logo.png

დიდი უბედურებაა მატყუარა კაცი

სულ დასაწყისში ყველამ იცის, რომ იტყუება; გაიხსენეთ საკუთარი ბავშვობა ან მოზარდობა. პირველი რამდენიმე ტყუილისას ყველამ იცის, რომ ცუდი რამ ჩაიდინა. აი, სწორედ აქ ხდება ყველაზე საშინელი და დრამატული რამ: ან აფორმებს კაცი ხელშეკრულებას ეშმაკთან ან უარს ეუბნება მას. სწორედ ეს მომენტი განსაზღვრავს მის მთელ ვხოვრებას აქაც და სიკვდილის შემდეგაც. მთავარი ტრაგიზმი ამ ყველაფრისა იმაში მდგომარეობს, რომ რაღაც დროის განმავლობაში ღმერთი ხელს მაინც არ გიშვებს, არ გაძლევს უფლებას, რომ ჩაიძინო და ბოლომდე დაბრმავდე, თითქოს კიდევ და კიდევ გაძლევს შანსს, რომ აირჩიო სიმართლე და უარი უთხრა ტყუილს, ყვირის შენი სინდისის ხმაც. როცა ამოიწურება გაფრთხილების ეს დრო, ღმერთი დაკეტავს წყალობის კარს და გადარჩენა უკვე შეუძლებელია. ესა უსაშინლესი მომენტი. უყურებ, რომ ყურები აქვთ, მაგრამ არაფერი ესმით; თვალები აქვთ და ვერაფერს ხედავენ, ესმით მაგრამ ვერაფერს გრძნობენ, რათა არ მოიქცნენ და არ გადარჩნენ, რამეთუ დაიკეტა მათთვის გადარჩენის კარი. (მთ.13,14-15) გაიხსენეთ იუდა, რომლისთვისაც დაიკეტა გადარჩენის კარი. გაიხსენეთ ფარაონი, რომელიც 10-გზის გააფრთხილა ღმერთმა. პირველი 6 გაფრთხილებისას ბიბლია ამბობს, რომ თავად გაიქვავა გული ფარაონმა და არ ისმინა ღმერთის. მე-7 სასჯელიდან წერია, რომ უკვე ღმერთმა გაუქვავა გული ფარაონს, ხედავდა, მაგრამ აღარაფერი ესმოდა, ვიდრე საბოლოოდ არ დაიღუპა. ვუყურებთ ხოლმე ადამიანებს, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, ბინძურად რომ იტყუებიან, უტიფრად ამბობენ შავზე თეთრს და ვფიქრობთ, ნეტავ, რომელ გაფრთხილებას გადიან ახლა, ან იქნებ უკვე დიდი ხანია განურისხდა მათ ღმერთი, ჩაიკეტა მათთვის გადარჩენის გზა და აღარაფერი ესმით. დიდი უბედურებაა მატყუარა კაცი. როცა შეგნებულად თანხმდები ტყუილზე, ეშმაკთან აფორმებ პაქტს, რადგან ისაა სიცრუის მამა (ინ. 8,44)

დეკანოზი თამაზ ლომიძე

ნანახია: (180)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას