logo.png

Gelasi Aroshvili

რატომ დაიწყო სტალინმა დაკეტილი ტაძრების გახსნა

"საპატრიარქოს არაერთი სასულიერო პირი, მრევლი თუ კარის ისტორიკოსი, ამ ბოლო დროს, სტალინის რეაბილიტაციის მიზნით, საჯაროდ ამკვიდრებს აზრს, თითქოს სტალინი ტაძრებს ხსნიდა, აი, ბოროტი ხრუშჩოვი კი კეტავდა, და ზოგადად რეპრესიები მორწმუნეთა მიმართ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ომის შემდგომ, სტალინმა მართლაც გასცა ბრძანება ტაძრების გარკვეული რაოდენობის ამოქმედების შესახებ, მაგრამ ამის მიზანი იატაკქვეშეთში მყოფი სასულიერო პირების და იდეური მორწმუნეების გამოვლენა და მათი დაპატიმრება იყო.

თანამედროვე კვლევები, რომლებიც 90-იანების დასაწყისში გასაჯაროებულ უშიშროების საკავშირო სამსახურის არქივების ნაწილს, ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის უშიშროების სამსახურების მასალებს და ასევე სხვა საარქივო ფონდების დოკუმენტებს ეყრდნობა, ცალსახად ადასტურებს ტენდენციას, რომ მართლმადიდებელი იერარქია და სამღვდელოება უაღრესად იოლი გადასაბირებელი და მოსაქრთამი(მცირეოდენი თანხით) იყო სააგენტურო მიზნებისთვის, რასაც ვერ ვიტყვით პროტესტანტული სექტების ლიდერებზე. ჩეკისტები სამღვდელოების გადმობირებისას გარდა მუქარისა და დაშინებისა, ხშირად ფინანსურ დოტაციასაც უნიშნავდნენ გარკვეული ხნით, შემდეგ კი აქეთ ძალავდნენ ფულს. კარგად მახსოვს ფულით სავსე კეისები და სხვა ძვირფასი საჩუქრები, რომელიც მოსკოვში თუ ადგილზე დაჰქონდათ თავად პატრიარქს თუ მის კურიერებს კ.გ.ბ.- ს მაღალჩინოსნებთან და კურატორებთან. საკუთარი თვალით მაქვს ნანახი და მოსმენილი, როგორ ძალავდა საკმაოდ დიდ თანხას რელიგიის საქმეთა რწმუნებული ერთ-ერთ ეპისკოპოსს, ის კი სიმწრისგან ტიროდა. ჩეკისტები, მალვაში მყოფი თუ კატაკომბელი სასულიერო პირების გამოსავლენად, საკუთარ აგენტურას იერარქიაში ავალებდნენ ამა თუ იმ ტაძრის თუ მონასტრის ამოქმედებას, დროთა განმავლობაში ამ ტაძრებში მისულ სასულიერო პირებს თუ მორწმუნეებს კი აპატიმრებდნენ. უფრო მეტიც, ხშირად საკუთარ კადრებს ასწავლიდნენ რიტუალების და წესების შესრულებას, გააგზავნიდნენ იმ ადგილებში სადაც არ იყო მოქმედი ტაძრები, გადაცმული ჩეკისტები იწყებდნენ ხალხის ''მონათვლას'' და ამასობაში მათი დასმენით, მრავალი მორწმუნე ჩეკისტების ხელში ვარდებოდა. ყველაზე მეტად რთული არალეგალური, ანტისერგიანული ჯგუფების გამოვლენა იყო. ამიტომ ხდებოდა ციხეებში მყოფი იერარქების ვერბოვკა, რომლებიც თითქოსდა არ იხსენიებდნენ წითელ პატრიარქებს, თავიდან უპრობლემოდ ქმნიდნენ სამრევლოებს, დაკეტილ ტაძრებსაც კი იყენებდნენ, რაზეც ჩეკისტები ცხადია თვალს ხუჭავდნენ და სამღვდელოებისა და მრევლის გამრავლების შემდეგ, იწყებდნენ დაუნდობელ რეპრესიებს. სინამდვილეში კი ხრუშჩოვმა წითელი იერარქია, ეკუმენისტურ თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გააწევრიანა და სასათბურე პირობები შეუქმნა, კაპიტალისტურ ქვეყნებში რეგულარული ვიზიტების ჩათვლით."

წერს გელასი აროშვილი.

ნანახია: (200)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას