logo.png

მეორე მსოფლიო ომი და ქართველების არჩევანის საიდუმლო

 

1921 წლის ანექსიისა და 1924 წლის  აჯანყების შედეგად რუსებისაგან  დახოცილი ქართველების რიცხვი ათეულ ათასობით განისაზღვრებოდა, და რა უნდა ყოფილიყო იმაში გასაკვირი, რომ რეპრესიებით დაღლილ ქართველ ხალხს სსრკ-ის ომი გერმანიასთან ერთმნიშვნელოვნად არ შეეფასებინა - თუკი ერთი ნაწილი,  მონობას შეგუებული, თავის მარადიულ მტარვალს - რუსებს არ ღალატობდა, საკუთარი სამშობლოს თავისუფლების მოსურნე ქართველების დიდი ნაწილი დამოუკიდებლობის აღდგენას გერმანელთა მომავალ გამარჯვებას უკავშირებდა.

ხოლო ის, რაც ქართველებისთვის ასე ბუნებრივი იყო, ცხადია, სიუზერენის თვალში ერთდროულად გაოცებას და აღშფოთებას გამოიწვევდა. აქედან, სრულიად ლოგიკური გახლავთ რეაქცია, კრემლიდან თბილისს მოვლინებული მაღალჩინოსნის თვალით დანახული, რაზეც მოგვითხრობს ვლ.უსპენსკის წიგნი „ბელადის საიდუმლო მრჩეველი“:

„ამან ფრიად გამაკვირვა; ქალაქში თითქმის არ იგრძნობოდა ომი. ფრონტი ახლოა, ბრძოლები მიმდინარეობს უღელტეხილთან, იალბუზზე ფაშისტური დროშაა აღმართული (გერმანული პროპაგანდა ამ სიმბოლურ აქტს განიხილავდა, როგორც საბჭოთა კავკასიის აღსასრულს), საქართველო მოწყვეტილია ქვეყნისაგან, მომწყვდეულია გერმანულსა და თურქულ ჯარებს შორის, დამპყრობლები ქართველებს არ დაინდობენ, ხოლო თბილისში არის რაღაცნაირი მშვიდობიანი, არხეინი განწყობილება. გვიანი საღამო იყო, ხოლო განათებულ ქუჩებში ხალხმრავლობაც კი იგრძნობოდა - სეირნობდნენ წყვილები და კომპანიები, ისმოდა სიცილი, მოდიოდა შემწვარი მწვადების სუნი შამფურებზე ადენილი ოხშივარიდან - და ეს ყველაფერი ჩაბნელებული და პირქუში მოსკოვის შემდეგ, მისი მკაცრი წესებით და მოკრძალებული ულუფებით. აქ ბევრი იყო სამხედრო აქტივობის ასაკის ცივილური მამაკაცი... ან ცუდად იცნობდნენ ვითარებას, ან მეტისმეტად დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ომი აქამდე არ მოატანდა, არ დაუშვებდა ამას სტალინი-ჯუღაშვილი“.

გამწარებული უსპენსკი, ვისაც ჯერ არს, აცნობებს მოსკოვში და ისიც იღებს სათანადო ზომებს:

„დილით გავუზიარე ჩემი შთაბეჭდილებები ბერიას. მან მიპასუხა, რომ თვითონაც მიაქცია ყურადღება აქაურ მოშვებულობას და სიფხიზლის მოდუნებას. უკმეხ გამოთქმებში ლავრენტი პავლოვიჩი თავს არ იზღუდავდა. ადგილობრივ ხელმძღვანელს განუცხადა, «რომ მათ აქ ბარდაკი გაუმართავთ და ის მათ უჩვენებს, როგორ უნდა წესრიგის დამყარება“, მოელაპარაკა გენშტაბელებს და მიიღო სასტიკი, მაგრამ აუცილებელი ზომები. 24 აგვისტოს მთელ ამიერკავკასიაში გამოცხადდა  სამხედრო მდგომარეობა -  ქუდზე კაცი გამოიძახეს წვევამდელთა საყოველთაო მობილიზაციით. თადარიგში მყოფი სწავლებაგავლილი ახალგაზრდები დაუყოვნებლივ იქნენ მოქმედ ფორმირებებში გადასროლილი, რომლებითაც იქმნებოდა თავდაცვითი ხაზი თერგის გაყოლებით, კავკასიონის ქედის მთისწინეთში, ნოვოროსიისკის და ტუაფსეს მიმართულებით. სწავლებაგაუვლელთ კი - ანაწილებდნენ ახლად შემდგარ დივიზიებში“.

ამის შემდეგ ბერიას მადლობას უცხადებენ სულ დიდი საუფროსოდან -როგორც უსპენსკი წერს:

„რად ღირდა მარტო ის, რომ ერთი ხელის დაკვრით ბერიამ ყველა რეზერვისტი გამოფერთხა ამიერკავკასიიდან, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ჩამსხდარიყვნენ ზურგში, მათ შორის თანამდებობის პირთა და ხელმძღვანელობის მრავალრიცხოვანი ნათესაობა - ფრონტებზე გაირეკა ათეულ ათასობით სომეხი, აზერბაიჯანელი, მაგრამ განსაკუთრებულად „გაწმინდა“  თავისი მშობლიური საქართველო - მამაკაცების პროცენტი, რომელიც ამ რესპუბლიკიდან გაისტუმრა ომში, ძალიან მაღალი იყო. ასე რომ, ლავრენტი პავლოვიჩის დამსახურება დიდი გახლდათ ქვეყნის წინაშე!“

როგორ ფიქრობთ, ძვირფასო მკითხველო, რომელი ქვეყნის წინაშე დამსახურებაზეა ლაპარაკი, რა ჰქვია იმ ქვეყანას? რუსეთი, რუსეთი ჰქვია იმ ქვეყანას - ჩვენს მარადიულ სისხლისმსმელსა და მაოხარს. და ეს ათეულ ათასობით საჯიშე ბიჭები, საქართველოს ხვალინდელი დღე სწორედ რომ „გაირეკეს“ ქართველმა მხედართუფროსებმა  ფრონტის  წინა ხაზზე საიმისოდ, რომ გადაერჩინათ იმპერია, რომელიც 1992 წელს თავზე დაგვამხობდა მძლივს მიღწეულ ეროვნულ თავისუფლებას და 2008 წელს დაჩეხავდა და დაანაწევრევბდა ჩვენს მიწა-წყალს!

ამიტომაც იყო, რომ ასე ადვილად არ ხერხდებოდა ქართველებისთვის თავისუფლებისმოყვარე სულის გამოცლა და რამდენიც იყო მათ წინააღმდეგ ძალადობრივი მოქმედება, იმდენივე იყო უკუქმედება.

ეს ყოველივე ზედმიწევნით აღწერილია ვაშინგტონში1955 წელს წარმომადგენელთა პალატის  ოთხმოცდამესამე კონგრესის საგანგებო კომიტეტის სპეციალურ №6 ანგარიშში, სათაურით: „კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“. აი, რა ეწერა მათ ბეჭდურ გამოცემაში:

„როდესაც ჰიტლერმა საბჭოთა კავშირს შეუტია, და ყველა წინაღობა გადალახა, ქართველ ხალხს კიდევ ერთხელ ჩაესახა საბჭოელების დამარცხებისა და მათი იმპერიის განადგურების იმედი. წითელ არმიაში 200 000-დან 300 000-მდე ქართველი გაიწვიეს. გერმანელების ხელში  დაახლოებით 80 000-დან 100 000-მდე ქართველი ჩავარდა. მათი დიდი უმრავლესობა ფაქტობრივად პირველი შესაძლებლობისთანავე გერმანელების მხარეს გადავიდა და ნებით ჩაბარდა მათ.

1942 წელს გარმანიის ხელისუფლებამ დააარსა ქართული შტაბი (Georgischer Verbindungs stab) გაიცა ქართველ ტყვეების დაქირავებისა და მათგან ქართული ნაწილების შექმნის ნებართვა.  30 000-ზე მეტი ადამიანი საბრძოლო  დაჯგუფებაში ნებით გაწევრიანდა, ათასობით მათგანი კი უშუალოდ გერმანულ დანაყოფში ან შრომით ბატალიონში გაერთიანდა. წვრთნის შემდეგ, ქართული ძალები წითელი არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაგზავნეს, რაშიც ქართველებმა თავი გამოიჩინეს. გერმანული სარდლობა მათ დიდ პატივს სცემდა. მასთან, მათი დანაკარგი, პროპორციულად გერმანიის ჯარების სხვა ფორმირებების დანაკარგებს სჭარბობდა. ცხადია, ქართველები გერმანიისთვის მის მიმართ განსაკუთრებული სიყვარულისა და ან მისი იდეებისადმი რწმენის გამო არ იბრძოდნენ, ისინი გერმანიის სახით  იმ ძალას ხედავდნენ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმისა და ტირანიის დამხობა შეეძლო. ისინი გერმანელების მხარეს გადავიდნენ, რადგან ეს მათ კომუნიზმისა და მათი ქვეყნის რუსი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის შესაძლებლობას აძლევდა...

1942 წელს, გერმანელთა ჯარების და მათთან ერთად რამდენიმე ქართული პოლკის საქართველოს საზღვრებს მოახლოებასთან ერთად, ქვეყანაში დიდი აგიტაცია დაიწყო. თბილისის საოპერო თეატრში გამართულ შეხვედრაზე გავრცელდა თხელი ბროშურები, რომლებიც ხალხს რუსული კომუნისტური რეჟიმის დამხობისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისკენ მოუწოდებდა. თბილისის, სხვა ქალაქებისა და სოფლების ქუჩების შენობების კედლებზე შემდეგი წარწერები გაჩნდა: „ძირს საბჭოელები: გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!“ ზოგიერთი ემისარი და სხვები ფრონტის ხაზზე გადადიოდნენ და გერმანელების მხარეზე მებრძოლ ქართული ლეგიონის მებრძოლებს ატყობინებდნენ, რომ საქართველო რუსეთიდან გამოსაყოფად მზად იყო. და რომ მთავრობა უკვე ჩამოყალიბდა კიდეც, რომელიც მზად იყო ძალოაუფლების ხელში ასაღებად.

მაგრამ გერმანელებმა საქართველომდე ვეღარ მიაღწიეს. მალე მათ უკან დახევა მოუხდათ, რამაც საქართველოს მოსახლეობას იმედი გადაუწურა.

გერმანელების მხარეზე მებრძოლი დაახლოებით 80 000 ქართველიდან ომის დამთავრების შემდეგ მხოლოდ რამდენიმე ათასმა მოახერხა დასავლეთში გაქცევა, მრავალი ათასი ბრძოლაში დაიღუპა, ზოგიერთმა ქვეყანაში დაბრუნება შეძლო, უმეტესობა კი საბჭოთა ხელისუფლებას გადასცეს და ძალით დააბრუნეს სამშობლოში, ან სიკვდილით დასაჯეს. ბევრმა სიცოცხლე ციმბირის მონურ შრომის კოლონიებში დაასრულა“.

 

„კომუნისტური გადატრიალება და საქართველოს ოკუპაცია“

წარმომადგენელთა პალატის  ოთხმოცდამესამე კონგრესის საგანგებო კომიტეტის სპეციალურ №6 ანგარიში - ვაშინგტონი, 1955 წ.

ადმინი

ნანახია: (2184)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას