logo.png

დიდმარხვის მეოთხე კვირას წასაკითხი სახარების განმარტება - უტყვი (უკეთური) სულით შეპყრობილის განკურნება

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: წმიდა მარკოზ მახარებელი, ბიზანტიური მინიატურა)


მარკოზი, IX, 17-31

,,და მიუგო მას ერთმა იმ ხალხიდან და უთხრა: მოძღვარო, მოვიყვანე შენთან ჩემი ძე, რომელიც არის უტყვი სულით შეპყრობილი; და სადაც მას შეიპყრობს, დასცემს: და დუჟი გადმოსდის და აღრჭენს კბილებს და შეშდება; და ვუთხარი შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ იგი, და ვერ შეძლეს. და მიუგო მათ და უთხრა: ო, მოდგმავ ურწმუნო, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე გიტვირთავთ თქვენ? მოიყვანეთ იგი ჩემთან. და მიიყვანეს იგი მასთან. და როცა იხილა იგი არაწმინდა სულმა, მყისვე შეარყია იგი, და დავარდა მიწაზე, გორავდა და დუჟი გადმოსდიოდა”.

იმ დროს, როცა უფალი იესო ქრისტე სამ გამორჩეულ მოწაფესთან ერთად თავისი დიდებული ფერიცვალების შემდეგ თაბორის მთიდან ბრუნდებოდა, მის მტრებს, მწიგნობრებს უკვე მოესწროთ მაცხოვრის გავლენა შეერყიათ ხალხში. მთის ძირში დარჩენილმა ცხრა მოწაფემ ვერ შეძლო, ეშმაკეული განედევნა ყრმისგან, ამით ისარგებლეს მწიგნობრებმა და მოწაფეთა დაცინვა დაიწყეს. მომხდარი კამათის მოწმე ხალხის დიდი სიმრავლე იყო. ჯერ კიდევ არგანქარვებული ფერისცვალების დიდებული ნათლით გაბრწყინებული მაცხოვარი ეკითხება მოკამეთეებს კამათის მიზეზს და რაკი ორივე მხარე დუმს, სწორედ მაშინ ამოიღებს ხმას მამა ყრმისა, რომლისგანაც მოციქულებმა ვერ შეძლეს უკეთური სულის განდევნა.

სიტყვა ,,მოდგმის” ხსენებით მაცხოვარი მთელ იუდეველ ერს მიმართავს. მათ თვისებებს ხედავს, ისევე, როგორც სნეულის მამაში თავისი თაობის სახეს. მაცხოვრის საყვედურის დიდი ნაწილიც სწორედ მათ ეკუთვნით, თუმცაღა მცირედმორწმუნეობის გამო მოციქულებზეც ვრცელდება. ამის მიუხედავად, მაცხოვარი მაინც ისწრაფის სნეულისთვის შეწევნის აღმოსაჩენად. უკეთური სული უმალ იგრძნობს, თუ ვის წინაშე დგას იგი და სნეულის წამებას იწყებს: ძირს დააგდებს და დუჟმორეულს მიწაზე აგორავებს. ეშმაკეულის უძლურება გვიჩვენებს, რომ ბოროტი სული მთლიანად შეიძლება დაეუფლოს ადამიანს. კაცი ერთხელ დაემორჩილა ბოროტს და მის მონად იქცა. უფალი ჩვენი იესო ქრისტე სწორედ იმისთვის განკაცდა, რომ დაერღვია ეშმაკის მახენი და გაეთავისუფლებინა თითოეული ჩვენგანი მისი დამღუპველი ხელმწიფებისგან. მისი ამქვეყნად მოსვლით ეშმაკი იძლია, მაგრამ მთლიანად არ განადგურდა, რის გამოც ჩვენ არ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. მართალია, ბოროტი ისე უტიფრად არ იჭრება ჩვენს ცხოვრებაში, როგორც ეს მაცხოვრის განკაცებამდე ხდებოდა, მაგრამ იგი ფარულად მოქმედებს ჩვენს სულზე, რაც დაღუპვას გვიქადის.

შევადაროთ ძმებო ერთმანეთს ამ უკეთური სულით შეპყრობილი ჭაბუკის ყოფა იუდა ისკარიოტელისა და მაცხოვრის მკვლელთა - ფარისეველთა მდგომარეობას! ჭაბუკის გულში ჯერ კიდევ არ ჩამქრალიყო სურვილი ეშმაკისგან გათავისუფლებისა. სწორედ ეს იზიდავდა მისკენ უფლის მოწყალებას! იუდა ისკარიოტელის გულში კი ბოროტს უკვე ჩაენერგა მოძღვრის გაცემის საშინელი განზრახვა. ფარისეველნი კი შეურიგებელი მტრობით ცდილობდნენ იესო ქრისტეს მოკვდინებას, რათა ასე დაეცხროთ საძულველი მოძღვრის მიმართ თავისი ბოროტი გრძნობა. ყველა ბოროტი ვნება: ამპარტავნება, შური, ანგარება ასე ამონებს ადამიანს ეშმაკს. ფხიზლად დავიცვათ გულის კარი, ძმანო, რათა შიგ ბოროტ ვნებებთან ერთად უკეთურმა არ დაისადგუროს.

ეშმაკეული ჭაბუკი იმ ადამიანის სახეა, ვინც გულგრილი და უყურადღებოა სარწმუნოების მიმართ, ვინც არ ზრუნავს ცოდვათა აღიარებასა და სინანულზე. გამოცდილება გვიჩვენებს, ძმანო, რომ აღსარებით აღმოუფხვრელ ცოდვებში დიდი ხნის განმავლობაში ჩაფლული ადამიანი დღითი დღე უფრო უარესი ხდება: გულგრილი რწმენაში, მცონარე კეთილმსახურებაში, უშიში ღვთის ნებისადმი წინააღმდეგობის გაწევასა და მცნებათა დარღვევაში. შესაბამისად, უიმედობაც ისადგურებს სულის ცხონების საქმეში. რაც უფრო გვიან მიდის ადამიანი აღსარების ჩასაბარებლად, მით უფრო ნაკლებად ხედავს თავის ვნებებს. თუ მას არ მიუთითებენ და არ შეახსენებენ საკუთარ ცოდვებს, მან ხშირად არც კი იცის, რა შეინანოს, თითქოს უცოდველი იყოს. ამიტომ ყოველდღიურად უნდა შევაგონებდეთ საკუთარ თავს, რომ ცოდვით ცდუნებულნი ასეთ მდგომარეობაში არ ჩავვარდეთ.

,,ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია, ირწმუნო, ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნისათვის. და მყისვე შეღაღადა ყრმის მამამ და აცრემლებულმა უთხრა: მრწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას. და იხილა რა იესომ, რომ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი, შერისხა არაწმინდა სული და უთხრა მას: უტყვო და ყრუ სულო, მე გიბრძანებ შენ: გამოდი მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში! და შეყვირა და ძლიერ დასცა და გავიდა მისგან და იყო ვითარცა მკვდარი, ისე, რომ ბევრი ამბობდა: მოკვდა”.

მამის მაგალითი გვასწავლის, ყოყმანის ჟამს როგორი ლოცვა-ვედრება გვმართებს უფლისადმი, რათა მან ჩვენი რწმენა გაამყაროს. მამის ამ სიტყვებს ჩვენც ხშირად უნდა ვიმეორებდეთ, რადგან საკუთარ თავში არცთუ იშვიათად ვპოულობთ სხვადასხვა ეჭვს სარწმუნოებაზე ფიქრისას. განსაკუთრებით მაშინ, როცა არ ვლოცულობთ ღვთის წინაშე, ცხოვრების დღეებს ამაოებაში ვატარებთ და მხოლოდ ცოდვილ მიდრეკილებებს ვართ აყოლილნი. ვინ იცის, საუკუნო ცხოვრებასთან დაკავშირებული რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა გვიჩნდება ამ დროს. ერთადერთი გამოსავალი შექმნილ ვითარებაში არის ის, რომ ეშმაკეულით შეპყრობილი ჭაბუკის მამის მსგავსად მთელი გულით უფალს შევღაღადოთ: მწამს, უფალო, შეეწიე ჩემს ურწმუნოებას!

უფალი ყრმისგან გასვლას უბრძანებს დემონს, მაგრამ იგი უმალ არ ტოვებს მსხვერპლს, ძლიერი ხმით დააყვირებს სნეულს, კვლავ მიწაზე ახოხებს უმოწყალოდ და მხოლოდ ამის შემდეგ გადის მისგან. ყრმა უმოძრაოდ გდია მიწაზე და ბევრს იგი მკვდარი ჰგონია. ნუთუ ამხელა ძალისხმევა სჭირდება მაცხოვარს არაწმინდა სულის განსადევნად? რა თქმა უნდა - არა. როგორც წმინდა იოანე ოქროპირი განგვიმარტავს, უფალმა იესო ქრისტემ ეს იქ მგდომი ხალხის შესაგონებლად გააკეთა, რათა ეჩვენებინა მათთვის, თუ რაოდენ უტიფარია ბოროტი, მაგრამ ამ კადნიერების მიუხედავად, როგორ ძრწის იგი უფლის წინაშე!

,,ხოლო იესომ მოჰკიდა მას ხელი და ააყენა იგი, და ადგა. და როდესაც შევიდა იგი სახლში, მისმა მოწაფეებმა განმარტოებით ჰკითხეს მას: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა? და უთხრა მათ: ამ მოდგმის გასვლა არაფრით შეიძლება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.

მაცხოვრის სიტყვით, სწორედ ლოცვითა და მარხვით განიდევნება ადამიანისგან ბოროტი სული. მაგრამ ისეც ხდება, რომ ვმარხულობთ, ვლოცულობთ, მაგრამ უკეთურ ვნებათაგან მაინც ვერ ვთავისუფლდებით! იქნებ ისე ვერ აღვასრულებთ ამ ყოველივეს, როგორც უფალმა დაგვიდო მცნებად?! მწუხარებით ნადენი ცრემლისა და კვამლისგან ამწვარ, დასველებულ თვალებს შორის დიდი განსხვავებაა, ძმანო. ჩვენ მხოლოდ ჩვეულებით ვლოცულობთ.. მაშინ, როცა ამ ჩვეულებას ჩვენი სულის ლოცვითი განწყობაც შეუერთდება, ცოდვას ვეღარ შეეძლება მშვიდად იბატონოს ჩვენზე. ამ დროს ჩვენი სული ზურგს აქცევს უკეთურებას და მთელი ძალებით შეეცდება მისი ხელმწიფებისგან თავის დაღწევას. თუკი მოციქულებს ელაპარაკება მაცხოვარი ლოცვისა და მარხვის აუცილებლობის შესახებ, თუ კი მათ სჭირდებოდათ ეს, მით უფრო აუცილებელი არაა ორივე მათგანი ჩვენთვის?! წმინდა მამათა გამოცდილებით, ლოცვა და მარხვა ის ორი ფრთაა, რომელიც ჩვენს სულს მიწიერი ცხოვრებიდან ზეცად აღამაღლებს. როგორც ერთი მათგანის უქონლობით ვერ გაფრინდება ფრინველი, ამის მსგავსადვე, ლოცვა თვინიერ მარხვისა და პირიქით, მარხვა ლოცვის გარეშე საკმარისი არ არის ჩვენთვის, რათა წუთისოფელში ღვთის მცნებათა აღსრულებით საუკუნო ცხოვრება დავიმკვიდროთ.

წმიდა მღვდელმთავარ გაბრიელის (ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (138)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას