logo.png

  · 

მარხვის შესახებ

ფოტოს აღწერილობა მიუწვდომელია.

(ფოტოზე: ჯოჯოხეთის წარმოტყვენვა, შემოქმედის გულანი, მე-18 ს. - დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში)

მარხვა ადამიანისათვის იმ დროიდან დაწესდა და დადგინდა, როცა ადამ და ევა სამოთხეში მკვიდრობდნენ. უფალმა მათ აუწყა, რომ ყველა ხის ნაყოფი ეხმიათ, გარდა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხისა, რადგან მისი მიღების შემთხვევაში მოკვდებოდნენ. ასე დაუდგინა შემოქმედმა მარხვა პირველ ადამიანებს. ძველ აღთქმაში კიდევ ერთი ხის სახელიც არის მოხსენიებული – ხე სიცოცხლისა. მისი მიღება უფალთან მარადიულ ცხოვრებას გულისხმობდა. ასე რომ, მარხვა სულის ცხონებისა და უფალთან მარადიული კავშირის საშუალებაა. სამოთხეში მარხვა იყო სულიერი, რადგან კეთილისა და ბოროტის შემმეცნებელი ხე სულიერი იყო. სიცოცხლის ხის გასინჯვა, ხმევა, თავის თავში უფლის სიყვარულის განცდას, მის მადლომოსილებას ნიშნავს, რომელშიც ადამი ცხოვრობდა და ამგვარი ურთიერთობით მარადიულად იქნებოდა უფალთან.

რაც შეეხება კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხეს, მის შესახებ უფალმა ადამს ამცნო: ,,კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ ჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები” (დაბ.2,17) . ასე რომ, მოკვდინება თეორიულად იცოდა ადამმა. აქ სულიერ სიკვდილზეა საუბარი. ადამს უფლისგან ჰქონდა ცოდნა დაცემული ანგელოზის სულიერი სიკვდილის შესახებ და მას თავის თავში სწორედ ეს მდგომარეობა არ უნდა გამოეცადა. მარხვა ადამისთვის მორჩილებასა და ღვთის სიტყვის შესმენაში უნდა გამოხატულიყო, რაც მან არ აღასრულა და უფალს ეურჩა. ბოროტება სწორედ მარხვის დარღვევითა და ურჩობით შემოვიდა ადამსა და შესაბამისად, ადამიანის ბუნებაში. ამის შემდეგ მან საკუთარ თავზე გამოსცადა ღვთის სიყვარულისა და მადლის მოკლება. იგი გაურბოდა შეხვედრას უფალთან, ვერ განიცდიდა საკუთარ დანაშაულს, არ ჰქონდა სინანული თავისი მოქმედების გამო, გადაწყვეტილებას აბრალებდა ევას. მადლის მოკლებით მისთვის ტკივილის მომგვრელი გახდა სამოთხეში ყოფნა. ეს ტკივილი და გაუსაძლისი ყოფა მარადიული რომ არ ყოფილიყო, ამიტომ განიდევნა სამოთხიდან, რათა საკუთარი მდგომარეობა განეცადა – რას მოაკლდა და რა ვითარებაში აღმოჩნდა, რათა სინანული გასჩენოდა.

ცოტა ხანში საკუთარი თვალით ნახა ამ ურჩობის შედეგი: მემკვიდრეების ცოდვით დაცემა და მრავალი უკეთურება შვილებსა და შთამომავლებში, რისი საწყისიც თავად ადამი იყო. აღთქმა, უფლის მოწყალებით, მან მაინც მიიღო: უფალმა აღუთქვა, რომ მას დააბრუნებდა სამოთხეში. ეს მაცხოვრის განკაცებით აღსრულდა. უფალმა მოწყალება მოიღო და ადამის მოდგმას სიცოცხლის ხე კვლავ მოუტანა – მაცხოვრის განკაცებითა და ჯვარცმით, უფალმა ის აღთქმა შეასრულა, რომელიც თავის დროზე სამოთხიდან განდევნილ ადამს დაუდო: მის მოდგმას, ანუ თითოეულ ჩვენგან სიკვდილის შემდგომ მარადიული ცხოვრება მოგვანიჭა, რითიც სამოთხეში დაგვაბრუნა. მარადიულობას ადამიანი ნათლობის გზით იღებს. უფალთან თანაზიარყოფით, მისი მცნებების აღსრულებით კი იმ ნაყოფს იღებს, რომელსაც ადამი დაცემამდე ღებულობდა. ქრისტეს ორი ძირითადი მცნებით: გიყვარდეს უფალი და გიყვარდეს მოყვასი – ამ მცნებით უნდა საზრდოობდეს ადამიანი.

წლის განმავლობაში დაწესებულია ოთხი ხანგრძლივი მარხვა, თითოეული მათგანი წინ უძღვის ოთხ დიდ დღესასწაულს. ესენია: დიდი, ანუ სააღდგომო მარხვა, პეტრე-პავლობის მარხვა, მარიამობის მარხვა და შობის მარხვა.

დიდი მარხვა აღდგომის დღესასწაულის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველაზე მძიმეა. თევზით ხსნილია ხარების დღესასწაულზე, რომელიც 7 აპრილს აღინიშნება, ლაზარეს შაბათისა და ბზობის დღესასწაულებზე. დიდი მარხვა 49 დღე გრძელდება.

პეტრე-პავლობის მარხვა ცვალებადი ხანგრძლოვობისაა და 8 დღიდან 42 დღემდე მერყეობს. იწყება სულთმოფენობიდან ერთი კვირის შემდეგ, ორშაბათ დღეს და გრძელდება პეტრე-პავლობის დღესასწაულამდე, ანუ 12 ივლისამდე. ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა, ხსნილია თევზით.

მარიამობის მარხვა იწყება 14 აგვისტოს და გრძელდება ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულამდე – 28 აგვისტომდე. თევზით ხსნილია ფერისცვალების დღესასწაულზე – 19 აგვისტოს.

შობის მარხვა 28 ნოემბერს იწყება და ქრისტესშობის დღესასწაულამდე – 7 იანვრამდე გრძელდება. იგი 25 დეკემბრამდე ხსნილია თევზით, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა.

ეკლესიისგან დადგენილია ერთდღიანი მარხვები: ყოველი კვირის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა სადღესასწაულო ან მოსამზადებელის პერიოდებისა. ოთხშაბათს იუდას გამცემლობისა და პარასკევს – მაცხოვრის ჯვარცმის ნიშნად.

მარხვა დაწესებულია ნათლისღების წინა დღეს, ანუ 18 იანვარს, საუფლო დღესასწაულისათვის ჯეროვანი მომზადების მიზნით.

უდიდესი წინასწარმეტყველის – იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს – 11 სექტემბერს ასევე მარხვაა დადგენილი.

მაცხოვრის მიერ ჯვარზე აღსრულებულ ვნებათა მოსახსენებლად ვმარხულობთ ჯვართამაღლების დღესასწაულზეც, რომელიც 27 სექტემბერს აღინიშნება.

საბურთალოს წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი.

 

ნანახია: (170)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას