უფლისწულის „ერთგულება“
პლატონ იოსელიანის „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ გვამცნობს, თუ საქართველოს ყოფნა–არყოფნის ჟამს, რუსული ანექსიის რეალიზების პროცესში, როგორი „ერთგულება“ გამოიჩინა ქართული ჯარის მხედართუფროსმა:
„იოანე სარდალი, განღვიძებული სხვათაგან და დამშვიდებული მეფის ძის იოანესაგან და ალექსანდრე მაყაშვილისაგან, მივიდა და წარსდგა დავით მემკვიდრესთან და მოახსენა:
„ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობასა, მიბძანე და გამოუცხადებ რუსისა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედამ განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი, როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ“.
თუ არ იცის კაცმა, რა უნდა მოხდეს, ისეთი მოლოდინია, რომ დავით ბატონიშვილი გადაეხვევა ერთგულ სარდალს და მისცემს ბრძანებას სამშობლოს თავისუფლებისათვის ჯარების შესაკრებად. ამის ნაცვლად კი რა ხდება – ისევ პლატონ იოსელიანს მივცეთ სიტყვა:
„მეფის ძემან დავით, მიუთხრა ეს ამბავი ლაზარევსა და კოვალენსკის. მათ დაიბარეს იოანე სარდალი და გამოჰკითხეს ესე...“
ანუ, რა ჩაიდინა დავითმა? რუს გენერლებთან დაასმინა იოანე – იმპერიის წინააღმდეგ მაქეზებდაო!
თუმცაღა, ან რა გასაკვირია ეს კაცისაგან, რომელიც გატაცებული იყო საფრანგეთის დიდი რევოლუციით და ნაპოლეონით, თაყვანს სცემდა ვოლტერს...
მამამისს, მეფე გიორგის, მოციქული გაუგზავნია მისთვის თხოვნით:
„შვილო, დავით, შენ თურმე ეკლესიას თეატრს ეძახი, „ცისკარს“ - სათამაშოს და წირვას - წარმოდგენას. ნუ შვრები ამისთანა ღვთის გარეგან საქმეს, მოიქეც და ღმერთი იწამეო!“
დავითს დაუბარებია მოციქულისთვის:
„წადით, ასე უთხარით მამაჩემს - რაც იმას სწამდეს, მე გამიწყრეს და რაც მე მწამს, იმას გაუწყრესო!“
დავითის მიერ მეფობის დაკარგვით კარგად გამოჩნდა, ვის რაც გაუწყრა და იმიტომაც გასაკვირი აღარ არის სოლომონ ლიონიძის მწარე სინანულით ნათქვამი:
„დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცირა ერი თვისი და თვით თავი თვისი“.
ნანახია: (1662)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას