logo.png
George Tiginashvili

 

დახლზე დადებული სულიწმინდა

საქართველოს ეკლესიის კატასტროფულ პრობლემათა შორის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრობლემაა საეკლესიო შემოსავლების, ანუ ბიუჯეტის გაუმჭვირვალობა, აუდიტის არარსებობა და არა გეგმიური, უკონტროლო ხარჯვა საპატრიარქოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ, რომელიც არც საეკლესიო კრებისა და არც წმინდა სინოდის წინაშე არ აკეთებს არანაირ მოხსენებას და ანგარიშგებას მილიონობით თანხების ხარჯვის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის ფინანსები შავ ხვრელში იკარგება და საპატრიარქოს შენობაში მოკალათებული კონკრეტული პირების პირად ფუფუნებასა და განცხრომას ხმარდება.

ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს წარმოადგენა არ აქვს საპატრიარქოს ბიუჯეტზე და მის წყაროებზე, ამიტომ შევეცდები დეტალურად და პუნქტობრივად განვიხილოთ ისინი:

1) სამების, სიონის, სვეტიცხოვლის საპატრიარქო კათედრალების, მცხეთის ჯვრის, ქაშუეთის, დიდუბის მაღალშემოსავლიანი ტაძრების ასიათასობით (და გადაუჭარბებლად, მილიონობით) ლარის ყოველთვიური შემოსავალი (სანთლის, ჯვარ-ხატების და სხვა საეკლესიო ნივთების გაყიდვით შემოსული) მთლიანად საპატრიარქოში მიდის, ის არ ნაწილდება ადგილობრივ სამღვდელოებაზე, ან ამ ტაძრების კეთილმოწყობაზე და სამღვდელოებაც მხოლოდ შესაწირის ამარაა მიტოვებული, რის გამოც ათწლეულებია რაც მეტად ხშირია ამ და სხვა ტაძრებშიც შესაწირის გამოძალვის სამარცხვინო შემთხვევები ადგილობრივი მღვდლების მიერ.

2) სატაძრო შემოსავლების გარდა საპატრიარქოს აქვს მაღაზიათა ქსელები "ალილო" და "მართლმადიდებელი" (და კიდევ არაერთი სხვა), რომელთა შემოსავალიც მილიონობით ლარის მოცულობისაა და სახელმწიფო საგადასახადო დაბეგვრა მათ არ ეხებათ.

3) მცხეთა-თბილისის ეკლესია-მონასტრების ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადი საპატრიარქოსათვის წარმოადგენს შემდეგს: თითოეული ეკლესიიდან და მონასტრიდან მინიმუმ 200-300 ლარის ოდენობით. თუ გავითვალისწინებთ, რომ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში მინიმუმ 600 ეკლესია-მონასტერი მოქმედებს, საშუალო სტატისტიკური (თვიური) შემოსავალი საპატრიარქოს ბიუჯეტს აქედან სულ მცირე 120 000 ლარი (200*600=120 000) ექნება.

4) საპატრიარქოს მიწების, ტყეების, საკალმახეების, ფერმებისა და სხვადასხვა საწარმოების: ღვინის და სანთლის ქარხნები, საცხობები, სამკერვალო ატელიები, მინანქრისა და ძვირფასეულობის საიუველირო საამქროების, გამომცემლობის, სტამბის და სხვა საწარმოების შემოსავლები, რომლებიც ასევე მილიონებს უტოლდება საერთო ჯამში.

ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის უცნობი და ტაბუირებული თემებია და ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ საპატრიაროსათვის სახელმწიფოს ყოველწლიურ 25 მილიონიან სუბსიადიაზე, არადა ზემოთ ჩამოთვლილი საპატრიარქოს შემოსავლები გაცილებით მეტი ოდენობისაა და ის არც სოციალურ პროექტებზე იხარჯება, არც ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა და რესტავრაციაზე, არც სამღვდელოების ფინანსირებაზე და არც ჯანდაცვაზე. ამასთან, სამღვდელოებას არც ხელფასი აქვს, არც საპენსიო ფონდი და არც ჯანდაცვის პოლისი. სამწუხაროდ, ისინი ბედისანაბარა არიან დარჩენილნი, მათივე მარიფათსა და მრევლზე შეტოვებულნი.

რეზიუმის სახით კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ეკლესიას ჰყავს უმდიდრესი ეპისკოპატი, საშუალოზე ოდნავ დაბალი ფენის სამღვდელოება და ღარიბი მრევლი.

მოკლედ, თითქოს დღევანდელობაზე წერდაო წმ. იოანე დამასკელი: “ჩვენი დროის ეპისკოპოსები მხოლოდ ცხენებზე, მიწის მოსავალზე, ცხვრის ფარებსა და ფულად შემოსავალზე ზრუნავენ, ასევე ფიქრობენ იმაზე, თუ როგორ გაასაღონ უფრო მომგებიანად თავიანთი ხორბალი, ზეთი, როგორ დააყენონ უკეთ ღვინო, სარფიანად გაყიდონ მატყლი და აბრეშუმი, აზუსტებენ მხოლოდ ძვირფასეულობის ფასსა და მონეტების წონას; მონდომებით ზრუნავენ იმაზე, რომ მათი ყოველდღიური სუფრა იყოს გემრიელი და ნოყიერი, ფუფუნებით სავსე, სურნელოვანი ღვინითა და საკვირველი ზომის თევზებით. ხოლო, რაც შეეხება სამოძღვრო საქმიანობას, ეპისკოპოსები ოდნავაც არ ფიქრობენ თავიანთ სამწყსოს სულებზე. ისინი, სახარებისეული შედარებით, მართლაცდა მგლებად იქცნენ. როგორც კი გაიგებენ, რომ ვინმემ მათი სამწყსოდან ჩაიდინა თუნდაც მცირედი შეცოდება, მეყსეულად განურისხდებიან და ყველანაირ ეპიტემიებს დაატეხენ თავს”.

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1402)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას