logo.png

მეტანია

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: მაცხოვრის ლოცვა, ზარზმის მონასტრის ფრესკა)


მეტანია მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან ,,მეტანოია” და სინანულს ნიშნავს. მას აღასრულებს ყველა მორწმუნე ადამიანი ღვთის წინაშე საკუთარი უღირსებისა და ცოდვილობის ნიშნად. ეს გახლავთ უძველესი ტრადიცია, რომელიც ჯერ კიდევ ძველი აღთქმის ეკლესიიდან იღებს სათავეს. როგორც ძველი აღთქმის წმინდა წერილიდან ვიცით, როდესაც პატრიარქ აბრაამს მამბრეს მუხასთან სამი მწირის სახით უფალი გამოეცხადა, მან მუხლმოდრეკით მიაგო პატივი ყოვლის შემოქმედს, ანუ მეტანია აღასრულა.

მუხლმოდრეკით ლოცულობდა მეფე სოლომონიც მის მიერვე აგებულ ტაძარში. როგორც მესამე მეფეთა გვაუწყეს: ,,დაასრულა სოლომონმა უფლისადმი ლოცვა-ვედრება და წამოდგა სამსხვერპლოდან, რომლის წინაც დაჩოქილი იყო, ცისკენ ხელაპყრობილი”.

ახალი აღთქმის წმინდა წერილშიც არაერთგზისაა აღწერილი უფლის თაყვანისცემისა და მისთვის პატივის მიგების ნიშნად ფიზიკურად გამოხატული სახით დამხობა. ფაქტობრივად, მაცხოვარმა თავად აჩვენა მოწაფეებს მეტანიით უზენაესის პატივისმიგების მაგალითი, როცა გეთსიმანიის ბაღში მუხლმოდრეკილი ლოცულობდა.

როდესაც მენელსაცხებლე დედებმა მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი იხილეს, ,,ისინი მივიდნენ, მოეხვივნენ ფეხებზე და თაყვანი სცეს მას”.

მეტანიის მაგალითს წარმოადგენს ფერნაცვალი მაცხოვრის დიდებულების წინაშე მოციქულთა დამხობაც, ასე, რომ ეს უძველესი წესია თაყვანისცემის გამოსახატად.

ერთ-ერთი მნიშვნელობით სიტყვა ,,მეტანოია” მიძღვნასაც ნიშნავს, ანუ მუხლმოდრეკას ვუძღვნით უფალს ჩვენი უღირსების აღიარების, დიდი კრძალვისა და თაყვანისცემის ნიშნად და ამ მოქმედებით მისდამი მორჩილებას გამოვხატავთ.

მეტანია ორი სახისაა – დიდი და მცირე. მცირე მეტანიის დროს გამოვისახავთ პირჯვარს, წელში ვიხრებით და მარჯვენა ხელით ვეხებით მიწას. დიდი მეტანია კი ასე სრულდება: იესოს ლოცვით: ,,უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”, ვისახავთ პირჯვარს, მოვიდრეკთ ორივე მუხლს და შუბლით ვეხებით მიწას. ქართული სიტყვა – ,,თაყვანისცემა” სწორედ აქედან მომდინარეობს: თავ – ყანის - ცემა, ყანა ძველ ქართულში მიწის მნიშვნელობითაც იხმარებოდა.

ახალი აღთქმის ეკლესიაში არსებობს საყოველთაო სიხარულის დღეები, როცა მეტანია არ სრულდება. ამ განგებულებას საფუძვლად უდევს მსოფლიო კრებებისა და დიდი სჯულისკანონში შესული ეკლესიის მამების დადგენილებები. მუხლმოდრეკა წყდება შაბათს, მწუხრზე, ანუ საღამოს ლოცვაზე და განახლდება კვირას, მწუხრზე, დიდი მეტანიას არ ვაკეთებთ აგრეთვე თორმეტ საუფლო დღესასწაულაზე, გარდა ჯვართამაღლებისა, რადგან ამ დღეს ცხოველმყოფელ ჯვარს ვცემთ თაყვანს.

მუხლმოდრეკა არ სრულდება მაცხოვრის შობიდან ნათლისღების დღესასწაულამდე, ვნების შვიდეული ოთხშაბათის მწუხრიდან სულთმოფენობის დღესასწაულის მწუხრამდე. ამ პერიოდში არის მხოლოდ ერთი გამონაკლისი, რაც მაცხოვრის ჯვარცმას უკავშირდება. ეს გახლავთ ვნების შვიდეულის პარასკევს, როცა ყოველი მორწმუნე გარდამოხსნის წინაშე მუხლს იყრის.

მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (202)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას