logo.png

ბექა ჭიჭინაძე

შეშლილობა 

მთვარის იბერიულ-ალბანურ ტაძარში მრავალი შეშლილი იყო თავმოყრილი, მიიჩნეოდა, რომ ბოდვაში ისინი ღმერთების ნებას აცხადებდნენ, ქართული და მეგრული სიტყვები: მთვარეული და თუთაშიც ამასთანაა დაკავშირებული, მთვარეულობა და ბოდვა მთვარე ღმერთისგანაა შთაგონებული.

საერთოდ, ანტიკურ ეპოქაში სიგიჟე და ბოდვა ღვთიურ შთაგონებად იყო მიჩნეული, ამის ნაკვალევი დღემდეა დარჩენილი, მაგალითად, სამეგრელოში ნახევრად ხუმრობით, ძილში ბოდვისას ადამიანს მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე კითხვებს უსვამენ, ეს ჩვევა ეფუძნება ბოდვის ორაკულად მიჩნევას - მბოდველი ღვთიურ ნებას აცხადებს.

მიშელ ფუკომ ძალიან საინტერესოდ აჩვენა, რომ კარტეზიანულ რევოლუციამდე, ანუ რაციონალიზმის დიქტატამდე, ევროპაში სიგიჟესთან და ბოდვასთან დამოკიდებულება იყო დიამეტრალურად საპირისპირო, ანტიკურ ეპოქაში თუ დიონისიების დროს ყველას შეეძლო ჭკუიდან შეშლილივით მოქცეულიყო, შუა საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო გიჟების დღესასწაულები, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის დოკუმენტებზე მუშაობისას გადავაწყდი რამდენიმე საოცარ მონაცემს, ,,გიჟებს" უფლება ჰქონდათ ტაძარში კონვუსლიებისა, პარიზის რამდენიმე შეწუხებულმა ეპისკოპოსმა ეს მყარი ჩვეულება ვერსდიდებით ვერ მოსპო.

ანტიკური წყაროების ცნობით, წმინდა შეშლილების, სუფთა ქართულით, ღვთის გლახათა ნახვა შეიძლებოდა დიდ ტაძრებში. რამდენიმე წლის განმავლობაში სამების ტაძარში მუშაობისას მომეცა საშუალება უშუალოდ დავკვირვებოდი თეოფორეტებს, რამდენიმე მათგანი ტაძრის სხვადასხვა ადგილას ბოდავდა, სახეზე იყო შთამბეჭდავი მსგავსება სტრაბონისაგან აღწერილ თეოფორეტებთან, რომლებიც მთვარის ალბანურ-იბერიულ ტაძარში ბოდავდნენ და რომელთაც ქურუმები საგანგებოდ უვლიდნენ.

მე-17 საუკუნეში, კარტეზიანული რევოლუციის შედეგად ევროპაში სიგიჟის და ბოდვის მნიშვნელობა გადააზრებულ იქნა, რაციონალიზმის დიქტატის პირობებში სიგიჟე ანომალიად იქნა მიჩნეული, რა ეპოქაში ვართ ამ მხრივ საქართველოში ?

ის გარემოება, რომ მე-20-21 საუკუნის საქართველოში რელიგიური ვარსკვლავები არიან სალოსები, ღვთის სულელი ,,წმინდა გიჟები", გვაჩვენებს, რომ კარტეზიანული რაციონალიზმის დიქტატისაგან ძალიან შორს ვართ ჯერაც, ცხადია, საუბარია მასობრივ წარმოდგენებზე და რაციონალიზმის კულტურის, როგორც ასეთის არქონაზე, თორემ ისეთმა ცალკეულმა გენიებმა, როგორიც ზაზა ფანასკერტელი იყო, ჯერაც შუა საუკუნეებში იცოდნენ რა სახის ნერვული დაზიანება იწვევდა სიგიჟეს, თუმცა, ქართული სიტყვა - ,,შეშლა, შეშლილობა", წმინდად კარტეზიანულია, რადგანაც რაციონალურ ნორმატიულობასთან შეუსაბამობა აქ პირდაპირ შეცდომად, შეშლად არის ნაგულისხმევი, მაგრამ ეს სიტყვა საკუთრივ ქართულ ნიადაგზე არაა განვითარებული.

ამგვარად, ევროპული აზროვნების წესისგან ქართულ აზროვნების წესს განასხვავებს რაციონალიზმის დიქტატის არქონა, არც ისაა ალბათ შემთხვევითი, რომ დეკარტი ჩვენში ყველაზე ნაკლებად დაფასებული ფილოსოფოსია, თუმცა ყველაფერი ეს ა პრიორი არ ნიშნავს, რომ ჩამოვრჩით, მიშელ ფუკო იტყოდა, რომ ქართული საზოგადოება ერთი საფეხურით უფრო მაღლა აზროვნებს ევროპულზე.

რადგანაც ფუკოსთვის რაციონალიზმის დიქტატი მატყუარა გიჟების აზროვნების წესია, მისტიკის დიქტატი კი გულწრფელი გიჟებისა...

აქვე, მამა ზაზას ძალიან საინტერესო დაკვირვება:

,,ადრე ძალიან ბევრ ნახევრად შეშლილ დამიზეზებულ ადამინებს შეხვდებოდი ეკლესიებში განსაკუთრებით დიდ დღესასწაულებზე, მათზე საკრალიზებული წარმოდგენები მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოში შემინიშნავს, ქადაგად დავარდნები, უცნაური და ბოდვითი მეტყველება. Შეიძლება დასავლეთ საქართველოშიც იყო და უბრალოდ არ მინახავს. Მე ჩემს პირად დაკვირვებას ვეყრდნობი ამ შემთხვევაში და არა ლიტერატურულ გამოცდილებას".

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (142)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას