logo.png

 მიცვალებულზე ზრუნვა

ეს შეიძლება იყოს ხელოვნების ნიმუში, რომელიც არის ტექსტი

(ფოტოზე: ჯვარცმა, შიომღვიმის მონასტრის გულანი, მე-16 ს. - საქართველოს ეროვნული არქივი)

ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა მარადიული ნეტარებისთვის. მარადიული ნეტარება უფალთან ერთად უსასრულო ყოფაა, მასთან მოკლება, თავისთავად, ტანჯვას, უსასრულობას მოკლებას ნიშნავს. ადამის შეცოდებით ადამიანის ბუნებაში სიკვდილი შემოდის და ეს პირველად სულზე აისახა. ვისთან ერთადაც ადამს მარადიულ ნეტარებაში უნდა ეცხოვრა, სწორედ მისი განცდა და მასთან ურთიერთობა ანიჭებდა ტანჯვას. იგი გაურბოდა უფალს, სამოთხეში ემალებოდა მას და ასეთი მდგომარეობით სამარადჟამო ტანჯვისთვის იყო განწირული. მას მერე, რაც ადამი უფალს დაუპირისპირდა, მისი ამგვარი დამოკიდებულება შემოქმედთან დაუსრულებელი წინააღმდეგობით გაგრძელდებოდა, ამიტომ ღმრთის განგებითა და მისი ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულით მარადიული ტანჯვა დროით შემოისაზღვრა და ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა _ სულისა და ხორცის ერთობა, როგორადაც ის შეიქმნა, დაირღვა; შემოვიდა სულისაგან ხორცის მოკლება, რაც არის სიკვდილი, ოღონდ დროებითი, რადგან რაც დროშია განსაზღვრული, უცილობლად დროებითია. ამიტომაც ვუწოდებთ სიკვდილს გარდაცვალებას ანუ სულის ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლას.

სწავლება იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ წმინდა მამათა ნაშრომებში შეგვიძლია ამოვიკითხოთ. ეს არის საღვთო გამოცხადებისა თუ თვითმხილველთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად დაგროვილი ცოდნა გარდაცვალების შემდგომ სულის მდგომარეობის შესახებ. გარდაცვალების პირველივე დღიდან, ვიდრე მის დაკრძალვამდე მიცვალებულის თავთან მუდმივად უნდა ენთოს სანტელი ან კანდელი, ამასთანავე ხატი. მაცხოვრის მუდმივი მოლოდინის ნიშნად მიცვალებული ისე უნდა იყოს დასვენებული ოთახში, რომ აღმოსავლეთს უყურებდეს. მისთვის განუწყვეტლად უნდა ვკითხულობდეთ დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნს, სასურველია, თუ ამ პროცესში ყველა ახლობელი იქნება ჩართული და შეიქმნება მკითხველთა ჯგუფი. გარდაცვალებულს აუცილებლად უნდა ეკიდოს გულზე მის სახელზე ნაკურთხი ჯვარი.. წესის აგებას აღასრულებს მოძღვარი ოჯახში ან ეკლესიაში. ეს უნდა მოხდეს დაკრძალვის დღეს ან წინა ღამეს. რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზის შემთხვევაში, შესაძლებელია წესი აიგოს უფრო ადრეც. წესის აგების დროს სასულიერო პირი აკურთხებს მიწას, რომელსაც ჭირისუფალი შემდგომ საფლავზე მოაყრის. მოძრვრის მიერ საფლავის კურთხევა სრულდება მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში და ნებისმიერ დროს ჭირისუფლის სურვილის შესაბამისად.

წმინდა ეკლესიის მიერ მიცვალებულის სულის საოხად დადგენილია ღვთისმსახურების სახეობა, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება. ახლადშესვენებულს ეკლესიაში პანაშვიდი უნდა გადაეხადოს იმ დღეს, როცა გარდაიცვალა, შემდგომ მე-3 დღეს , მე-9 დღეს, და მე-40 დღეს. შემდეგ უკვე წლისთავზე, დაბადებისა და მფარველი წმინდანის ხსენების დღეს. წმინდა ეკლესიის მიერ მთელი წლის განმავლობაში დადგენილია საზოგადო პანაშვიდებიც:

• ხორციელის შაბათს, რომელიც დიდმარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, შაბათობით აღინიშნება;

• დიდ-მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათს;

• აღდგომიდან მეორე კვირის - თომას კვირის , იმავე კვირაცხოვობის სამშაბათს;

• სულთმოფენობის წინა დღეს – შაბათს.

ყოველი ლიტურგიისას მეტად მნიშვნელოვანია მიცვალებულთა მოხსენება. ამისათვის უნდა შევიძინოთ სეფისკვერი და მოსახსენებელში ჩავწეროთ ახლობელ მიცვალებულთა სახელები. ყოველივე ეს უნდა დავტოვოთ ტაძარში შესაბამის ადგილზე, საიდანაც მნათე მას შეიტანს საკურთხეველში.

მაცხოვრის სისხლთან და ხორცთან ზიარებით ჩვენ ევქარისტულ კავშირში ვიმყოფებით აწ უკვე გარდაცვლილ მის მაზიარებლებთანაც. ამ დროს ხდება ზეციური და მიწიერი ერთობა. ამდენადაა ევქარისტია ცოცხალთა და გარდაცვალებულთა არსობრივი კავშირი. სასულიერო პირი ითხოვს მადლს როგორც ხორცში მყოფთათვის, ასევე სხეულს მოკლებულთათვისაც; ღვთისმიერ წყალობას იღებს როგორც ცოცხალი, ისე გარდაცვლილი ადამიანი. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია პირადი ლოცვით, საღმთო ლიტურგიაზე მოხსენიებით და მოწყალების გაცემით შეეწიოს გარდაცვლილი ახლობლის სულს. მიცვალებულის სახელზე გაშლილ სააღაპო სუფრას ძველ დროში ის დატვირთვა ჰქონდა, რომ ჭირისუფლის ამ მოქმედებით მადლიერი უპოვრები მოიხსენიებდნენ და დალოცავდნენ ახლადშესვენებულის სულს. როცა გარდაცვლილის სახელით სხვა ადამიანი გარკვეულ ნუგეშს პოულობს, ეს, თავისთავად, იმ მიცვალებულის სულს შეეწევა, ვისი სახელითაც სიკეთე გაკეთდა. ყველა მიწიერი მოქმედება მარადისობაში აისახება, რადგან ყველა მათგანი ამავდროულად ღვთისადმია მიმართული. მაცხოვარი ამბობს: ,, მშიოდა, და მეცით მე ჭამადი; მწყუროდა, და მასუთ მე; უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე: შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ, და მოხუედით ჩემდა”(მათე,25,35-36); ,,რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით”(მათე, 25,40).

როცა ადამიანი მიცვალებულის სულს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მოქმედებით შეეწევა, ის, ამვდროულად, საკუთარ მომავალზეც ზრუნავს, რადგან გზა ჩვენი ცხონებისა სხვათა ცხონებაზე გადის.

დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

 

ნანახია: (181)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას