logo.png

პეტრიწონის ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ქართული ხატი

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი)

1083-1086 წლებში ტაოელმა ძმებმა, გრიგოლ და აბაზ ბაკურიანისძეებმა ააშენეს მონასტერი ქართველთათვის, რომელსაც პეტრიწონის მონასტერი ეწოდა. თავად გრიგოლი ბრძანდებოდა დიდი მაგისტროსი, ჰქონდა ვრცელი მიწები, მამულები, მისი სურვილი იყო, ქართველი ბერ-მონაზვნებისთვის აეშენებინა ერთი დიდი სავანე, სადაც მხოლოდ ქართველ ბერებს უნდა ემსახურათ. თავის მიერ დაარსებულ მონასტერს თავადვე დაუდგინა საგანგებო ტიპიკონი, მასზე ხელი მოაწერინა იერუსალიმის პატრიარქს, იუბენალს, რომელამაც დაამტკიცა, რომ ეს მონასტერი აგებული იყო ქართველებისათვის, აქ მხოლოდ და მხოლოდ ქართველები იმსახურებდნენ და ბერძენი ბერი ამ მონასტერში შეიძლებოდა მხოლოდ ერთი ყოფილიყო, ისიც მარტოდენ იმისათვის, რომ ბიზანტიასთან მიწერ-მოწერა ჰქონოდათ. ტიპიკონშიც კი ჩაწერილია ამის შესახებ: ბერძნები შურიანები არიან, გამრავლდებიან და შემდეგში ქართველებს აქედან გაგვყრიანო.

პეტრიწონის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სავანის ყველაზე დიდი სიწმიდეა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი. მონასტერში დაცული გადმოცემით, ეს ხატი ლუკა მახარებლის მიერ არის დაწერილი და იგი საქართველოდან ჩამოაბრძანეს. ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს.

ღვთისმშობლის ხატი 1311 წელს ტაოელმა ძმებმა, ათანასემ და ოქროპირმა შეწირეს პეტრიწონის მონასტერს. ხატს დღემდე უდიდეს პატივს მიაგებენ ბულგარეთში. იგი აქ ისევე გამორჩეულია, როგორც ათონზე ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. გრიგოლ ბაკურიანის ძმა - აბაზი ვერ მოესწრო მშენებლობის დასრულებას. იგი მონასტრის საძვალეშია დაკრძალული. თავად გრიგოლი ომში დაიღუპა და როგორც გადმოცემების მიხედვით ცნობილია ჩვენთვის, მისი საძვალის ადგილსამყოფელი არავინ იცის. ძველი მონასტრიდან მხოლოდ და მხოლოდ საძვალეა შემორჩენილი, ის პირველი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი დაინგრა და მოგვიანებით მის ადგილზე ახალი აიგო.

ღმრთისმშობლის ხატი სასწაულებრივად გადარჩა დამანგრეველი ხანძრის შემდეგ, როდესაც მთელი სამონასტრო სიწმინდენი და განძეულობა განადგურდა. იგი გადაურჩა დამპყრობლის ხელსაც - მონასტრიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზე სამხრეთ აღმოსავლეთით, ერთ თვალწარმტაც ქვაბურში, წმიდა წყაროსთან შემორჩენილია პატარა ბერული სენაკი „კლუბიისა“ („კლუბიატა“); აქ იფარავდა თავს დამპყრობთა თვალთაგან მონასტრის ყველაზე დიდი სიწმინდე.

მღვდელმონაზონი კლიმენტი რილელი გადმოგვცემს: თურქთა შემოსევის დროს (1363-1393) ბერებმა ხატი გახიზნეს და დამალეს პეტრიწონის მახლობლად მდებარე ერთ კლდოვან ადგილას, რომელსაც „კლუბია“ ჰქვია. XVII საუკუნის დასაწყისში, როდესაც დაიწყეს მონასტრის აღდგენა, ერთმა მწყემსმა კლუბიის გამოქვაბულში გადამალული ხატი აღმოაჩინა. 1604 წლის აღდგომა დღეს ღმრთისმშობლის ქართული ხატი დიდი საეკლესიო პროცესიით მონასტერში გადმოაბრძანეს და განახლებულ მთავარ ტაძარში იმ ადგილას დაასვენეს, სადაც დღემდე იმყოფება. ხატის აღმოჩენის ადგილზე ააშენეს ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელსაც ახლა მთავარანგელოზთა ტაძარს ეძახიან. ძველი ტრადიცია დღემდე შემონახულია. ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, ეწყობა ღმრთისმშობლის ხატით მსვლელობა: პეტრიწონის მონასტრის ღმრთისმშობლის მიძინების ტაძრიდან გამოაბრძანებენ ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედ ხატს და მიასვენებენ კლუბიაში, წმ. მთავარანგელოზთა სამლოცველოში, სადაც ეწყობა სადღესასწაულო მსახურება. ამის შემდგომ ხატს კვლავ პეტრიწონის სავანეში მიაბრძანებენ.

სწორედ ამ მოვლენის ამსახველია ვრცელი პანორამა მონასტრის სატრაპეზოს გარეთა კედელზე, რომლის მარცხენა ქვემო ნაწილში გამოსახულია ბრწყინვალე ორშაბათს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედ ხატთან ერთად კლუბიაში მიმავალი გრძელი პროცესია.

ოსმალთა ბატონობის პერიოდში არსებობდა ასეთი ტრადიცია: მღვდელმსახურების დამთავრების შემდეგ იღუმენი მხურვალე სიტყვით მიმართავდა მრევლს, თანამემამულეებს შეასხენებდა თავისი ფესვებით შორეულ წარსულში ძირგამდგარ მყარ ეროვნულ ფასეულობებს და ტრადიციებს; ამას მოჰყვებოდა დღესასწაულში მონაწილეთათვის მონასტრის მესვეურთა მიერ მოწყობილი სახალხო ტრაპეზი, რის შემდეგაც კლუბიაში გადასვენებული ხატი მსვლელობით უბრუნდებოდა მონასტერს. ქართული ხატისაგან გაკვალული გზით, ათეულ ათასობით მომლოცველის ერთმანეთისადმი თანადგომა ურჯულოთა უღელქვეშ მყოფი ბულგარელი ხალხისათვის რწმენისა და უკვდავების იმედის, ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების ტოლფასი იყო.

დღეისათვის დედაღმრთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი მთავარი ტაძრის ცენტრალურ ნაწილში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე არის დაბრძანებული. ორივე მხრიდან ხატი მოჭედილია მოოქროვილი ვერცხლით, სავარაუდოდ 1311 წელს. ხატის ძველი პერანგი ნაწილობრივ გადაფარულია ვერცხლისაგან გამოჭედილი აჟურული საპირეთი. მაზე ამოტვიფრულია თარიღი - 1819 წ. და სახელი - პეტკო ჰაჯი. ხატის ძველ პერანგზე ლამაზი ასომთავრული ასოებით შესრულებულია შემდეგი წარწერა, რომელიც, თუკი ქარაგმებს გავხსნით, ასე იკითხება:

„ქ. მოიჭედა წმიდაი ესე ხატი ყოვლად წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობლისაი პეტრიწონს ორთა ხორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა მოძღურისა ათანასის და ოქროპირისა პერპერითა რკე (125) და წინაშე ხატისა საკანდლითა ვეცხლისაითა. საბერძნეთს მეფობასა კეთილად მსახურთა მეფეთა ანდრონიკე, მიხაელ და ანდრონიკესსა პალეოლოღოს ძეთასა, ხოლო ქართლს კონსტანტინესსა და დიმიტრისსა ბაგრატონიანთასა დასაბამითგანთა წელთა ბერძულად ხყით (6819), ხოლო ქარათულად ხშიე (6915). წმიდაო ღმრთისმშობელო, შეიწირე მცირე ესე ძღუენი მათი და შეუნდევ და მეოხ ეყავ მათ და მშობელთა მათთა დღესა მას დიდსა სასჯელისასა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ, ამინ იყავნ, ამინ. ქორონიკონსა ფლა (531), ინდიკტიონსა თ (9). ქრისტე ღმერთო, შეიწყალენ სულნი მათნი, კაცთმოყუარე, ამინ“.

ზემო აშიაზე, შარავანდედის მარჯვნივ და მარცხნივ, ხატს ბერძნული ასომთავრული ასოებით აწერია: „მიტერ თეუ ვლახერნიოტისა“, ე.ი. „დედა ღმრთისა ვლაქერნისა“. სიტყვა „ვლაქერნი“ ამ შემთხვევაში აღნიშნავს ხატის ტიპს და არა მის სადაურობას.

ქვემო აშიაზე ორი ბერძნული ქარაგმაა: „იისუს“ და „ხრისტოს“ - იესო ქრისტე.

ხატის წარწერა უაღრესად საყურადღებოა. უწინარეს ყოვლისა, 1311 წლით დათარიღებული ქართული წარწერა გვიდასტურებს, რომ XIV საუკუნეში პეტრიწონის მონასტერი ქართველთა განმგებლობაშია. ძმები ათანასი და ოქროპირი პეტრიწონში ბერად შემდგარი ტაოელი ქართველები არიან. ამათგან ათანასი მოძღვრად იწოდება. სიტყვა მოძღვარი მასწავლებელს ნიშნავს. უნდა ვიგულისხმოთ, რომ XIV საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს პეტრიწონის სემინარია, რომელიც გრიგოლ ბაკურიანის-ძემ დაუწესა მონასტერს და რომ ათანასი ამ სემინარიის ერთ-ერთი მასწავლებელია.

რაც შეეხება ხატის პეტრიწონში მობრძანების თარიღს, მას გრიგოლ ბაკურიანის-ძის მოღვაწეობის პერიოდსაც უკავშირებენ და XIV საუკუნესაც. პირველის სასარგებლოდ იხსენებენ აპოკრიფულ გადმოცემებს, რომლის თანახმადაც იმ დროს, როდესაც გრიგოლ ბაკურიანის-ძე კარში მსახურობდა, ეს ხატი ერთხანს იქაურ ეკლესიაში ყოფილა დასვენებული. გარდა ამისა, წესდება-ტიპიკონში გრიგოლ ბაკურიანის-ძე მონასტერს მისი უდიდესი სიწმინდის მიხედვით მოიხსენიებს: „...მონასტრისა ჩემისა ქართველთა ღმრთისმშობელისა პეტრიწონისადა“. მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს თვით ხატის ქართულად დამამშვენებელთა - ძმების, ათანასის და ოქროპირის მოღვაწეობის ხანა.

მაგრამ მთავარი ის გახლავთ, რომ ხატს დაუმკვიდრდა პეტრიწონის ქართველთა ღმრთისმშობლის ხატის სახელი და იგი საუკუნეებში განდიდდა საკვირველთქმომედებებით. ხატთან დღემდე მიდიან მთელი ბულგარეთიდან მომლოცველები დახმარებისა და შემწეობის სათხოვნელად, სულიერი თუ ფიზიკური სიმრთელის მოსანიჭებლად. ხატის მიერ აღსრულებულ სასწაულებს აღნუსხვადნენ მონასტრის საგანგებო წიგნში, რომელსაც „კონდიკა“ ეწოდება. 1999 წელს მონასტრის ბიბლიოთეკაში გაჩენილმა ხანძარმა იმსხვერპლა მრავალი ძვირფასი რელიქვია და მათ შორის ის წიგნიც, რომელშიც ღმრთისმშობლის ხატის სასწაულები იყო აღწერილი. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც თავისი რწმენის საპასუხოდ ყოვლადწმიდა ქალწულისაგან იღებენ შეწევნას, ცოცხალ მატიანეს წარმოადგენენ, დამადასტურებელს პეტრიწონის ღმრთისმშობლის ქართული ხატის საკვირველთმოქმედებისა.

2006 წლის 26 აგვისტოს ბულგარეთში ქართველების მიერ XI საუკუნეში დაარსებული პეტრიწონის (ბაჩკოვოს) მონასტრიდან მთავარეპისკოპოსმა გერასიმემ (შარაშენიძე) და მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (მეთოდიევსევსტიანოვი) თანმხლებ სასულიერო და საერო პირებთან ერთად ჩამოაბრძანეს ამ მონასტერში დაცული ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქართული ხატის ასლი. ქართველთა ამ უდიდეს სიწმინდეს, სამწუხაროდ, თანამედროვე საქართველოში ნაკლებად იცნობენ. ხატის ასლის დაწერა და საქართველოში ჩამობრძანება საქართველოს საელჩოსა და იქაური ქართული დიასპორის სურვილით და შემწეობით გადაწყდა. თხოვნით მიმართეს ბულგარეთის პატრიარქს, მაქსიმეს, რომლის ლოცვა-კურთხევითაც დამზადდა ზუსტი ასლი პეტრიწონის მონასტერში არსებული ქართული ხატისა. ამიერიდან საქართველოში დავანებულ სხვა სიწმინდეებთან ერთად ეს ხატიც დაიფარავს ჩვენს ქვეყანას.

წიგნიდან: „პეტრიწონის ქართველთა სავანე ბულგარეთში“, თბილისი, 2001 წ.

 

ნანახია: (243)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას