებს შორის ჩამძვრალმა, დარბაზში შეჭრილ სააკაშვილს ერთი ვარდი გამოსტაცა და პირგაბადრულმა თვითონაც აღმართა; ე. შენგელაია სააკაშვილის პარლამენტარიც გახდა. გ. შენგელაია, არც მის მზრუნველ ივანიშვილს ერთგულებს... ჯანსუღ ჩარკვიანი იმ დღეებში წერს: «ჩვენი ადგილი აწმყოსა და მომავალში აღარ არის – ჩვენი ადგილი ისტორიაშია». „თავისუფლება და სილაღე“ მათ, კოლონიალური რუსეთის წიაღში წარმოედგინათ მხოლოდ და ჭეშმარიტი თავისუფლებისათვის მოღვაწე მამულიშვილებისადმი იმგვარი აგრესიით იყვნენ აღძრულნი, რომ მზაობდნენ, დაებნელებინათ საკუთარი სამშობლოს მომავალი და ისტორიულ წარსულში დაეტოვებინათ იგი.
ტელევიზიის ჟურნალისტების გაფიცვა
მას შემდეგ, რაც 1991 წლის 22 სექტემბერს, კანონიერი ხელისუფლების მხარდამჭერმა ხალხმა რუსთაველის პროსპექტიდან შიშველი ხელებით განდევნა აგენტურული ოპოზიცია, მათ სახელმწიფო ტელევიზიასთან გადაინაცვლეს, სადაც ჟურნალისტთა ერთ ნაწილს დაწყებული ჰქონდა გაფიცვა „დიქტატორი პრეზიდენტის“ გადადგომის მოთხოვნით. გაფიცვას სათავეში ედგნენ: არჩილ გოგელია, ლევან ღვინჯილია, ვალერი კვარაცხელია, ლუიზა შაკიაშვილი, მამუკა არეშიძე, კოკა ყანდიაშვილი, გ. ფანჯიკიძე, თ. წივწივაძე, ჭ. ამირეჯიბი, ჯ. ჩარკვიანი, ირ. წერეთელი, ზვიად ქორიძე, თემურ კვირკველია და სხვები. ისევე, როგორც ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობა, ლევან ღვინჯილიაც მოსკოვის კგბ-ს აგენტი გახლდათ „ოდიშარიას“ ფსევდონიმით.
მოგვიანებით (2002 წლის ოქტომბერში) ლევან ღვინჯილია კგბ-ს აგენტობაში, აგრეთვე საჯაროდ ამხილა პარლამენტარმა გურამ შარაძემაც ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ით გამართულ დებატებში, ღვინჯილიამ კი ვერ გააბათილა მის წინააღმდეგ წაყენებული მძიმე ბრალდება, არამედ იგი, ხაფანგში მომწყვდეულივით წრიალებდა. მას, არც სასამართლოში უჩივლია შარაძისათვის (პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, პროფესორი გურამ შარაძე, მელიქიშვილის ქუჩაზე უკნიდან თავში სროლით მოკლეს 2007 წლის 20 მაისს). ტელევიზიის აქციას, მთელი სამხედრო არსენალით (ტანკებით, ავტომატებით და არტილერიით) იცავდა პრეზიდენტისგან განდგომილი და რკონიდან წამოსული თენგიზ კიტოვანი, რითაც აშკარა გახდა 17 სექტემბერს გაფიცული ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მწერლების ალიანსი შეიარაღებულ ძალებთან, რომლებმაც გადატრიალების პერიოდში ერთობლივად გაძარცვეს და დაარბიეს სახელმწიფო ტელევიზია. ტელევიზიიდან განდევნეს ჟურნალისტები: მზია ბაქრაძე, თინა მგალობლიშვილი, დავით სოკოლოვი, ქეთევან ნიჟარაძე, თამარ გელაშვილი და სხვ.
შეიარაღებულმა ოპოზიციამ 25 სექტემბერს თავდასხმა მოახდინა თელასზე, სადაც დაიღუპა 5 და დაიჭრა რამდენიმე ადამიანი. თელასზე გახორციელებული სისხლიანი დივერსიის შემდეგ, წითელმა ინტელიგენციამ შეწყვიტა მჯდომარე აქცია სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბეზე და ტელევიზიასთან გადაინაცვლა. თელასზე მომხდარი დივერსიის გამო პრეზიდენტი იძულებული გახდა საგანგებო წესები შემოეღო, მაგრამ შეიარაღებული ოპოზიცია კვლავაც განაგრძობდა დაუმორჩილებლობას, დესტრუქციულ თუ კრიმინალურ ქმედებებს. ამასთანავე, განაგრძობდნენ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას, რაც კრემლის იმპერიულ გეგმას წარმოადგენდა იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად გამსახურდიას ნებაყოფლობითი გადადგომა ნიშნავდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმისა და 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტის მის მიერვე იურიდიულად გაუქმებას, ანუ კაპიტულაციას. საქართველოს რესპუბლიკა კვლავ რუსეთის შემადგენლობაში – მის პოლიტიკურ და სამართლებრივ სივრცეში დაბრუნდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ ტოტალურ სახელმწიფოებრივ კატასტროფაზე, რაზეც წინასწარმეტყველებდა ზვიად გამსახურდია. ოპოზიცია, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის იდეოლოგიურად გამყარების მიზნით ავრცელებდა ხმებს: „თუ გამსახურდია დარჩება ხელისუფლების სათავეში, დასავლეთის ქვეყნები არ სცნობენ საქართველოს დამოუკიდებლობას“ო. ოპოზიციის მტრული სულისკვეთების საპირისპიროდ, საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი დაიწყო 1991 წლის 27 აგვისტოდან და გრძელდებოდა თვით პუტჩის დღეებშიც. აღსანიშნავია, რომ ამერიკა, რუსეთის ფაქტორის გათვალისწინებით, არ ჩქარობდა საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას და მხოლოდ გადატრიალების პროცესში – 25 დეკემბერს აღიარა ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ასევე აუჩქარებლად მოიქცა აშშ – სომხეთის, უკრაინის, მოლდოვასა და სხვა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევებშიც. 27 აგვისტოდან 6 იანვრის გადატრიალების ჩათვლით კი საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის ქრონოლოგიური სურათი ასეთი იყო: 1. რუმინეთი – 27 აგვისტო 2. მოლდოვეთი – 27 აგვისტო 3. აზერბაიჯანი – 30 აგვისტო 4. სომხეთი – 13 სექტემბერი 5. თურქეთი – 16 დეკემბერი 6. უკრაინა – 16 დეკემბერი 7. მონღოლეთი – 20 დეკემბერი 8. ლიტვა – 20 დეკემბერი 9. ირანი – 25 დეკემბერი 10. კანადა – 25 დეკემბერი 11. აშშ – 25 დეკემბერი 12. ბრაზილია – 26 დეკემბერი 13. კუბა – 26 დეკემბერი 14. ტაილანდი – 26 დეკემბერი 15. ინდოეთი – 26 დეკემბერი 16. ვიეტნამი – 27 დეკემბერი 17. ბელორუსეთი – 27 დეკემბერი 18. ეგვიპტე – 27 დეკემბერი 19. ალჟირი – 27 დეკემბერი 20. ჩინეთი – 27 დეკემბერი 21. სლოვენეთი – 27 დეკემბერი 22. იორდანია – 28 დეკემბერი 23. ხორვატია – 28 დეკემბერი 24. ლიბანი – 30 დეკემბერი 25. პაკისტანი – 31 დეკემბერი 1992 წელს: 26. ლაოსი – 2 იანვარი 27. ერაყი – 2 იანვარი 28. ეთიოპია – 2 იანვარი 29. ბურუნდი – 6 იანვარი...
საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის პროცესი შეუქცევადი ხდებოდა, რაც საბოლოოდ თვით რუსეთსაც აიძულებდა ეცნო საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა. ამ აღიარებით აქტს კი უცილობლად მოჰყვებოდა განვითარებულ კაპიტალისტურ ქვეყნებთან დიპლომატიური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების დამყარება; 1991 წლის 29 სექტემბერს საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტით ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების ავტორიტეტული საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ფრიდომ რისარჩ ფაუნდეიშნის“ მრავალრიცხოვანი დელეგაცია. ამერიკელი ბიზნესმენების ჩამოსვლის მიზანი იყო საქმიანი ურთიერთობების დამყარება და ინვესტიციების გახორციელების შესაძლებლობის შესწავლა საქართველოს მეურნეობის სხვადასხვა დარგებში.
პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მიესალმა რა ამერიკელ ბიზნესმენთა დელეგაციას, გამოთქვა იმედი, რომ მათი ჩამოსვლა ნაყოფიერი იქნება, არამარტო საქმიანი კონტაქტების დამყარების კუთხით, არამედ ხელშემწყობ ფაქტორად იქცევა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დიპლომატიური ცნობის დაჩქარების საქმეშიც. დელეგაციის მეთაურმა ჯეკ უილერმა მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საინტერესო ურთიერთობისათვის და რესპუბლიკაში შექმნილი ამომწურავი ინფორმაციის მიღებისათვის. საქართველოთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესების პროცესი გრძელდებოდა შექმნილი დესტაბილიზაციის მიუხედავად. პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კი ყველაფერს აკეთებდა, რათა დროულად მიეღწია სტაბილიზაციისათვის და ქვეყანა დადგომოდა აღმშენებლობის გზას. ამ უმაღლესი პასუხისმგებლობის მოტივით პრეზიდენტმა 30 სექტემბერს გამოსცა ბრძანებულება „საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული აქციების მონაწილეთა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესახებ“, თუ ისინი ნებაყოფლობით ჩააბარებდნენ იარაღს.
პრეზიდენტის ზემოხსენებული ბრძანებულება გამოიცა მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა ოპოზიციამ 25 სექტემბერს მოახდინა თავდასხმა თელასზე (დაიღუპა 5 ადამიანი), 30 სექტემბერს, პუტჩისტებმა ბომბი ააფეთქეს ტელევიზიასთან, ხოლო ცირკის შენობიდან ზარბაზნები ესროლეს კვებისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს. ესეც მას შემდეგ, რაც, წინა დღეებში (28-29 სექტემბერი), იუსტიციის სამინისტროში შედგა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის, რომელზედაც მთავრობის მხრიდან შეთავაზებული იყო კონფლიქტების მშვიდობიანი, დიალოგის გზით გადაწყვეტა და ოპოზიციის ნებაყოფლობითი განიარაღების მოთხოვნა. ოპოზიციამ, მთავრობის წინადადების საპირისპიროდ წამოაყენა პრეზიდენტის გადადგომისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის გაუქმების მოთხოვნა, რაც სცილდებოდა მოლაპარაკების საგანს. პარალელურად, ინტელიგენციის მხრიდან, გაზეთებში ქვეყნდებოდა მოწოდებები შეიარაღებული ოპოზიციის მიმართ, რათა მათ შეეწყვიტათ შეიარაღებული დაპირისპირება და ყველა საკითხი მხოლოდ დიალოგის გზით გადაწყვეტილიყო (სარგის ცაიშვილის მიმართვა „ღია წერილი თენგიზ კიტოვანს!“, ანა კალანდაძის მიმართვა „ნამდვილად ღირს“, თამაზ გამყრელიძის, აკაკი ბაქრაძისა და სხვ.).
აი ამგვარი შეიარაღებული დაპირისპირების ესკალაციის ფონზე პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გამოსცა ზემოხსენებული 30 სექტემბრის ბრძანებულება.
1991 წლის იანვრის დასაწყისში, შავნაბადაზე (კომკავშირულ ქალაქ „ბორის ძნელაძეში“) დაბანაკებულ „მხედრიონის“ შტაბს რუსი სამხედრო ქვეგანაყოფი მიადგა. „მხედრიონელებს“, სიბნელის გამო, დაუპატიჟებელი სტუმრები ზვიად გამსახურდიას გვარდიელები ეგონათ და ცეცხლი გაუხსნეს, რასაც რუსების საპასუხო სროლები და „მხედრიონის“ შტაბის დარბევაც მოჰყვა. რუს სამხედროებსა და „მხედრიონელებს“ შორის ამ პროვოკაციულ შეიარაღებულ დაპირისპირებაში, ოპოზიციამ ზვიადს დასდო ბრალი და რამდენიმე დღის განმავლობაში ავრცელებდნენ მცდარ ინფორმაციას მომხდარის შესახებ და დაღუპულთა გაზვიადებულ რაოდენობასაც (60 ახალგაზრდა) ასახელებდნენ. ამგვარი მცდარი და ინსინუაციური ბრალდებები „ზვიად გამსახურდიას დიქტატორული რეჟიმის“ სამხილად მათ დააგზავნეს უცხოეთშიც. ხოლო, როცა რეალური ვითარება გაირკვა, ოპოზიცია არ ცდილა ინსინუაციური ბრალდების გამო ბოდიშის მოხდას ხელისუფლების მიმართ და არც გავრცელებული დეზინფორმაციის უარყოფას. რამდენადმე მოგვიანებით, შეიარაღებული ოპოზიციის პოლიტიკურმა ლიდერმა თენგიზ სიგუამ ატეხა სკანდალი და დიდი ხმაური შექმნა, შავნაბადაზე დაბანაკებული კიტოვანის გვარდიელების მიერ, ვითომცდა „აღმოჩენილ“ რიგი ინტელიგენციის „დასახვრეტთა სიის“ შესახებ. ვითომცდა, პრეზიდენტ გამსახურდიას მიერ იანაევისადმი გაგზავნილი ეს „შავი სია“, რევანშისთვის საგანგებოდ გადამდგარ, თავად თენგიზ სიგუას მიერ იყო შედგენილი, რაზეც ამ ე.წ. დასახვრეტთა სიაში კინორეჟისორი ძმების – ელდარ და გიორგი შენგელაიების გვარის არასწორად შეტანაც (შენგელია) მეტყველებს. ზვიადს კი ნამდვილად არ შეეშლებოდა კინორეჟისორ შენგელაიების გვარი. მაშინდელ საზოგადოებას კარგად ახსოვს, აგრეთვე სიგუას ქადილი, „იანაევის ოქმების“ გამომზეურების შესახებაც, ვითომცდა ზვიად გამსახურდიას სამხილად, რაც ვერადავერ წარმოადგინა. იმ „შავ სიამ“ კი თავისი პროვოკაციული მისია შეასრულა – ინტელიგენცია აუმხედრა და სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა ზვიად გამსახურდიას. „დასახვრეტთა სიაზე“ პრეზიდენტის ხელმოწერის სიყალბე კი დაადასტურა სასამართლო ექსპერტიზამ, რომელსაც საქართველოს პროკურატურამ გადაუგზავნა და რომლის დასკვნაში წერია: ხელმოწერა (სახელი და გვარი) ზ.კ. გამსახურდიას სახელით განლაგებულ წერილზე: სსრ კავშირის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის იანაევის სახელზე, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის გერბიანი ბლანკის რუსულად ნაბეჭდი ტექსტის ბოლოს, სიტყვის შემდეგ: „პრეზიდენტი“ – შესრულებულია არა ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდიას, არამედ სხვა პირის მიერ მის ნამდვილ ხელმოწერებზე მიმსგავსებით: უფროსი (მეცნიერი) ექსპერტი: თ. ანდრიაშვილი..
ოპოზიცია არ იყო დამოუკიდებელი და გულწრფელი საკუთარ ქმედებებში, არამედ მართული იყო; ეროვნული ხელისუფლება, ქვეყანაში სტაბილიზაციის უზრუნველყოფის მიზნით იძულებული გახდა მიეღო კანონი „მიტინგების შესახებ“, რასაც დაუმორჩილებლობა გამოუცხადა ირაკლი წერეთელმა: „ჩვენ არ დავემორჩილებით ამ კანონს. ჩვენი მიზანია საყოველთაო დაუმორჩილებლობა საქართველოში დესტაბილიზაციის ესკალაციით. ჩვენ იმდენად უნდა გავუმწაროთ ცხოვრება ხალხს, რომ იგი იძულებული გახდეს ძალით დაამხოს გამსახურდიას ხელისუფლება... როცა წავა გამსახურდია, მე გამოვალ ინიციატივით, რათა შევარდნაძე საქართველოში დაბრუნდეს“. ჟურნალ „ოგონიოკთან ინტერვიუში“ ირ. წერეთელი კატეგორიულად აცხადებს: პრეზიდენტი უნდა გადადგეს. კორესპონდენტი: უნდა? მაგრამ თუ არ გადადგა? ირაკლი წერეთელი: გადადგება. ვერსად წავა. ჩვენ მას მოსვენებას არ მივცემთ. გადავკეტავთ გზებს, რკინიგზას, გამოვრთავთ შუქს. უკომპრომისო ბრძოლა წავა“. შორსგამხედვარე და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია კი აცხადებდა: „ჩემი პოსტიდან გადადგომა გამოიწვევს საქართველოში, რამდენიმე პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ერთეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას...“ – მაგრამ მისი შეგონება არ იქნა შესმენილი კოლაბორაციონისტ ოპოზიციონერთა მხრიდან, ხოლო ზვიადის შორსმჭვრეტელური შეგონება კი, საუბედუროდ, ახდა... და მათ იარაღიც აიღეს ხელში. „კალაშნიკოვის“ ავტომატიდან უშენდა ტყვიებს მთავრობის სასახლეს დავით აქუბარდიაც, რომელიც ეროვნული ხელისუფლების დამხობის უმალ, თავის ძმასთან (თამაზ აქუბარდია, შემდგომში პარლამენტარი) ერთად, ჯერ ბანკირი გახდა, ხოლო შემდგომ ტელეკომპანია „კავკასიის“ მფლობელი. აკაკი, ამ ლექსის სტროფში, ასე მრისხანებს შინაური მტრების მიმართ: „ფარისეველო, გაუტანელო, სხვასთან თავმხრელო, შინ ორმოს მთხრელო, ნაგავის მყრელო, შენ ჭრელო გველო, რამ შეგაძულა, სთქვი, საქართველო“!
სამხედრო-კრიმინალურ გადატრიალებაში მონაწილეობა და პრეზიდენტისაგან განდგომა, საჯარო განცხადებითა თუ პრივატულ საუბრებში, მოინანიეს: ნოდარ ნათაძემ, ავთანდილ იმნაძემ, გელა ჩორგოლაშვილმა, ლუიზა შაკიაშვილმა, გურამ გოგბაიძემ, მამუკა არეშიძემ, ერეკლე საღლიანმა, დიმიტრი ჯაიანმა, ოთარ მეღვინეთუხუცესმა: „... რას ვერჩოდითო...“. ერთგვარ მონანიებად შეიძლება აღვიქვათ თემურ ქორიძის უკანასკნელი წიგნი (2016 წ.) „კაცი არ ყველა სწორია“. პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასგან განდგომილი თ. ქორიძე, 1992 წლის თებერვალში, ხუნტის არჩევნებში მონაწილეობისა და სტაბილიზაციისაკენ მოუწოდებდა მთელ ერს. აკრიტიკებდა ზვიადს და ბრალს დებდა დემოკრატიის ხელყოფაში (უფრო ვრცლად იხ. გვ. 410-ზე). დიმა ჯაიანისა და მისი კამპანიის მიერ ატეხილ ტყვიის წვიმას სენაკში, 1993 წლის ზაფხულში, ემსხვერპლა მისივე სახლიკაცი, სენაკელი 23 წლის ჭაბუკი ზაზა ჯაიანი. ნოდარ ნათაძის მიერ 1996 წელს შედგენილ „მონანიების“ ტექსტს სათაურით – „კანონიერი ხელისუფლებისათვის ცეცხლის გახსნა სახელმწიფოსათვის ცეცხლის გახსნაა და იგი უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ნებისმიერი თანამდებობის პირის სიცოცხლის ხელყოფა“, – ხელს აწერდენ: ნოდარ ნათაძე, გურამ გოგბაიძე, კონსტანტინე გუგულაშვილი, მ. კიკნაძე, ირაკლი წერეთელი. წერეთელმა მოგვიანებით განაცხადა, რომ „მონანიების“ ტექსტს არ იყო გაცნობილი და მასზე ხელმოწერას სიტყვიერად დაეთანხმა და არ იზიარებდა გაზეთში გამოქვეყნებული „მონანიების“ შინაარსს. ავთანდილ იმნაძემ, რომელიც დისიდენტი და ყოფილი პოლიტპატიმარიც გახლდათ, ზვიადის წინააღმდეგ ბრძოლა მოინანია 2017 წლის 21 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, უზენაესი საბჭოს დეპუტატებთან გამართულ შეკრებაზე და თავის მაშინდელ საქციელს ყოვლად გაუმართლებელი უწოდა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობა მოინანიეს, აგრეთვე რიგითმა „მხედრიონელებმა“ და „თბილისელებმა“.
ნანახია: (2441)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას