ქრისტიანთათვის ღვთის რწმენა ნიშნავს, აღიარებდეს მას არამარტო გონებით, არამედ გულითაც ილტვოდეს მისკენ. ქრისტიანული რწმენა ღვთივსაიდუმლო ქმედებაა ადამიანის სულში, მის არსში. ,,მრწამს”, იმაზე მიუთითებს, რომ ღვთის მიღება რწმენით არის შესაძლებელი. რწმენა არ ნიშნავს დაჯერებას, რწმენა უცდომელი ცოდნაა, ღვთის განცდაა და ისეთი სახით მიღებული შემეცნება, რა დროსაც ზუსტად იცი, ვისთან გაქვს ურთიერთობა. ეს ხდება იმ უნარის მეშვეობით, რაც ღვთის მიერვე აქვს ადამიანს მიცემული და სწორედ მისი საშუალებით შეუძლია უზენაესთან ურთიერთობა. ამ დროს ადამიანს სულ უფრო მეტი ცოდნის მიღება შეუძლია ღმერთზე და მადლის აღვსებით რწმენაშიც უფრო მყარდება.
რწმენა მხოლოდ გონებით, აზრით არ შემოიფარგლება, ის უფრო მასშტაბურია, მოიცავს და აერთიანებს ღვთისადმი სიყვარულს, მოწიწებას, თაყვანისცემას, მადლიერებას, შიშისა და თავმდაბლობის განცდას. რწმენა ადამიანის საზრიანობაზე ძლიერია, უფრო მოცულობითია და ქმედითი. მორწმუნე ადამიანს რომ ძალუძს მთების შეძრვა, ამას თავად უფალი გვაუწყებს: „ხოლო იესომ მიუგო მათ: თქვენი მცირე რწმენის გამო: თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანეთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“ (მათე 17, 20). ცოცხალი სარწმუნოების მქონე ქრისტიანი საკუთარ ნებაზე უარს აცხადებს და მთლიანად ღვთის ნებას არის მინდობილი: „მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი“. როდესაც მოციქული ამბობს – „სარწმინოება მოსავთა მათ ძალ, საქმეთა მამხილებელ არახილულთა“ (ებრ. II, 1) – იგი არ წარმოაჩენს რწმენის ბუნებას, მხოლოდ მიუთითებს, თუ საითკენაა მიპყრობილი მისი მზერა – უხილავისა და მიუწდომლის სასოებისკენ.
ეკლესიის ისტორიაში მრავლადაა წმიდანთა გასაოცარი ცხოვრება, რომელთა რწმენამ და ცხოვრებამ შეცვალა დედამიწაზე წარმართული ყოფიერების სიბნელე, დაანგრია ეკლესიის მოწინააღმდეგე უძლეველობით მითიზირებული ანტიქრისტიანული იმპერიები და ნათელი მოჰფინა კაცობრიობას, უღირსებიდან ღირსების მწვერვალზე აიყვანა. ადამიანის რწმენა მის შეგნებულ ქმედებაში, მის ცხოვრებაში ვლინდება. იაკობ მოციქული ბრძანებს: „ეგრეთცა სარწმუნოებაჲ, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო. არამედ თქუას თუ ვინმე: შენ სარწმუნოებაჲ გაქუს და მე საქმენი მქონან, მიჩუენე მე სარწმუნოებაჲ შენი საქმეთაგან შენთა, და მე გიჩუნო შენ საქმეთაგან ჩემთა სარწმუნოებაჲ ჩემი. შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან. გნებავსა ცნობად, ჵ კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს?“ (იაკობი 2, 17-20).
ქრისტეს სწავლების ქადაგება სასულიერო პირისთვის არსებითი და უმთავრესი მოწოდებაა ღვთისგან. „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ“ (მათე 28, 19- 20). მამათა სწავლების მიხედვით, ბოლოჟამს ადამიანებს პირჯვრის გადასწერად ხელი დაუმძიმდებათო, დაუმძიმდებათ მცირედმორწმუნეობისა და შიშის გამო, რადგან იმდენად რთული იქნება ქრისტიანული რწმენით ცხოვრება, რომ პირჯვრის გადაწერა მოწამეობის ტოლფასი გახდება, როგორც ეს საბჭოთა ანტიქრისტიანული იმპერიის დროს ხდებოდა, რადგან ეს პერიოდი ანტიქრისტეს გამეფებისა და მოქმედების წინასხე გახლდათ. საბჭოთა ანტიქრისტანული იმპერიის დროს, როცა სასულიერონი ახლო ნათესავთაგანაც კეთროვნებივით იყვნენ გარიყულნი, ყველასგან მოძულებულნი, სირცხვილი იყო მათთან ახლობლობა, რათა დაცინვისა და დევნის საგანნი არ გამხდარიყვნენ თვითონაც, ამ უმძიმეს პერიოდშიც არ შეწყვეტილა ქრისტიანობის ქადაგება თითებზე ჩამოსათვლელი სასულიერო პირებისგან, ვინც ღირსებასა და ცოცხალ რწმენას ინარჩუნებდა. ამის ერთ-ერთ მაგალითად მინდა გაგიზიაროთ აღნიშნული პერიოდის სასულიერო პირის ქადაგებისადმი მიდგომა, რომელიც მისი თანამედროვე მხცოვანი მღვდლის მონათხრობიდან მახსოვს, როცა ახლად ნაკურთხი დიაკვანი მასთან ტაძარში მსახურებისთვის განმაწესეს. მოძღვარი, რომელზედაც მინდა გიამბოთ, ღვთივსათნო ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა როგორც თვითონ ამბობდა, მჭერმეტყველებით არ გამოირჩეოდა. მაგრამ იმ ათეისტურ გარემოში, სადაც უფლის სახელის ხსენებაც კი აკრძალული იყო და მასზე არაფერი ითქმოდა, გარდა უკეთურებისა, ტაძრებში აბანოები, საწყობები, საამქროები, სახელოსნოები იყო მოწყობილი ან საცხოვრებელ სახლებად იყო გადაკეთებული (რომელთაგან რამდენიმე, სამწუხაროდ, ისევ ასეთად რჩება დღემდე), ხშირი იყო არამარტო სასულიერო პირების დაცინვა და მათზე ფიზიკური ანგარიშსწორება, არამედ იშვიათობას არ წარმოადგენდა გაურკვეველ ვითარებაში სასულიერო პირთა უეცარი გარდაცვალებაც, ყოველდღიურად, პიკი საათის დროს, განსაკუთრებული ხალხმრავლობისას, შეგნებულად ადიოდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ანაფორით მოსილი და ავტობუსს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორემდე მიჰყვებოდა უტყვად, შემდეგ სხვა ტრანსპორტში ადიოდა რათა შეძლებისდაგვარად მეტ ადამიანს მოხვედროდა თვალში.
ამ „მგზავრობისთვის“ უღმერთო და ღვთისგან დაცლილ გარემოში მას სიმდაბლით უნდა დაეთმინა დაცინვა და შეურაცხყოფა უტყვად, რომ ღვთის მოწოდება შეესრულებინა – იქნებ მღვდლის დანახვით მაინც გახსენებოდათ უფალი, ოდნავ მაინც დაფიქრებულიყნენ მის არსებობაზე... ამბობდა, რომ ყოველი ასეთი მგზავრობის შემდეგ მისი ანაფორა გასარეცხი იყო, რადგან შინ ნანერწყვი სამოსით ბრუნდებოდა. ამის მიუხედავად, მეორე დღესაც იმავე გზას გადიოდა უფლისა და მოყვასის სიყვარულით. ანაფორით სიარულით იგი უტყვად, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან ხმამაღლა ქადაგებდა ქრისტიანობას, რადგან სამღვდელო შესამოსელით ქადაგება ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი სიტყვაა. იმ პერიოდში, როდესაც ხალხს პირჯვრის გადაწერისაც კი ეშინოდა, მოძღვარი რწმენას საქმით ასე ასხამდა ხორცს. მისი სულისკვეთება იმაშიც ვლინდებოდა, რომ იმ სამოსის შესატყვისი სპეტაკი ცხოვრება თუ არ ექნებოდა, ამას გარემო არ აპატიებდა და საშინელ დელგმას დაატეხდა თავს. ამიტომ ასეთი მოქმედებისთვის ჯერ სულიერი მზაობა და მოწოდება იყო საჭირო, სიმდაბლითა და სიწმინდით ცხოვრება და მერე უკვე ასე ხმამაღლა განცხადება. საბჭოთა ანტიქრისტიანული იმპერია სწორედ ასეთი მორწმუნე სასულიერო პირების მოქმედებითა და ლოცვით განქარდა და როგორც კვამლი ქარის მიერ აღიგავა მიწისაგან პირისა. ქრისტიანული სარწმუნოება და ეკლესია დაშენებულია რწმენაზე, როგორც კლდეზე. წმიდა პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: ,,ხოლო რწმენის გარეშე შეუძლებელია სათნო ყოფა, რადგან მას, ვინც უახლოვდება ღმერთს, უნდა სწამდეს, რომ ის არის და რომ სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ“ (ებრაელთა მიმართ 11, 6). ხოლო წმინდა იოანეს სახარებაში ვკითხულობთ: ,,ხოლო ეს დაიწერა, რათა გწამდეთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა, და რათა ვისაც გწამთ, საუკუნო ცხოვრება გქონდეთ მისი სახელით“ (იოანე 20, 31). ამინ.
საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი
ნანახია: (351)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას