logo.png

გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგ

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: "ჯვარცმა", ჯრუჭის ოთხთავი - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი)

ბიბლიური ისტორია მოგვითხრობს: ეგვიპტეში მყოფი ებრაელი ერის გამრავლება ეგვიპტელთათვის საშიში გახდა. ამიტომ ფარაონმა ყველა ახალშობილი ებრაელი ვაჟის ნილოსში ჩაგდება ბრძანა. მდინარე აივსო ახალშობილთა უმწეო გვამებით, ნილოსის ნიანგებმა კუჭები ამოიყორეს თოთო ხორცით. ცას მისწვდა ებრაელი დედების გოდება. დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, ნილოსში აღარ ყრიან ებრაელთა პირმშოებს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წყალს კვლავაც მიაქვს ჩვილთა ნაფლეთები. თითქოს ფარაონის აჩრდილი გაცოცხლებულა, აჩრდილი კი არა, აჩრდილთა ლეგიონი და ქვეყნიერების ყოველ კუთხეში მცხოვრებთათვის საკუთარი შვილების მსხვერპლად შეწირვა უბრძანებია. თუმცა არა, ამას თავად ფარაონის ვერ მოიფიქრებდა, მან სხვა ერის შვილების, თან მხოლოდ ვაჟების დახოცვა ბრძანა, ახლა კი საკუთარ შვილებს ხოცავენ სქესის განურჩევლად, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, საკუთარი ნებით, ისე, რომ დაბადებასაც არ აცლიან. ნიანგის კბილების მაგივრობას დღეს ექიმი-გინეკოლოგის მაკრატელი ასრულებს, მუცელში მოწყვეტილთა ნარჩენებს კი მდინარის ნაცვლად კანალიზაციის ბინძურ წყალს ატანენ. ეს სატანისადმი გაუცნობიერებელი მსხვერპლშეწირვაა.

საქართველო მოსწრებია ტრაგიკულ სურათს - მუსლიმი დამპყრობლის მიერ ჩვილებით მოფენილი კალოს გალეწვას. ფსკერწამახული კევრი ქართველი ბავშვების ხორცს ისე აცლიდა ძვლებს, როგორც თავთავის მარცვალს აცალკევებენ ბზისგან. რას წარმოიდგენდნენ ამ სანახაობით სულშეძრული დაღუპული ჩვილების დედები, რომ მათი შთამომავლები თავად მოუწყობდნენ თავიანთ დაუბადებელ შვილებს სისხლიან კალოს.

ეს ცოდვა მძიმე ტვირთად აწვება ადამიანს, ოჯახს, მთელ ერს. ამ და სხვა ცოდვათა გამოა, ზოგჯერ გაუსაძლისი რომ ხდება ჩვენი ყოფა. თუ არ შევაჩერებთ ყრმათა კვლას, უფალი არ შეაჩერებს იმ განსაცდელებს, ჩვენს ერს რომ განუწყვეტლივ ატყდება თავს. ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. არ შეიძლება, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოს ღვთის წყალობის იმედი ჰქონდეს, თუკი თავისი შილების ხოცვას არ შეწყვეტს.

ვისაც ეს ცოდვა ჩაუდენია - მხურვალედ მოინანიოს, ვინც აპირებს - შეჩერდეს, თითოეულმა კი ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ხმა აბორტის დამღუპველობის შესახებ ყველას მივაწვდინოთ.

დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე

გაზეთი ,,საპატრიარქოს უწყებანი”

 

ნანახია: (88)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას