logo.png
Zura Odilavadze

სხვა სილამაზე

ადამიანებს უყვართ შეფასებები და მაღალი წრის მიერ დადგენილი სტანდარტები – კლიშეებში მომწყვდეული გარემო ყველაფერს თავის ადგილს უჩენს და ამიტომ ამშვიდებს.
მიღებულია: ახალი, პრიალა, ახალგაზრდა – ლამაზია, ხოლო მოძველებული, დამსხვრეული და დამჭკნარი – უშნო...
იმისთვის რომ აღმოაჩინო მშვენიერი გარეთ, ის, პირველ ყოვლისა, შენში უნდა იყოს.
გაპრიალება სიახლისა და სისუფთავის შთაბეჭდილებას ჰქმნის, ის თითქოს ახლოსაა სრულყოფილებასთან, მაგრამ არ არის ლამაზი. გალაქული ადამიანი ყალბია. მისი ქცევა, სიტყვები ხელოვნურობის ჩარჩოშია მოქცეული... მას ბუნებასთან, ღმერთთან კავშირი გაწყვეტილი აქვს და ამიტომ უსიცოცხლოა. ინდივიდი დადგენილ წესებსა და შეზღუდვებში იხრჩობა.
არ არის აუცილებელი იყო სრულყოფილი და ეგზოტიკური, ჩვეულებრივში, ბანალურში და ყოველდღიურშიც შეიძლება იმალებოდეს მშვენიერება – ეს გახლავთ უბრალოების სილამაზე.
სოფლელი გლეხი, დაკოჟრილი ხელებით... ქუჩის ჭუჭყიანი ბავშვი, მათხოვარი ძონძებში, გაპარსული ლოთი, უკან გადავარცხნილი, სველი თმით – ესეც სილამაზეა, ოღონდ გაცვეთილი, დაღლილი და გატანჯული ადამიანის სილამაზე. მისი აღქმისა და შეფასების საშუალებას სიამაყე და გაქვავებული გული არ გვაძლევს – როგორც ახალგაზრდობაში, განსაკუთრებით მეგობრების წრეში... შემთვრალი მამა ან ჩვენთვის დაქანცული, მოუვლელი და ოდნავ გაოფლილი დედა გულზე დიდად არ გვეხატებოდა... გვრცხვენოდა კიდეც მათი გამოჩენის...
ჩვენ გვღრღნის დრო, გვჭამს ნაოჭები, მაგრამ შეგვიძლია... ალბათ, მოვალენიც ვართ დავრჩეთ ლამაზები – მოხუცებულობაშიც ვიყოთ მშვენიერები.
ლამაზი დაბერება მაღალი ხელოვნებაა და უმძიმესი გამოცდა, მაგრამ მისი უდიდესი მიღწევაა – წლებით დამსახურებული მომხიბვლელობა!
ვინ დაადგინა, რომ ახლად ამოყვანილი კედელი, ხავსიანს სჯობს?..
არა, არის კიდევ სხვა სილამაზე – საიდუმლოებისა და მაგიის აუხსნელი ხიბლი...

ზურა ოდილავაძე — ქართველი მწერალი და ექიმი.  2020, მაისი

Zura Odilavadze-ს ფოტო.

ნანახია: (1356)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას