logo.png

Nino Lireus Sadza

შაბათი დღის ფიქრები

No photo description available.

ის, რომ ეკლესიაში კრიზისები არსებობს, ამ ჩანაწერის საწყის დებულებად მივიჩნიოთ, ხოლო იმაზე ნუ ვიკამათებთ, ვისი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი. ეს მსჯელობის სავსებით სხვა კატეგორიაა. ხშირად მიცდია, თეოლოგის ტყავიდან ამოვმძვრალიყავი და ბევრი რამისთვის სხვანაირადაც შემეხედა, იმიტომ, რომ რწმენისდა მიუხედავად, ყველას გვაქვს ფსიქიკა და ყველა ჩვენი სოციუმის შვილები ვართ.

ხშირად წავწყდომივარ მოჭარბებულ ბრაზს მრევლის შესახებ, რომელსაც ზემოთხსენებული კრიზისების დანახვა და დაჯერება არ უნდა:

ზოგი ფანატიზმს მიაწერს, ზოგი - მედროვეობასა და პირფერობას, ზოგიც - გაუნათლებლობას, მაგრამ მე მაინც სხვა ამბავი მგონია.

საქმე ის არის, რომ ადამიანს კოგნიტური დისონანსის, შინაგანი გახლეჩილობის ატანა არ ძალუძს. იგი აქტიური არსებაა და თუკი რამე გააცნობიერა, მაშინ პრობლემის გადასაჭრელად ნაბიჯიც უნდა გადადგას. როდესაც პრობლემა მასზე ბევრად აღმატებულია, უსუსურობის განცდა უჩნდება და მუდმივ გაორებაში უწევს ცხოვრება. შესაბამისად, თვალის არიდება ფსიქიკისთვის გაცილებით მარტივია, ვიდრე იმის შეგნება, რომ ან მუდმივად პრობლემასთან ერთად მოგიწევს ცხოვრება, ან მის გადასაჭრელად შენ და შენმა თანამოძმეებმა რამე უნდა იღონოთ.

ადამიანები გულის სიღრმეში მუდამ პატარა ბავშვები ვართ, სანტა კლაუსის არარსებობის აღიარება რომ პირველ ეგზისტენციალურ კრიზისად ექცევათ ხოლმე და მაინცდამაინც არ წლების შემდეგ იცვლება რამე:

თავშესაფარმორღვეული ადამიანი თავს უსუსურად გრძნობს და საკუთარი თავის ამარად რჩება. თუ მას გამოაცლი მამის ხატს, სულიერ მოძღვარს, ხატებსა და სასწაულებს ხისტი პრაგმატიზმით ჩაუნაცვლებ, ხოლო მის ლოცვას ფანატიზმად გამოაცხადებ, ყოფიერების მთელ სისტემას მოურღვევ და დეზორიენტაციის განცდას გაუჩენ. აგრესია და თითქმის ისტერიული ტონი, რომელსაც რეაქციის სახით ასეთ დროს ავლენენ, სწორედ ამ დეზორიენტაციისგან თავდაცვის მცდელობაა.

თუ ასე მიუდგები, ნაკლებად გაგიჩნდება სურვილი, დამცინავად იქირქილო და გაცილებით მარტივი იქნება, თავი სხვის ადგილას დააყენო. ბოლოსდაბოლოს, ქრისტეს სწავლების თავი და ბოლოც ხომ ეს იყო?!

თეოლოგი ნინო საძაგლიშვილი (ლირეუსი)

ნანახია: (186)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას