logo.png

"გამოდი, გამოეთრიეთ გარეთ"... - ადიგენში მუსლიმებს პარასკევის ლოცვაზე მიუვარდნენ

მუსლიმებს დღეს ადიგენში ლოცვის საშუალება არ მისცეს. "ბათუმელების" ინფორმაციით, ადიგენის ცენტრში, იუსუფ მიქელაძის საკუთრებასთან დაპირისპირება მოხდა.

„გამოდი, გამოეთრე გარეთ“, „გაგიხევ სახეს, დედას ვფიცავარ თუ არ დაგტოვო კოჭლი“ – ასე მიმართავდა შენობაში მყოფ პირს, ერთ-ერთი კაცი, რომელსაც სასულიერო პირის სამოსი ეცვა.

სახლის გარეთ, ათობით პოლიციელი და ადამიანების დიდი ჯგუფი იდგა, მათ შორის იყვნენ მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც. "ბათუმელების" ცნობით, სახლის მეპატრონე იუსუფ მიქელაძე პოლიციაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. 

ხულოს მუფთის, ასლან აბაშიძის თქმით, იუსუფ მიქელაძის საკუთრებაში ბოლო წლებია ადიგენში მცხოვრები მუსლიმები იკრიბებიან და პარასკევის ლოცვას აღავლენენ. თუმცა გარკვეული პირები, მათ შორის ადგილობრივი მღვდელი ცდილობს, რომ „კონფლიქტი გააჩინოს ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის“.

„ადიგენში ხდება ეს ამბავი, ცენტრში. ეს მღვდელი კი ნიკოლოზია. ძალიან ცუდად იქცევა, იგინება, იარაღით დადის. წინა კვირას დაემუქრა სახლის მეპატრონეს და მოძალადეა ვიღაც. ცემითაც ემუქრება მუსლიმებს და ასე შემდეგ. სამცხე-ჯავახეთში მუსლიმები ვერ იქნებიანო ამბობს.

რაზმავს ხალხს, თავიდან 9-10 კაცი აიყოლა, ძალოსნები მიჰყავდა, შემდეგ ნელ-ნელა მოამატა მხარდამჭერები.
დღეს უკვე მობილიზება გააკეთა ხალხის, გასულ პარასკევსაც გააკეთა იგივე.

ჩვენ დიალოგით გვინდოდა საქმის გადაწყვეტა, ჩაერია ადიგენის მერი და სამცხე-ჯავახეთის მუფთი მამუკა ვაშაყმაძეც. არეგულირებდნენ სიტუაციას. ჩვენ ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესაც გავაგებინეთ, პარლამენტის წევრ, ანზორ ბოლქვაძესაც და ასე შემდეგ“, – ამბობს ასლან აბაშიძე.

„ბათუმელები“ შს სამინისტროს დაუკავშირდა და ჰკითხა, რა ხდება ადიგენში. თუმცა უწყებაში დაპირისპირების ფაქტს უარყოფენ. „არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია“, – აცხადებს შს სამინისტროს პრესცენტრი.

ნანახია: (202)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას