logo.png

Zurab Aroshvili

პატარა ისტორიული ეტიუდი ( საქ. საპატრ. არქივი №6465-დან)

რუსეთში თვითმპყრობელობის შემდგომაც სინოდის ობერ-პროკურორი ლვოვი არჩევდა საქ. ეკლესიის საქმეებს, რადგანაც მაშინ ჩვენ ჯერ კიდევ მათი საეგზარქოსო ვიყავით. ქართველმა მამულიშვილებმა და საეკლესიო მოღვაწეებმა იფიქრეს დროებითი მთავრობის პირობებში მოეგვარებინათ საქ. ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ამაოდ გაისარჯნენ. იმპერიამ სახე იცვალა. დაშლა-დანგრევას კი, არ აპირებდა. ქართველთა, წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია პეტერბურგს. ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე), არქიმანდრიტი ამბროსი (ხელაია), დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე). იქ შემოუერთდნენ ზურაბ ავალიშვილი, ნ. გელოვანი და სხვანი. თავიდან ლვოვი ძალიან რბილად და თბილად შეხვდა ქართველებს (ამბობენ დიდ პატივს სცემდა ლვოვი ავალიშვილსო). საბოლოოდ კი ასეთი აზრი გამოთქვა ობერ-პროკურორმა: -” ტერიტორიალური ავტოკეფალია ხელსაყრელი არ იქნება, ვინაიდან ვერ შევთანხმდებით. რუსები უარს ამბობენ დაემორჩილონ თქვენს კათალიკოზს, ბერძნები ავტონომიურ ეპისკოპოსს ითხოვენ, აფხაზები უეპისკოპოსო ავტოკეფალიას, რომლებიც ზოგი თქვენსკენ იწევს, ზოგიც რუსებისკენ. სულ სხვა საქმეა კულტურულ-ნაციონალური ავტოკეფალიაო” ( საქ. საპატრ. არქივი №6465. გვ.2)

რამდენიმე საინტერესო ამბავია ამ პატარა ტექსტში.

1.) ტერიტორიული ავტოკეფალია იმპერიისთვის მიუღებლი იყო.

2.) რუსები საქართველოში იმ დროისთვის ფრიად ავტონომიურნი იყვნენ და ბუზსაც არ აიფრენდნენ.

3.) საკმაოდ მრავალრიცხოვანი ბერძნები თავის ეთნიკურად ბერძენ ეპისკოპოსს ითხოვდნენ, რომელიც არც რუსების სინოდს აწყობდა და არც ავტოკეფალურ ეკლესიას საქრთველოში.

4.) აფხაზების ამბავი სუფთა აფხაზურია. ეპისკოპოსის გამომრჩევნი თავისი წიაღიდან და ბერძნებივით პრეტენზიის დამყენებლები არ იყვნენ, მაგრამ კულტურულ-ნაციონალური ავტოკეფალია მინიმუმ უნდოდათ და თან საინტერესო კიდევ ის არის, რომ მაშინ ჯერკიდევ იყო გარკვეული, სოლიდური ნაწილი აფხაზებისა რომლებიც ჩვენსკენ, ანუ ჩვენი ეპისკოპატის ქვეშ ყოფნის სურვილს გამოთქვამდნენ.

5.) რუსები გვთავაზობდნენ უტერიტორიო ავტოკეფალიას!!! ანუ, ავტოკეფალია იმპერიის საზღვრებში და საკათალიკოსო ინსტიტუტზეც შეიძლებოდა შემდგომ მოლაპარაკება. აგერ, სომხები მშვენივრად იყვნენ თავი კათალიკოსიანად, ანუ პრობლემა მაინც ჩვენი დამოუკიდებლობა იყო, რომლის ერთ-ერთი ეტაპი საქ. ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა იყო. ამას რუსებს ვერ გამოაპარებდნენ ქართველი მამულიშვილნი. ასე, რომ რუსებს ჩვენთვის არანაირი ავტოკეფალია არ უნდოდათო მთლად მართალი ამბავი არ არის. კათალიკოსიც შეიძლებოდა და ავტოკეფალიაც, ოღონდ რუსების ქვეშ უნდა ვყოფილიყავით.

წერს ზურაბ აროშვილი.

ნანახია: (117)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას