logo.png

შესაძლებელია თუ არა ცხონება ეკლესიის გარეშე?!

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

დღეს პოპულარულია აზრი: „მე თვითონ გავარკვევ ჩემს საქმეს უფალთან, თავად ვეტყვი ჩემს გულში აღსარებას უფალს და ის მაპატიებს, რაკიღა მოწყალეა და მომიტევებს, არ მჭირდება სხვისი დახმარება, არც მღვდლის და არც ეკლესიის, მთავარი ხომ მაინც სიკეთის კეთებაა, სულაც არ არის საჭირო აღსარების თქმა და ზიარების მიღება, ღვთისმსახურებაში მონაწილეობა“. ზოგის კადნიერება იქამდეც მიდის, რომ თვითონვე აყალაბიბეს ეკლესიას, ნიშნავს მღვდლებსა და ეპისკოპოსებს. ფაქტობრივად, ღმერთის ადგილზე აყენებს საკუთარ თავს, რითიც შეურაცხყოფს უფალს და ახდენს ეკლესიის პროფანაციას. ეს მკრეხელობაა, რომელიც ამპარტავნებიდან და წმინდა წერილის უცოდინრობიდან, ურწმნოებიდან მომდინარეობს. ეკლესია უფლის, თავად ქრისტე ღმერთის მიერაა დაფუძნებული და ყველა საიდუმლო უშუალოდ მის მიერვეა დადგენილი. მაცხოვარმა დაარსა ეკლესია და მოციქულებს მიჰმადლა თანასწორი ძალმოსილება და უფლება ეკლესიაში, რაც მეკვიდრეობით გადაეცემა მღვდელმთავრებს „სარწმუნო არს სიტყუაჲ: უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობა უნდეს, კეთილისა საქმესა გული ეტყჳს“ ( I ტიმ., 3, 1); „ნუ უდებ-ჰყოფ, რომელ-ეგე არს შენ თანა მადლი, რომელი მოგეცა შენ წინაწარმეტყუელებითა, დასხმითა ჴელთა ხუცობისათა “ (I ტიმ., 4, 14); „ჴელთა ადრე-ადრე ნუვის დაასხამ, ნუცა ეზიარები სხჳსა ცოდვათა; თავი შენი წმიდად დაიმარხე“ (I ტიმ., 5, 22); „რომლისათჳს მოგაჴსენებ შენ განცხოველებად მჴურვალედ მადლსა მას ღმრთისასა, რომელ არს შენ თანა დასხმითა ჴელთა ჩემთაჲთა“ (II ტიმ., 1, 6); „გაუფრთხილდოთ თქვენს თავს და თქვენს სამწყსოსაც, რომელზეც თქვენ სულიწმიდამ დაგადგინათ ზედამხედველებად, რათა დამწყსოთ უფლისა და ღვთის ეკლესია, რომელიც მოიპოვა თავისი სისხლით“ (საქმე მოციქულთა 20, 28), თუმცა მეთაურობა ეკლესიაზე თავის უფლებამოსილებად დატოვა. საკუთარ თავს იესო ქრისტე უპირატეს მოძღვარს, ერთადერთ უმაღლეს მწყემსს უწოდებს: „მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნობ ჩემებს და მიცნობენ მე ჩემები; როგორც მიცნობს მე მამა, მეც ვიცნობ მამას და ჩემს სულს ვდებ ცხვრებისთვის. და ხვა ცხვრებიც მყავს, რომლებიც არ არიან ამ ეზოდან; ისინიც უნდა მოვიყვანო მე და ჩემს ხმას ისმენენ და იქნება ერთი სამწყსო და ერთი მწყემსი“ (იოანე, 10, 14-16). ამ საიდუმლოს აღასრულებს სულიწმიდა ღმერთი მის მიერვე გამორჩეული სამღვდლო ნიჭით მიმადლებული სასულიერო პირების ვედრების შემთხვევაში. როდესაც სასულიერო პირი ითხოვს წყლის კურთხევას და ლოცვას აღავლენს, მხოლოდ მაშინ აღსრულდება ეს საიდუმლო და ნაკურთხი წყალი აღარასდროს ფუჭდება. თუ ადამიანი ეკლესიის წიაღში ნაკურთხი არაა, ანუ მადლის არმქონე ადამიანია, მან რამდენიც არ უნდა ითხოვოს ღვთისგან, თუნდაც კონდაკიდან წაიკითხოს ეს ლოცვები, საიდუმლოს არ აღსასრულებს სულიწმიდა, არ შეისმენს მის ლოცვას და წყალი ჩვეულებრივ მდგომარეობაში დარჩება, ამიტომ მხოლოდ უფლის მიერ დადგენილი საიდუმლოებით აცხოვნებს ადამიანს უფალი, შესაბამისად, მაცხონებელი მოქმედება მხოლოდ ეკლესიის წიაღში აღესრულება თავად სულიწმიდის მადლით კურთხეული მღვდლების მეშვეობით, მის გარეთ კი ხსნა არ არის.

რადგან ყველა საეკლესიო საიდუმლო თავად უფლის მიერ არის დადგენილი, მისი უარყოფა უფლის უარყოფას ნიშნავს, მადლისგან დაშორებას. როდესაც მაცხოვარი გზავნის მოციქულებს თავისი სწავლების გასავრცელებლად მთელს ქვეყნიერებაზე, რათა ნათლობის გზით მოხდეს მსოფლიოს ყველა ხალხის შემოყვანა მისი მეუფების ქვეშ. ამით ადგენს ნათლისღების საიდუმლოს. მოციქულებმა უნდა ასწავლონ ხალხს ყოველივეს დაცვა და აღუთქვან იესო ქრისტეს დანაპირები: „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით; და ასწავლეთ მათ, დაიცვან ყოველივე, რაც გამცნეთ თქვენ. და აჰა, მე თქვენთან ვარ ყოველდღე საუკუნეთ დასასრულემდე, ამინ“ (მათე 28, 19-20). ასე დაფუძნდა ეკლესია და შეიქმნა განცხადებულ ორგანიზმად, რომელიც ასეთივე სახით იმოქმედებს სამყაროს აღსასრულამდე. აღდგომიდან ორმოცი დღის განმავლობაში იესო ქრისტე ეცხადება თავის მოციქულებს და აუწყებს საპასუხისმგებლო მისიის შესახებ − ანიჭებს მათ მიტევებისა და შეკვრის მეუფებას რაც არის აღსარების საიდუმლი: „და უთხრა მათ იესომ კვლავ: მშვიდობა თქვენდა; როგორც მომავლინა მე მამამ, მეც გგზავნით თქვენ. და როცა ეს თქვა, შეჰბერა მათ და უთხრა: მიიღეთ სულიწმიდა; ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ მათ და ვისაც შეკრავთ, შეკრულები იქნებიან“ (იოანე 20, 21-23). „ამინ, გეუბნებით თქვენ: რამდენსაც შეკრავთ ქვეყანაზე, შეკრული იქნება ცაში და რამდენსაც გახსნით ქვეყანზე, გახსნილი იქნება ცაში. კვლავ ამინ გეუბნებით თქვენ: თუ ორი თქვენგანი შეთანხმდება ქვეყანაზე ყველა საქმეში, რასაც ითხოვენ, ექნებათ მათ ჩემი ზეცათა მამისაგან, რადგან სადაც არის ორი ან სამი შეკრებილი ჩემი სახელით, იქ ვარ, მათ შორის“ (მათე 18, 18-20). ასევე " „უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ცოდვაჲ არა გვაქუს, თავთა თჳსთა ვაცთუნებთ და ჭეშმარიტებაჲ არა არს ჩუენ თანა. უკეთუ აღვიარნეთ ცოდვანი ჩუენნი, სარწმუნო არს და მართალ, რაჲთა მოგვეტევნეს ჩუენ ცოდვანი ჩუენნი და განგუწმინდეს ყოვლისაგან სიცრუისა“ (I ინ. 1,8-9). მღვდელთა დადგენის საიდუმლოს შესახებ ვკითხულობთ:„და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა, რომლისაცა მიმართ ჰრწმენა“ (საქ., 14, 23); „ამისთჳს დაგიტევე შენ კრიტს შინა, რაჲთა ნაკლულევანი იგი განაგო და დაადგინნე ქალაქად-ქალაქად ხუცესნი, ვითარცა-იგი მე გიბრძანე შენ“ (ტიტ., 1,5); „ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა“ ( I პეტრ., 5, 1);

ნათლობისა და ევქარისტიის საიდუმლოს ასე ადგენს უფალი იესო ქრისტე:„ვინც ირწმუნებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ხოლო ვინც არ ირწმუნებს, დაისჯება“ (მარკოზი 16, 16); „წადით და დაიმოწაფეთ ყველა წარმართი და ნათელი ეცით მათ მამისა და ძისა და სულიწმიდის სახელით“ (მათე 28, 19); „მიუგო იესომ და უთხრა მას: ამინ, გეუბნები შენ: ვინც არ იშვება წყლისაგან და სულისაგან, არ შეუძლია ღვთის სასუფეველში შესვლა“ (იოანე 3,5); ხოლო ზიარების საიდუმლო დიდ ხუთშაბათს დაადგინა: „და აიღო პური და მადლობდა, გატეხა და მისცა მათ და უთხრა: ეს არის ხორცი ჩემი, თქვენთვის მიცემული; ამას იქმოდეთ ჩემს მოსახსენებლად“ (ლუკა 22, 19); „მე ვარ პური ცოცხალი, რომელიც ჩამოველ ზეცით; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე მოგცემთ, ჩემი ხორცია, რასაც გავცემ ქვეყნის სიცოცხლისათვის. იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: როგორ შეუძლია საჭმელად მოგვცეს თავისი ხორცი? უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუკი არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში. ხოლო, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ექნება საუკუნო სიცოცხლე, და აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს. რადგანაც ჩემი ხორცი არის ჭეშმარიტი საჭმელი და ჩემი სისხლი არის ჭეშმარიტი სასმელი. ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემშია, ხოლო მე - მასში“(იოანე 6, 51-56); პავლე მოციქული კი განმარტავს სულიწმიდის მადლით: რადგან მე უფლისაგან მივიღე ის, რაც გადმოგეცით: რომ უფალმა იესომ თავისი გაცემის ღამეს აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა: მიიღეთ და ჭამეთ; ეს არის ჩემი სხეული, თქვენთვის დამტვრეული; ეს ჰყავით ჩემს მოსახსენებლად, ასევე სერობის შემდეგაც აიღო სასმისი და თქვა: ეს სასმისი არის ახალი აღთქმა ჩემს სისხლში; ეს ჰყავით ყოველთვის, როცა სვამთ ჩემს მოსახსენებლად“ (1 კორ., 11, 23-25).

ღვთისმსახურების შესახებ პავლე მოციქული დასძენს:კვირის ყოველ პირველ დღეს თვითეულმა თქვენგანმა რაც შეუძლია გადადოს და შეინანოს, რათა ჩემი მოსვლისას აღარ დაიწყოთ გროვება“ (I კორ., 16, 2); მღვდლების მიერ ღვთის მსახურების შესახებ იაკობ მოციქული ასე გვმოძღვრავს: „ავადაა ვინმე? ეკლესიის ხუცესთ მოუხმოს, რათა ილოცონ მისთვის და ზეთი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს, უფალი აღადგენს მას, და თუ ცოდვა რამ ჩაუდენია, მიეტევება“ (იაკობ მოციქულის ეპისტოლე, 5, 14-15);

ქორწინების საიდუმლოს შესახებ უფალი ბრძანებს: „მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას, და ვინც განაშვებს შეირთავს, მრუშობს“ (მათ., 5, 32);

„ხოლო რაც შეეხება იმას, რის გამოც მწერდით, კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს. მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად, ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს, ცოლი კი - ქმარს. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი. ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობითა და დროებით, რათა ლოცვისთვის მოიცალოთ, მერე კი კვლავ დაუბრუნდით ერთიმეორეს, რათა სატანამ არ გაცთუნოთ თქვენი თავშეუკავებლობის გამო. თუმცა ამას ვამბობ დასაშვებად და არა ბრძანების ნიშნად. რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე“ (1 კორინთელთა 7, 1-7).

როგორც ვხედავთ, უფლის მაცხოვნებლობითი მოქმედება თავად მის მიერვე დადგენილ ეკლესიაში მოქმედებს; მისგან დადგენილი სადუმლოთა აღსრულებით ნებისმიერ ადამიანს მხოლოდ ეკლესიის წიაღში შეუძლია განღრთობა და უფალთან მისვლა. ხოლო ვინც არ ისმენს უფლის სიტყვას, მის ეკლესიას განუდგება და ფიქრობს, რომ თავისი ლოცვით ეკლესიის გარეშე შესძლებეს უფალთან მისვლას ან რომელიმე ხელოვნურად, ადამიანის მიერ შექმნილი რელიგიის ან სექტის მიხედვით, უფალი მას პასუხობს. „ვინც მეუბნება: უფალო, უფალო! ყველა როდი შევა ცათა სასუფეველში, არამედ ის, ვინც აღასრულებს ჩემი ზეციერი მამის ნებას. მრავალნი მეტყვიან იმ დღეს: უფალო, უფალო! განა შენი სახელით არ ვწინასწარმეტყველებდით? განა შენი სახელით არ ვაძევებდით ეშმაკთ? და შენი სახელით არ ვახდენდით მრავალ სასწაულს? და მაშინ ვეტყვი მათ: არასოდეს მიცვნიხართ თქვენ: გამშორდით, ურჯულოების მოქმედნო“(მათე 7, 21-23); ყურად ვიღოთ მაცხოვრის ეს სიტყვები, რათა ურჩობის გამო ჩვენც იგივე არ მოვისმინოთ განკითხვის ჟამს.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი

ნანახია: (126)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას