logo.png

ბექა ჭიჭინაძე

აღმაშენებლის ისტორიკოსი

ისტორია

აღმაშენებლის ისტორიკოსი: ,,ბევრჯერ გვინახავს იგი ატირებული სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებულთა ნახვისას...

ააშენა საავადმყოფო, სადაც შეკრიბა სხვადასხვა ავადმყოფობით დაავადებულები და მოუმზადა მათ ყველა საჭირო ნივთი უნაკლოდ და უხვად, და დაუნიშნა შემოსავალი, თვითონ მიდიოდა, მოიკითხვავდა და კოცნიდა სათითაოდ ყველას, ფუფუნებაში ჰყავდა, როგორც მამას, ამხნევებდა და თავისი ხელით სინჯავდა მათ საწოლებს, ზეწრებს და სამოსს, ჩამოურიგებდა ყველას საკმარის ოქროს და მათდამი მოკრძალებისკენ მოუწოდებდა მათ მომვლელებს.

თანამედროვეობაშიც კი, მზრუნველობამოკლებულთა სახლში აუდიტის შესვლისას არაერთი დარღვევა ფიქსირდება, ჩაგრავენ ავადმყოფებს, ადამიანი ყოველთვის ერთი მხეცია და მაშინაც ასე იყო, არავის მაშინ არც ევროპაში და არც აზიაში ამის დარდი არა სჭირდა, მაგრამ დავითის გულს, ქრისტეს შუქით გამთბარ და განათლებულ გულს ამას ვერავინ გამოაპარებდა, არ ენდობოდა მომვლელებს, ამიტომ უშუალოდ სინჯავდა ავადმყოფთა საწოლებს, ზეწრებს და სამოსს და ბოლოს მომვლელებს მოუწოდებდა მოკრძალებულები დარჩენილიყვნენ ავადმყოფთა მიმართ.

დავითის ალერსიანი ხასიათი ჩანს მუსლიმური და სომხური წყაროებიდანაც, ალ ჯაუზის მიხედვით, მეფე საგანგებო ვახშმებს უმართავდა მუსლიმებს და უშენებდა სახლებს, "ქართლის ცხოვრების" სომხური თარგმანის ჩანართში კი დავითის დამოკიდებულება ერთ სომეხ მასწავლებელთან ასეა აღწერილი:

,,დაუდრეკდა პატიოსან თავს და მისგან მოიღებდა კურთხევას. იჯდა მასთან და ეხვეოდა ქედზე. ხოლო ის ეუბნებოდა: დახსნილი ვარ და სუნი მდის მე ჩემი სიბერით, გამეშორე, რომ არ შეგემთხვიოს შრომა.” მეფე კი ეამბორებოდა და ეუბნებოდა: “ნუმც მომკლებია ეს სუნი, მამაო პატიოსანო.” და უბოძა მას სოფელი მონასტრის ახლოს მის სამსახურებლად. მეფის დალოცვის დროს ამას ამბობდა, როცა ხელს ადებდა თავზე: “ვპოვე დავით მსახური ჩემი და წმიდა ზეთი ვცხე მას” (და ასე შემდეგ) მეათე მუხლამდის."

მისი ფრანგი თანამედროვე - ანტიოქიის ჯვაროსნული სამთავროს კანცლერი გოტიე დავითზე წერდა: Perfectissimi Christiani - უსრულყოფილესი ქრისტიანი.

,,ლეგენდა" რომ დავითმა გელათის კარიბჭეში დასაფლავება ინება თავის დამდაბლებისთვის, სულაც არაა ლეგენდა, მხოლოდ ფაქტის ლოგიკური კონსტატაციაა, ფაქტია მეფემ ინება კარიბჭესთან, ტაძრის გარეთ დასაფლავება, და შემდგომში მისი გადასვენების შესაძლებლობის გამოსარიცხად მის საფლავზე ფსალმუნის ფრაზით წარწერა ამოაკვეთინა, რომ მას უკუნითი უკუნისამდე აქ სურდა განსვენება.

კაცობრიობის ისტორიის ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული მაგალითი გვაჩვენებს, რომ მხოლოდ უსაზღვროდ მგრძნობიარე, მოსიყვარულე და თავმდაბალი გული შეიძლება იყოს ჭეშმარიტად აღმაშენებელი, აღმაშენებელი არამხოლოდ ქართველებისა, არამედ სომხების, ებრაელების, მუსლიმების, ფრანგების (მისგან დახსნილი ტყვე რაინდები) და საერთოდ, ყველასი, ვისაც მისი მორჭმული სკიპტრა სწვდებოდა.

 

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე

ნანახია: (124)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას