logo.png

აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, წყალქვეშ, ახალი სახეობები აღმოაჩინეს

მეცნიერებმა აღდგომის კუნძულის მიმდებარედ, სალა-ი-გომესის წყალქვეშა ქედების გარემოს შესწავლისას, 160 სახეობა დააფიქსირეს, რომლებსაც ამ რეგიონში პირველად მიაგნეს. მათ შორის აღმოჩენილია 50 სახეობა, რომელთა შესახებაც აქამდე არაფერი ვიცოდით.

სამხრეთ-აღმოსავლეთ წყნარი ოკეანის ტალღებიდან 800-1200 მეტრით ქვემოთ სპეციალისტებმა ფოტოსინთეზზე დამოკიდებულ ყველაზე ღრმად მობინადრე ორგანიზმს მიაკვლიეს. ეს Leptoseris-ის გვარში შემავალი მარჯანია. კიდევ ერთი საინტერესო ცხოველი მედუზის მსგავსი სიფონოფორია, სახელად Bathyphysa coniferaასევე, აღსანიშნავია ლუმინესცენციური თევზი Stomiidae-ს ოჯახიდან.

თითოეული მათგანი და საერთო ჯამში 100-ზე მეტი სახეობა, აქამდეც აღწერილი იყო. დანარჩენი 50 უცნობი სახეობა მეცნიერებმა უნდა გააანალიზონ. მათ, წყალქვეშა მთებთან ერთად, ორი ექსპედიციის განმავლობაში მიაგნეს.

"გასაოცარი ჰაბიტატები და ცხოველთა პოპულაციები, რომლებიც ამ ორი ექსპედიციის დროს აღმოვაჩინეთ, იმის მაგალითია, თუ რამდენად ცოტა რამ ვიცით ამ იზოლირებული არეალის შესახებ", — აცხადებენ მეცნიერები.

უკანასკნელი ექსპედიციისას მათ სალა-ი-გომესის მიმდებარედ 1 600 კილომეტრზე გადაჭიმული წყალქვეშა ქედები სპეციალური გემიდან 40 დღის განმავლობაში, თებერვალსა და მარტს შორის პერიოდში, შეისწავლეს. მათ 10 წყალქვეშა მთა გააანალიზეს, რომლებიც ფსკერიდან 1000 მეტრ სიმაღლემდე აღწევს. 6 მათგანი აქამდე აღწერილი არ იყო და ყველას საკუთარი უნიკალური ეკოსისტემა ჰქონდა.

ავტორები ამბობენ, რომ ეს აღმოჩენა მიანიშნებს, რამდენად მნიშვნელოვანია ქედების მთელი სისტემის დაცვა. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი კვლევა ამ მხრივ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და ახალ დაცულ არეალებს დაედება საფუძვლად. ასევე, ბოლო მონაცემები ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც მნიშვნელოვანია როგორც ბუნებრივი რესურსების, ისე კლიმატური ფენომენების განსაზღვრის კუთხით.

წყარო: Live Science

ნანახია: (137)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას