logo.png

მერვე ნეტარების განმარტება

შეიძლება იყოს text გამოსახულება

(ფოტოზე: წმიდა მოციქულები ანდრია პირველწოდებული და სვიმეონ კანანელი - ბიჭვინთის ტაძრის ფრესკა, აფხაზეთი)

მერვე ნეტარება: ,,ნეტარ-იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა”

სიმართლისთვის მებრძოლნი ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველაზე მაღლა აყენებენ ღმერთის სიტყვას, აღასრულებენ საღვთო რჯულს და თანახმანი არიან, საკუთარი ნებით, მთელი შეგნებით დაითმინონ გაჭირვება, უბედურება, ტანჯვა, დევნა და სიკვდილიც კი, ოღონდ არ დაშორდნენ სიმართლის აღსრულებას, საღვთო რჯულს. ასეთი ადმიანები იქნებიან ნეტარნი და დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს.

ასეთი ცხოვრებით მცხოვრებნი ყოველთვის იდევნებიან ამქვეყნად. როცა ხალხი მოითხოვს, რომ შენ მოიქცე სიმართლის საწინააღმდეგოდ, იმოქმედო ღვთის, სჯულისა და საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ, მაშინ არ უნდა დათმო, დაე, შენ მტრად გამოგაცხადონ, დევნა დაგიწყონ.

როგორც თვალის ჩინს, ისე უნდა გაუფრთხილდე შენს სულიერ საგანძურს – კეთილმოწყალე უფლის მადლით შეძენილ სათნოებებს, რომელიც ნეტარებას გპირდება. შენს წინააღმდეგ ამხედრდება საკუთარი სხეული, შენი ცოდვილი ბუნება, რადგან მათთვის შემაწუხებელია შენი გარჯა გულის სიწმიდისათვის; შენს წინააღმდეგ აღდგება მთელი ქვეყანა, დაგიპირისპირდებიან ცოდვილი ადამინები, ამის მიზეზი კი ერთადერთია: შენი კეთილი, სათნო და უანგარო ცხოვრება მათი უწმინდური ცხოვრების მამხილებლად წარმოჩნდება.

შენს წინააღმდეგ ამხედრდება კაცობრიობის მტერი, ეშმაკი, რომელსაც სძულს ჩვენი გადარჩენისკენ გადადგმული ყოველი ნაბიჯი.  ყველა ეს მტერი გაერთიანდება შენს წინააღმდეგ, განმტკიცდი და გამაგრდი, გახსოვდეს მაცხოვრის ნათქვამი: ,,ნეტარ იყვნენ დევნულნიო,” დევნილნი არა თავისი ავი საქმეების, თავისი დანაშაულების გამო, არამედ სიმართლისათვის წამებულნი, რამეთუ მათ ეკუთვნით, მათი არს სასუფეველი ცათა. უფალი იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს საღვთო დიდების გვირგვინით შეამკობს მათი აღმსარებლური ღვაწლისათვის. ჭეშმარიტი ქრისტიანები ყოველთვის დევნასა და ტანჯვაში არიან ქრისტეს სიმართლისათვის, წმინდა პავლე მოციქული მეორე ტიმოთელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: ,,ყოველთავე რომელთა ჰნებავს ღვთის მსახურებით ცხოვრება ქრისტე იესუს მიერ, იდევნენ.” იესო ქრისტეს ამღიარებელნი სიხარულით იღებენ დევნასა და დაბრკოლებას, წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: ,,როგორც მცენარე იზრდება უფრო სწრაფად, როცა მას რწყავენ, ასევე ჩვენი რწმენაც უფრო ძალუმად ყვავის, და უფრო სწრაფად ღრმავდება, როცა მას სდევნიან”. საღვთო სიმართლისათვის მცხოვრები ადამიანი საბოლოოდ ყოველთვის იმარჯვებს, იმარჯვებს იმიტომ, რომ სიმართლე და სიყვარული სიცრუესა და ბოროტებაზე ძლიერია, ეს რწმენა ბუნებრივად ცოცხლობს ყველა ქრისტიანში. შეიძლება სიმართლისათვის დევნილი ცალკეული ადამიანები ამსოფლად ვერ მოესწრონ სიმართლის გამარჯვებას, მაგრამ მას, ვინც საკუთარი თავი საღვთო სიმართლისათვის მსხვერპლად გაიღო, კეთილი საზღაური უცილობლად მოელის სამარადჟამო ცხოვრებაში - ცათა სასუფეველში. ზეციური საზღაური ისევე აღემატება ქვეყნიურს, როგორც თავად ცათა სასუფეველი ამ სოფელს, როგორც მარადისობა - წუთისოფელს. ქართველთა წმიდა დიდი მეფე ვახტანგ გორგასალი ბრძანებს: ,,ეძიებდით ქრისტესთვის სიკვდილსა”, ესე იგი დევნასა და მოწამეობას, რამეთუ ასეთთათვისაა გამზადებული სასუფეველი ცათა.

წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელის(ქიქოძე) მიხედვით მოამზადა დეკანოზმა ზურაბ მჭედლიშვილმა

 

 

ნანახია: (394)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას