logo.png

ადამიანი ღვთის გარეშე

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

ადამიანი ღმერთის გარეშე ეშმაკის მთავარი მიზანი და იარაღია, მიმართული ადამიანის, და, თავისთავად, ღვთის წინააღმდეგ. ადამიანი ხატებაა ღვთისა, ის პიროვნული არსებაა, როგორც მისი შემოქმედი ღმერთი. მას აქვს სხვადასხვა უნარი: შემეცნების, აზროვნების, სიყვარულის, შემოქმედების, ნებელობის, პიროვნული არჩევანის, თავისუფლების, სამართლიანობის. ჩამოთვლილთაგან ყველა უნარი ღვთის ხატებაა არსებითად. რაც შეეხება მსგავსებას, ეს არის პიროვნების მიერ შემეცნებულად, გონივრულად, მისი არსებიდან გამომდინარე, ამ უნართა გამოყენება მასთან მისამსგავსებლად, ვისი ხატებაცაა თავად ადამიანი. ეს, უფლის მადლით, საკუთარი თავის პიროვნულ სრულყოფაში მონაწილეობის მიღებასა და უფალთან მარადიულ თანაზიარყოფას ნიშნავს. უფლის გარეშე, მხოლოდ საკუთარი შეხედულებით მოქმედებისას ადამიანი ამ ყველაფერს კარგავს. ეშმაკმა სწორედ ასე აცდუნა ადამი: თუ ის უფალს დაშორდებოდა და მის მცნებებს არ დაიცავდა, იქნებოდა ვითარცა ღმერთი, ანუ თავადვე გადაწყვეტდა ყველაფერს, არვინ იქნებოდა მასზე უპირატესი, მისთვის მაგალათი და მსგავსების მისაღწევი, რითაც ის გახდებოდა თვითკმარი და თვითმყოფადი. ადამიანს აღარ დასჭირდებოდა დახმარება და მითითება, მცნება ან ცნება. ასე მოატყუა ადამი ეშმაკმა, ღვთის ურჩობაში ჩააგდო, უფალთან დააპირისპირა, ჩამოაშორა, რაც მისი სამოთხიდან განიდევნის მიზეზი გახდა. ეს სასჯელი დაუშვა ღმერთმა, რათა მარადიულად ღვთის გმობაში არ დარჩენილიყო. ადამი ვეღარ საზრდოობდა ღვთის დაუშრეტელი მადლით, ამიტომ დაკარგა მსგავსება და შერყვნა თავის თავში ღვთის ხატება და ცოდვას დაემონა. ის ფიქრობდა, რომ ყველაფერს მიიღებდა უფლის გარეშე.

სწორედ ასეთი მოქმედებით, ურჩობით, უფლის მცნების არშესრულბით დაკარგა თავისუფლება, განღმრთობა, თვითმყოფადობა, სიყვარული, სიწმინდე, სისპეტაკე და მარადიული ნეტარება, რის შემდეგაც დაექვემდებარა სიკვდილსა და წარმავალობას. როგორც წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი ,,ქმნილი ღმერთია“. ღმერთად ყოფნა - განღმრთობა თავის თავში მოიცავს იმ მდგომარეობას, როცა პიროვნება საკუთარი ბუნების შესატყვისად მოქმედებს, ესე იგი, ვის ხატადაც არის შექმნილი სიყვარულით, სამართლიანობით, სიკეთით, სიწმიდით, თავდადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავისუფლება და თვითმყოფადობა მხოლოდ თვითნებობა, საკუთარი ბუნების წინააღმდეგ მოქმედება, პიროვნულობის დაკარგვაა.

შეთავაზება ადამიანი ღმერთის გარეშე სხვადასხვა დროს სხვადასხვა საცდურით, იდეოლოგიით, ხელოვნურად შექმნილი ცრურელიგიით მიეწოდება კაცობრიობას ეშმაკისგან, რომელიც ამ ბრძოლას დღემდე აგრძელებს და მრავალ ადამიანს აშორებს უფალს. ასეთი სულისკვეთება დიდი ძალისხმევით ცდილობს ჩაანაცვლოს ქრისტიანული სწავლება და მსოფლმხედველობა. მთავარია ეკლესია არ მოქმედებდეს, მისი მადლმოსილება არ ვრცელდებოდეს და ყველანაირ საწინააღმდეგო აზრს ეძლევა დიდი მხარდაჭერა მასთან საბრძოლველად, უფრო მეტიც, სწორედ ის ითვლება თავისუფლებად, როდესაც ადამიანს ბოლომდე არც კი აქვს გააზრებული თავისუფლების მნიშვნელობა, რადგან უფლის მადლს მოკლებული სრულიადაც არ იცნობს საკუთარ თავს და ამ მდგომარეობიდან იწყებს თავისი აზრების და შეხედულებების მტკიცებას, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. მიზანი ერთადერთია: ეკლესიის შეზღუდვა, ღვთის მადლის, მაცხოვნებლობის არმოქმედება დედამიწაზე, კაცობრიობის საბოლოო დამორჩილება ეშმაკისაგან.

ბოროტება პიროვნული მდგომარეობაა. პიროვნება, რომელიც სიკეთეს, სიყვარულს, სიბრძნესა და სამართლანობას მოკლებულია, ყოველთვის ღვთის წინააღმდეგ მოქმედებს, მას როგორც პარაზიტს, თავისთავად არსებობა არ შეუძლია, რაც მადლისმიერი და ღვთისგან მოტანილია, იქ ფუძნდება, ხრწნის გარემოს, უარყოფითად ცვლის და ანეკროზებს მას. მისი მთავარი მიზანია, დაარწმუნოს კაცობრიობა ღვთის არარსებობაში ( თუმცა არარსებულზე, შეუძლებელია, რაიმე აზრი არსებობდეს). მისი აზროვნების ბადეში მრავალი ადამიანი ეხვევა, დაარწმუნებს რა მათ, რომ უფალი არ არსებოს, ამის შემდეგ ყველანაირი სურვილის არსებობასა და ამ სურვილთა აღსრულებას ეძლევა გასაქანი. მადლს მოკლებული შეხედულებით დაკმაყოფილებულ ადამიანს არაბუნებრივ მდგომარეობას ეშმაკი ბუნებრივ ნორმად უყალიბებს და უმკვიდრებს. ასეთი სახით ღვთის ქმნილებას საკუთარ არსზე უცვლის აზრს და მისი აზროვნებით წარმართული ცხოვრება ავადმყოფურ მდგომარეობაში გადაჰყავს.

როდესაც ბოროტი ადამიანს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ამოქმედებს, პიროვნულად კლავს, აზროვნებას უბინდავს, მორალური, ზნეობრივი სრულყოფის ნაცვლად ამორალურ, ზნედაცემულ მდგომარებას უმკვიდრებს, ამ ყველაფერს თავისი ნებითვე აკეთებინებს. ადამიანი ასეთი მსოფლხედველობით თვლის, რომ ნებისმიერი ზნედაცემული სახით ცხოვრება შესაძლებელია, მისთვის ყველაფერს ერთი ფასი აქვს, ყოველივე დასაშვებია, დასაცინია მხოლოდ ზნეობრივი მდგომარეობა. ასეთ დროს ყველანაირი მოთხოვნილების, სურვილის, სიამოვნების დაკმაყოფილება ცხოვრების მიზნად იქცევა. ლოთობა, ნარკომანობა, გემოთმოყვარეობა, სოდომური ცდვები, რასაც ხშირად დეპრესია მოსდევს,უმეტეს მდგომარეობაში თვითმკვლელობით მთავრდება. დღეს ევთანაზიის დაკანონებასაც ცდილობენ, რაც ასევე თვითმკვლელობა, საკუთარ თავში ღვთის ხატების უარყოფა და ღვთის გმობაა.

როცა ადამიანისთვის საკუთარი სქესი მიუღებელი ხდება, ვეღარ იტანს თავის ბუნებით მდგომარეობას და სურვილი უჩნდება, თავად აირჩიოს სქესი დაუოკებელი ვნების დასაკმაყოფილებლად (რადგან სწორედ ვნების სიყვარული ამოძრავებს), იგი ეშმაკის მსგავსი ხდება. ვნების ერთი სახეობა მეორეს აღძრავს, რითიც ღრმავდება საკუთარი თავისა და ღვთის წინააღმდეგ განსაკუთრებული პროტესტი, სიძულვილი, რაც ეშმაკის სრული მონობის საწინდარი ხდება. გარეგნული ცვლილება პიროვნულ ბუნებას არსებითად ვერ ცვლის, რის გამოც იწყება გაორება, გაურკვევლობა, შიში, ფსიქოლოგიური თუ ფსიქიკური პრობლემები, რეალობიდან თავის დაღწევა სხვადასხვა ნარკოტიკისა და ალჰოლის მიღების გზით. ყოველივე ეს მკაფიოდ აჩვენებს, რომ ასეთი მდგომარეობა არანაირად არის თავისუფალება. ის განცდა, რაც დამახასიათებელია თავისუფალი, ზნეობრივი, ძლიერი პიროვნებისთვის, როგორადაც ღვთის მადლით ყალიბდება ადამიანი, სრულიად უცხოა ეშმაკს დამონებული კაცისთვის, და ზოგადად, თავისუფლების მცნებისთვის. სწორედ ასეთი სავალალო მდგომარეობისკენ მიჰყავს ეშმაკს ადამიანი თავისი მოძღვრებითა და ცდუნბით, ის ჰპირდება ერთს, ხოლო რეალობას უმკვიდრებს მეორეს, რასაც ადამიანის იმედგაცრუება მოჰყვება.

ქრისტეს განკაცებით კაცობრიობას ღირსება დაუბრუნდა, რაკიღა თითოეული ჩვენგანი უფალმა განაღმრთო, ეშმაკი კი სწორედ ამ ღირსებისგან განძარცვავს ადამიანს და ამქვეყნადვე ძირავს ჯოჯოხეთურ მორევში მოტყუებულ კაცობრიობას!

ხსნა ამ მდგომარეობიდან ერთადერთია და ეს არის სინანული, უფლისკენ სვლა, მასთან დაბრუნება, რაც თავისთავად ნიშნავს პიროვნული თავისუფლების დაბრუნების სურვილს. უფლის უსაზღვრო სიყვარული მთელი კაცობრიობის ერთად აღებულ ცოდვაზე განოზომლად დიდია. ეკლესია სულიწმიდის მადლით ყველა დაკარგული ცხვრის ძიებაშია, აუცილებელია მხოლოდ ერთი ნაბიჯი ღვთისკენ, მხოლოდ ერთი ნაბიჯი სინანულისკენ, რაც საოცარ სიხარულს გვრის უფალს და მის მორწმუნეებს, ათეისტს, სოდომის ცოდვაში მყოფს, ნარკომანს, ლოთს, მოძალადეს, ვნებით ცდუნებულს, სხდასხვა რელიგიით მოტყუებულს. მხოლოდ ერთი ნაბიჯი ღვთისკენ, ერთი ნაბიჯი!

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

ნანახია: (425)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას