logo.png

ევქარისტია იყო, არის და მარად იქნება მაჯისცემა ქრისტიანული ცხოვრებისა

შეიძლება იყოს text გამოსახულება

 

(ფოტოზე: "საიდუმლო სერობა", მინიატურა დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)
ძე ღვთისას განკაცება - საიდუმლო, რომელიც დასაბამიდან დაფარული და ანგელოზთათვის მიუწვდომელია, ქრისტიანთა ლიტურგიკულ ცხოვრებაში ევქარისტული ღვთისმსახურების დროს ყოველდღიურად განახლდება.

მართალია, თანამედროვე ადამიანის შეგნებაში ევქარისტული ცხოვრება იმდენად დაძაბუნდა, რომ თითქმის სრულიად დავკარგეთ მისი ჯეროვანი შემეცნება და ტაძარში აღსრულებულ საღმრთო ლიტურგიას ოდენ წეს-ჩვეულებად აღვიქვამთ, მაგრამ ჭეშმარიტი ეკლესიური ცხოვრების დროს ყველაფერი სხვაგვარად ხდებოდა. მოციქულთა დროს და მის შემდგომაც, რელიგიური ცნობიერების ზრდისა და აყვავების პერიოდში, ყოველივე ის, რაც სრულდებოდა ქრისტიანთა ცხოვრებაში, ლიტურგიის პროცესში ხდებოდა და დაკავშირებული იყო მასთან. ქრისტიანული ცხოვრების ადრეულ პერიოდში კათაკმეველთა ნათლობა ხდებოდა ლიტურგიის დროს ისეთ განსაკუთრებულ დღესასწაულებზე, როგორიცაა აღდგომა, შობა, განცხადება. ამგვარი ,,ნათლობითი ლიტურგიის” შესახებ გადმოგვცემენ წმ. მოწამე იუსტინე ფილოსოფოსი, სილვია აკვიტანელი და სხვები.

ლიტურგიის პროცესში იყო ჩართული ქორწინების საიდუმლოც. იგი ხდებოდა ევქარისტული კანონის შესრულებამდე, ალბათ კათაკმეველთა ლიტურგიისას, დაახლოებით სამოციქულოსა და სახარების წაკითხვამდე. მართალთა ლიტურგიის დროს ახლადჯვარდაწერილნი ეზიარებოდნენ წმ. საიდუმლოს. ასევე ლიტურგიის ჩარჩოებში იყო მოქცეული ზეთის კურთხევის საიდუმლოც. იგი სრულდებოდა პროსკომიდიის (კვეთის) დროს, ხოლო მისი ცხება ხდებოდა ჩამოლოცვის შემდეგ. მირონის კურთხევა დღესაც ლიტურგიისას სრულდება დიდ ხუთშაბათს წმ. ძღვნის კურთხევისთანავე. ლიტურგიისგან განუყოფელია მღვდლობის საიდუმლოც. ლიტურგიასთან იყო დაკავშირებული და მის ფარგლებში მოქცეული ტაძრისა და ოდიკის კურთხევა, წყალკურთხევა, მონაზვნად აღკვეცა. მიცვალებულისთვის წესიც აგებაც კი წირვის პროცესში ხდებოდა. ეს ყოველივე წირვის მსვლელობას ახანგრძლივებდა, რაც მრევლისთვის სირთულეებს ქმნიდა.

დროთა განმავლობაში, ვითარება შეიცვალა და საეკლესიო საიდუმლოების აღსრულება ლიტურგიისგან განცალკევებულად დაიწყეს.

წმიდა მამათა და ეკლესიის მემეტიანეთა ნაშრომებში უამრავ მტიკებულებას ვხვდებით ევქარისტიის, როგორც უმთავრესი საეკლესიო მსახურების შესახებ. წმინდა დიონისე არიოპაგელი მას უწოდებს ,,საიდუმლოთა საიდუმლოს”. აი, რას ამბობს წმ. მაქსიმე აღმსარებელი ლიტურგიის კულმინაციის - ზიარების შესახებ: ,,არასრული ნიშნავს იმას, რომ ადამიანის უფალთან სრული თანაზიარყოფა ვერ მოხდება ზიარების საიდუმლოს გარეშე”.

წმ. გრიგოლ პალამა თავის ნაშრომში ,,მართლმადიდებლური აღმსარებლობა” წერს: ,,ჩვენ გვიყვარს ყველა წერილობითი თუ ზეპირი ეკლესიური გადმოცემა, უპირველესად კი წმიდათაწმიდა ღმრთისმსახურება - ზიარება, რომლის დროსაც სხვა მღვდელმსახურებაც სრულდება”. სვიმეონ თესალონიკელი გვასწავლის, რომ ,,ყველა იერარქიული მსახურების დასასრული და ღვთიურ საიდუმლოთა გვირგვინი წმიდა ზიარებაა”.

აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თავად ეკლესიის ბუნებაა ევქარისტული. ეკლესია სხეულია ქრისტესი. ასევეა ევქარისტიაც. ამიტომაც ევქარისტიის გარეშე ეკლესიურობა წარმოუდგენელია, ისევე, როგორც ევქარისტია - თვინიერ ეკლესიისა.

შეუძლებელია აღქმა ეკლესიისა განისაზღვროს ოდენ ვრცელი კატეხიზმოს განმარტების მიხედვით: ,,ეკლესია ღმრთის მიერ დაფუძნებული ადამიანთა საზოგადოებაა, რომელნიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან საერთო რწმენით”. ეკლესია არ უნდა დავიყვანოთ მხოლოდ კანონიკურ- ადმინისტრაციულ საზღვრებამდე. ის, რომ მრევლის წევრად ირაცხები და მონაწილეობ მის შეკრებებში, სულაც არ ნიშნავს, რომ ეკლესიურად ცხოვრობ. აუცილებელია რეალურად, კონკრეტულად მონაწილეობდე ეკლესიის ცხოვრებაში, ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს მასთან, როგორც იესო ქრისტეს მისტიკურ სხეულთან. შენ ამ სხეულის ნაწილი უნდა იყო.

წმ. მაქსიმე აღმსარებელი გვასწავლის: ,,წმ. ეკლესია სახეა პირველხატებისა და იგი ჩვენდამი ღმრთაების მსგავსად მოქმედებს. როგორი აურაცხელი და მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს ღმრთისგან აღორძინებულთა და სულიწმიდით განსპეტაკებულთა რიცხვი, რომელნიც განსხვავდებიან ერთმანეთისგან სქესით, გარეგნობით, ენით, ცხოვრების წესით, ასაკით, შემეცნებით, ჩვევით, ზნით, პირადი ღირსებით, შინაგანი მდგომარეობით, ხასიათითა თუ სულიერი განწყობით, - ყველა მათგანს ეკლესია, ანუ სხეული ქრისტესი ერთ ხატებასა და სახელს ანიჭებს”.

არსობრივად ზიარების საიდუმლო არის სისხლი და ხორცი ქრისტესი. იგი ეკლესიისთვის არსებითად ჭეშმარიტი საკვები და სასმელია. ევქარისტიის დროს ზეციური საიდუმლო - მაცხოვრის სისხლი და ხორცი კი არ გარდაიქმნება ფიზიკურ სხეულად, არამედ პირიქით, იგი ფიზიკურ სხეულს გარდაქმნის, განწმენდს და მიაახლებს ზეციურ სხეულთან, რადგან ზეციური, ღვთაებრივი ჯაბნის მიწიერს, ქმნილს. რკინა ცეცხლთან შეხებისას თავადაც ცეცხლოვანი ხდება, ლღვება, მაგრამ არ უშვებს, რომ ცეცხლი გადაიქცეს რკინად. გამდნარ რკინას აღვიქვამთ არა როგორც მყარ სხეულს, არამედ როგორც ცეცხლოვან მასას, რადგან ბუნება რკინისა ცეცხლის მიერაა დანთქმული. ამის მსგავსადვე, შესაძლებელი რომ იყოს ქრისტეს ეკლესიის ხილვა, ჩვენ ვერაფერს დავინახავდით მაცხოვრის სხეულის გარდა, რადგან ეკლესია შერწყმულია მასთან, თანაზიარია მის სხეულთან. წმ. პავლე მოციქულის სიტყვები: ,,თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესნი და ასონი ასოთა მისთაგანნი (Iკორ. 12,27)”, უნდა გავიგოთ არა სიმბოლურად, გადატანითი მნიშვნელობით, არამედ სავსებით კონკრეტულად, ცოცხლად. ეს ნიშნავს, რომ მორწმუნე სწორედ ამ სისხლისა და ხორცის საშუალებით ცხოვრობს ქრისტეში, მოცულია მისი სხეულით.

საჭიროა ევქარისტული გავხადოთ ჩვენი მსოფლმხედველობა, უნდა ვცხოვრობდეთ ევქარისტული განწყობილებით. ეკლესია ლიტურგიის დროს მადლობს უფალს ჩვენზე მოწეული და ჯერ კიდევ მოუვლინებელი ყველა წყალობისათვის. მღვდელმსახური სწირავს მსხვერპლს ყველა ადამიანური ცოდვისა და უმეცრებისთვის. წმიდა ამბროსი მედიოლანელი ეკლესიის იერარქთა შესახებ ამბობს: ,,მათ უფალთან მიაქვთ მთელი კაცობრიობის სევდა, ტყვეთა ვაება, უპოვართა გასაჭირი, მოგზაურთა წუხილი, სნეულთა ჭმუნვა, მოხუცთა უძლურება, ჩვილთა ქვითინი, ქალწულთა აღთქმა, ქვრივთა ლოცვა და ობოლთა გულჩვილობა.”

სასულიერო პირმა და მასთან ერთად მლოცველთა კრებულმა, თითოეულმა მორწმუნემ ევქარისტიაში უნდა მოუყაროს თავი საკუთარ სულიერ ცხოვრებას. ყველა ჭმუნვა და სიხარული ბარძიმთან მიიტანება. სწორედ აქ უნდა მოხდეს მათი გაზავება. ევქარისტიამ უნდა მოიცვას და გაანათოს ქრისტიანის მთელი ცხოვრება, შემოქმედება, საქმიანობა და სწრაფვა. ამიტომაც ლიტურგია შეუძლებელია შემოიფარგლოს ოდენ საჯანმრთელო და მიცვალებულთა მოსახსენებლების გადაწოდებით. ევქარისტული მსოფლმხედველობა არა მხოლოდ ტაძრად დგომა, ღვთისმსახურებაზე დასწრება და საეკლესიო გალობის მოსმენაა, არამედ ყოველი ლიტურგიისას გამეორებული გოლგოთის გზის ცოცხალი განცდა და ზიარება.

ერთ წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში არის მხოლოდ ერთი ევქარისტია, თუმცაღა, ეს წინააღმდეგობაში არ მოდის იმ ფაქტთან, რომ მრავალი ადგილობრივი ეკლესიის ეკლესიის შემთხვევაში, სადაც განსხვავებული ეროვნების, ტრადიციისა თუ ისტორიული მემკვიდრეობის ხალხი შედის, არსებობს დიდი რიცხვი სხვადასხვა ტიპის ევქარისტული ლოცვისა. ერთობა ეკლესიისა და ერთობა ევქარისტიისა სულაც არ ითხოვს საღვთისმეტყველო ლიტურგიის იდენტურობას. ადგილობრივი თავისებურებანი არა მარტო შესაწყნარებელია, არამედ აუცილეელიც კია ეკლესიის საყოველთაო ბუნების დასამტკიცებლად.

საღვთისმეტყველო მეცნიერებამ ამ მრავალფეროვნების კლასიფიკაცია მოახდინა და დაწვრილებით შეისწავლა მათი წარმომავლობა, განვითარება და ისტორია.

წმიდა მამათა მიხედვით მოამზადეს დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა და მართა კასრაძემ

 

 

ნანახია: (204)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას