logo.png

ტაძარი - სახლი ღვთისა

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ფიტარეთის მონასტერი)

ტაძარი არის განსაკუთრებული შენობა, სადაც ღვთისმსახურება აღესრულება, უსისხლო მსხვერპლშეწირვა, წმინდა ლიტურგია სრულდება. ღმერთი განსაკუთრებული, მადლმოსილი სახით მყოფობს ტაძარში, სადაც ისეთი საიდუმლო მსხურებები ტარდება, რომლებიც მხოლოდ აქ შეიძლება აღსრულდეს. უფალმა თავად განუცხადა მოსეს, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საღვთისმსახურო შენობა, რომელსაც რჯულის კარავი, სკინია ეწოდებოდა.

ახალი აღთქმის ტაძარი მსგავსია ძველი აღთქმის ტაძრისა. ქრისტიანულმა ტაძარმა საუკუნეთა განმავლობაში არქიტექტურის მიხედვით განვითარების ეტაპები გაიარა, თუმცა შიდა მოწყობის მიხედვით, ყველა ერთი სახისაა. ბევრ ქრისტიან ერს, რომელთაც მოგვიანებით მიიღეს ქრისტიანობა, პირველ პერიოდიდან არსებული ტაძრების არქიტექტურა არა აქვთ, ქართველებს კი, როგორც ერთ-ერთი უძველესი ეკლესიის მქონე მართმადიდებლებს, გვაქვს ყველა ის არქიტექტურული სახე ტაძრისა, რომელიც ადრექრისტიანული პერიოდიდან გვხვდებოდა. პირველი მათ შორის არის დარბაზული ტიპის ტაძარი, ანუ ერთნავიანი ბაზილიკა. იგი სიმბოლურად ნოეს კიდობანს განასახიერებს, რომელიც ცხოვრების ბობოქარ ზღვაში მიგვაცურებს სასუფევლის მყუდრო ნავსაყუდელისკენ. Aამ ტიპის ტაძართა რიცხვს მიეკუთვნება ხაშმის, იმავე კაწარეთის სამება, აჭის დიდმოწამე გიორგის ტაძარი, წირქოლი, მაღალაანთ ეკლესია. …ორნავიანი ბაზილიკის კლასიკური ნიმუშებიდან ჩვენს ქვეყანაში შეიძლება დავასახელოთ ლაგურკას, იმავე წმინდა კვირიკესა და ივლიტას ტაძარი სვანეთში.

სამნავიანი ბაზილიკური ნაგებობაა ბოლნისის სიონი, ანჩისხატი, გაგრის ტაძარი, ოთხთა და პარხალი.

განვითარების ბოლო ეტაპს წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. იგი თავისი ფორმით გვახსენებს ჯვარზე გაკრული იესო მაცხოვრის მიერ კაცობრიობის გამოხსნას ცოდვის მეუფებისგან. ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძართა მაგალითად შეიძლება დავასახელოთ ნიქოზისა და ბიჭვინთის საკათედრო ტაძრები, იშხანი, სამთავისი.

ტაძარი შეიძლება იყოს წრიული ფორმისაც, ამის მაგალითებიც გვაქვს საქართველოში - ბანა, კაცხი და დრანდა სწორედ ამ ტიპის ტაძართა რიცხვს მიეკუთვნება.

როგორც აღვნიშნეთ, შიდა მოწყობით ყველა ტაძარი ერთნაირია და ის სამ ნაწილად იყოფა, ისევე, როგორც ძველი აღთქმის ტაძარი. წმიდათაწმიდას, სადაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ შედიდოდა მღვდელმთავარი მსხვერპლშეწირვისთვის, დღევანდელ ტაძრებში წარმოადგენს საკურთხეველი. საკურთხეველი ტაძრის აღმოსავლეთით, ამაღლებულ ადგილზე მდებარეობს, იგი ტაძრის უმთავრეს ადგილს წარმოადგენს. საკურთხეველში ტრაპეზზე აღესრულება უსისხლო მსხვერპლშეწირვა, სადაც ლიტურგიისას მღვდლის ვედრებით უფალი ღვინოსა და პურს გარდააქცევს ქრისტეს სისხლად და ხორცად, რომელიც თავად მაცხოვარმა დაადგინა საიდუმლო სერობაზე. სწორედ ამ საიდუმლოს აღასრულებს მოძღვარი წირვის დროს, თავად ეზიარება და შემდეგ მრევლს აზიარებს. საკურთხეველი ამაღლებულია ტაძრის დანარჩენი ნაწილისაგან და გამოყოფილია კანკელით. მასზე სამი კარია: შუა კარი სამეუფეოდ, აღსავლის კარად იწოდება და სიმბოლურად სამოთხის კარს განასახიერებს. ამ კარით მხოლოდ მღვდელმსახურნი შედიან მსახურების ჟამს. მისი გახსნა ღვთისმსახურების განსაკუთრებულ დროს ხდება. სამეუფეო კარის გარდა არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კარები, მათგან პირველი სამკვეთლოში შედის, ხოლო მეორე სადიაკვნოში. კანკელსა და სამეუფეო კარზე გამოსახულია ხატები: სამეუფეო კარზე - მახარებელთა და მოციქულთა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება, სამეუფეო კარის მარჯვნივ, კანკელზე გამოსახულია მაცხოვრის ხატი, ხოლო მარცხნივ - ღვთისმშობლისა. მაცხოვრის ხატის გვერდით იმ წმინდანის ან საუფლო დღესასწაულის ხატია, ვისი სახელობისაც არის ტაძარი. ღვთისმშობლის გვერდით სახვადასხვა წმინდანების ან სახარების რომელიმე ეპიზოდის გამოსახულებაა. ჩრდილოეთის კარზე, რომელსაც შევყავართ სამკვეთლოში, გამოსახულნი არიან მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი, შეიძლება შეგვხვდეს პირველდიაკვნების სტეფანესა და ფილიპეს ხატებიც.

ადგილს კანკელის წინ, საიდანაც მღვდელი აზიარებს მრევლს და ქადაგებს, ეწოდება აბიონი. ეს ამაღლება საჭიროა ქადაგებისთვის, რათა ხალხისთვის ადვილად გასაგები იყოს მოძღვრის ქადაგება. წმიდათას, სადაც ძველი აღთქმის პერიოდში მხოლოდ მღვდლემსახურები შედიოდნენ, დღვევანდელ დღეს შეესაბამება ტაძრის შუა ნაწილი, სადაც მლოცველები, მრევლი დგას და ისმენს ლოცვას. ეზო დღევანდელ ტაძრებში სტოას წარმოადგენს. ესაა დასავლეთ ნაწილი დასავლეთის კარისკენ, სადაც სრულდება ლიტია პურის კურთხევის წინ. სტოა ძველად განკუთვნილი იყო კათაკმეველთათვის, მონანულთა და ზიარებისგან განყენებულთათვის.

კარიბჭედ იწოდება ტაძრის დასავლეთის ან სამხრეთის მხრიდან წინ წამოწეული მთავარი შესასვლელი. იგი ტაძრის სახურავის საყრდენი კედლით ან თაღებით არის შექმნილი. შესაძლებელია კარიბჭე არ იყოს მიდგმული ტაძარზე და გამოყოფილი იყოს მისგან შესასვლელი კიბეებით. სწორედ კარიბჭესთან უკითხავს მოძღვარი შობიდან მეორმოცე დღეს დედებს განწმედის ლოცვებს.

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

ნანახია: (103)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას