შევარდნაძის ხუნტის მიერ ნაწამები მამულიშვილი -
პოეტ ამირან კალაძის დაბადების 75-ე წლისთავი
1993 წლის 8 ოქტომბერს ედუარდ შევარდნაძის საჯარისო შენაერთების მხედრიონის შვიდკაციანი ჯგუფი საკუთარ სახლში მიუვარდა იმჟამად სოფელში გადასახლებულ „სოციალისტურ სამშობლოს“ ერთ-ერთ უდიდეს მტერს, საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატს, პოეტს და მთარგმნელს ამირან კალაძეს. იგი საკუთარი შვილების, დედისა და მეუღლის თვალწინ აწამეს და მისგან მოითხოვდნენ აღიარებას, თუ სად ინახებოდა იარაღი და პროკლამაციები. ასევე აიძულებდნენ დაესახელებინა თანამოაზრეები და თანამებრძოლები.
სახლში კონდახებით ცემის შემდეგ მხედრიონელებმა იგი გადაიყვანეს თავიანთ ბაზაზე, სადაც ოცამდე კაცმა გააგრძელა მისი დაუნდობელი წამება. ამის შემდეგ, ამირან კალაძე ღამის 3 საათზე ჩააგდეს მდინარე რიონში და დასაშინებლად დაუშინეს ავტომატის ჯერი. მოგვიანებით იგი ცოცხალ-მკვდარი სახლის ეზოსთან დააგდეს. მისი წამება მომდევნო ხანებშიც გაგრძელდა, რის შედეგადაც ამირან კალაძე 1995 წელს გარდაიცვალა.
***
მანამდე კი, ედუარდ შევარდნაძის ხუნტამ თითქმის ბოლომდე მიიყვანა პროლეტარიატის დიდი ბელადის ი. სტალინის განაჩენი დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, რომელიც მან 1921 წლის 10 თებერვალს გამოაქვეყნა გაზეთ „პრავდაში“, ჩვენს ქვეყანაში რუსეთი ჯარების თავდასხმის წინა დღეს. გაზეთ „პრავდაში“ ი. სტალინი წერდა - თუ ნაციონალური საქართველო დამოუკიდებლად იარსებებს, იგი აუცილებლად დაჩაგრავს აფხაზებს, ოსებს და სომხებს, ხოლო თურქებს და სომხებს უეჭველად წაართმევს ბრძოლებით ტერიტორიებს. ი.სტალინმა და ვ.ლენინმა თავის სიცოცხლეშივე მოახერხეს ქართული სახელმწიფოს დაპყრობა, მისი ერთი მესამედი ტერიტორიის ნაწილის გასხვისება, ხოლო დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და აჭარის ავტონომიური წარმონაქმნების შექმნა. თუმცა, სტალინმა იმხანად ვერ მოახერხა ამ ტერიტორიებზე დამოუკიდებელი სახელმწიფოებად გამოცხადება. XX საუკუნის 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძემ სისრულეში მოიყვანა ი.სტალინის აღნიშნული დაუსრულებელი პროექტი და საქართველოს ტერიტორიაზე გაჩნდა სამი „დამოუკიდებელი სახელმწიფო“. მან ასევე განდევნა ქართველი ხალხის მიერ არჩეული უზენაესი საბჭო და გაურკვეველ ვითარებაში მოკლა ქვეყნის პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. სწორედ ამ უზენაესი საბჭოს ღირსეული წევრი გახლდათ ამირან კალაძე.
ჩემი სამსახიობო კარიერის მანძილზე, მრავალ მუსიკალურ კოლექტივში მომიხდა მუშაობა. ერთ-ერთი მათგანი იყო საქართველოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული კაპელა. მისი დირექცია განთავსებული იყო საქართველოს კულტურის სამინისტროს შენობაში. სწორედ აქ დავუახლოვდით მე და ამირან კალაძემ ერთმანეთს. იგი ახალი ჩამოსული იყო ესტონეთიდან. მე კი იმჟამად ვამთავრებდი ისტორიის ფაკულტეტს და პარალელურად ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. გარდა ამისა, კონცერტებით მოვლილი მქონდა როგორც საბჭოთა კავშირის ტერიტორიის დიდი ნაწილი, ასევე იმდროინდელი საზღვარგარეთის ქვეყნები. ამ გარემოებამ გამოიწვია ამირან კალაძის მიერ ჩემით დაინტერესება. იგი ამ დროს უკვე ცნობილი მთარგმნელი იყო, როგორც ქართულიდან ესტონურ ენაზე, ასევე ესტონურიდან ქართულ ენაზე. ამირან კალაძემ ცხოვრების დიდი ნაწილი ესტონეთში გაატარა, სადაც შექმნა ოჯახი და მუშაობდა ტალინის ფოლკლორის სახლში. 1980 წელს ამირანს მიენიჭა იუჰან სმუულის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია. მას ქართულად ნათარგმნი აქვს არაერთი ესტონელი პოეტის ქმნილებები.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრიალებულმა ტრაგედიამ შეაზანზარა უკიდეგანო საბჭოთა იმპერია. რეალურად იგი დაშლის საშიშროების წინაშე დადგა. ქვეყანაში დაიწყო დემოკრატიული პროცესების განვითარება, რომელიც სრული ფარსი აღმოჩნდა. ამ პერიოდში საქართველოში უამრავი პარტია და ლიდერი გამოჩნდა, თუმცა ძნელი იყო მათი პოლიტიკური მრწამსის ამოცნობა. ამ საინტერესო პერიოდში ამირან კალაძის გამოჩენა პოლიტიკურ ასპარეზზე ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მითუმეტეს, იგი აღმოჩნდა იმ პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ხელმძღვანელობდნენ. მეც ამავე გაერთიანების ერთ-ერთ პარტიაში ვირიცხებოდი. ამირანი ძალიან აქტიურად ჩაერთო ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ჩვენ ერთად არაერთხელ ვმონაწილეობდით პოლიტიკურ აქციებში, რომლებიც, ფაქტიურად ბრძოლის ტოლფასი იყო. საქართველოში მრავალპარტიული არჩევნების შემდეგ ამირან კალაძე „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ დეპუტატი გახდა. კრემლის დიდი ზეწოლის შედეგად, „მრგვალი მაგიდა“ ნაწილობრივ შიგნიდანაც დაიშალა. ამირან კალაძე კი სიცოცხლის ბოლომდე თავისი პოლიტიკური პლატფორმის ერთგულ ჯარისკაცად დარჩა. სწორედ ამან განაპირობა რუსი იმპერიალისტების სადამსჯელო ორგანოების მიერ მისი ისეთი სასტიკი წამება და სიკვდილი.
ხვალ, 3 მაისს, ამირანს 75 წელი შეუსრულდებოდა. ყველა ქართველი პატრიოტი ვალდებულია მის გმირულ ცხოვრებას და შემოქმედებას მიაგოს ღირსეული პატივი.
რევაზ ჭკადუა
ნანახია: (2497)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას