logo.png

რუსული ხორბალი და ფქვილი - ახალი თავსატეხი საქართველოსთვის

ავტორები : ნანა ბრეგაძე,  აიდან იუსუფი 

რუსული ხორბალი და ფქვილი საქართველოს ეკონომიკას ახალ საფრთხეებს უქმნის. რუსეთში მიმდინარე ნებისმიერი მოვლენა უშუალოდ აისახება ჩვენს მეწისქვილეებსა და პურის მცხობელებზე. ბოლო წლებში რუსეთმა ხორბლის ექსპორტის პოლიტიკა შეცვალა, რამაც ქართული ინდუსტრიისთვის დიდი პრობლემები შექმნა:

● შემცირდა მაღალი ხარისხის ხორბლის იმპორტი და ახლა ქვეყანას ამ სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტის ორთვიანი მარაგიც კი აღარ აქვს; 
● გაიზარდა რუსული ფქვილის იმპორტი, რამაც დიდად დააზიანა ქართული წისქვილები და ქართველი ხორბლის მომყვანები;
● მთავრობა რუსეთზე დამოკიდებულების შესამცირებლად არაფერს აკეთებს, მეტიც, რუსული ბიზნესინტერესი ხორბლისა და ფქვილის ინდუსტრიაშიც აქტიურად იჭრება.

ათწლეულებია, ქართული პური რუსული ხორბლითა და ფქვილით ცხვება. 2009 წლიდან მოყოლებული, ყველაზე მეტ ხორბალსა და ფქვილს სწორედ რუსეთიდან ვყიდულობთ. იმპორტის თვალსაზრისით მეორე და მესამე ადგილებს ძირითადად ყაზახეთი და უკრაინა იკავებს.

ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ რუსეთიდან შემოტანილი ხორბალი და ფქვილი ყველაზე იაფია. ყველაზე ძვირი კი უკრაინული ხორბალია, თუმცა ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან იმპორტი თითქმის აღარ გვაქვს.

რუსეთიდან და სულ შემოტანილი ხორბალი წლების მიხედვით

ქართველი მეწისქვილეებისა და მცხობელებისთვის ვითარება შედარებით სტაბილური იყო 2021 წლის ივნისამდე. შემდეგ კი რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადი გააძვირა. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადასახადის დაწესების შემდეგ რუსული ხორბალი საგრძნობლად გაძვირდა, ის მაინც სხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ ხორბალზე იაფია.

მაგრამ აქ მნიშვნელოვანი სხვა რამაა: ხორბლისგან განსხვავებით, რუსეთს ფქვილის ექსპორტზე გადასახადი არ დაუწესებია. შესაბამისად, ქვეყანაში შემცირდა ხორბლის, მაგრამ გაიზარდა რუსული ფქვილის იმპორტი. 

„აი, ფაქტი” ეცადა გაერკვია, დღეს რუსეთიდან ფქვილი რომელ კომპანიებს შემოაქვთ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს ათი ათას ტონამდე ფქვილის შემომტანი კომპანიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით სამჯერ გაიზარდა, 2022 წელს კი ბაზარზე 187 ახალი იმპორტიორი გამოჩნდა.

გაძვირებულმა ხორბალმა გამოიწვია ის, რომ საქართველოში წარმოებული ფქვილის თვითღირებულებაც გაიზარდა და ის რუსულ ფქვილს კონკურენციას ვერ უწევს. რუსული იმპორტირებული ერთი ტომარა ფქვილი საქართველოში წარმოებულზე 10-12 ლარით იაფია. ამიტომ წისქვილკომბინატები ან გაჩერდნენ, ან ცოტა ფქვილს ფქვავენ და წაგებაზე მუშაობენ. ამის გამო მუშახელიც გაათავისუფლეს და აღარ ყიდულობენ ქართულ ხორბალს, რომელსაც რუსულ ხორბალთან შესარევად იყენებდნენ.

რა მდგომარეობაა წისქვილკომბინატებში?

რუსულ ხორბალზე ფასის ზრდამ ქართველი მეწისქვილეების ბიზნესს დახურვის საფრთხე შეუქმნა. ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ასეთი უიმედო მდგომარეობა არასდროს ყოფილა. მეწისქვილეებს შემდეგ პრობლემებთან უწევთ გამკლავება:

● რუსული ხორბალი გაძვირდა. გაზრდილი ფასის გამო გაიზარდა წარმოების ხარჯი, რაც კონკურენციას ვერ უწევს რუსეთიდან შემოსულ ფქვილს;
● მეწისქვილეებმა შეამცირეს წარმოება და გაათავისუფლეს თანამშრომლები, რომელთა ცოდნა და გამოცდილება კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი რესურსი იყო; 
● მეწისქვილეები მთავრობას დახმარებას სთხოვენ, თუმცა მთავრობა პრობლემის მოგვარებაში ვერ ან არ ეხმარება.

მარინა კაციტაძე საქართველოში ყველაზე ძველი წისქვილკომბინატის, „პროგ­რესის“, მფლობელია, რომელიც  რუსთავში მდებარეობს. კრიზისის დროს 50 ადამიანი გაათავისუფლა. დარჩენილი 150 თანამშრომელი რომ შეინარჩუნოს, წაგებაზე აგრძელებს მუშაობას. უკვე საკუთარი ბიზნესის მომავალს ვეღარ ხედავს.

„დავკარგეთ კონტაქტები მსხვილ მომწოდებლებთან. ადრე გემებით შემოგვქონდა ან ვაგონებით, ახლა მანქანებით შემოგვაქვს… ახლა არასტაბილური სიტუაციაა, ინერციას მივყვებით. ბიზნესი ბიზნესს აღარ ჰგავს. შეგრძნება, რომ ხვალინდელ დღეს დაგეგმავ, მოემზადები, ფიქრობ შეცვალო აღჭურვილობა, განაახლო, შეაკეთო - ამის სურვილი გიქრება, რადგან ვერ ხედავ საფუძველს,“ - გვიყვება კაციტაძე. 
ამბობს, რომ თუ მანამდე 5-7 ათას ტონა ხორბალს, ანუ ორი თვისას, იმარაგებდნენ, ახლა, ყველაზე მეტი, 10 დღის სამყოფი, ანუ ათას ტონამდე, მარაგი აქვთ ხოლმე. ერთი ტონა ხორბლის შემოტანა დაახლოებით 350 დოლარი უჯდებათ. ნედლეული მანქანებით ლარსიდან მოაქვთ. ახლა წარმოების 30 პროცენტს ამუშავებს და თვეში 4,000 ტონიდან 1,800 ტონაზე ჩამოვიდნენ.

„თუ გავითვალისწინებთ, რომ ნებისმიერი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის უნდა არსებობდეს 3 თვის ხორბლის მარაგი და, მით უმეტეს, თუ მეზობელ ქვეყნებში ომია, დღეს ჩვენ უსაფრთხოდ არ ვართ. ფქვილი ინახება 2 თვე, ხორბალი - 2 წელი. ღმერთმა დაიფაროს, რომ ვერ ჩამოვიდეს ფქვილი, თქვენ თვითონ ხვდებით, რა საშიშროების წინაშე ვდგებით.“ - ამბობს მარინა კაციტაძე.

ლევან ჯანაშიას ორი წისქვილკომბინატი აქვს, თბილისსა და გორში. ამბობს, რომ რუსეთის მიერ დაწესებული ხორბლის ექსპორტის გადასახადის გამო ჩვეულთან შედარებით 15-20-პროცენტიანი დატვირთვით მუშაობენ.

„ეს მცურავი მოსაკრებელია, ყოველ 2-3 კვირაში ერთხელ იცვლება ამის მონაცემი. 2021 წლის ზაფხულში დადგინდა და 20 დოლარიდან 142 დოლარამდე ავიდა, სადღაც 8-9 თვეში,“ - გვეუბნება ჯანაშია. 
რადგან მეწისქვილეებისთვის ნედლეული გაძვირდა, გაძვირდა ამ ნედლეულით დაფქული, ადგილზე წარმოებული ფქვილის ფასიც. რუსეთიდან შემოსულ ფქვილს კი საქართველოშიც არანაირი მოსაკრებელი არ აქვს დაწესებული. ამიტომ ის ადგილობრივად წარმოებულ ფქვილზე იაფია.

„ჩვენთან, საშუალოდ, პირველი ხარისხის ფქვილის ყოველთვიური მოხმარება დაახლოებით 25-30 ათას ტონამდეა. ადრე რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილი იყო ამ რაოდენობიდან, საშუალოდ, ათასი ტონა. დღეის მდგომარეობით კი 20 ათას ტონამდე ადის, ხანდახან მეტიც. ტომარა ფქვილის ღირებულება - 70-72 ლარი, რუსული შემოტანილი ფქვილის გასაყიდი ფასი კი - 50-55 ლარი იყო. იქ უკვე ხარისხს დიდად აღარავინ უყურებს, იმიტომ, რომ ფასში ძალიან დიდი სხვაობაა,“ - ამბობს ჯანაშია.

ლადო ბიძინაშვილი წისქვილ „ბარაქას“ ხელმძღვანელობს. მისი წისქვილი რუსეთის მხრიდან ექსპორტზე გადასახადის შემოღებამდე თვეში, დაახლოებით, 2,000 ტონის გადამუშავება-რეალიზაციას ახერხებდა. ახლა კი 500-700 ტონამდე ჩამოვიდა. წარმადობის შემცირებას მოჰყვა კომპანიიდან თანამშრომლების გათავისუფლებაც: 150-დან ახლა მხოლოდ 40-50 ადამიანს ამუშავებენ.

„სახელმწიფოს ვეუბნებით, რომ ფქვილის მიმართულებით ყველა წარმოება ჩერდება. დღეს რომ გავჩერდეთ ჩვენ და ხვალ რომ მოგვინდეს ამ წარმოების ამუშავება, ვეღარ ავამუშავებთ. გვჭირდება დაახლოებით 2-3-თვიანი პერიოდი, იმიტომ, რომ სპეციფიკური სამუშაოა. საჭიროა სპეციალიზებული კადრები. როცა წარმოება ჩერდება, იწყება ამ კადრების გადინება, სხვაგან მუშაობას იწყებენ და მარტივი მოსაძიებელი არ არის მერე.“ - გვიხსნის ბიძინაშვილი.

იმავეს ამბობენ ლევან ჯანაშია და მარინა კაციტაძეც და აღნიშნავენ, რომ ამ დარგის მცოდნე მუშახელი ჩვენს ქვეყანაში ძალიან ჭირს. მათი თქმით, იმ ადამიანების შენარჩუნება, რომლებსაც დღემდე ამუშავებენ, მხოლოდ წაგების ხარჯზე მოახერხეს.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა, გვიხსნის, რომ წისქვილკომბინატები ეცადნენ, მომუშავეების 60-70 პროცენტი შეენარჩუნებინათ და ახლა საქართველოს წისქვილებში დაახლოებით 3,000-მდე ადამიანი მუშაობს.

„ფქვილს არ სჭირდება ტექნიკური მოსამსახურე, ფქვილს სჭირდება - მოიტანა, გაყიდა... საწყობი სჭირდება და ბუღალტერია. მთლიანი ტექნოლოგიური ციკლის ხალხი არ სჭირდება. ეს 3,000 ადამიანი კია შენარჩუნებული, მაგრამ, ალბათ, უკვე გაათავისუფლებენ უახლოეს დროში, თუ არ იქნა მიღებული რაიმე გადაწყვეტილება,“ - გვეუბნება სილაგავა. გადაწყვეტილების მიღებას კი მთავრობისგან ელიან. მოლაპარაკებები უკვე მეორე წელია უშედეგოდ მიმდინარეობს. მეწისქვილეები გამოსავალს რუსეთიდან შემოტანილი იაფი ფქვილისთვის დამატებითი გადასახადის დაწესებაში ხედავენ, რასაც მთავრობა არ ეთანხმება, რადგან შიშობს, რომ ეს პურის ფასს გაზრდის. მეწისქვილეებს აქაც ჰქონდათ მოსაზრება, თუ როგორ იქნებოდა შესაძლებელი პურზე ფასის ზრდის თავიდან არიდება. ამბობდნენ, რომ ე.წ. სოციალური პურის მცხობელებს ფქვილს იაფად და ფიქსირებულ ფასად მიაწვდიდნენ. „სოციალურ პურს“ ეძახიან იმას, რასაც მოსახლეობის უმეტესობა ყოველდღიურად მაღაზიებში ყიდულობს.  
„პურის მცხობელებს თავიანთ სამიზნე ფასში მივაწვდიდით ფქვილს ისე, რომ არ გაძვირდებოდა, და დანარჩენ რაოდენობას, რომელიც გამოიყენება საკონდიტროებსა თუ თონეებში, უკვე ჩვენ თვითონ დავარეგულირებდით,“ - გვეუბნება ლევან ჯანაშია.

სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან შამუგიამ, 3 აპრილს ამ შეთავაზებაზე მორიგი უარი ოფიციალურადაც განაცხადა. მინისტრის პასუხად მეწისქვილეებმა ახალი შეთავაზება გააჟღერეს. ამჯერად სამინისტროს სთავაზობენ, მთავრობამ გადასახადით არ დაბეგროს მხოლოდ ის 7,000 ტონა ფქვილი, რომელიც რუსეთიდან შემოგვაქვს და რომლითაც პურის ქარხნები ე.წ. სოციალურ პურს აცხობენ.

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, ლევან სილაგავა, ამბობს, რომ, საშუალოდ, ერთ ტონა იმპორტირებულ ფქვილზე გადასახადმა უნდა დააბალანსოს ის დამატებითი გადასახადი, რომელიც ხორბლის იმპორტიორებს ახლა აქვთ. 

„ჩვენი ამოცანაა, რომ გამათანაბრებელი გადასახადი შემოვიდეს, რომელიც დააბრუნებს ერთნაირ რეჟიმს ფქვილსა და ხორბალზე. 200 ლარი არის საშუალოდ ის თანხა, რომელიც დააბალანსებდა. ეს შეიძლება იყოს სამთვიანი პროცესი და მერე გადაიხედოს,“ - ამბობს სილაგავა.

მეწისქვილეთა მიერ ნაპოვნი გამოსავალი არ მოსწონთ მეპურეებს. „მეპურეთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე ფიქრობს, რომ მეწისქვილეების მხრიდან უფრო ლოგიკური დღგ-ის გადასახადისა და ტარიფების შემცირების მოთხოვნა იქნებოდა და არა იმპორტირებული ფქვილის დაბეგვრა, რაც მცხობელებს ფქვილს გაუძვირებს.

არსებული მდგომარეობით, როგორც ჩანს, არც ფქვილის იმპორტიორები არიან კმაყოფილი.

შპს „მარდს“ რუსეთიდან ფქვილი 2014 წლიდან შემოაქვს. 2018-2021 წლებში იმპორტიორი კომპანიების ათეულში იყო. ჩვენ ვესაუბრეთ მის დირექტორს, ნუგზარ გონიაშვილს.

„სულს ვღაფავთ… ფასები კატასტროფულად იკლებს და ვერ ვასწრებთ შემოტანას. სანამ შემოიტან, თვლი თვითღირებულებას, ანუ რაც გიჯდება, და სანამ რეალურად მოიტან ფქვილს საწყობამდე და გაყიდვას დააპირებ, ადგილზე გხვდება უფრო ნაკლები ფასი,“ - გვეუბნება გონიაშვილი.

 რუსეთიდან და სულ შემოტანილი ფქვილი წლების მიხედვით 

მისივე თქმით, ყოველი ახლად შემოტანილი პარტიის გაყიდვით ზარალდებიან. ამის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ მიწოდება უფრო მაღალია, ვიდრე მოთხოვნა და ახალ-ახალი იმპორტიორები გაჩნდნენ ბაზარზე. ამას ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. საჯარო რეესტრის ბაზაში გადავამოწმეთ ის კომპანიები, რომელთაც საქართველოში ფქვილი რუსეთიდან შემოაქვთ. 2018-2023 წლებში ასეთი სულ 320 სუბიექტია. მათგან 90-ზე მეტი კომპანია მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2021 წელს რუსეთმა ხორბლის ექსპორტზე გადასახადი დააწესა. 2022 წელს კი ბაზარზე 187 ახალი იმპორტიორი გამოჩნდა. როგორც საჯარო რეესტრის მონაცემები გვიჩვენებს, ფქვილის იმპორტიორებში საქართველოს მოქალაქეები ჭარბობენ. 21 მათგანს აქვს რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა. 11 იმპორტიორი კი რუსეთის მოქალაქეა. 
გამოდის, რომ ინდუსტრიაში არსებული ყველა რგოლი აწყდება ისეთ ძირეულ პრობლემებს, რომლებიც მათ ბიზნესს ემუქრება.

წისქვილკომბინატ „პროგრესის“ მეპატრონე მარინა კაციტაძე ფიქრობს, რომ მთავრობას მათი დახმარება კი უნდა, მაგრამ შედეგი ჯერ არ ჩანს. ახლა მომდევნო შეხვედრას ელის.

„ჩვენი პრობლემა აისახება ისევ ქართველ მეხორბლეებსა და იმ მოქალაქეების ოჯახებზე, რომლებიც გაუშვეს გაჩერებულმა წისქვილებმა. ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიაქვთ, მაგრამ რატომღაც ვერ წყვეტენ. გაგების და შეხვედრის დონეზე მთავრდება,“ - გვიყვება კაციტაძე.

რა საფრთხეს უქმნის რუსული ხორბალი და ფქვილი ქართველ მეხორბლეებს?

რუსეთიდან იმპორტირებული ფქვილის კიდევ ერთი მსხვერპლი ქართველი მეხორბლეები არიან. ისინი ხორბალს ვეღარ ყიდიან და ასობით ტონა მარცვალი საწყობებში უფუჭდებათ. მეწისქვილეები მათი ხორბლის ხარისხს იწუნებენ. ის მცირე რაოდენობა, რომელსაც ახლა წისქვილები ფქვავენ, ძირითადად, რუსეთიდან შემოტანილი მარცვლეულია. ქართული ხორბალი კი ფუჭდება და გადასაყრელი ხდება. 
მეწისქვილეების აზრით, პირველი ხარისხის ფქვილის მისაღებად მხოლოდ ქართული ხორბალი არ გამოდგება. ის მხოლოდ შესარევად არის ვარგისი.

2 აპრილს 8 მეხორბლემ სოციალური ქსელით გაავრცელა ვიდეო, რომლითაც სახელმწიფოს ხორბლის გაყიდვაში დახმარებას სთხოვდა. ვიდეოში ამბობენ, რომ წინა წლებში ამ პერიოდისთვის მარცვალი უკვე აღარ ჰქონდათ, ახლა კი საერთოდ ვერ ყიდიან. ვიდეოში აღნიშნავენ, რომ სწორედ სახელმწიფოს წახალისებითა და დახმარებით დათესეს ხორბალი და ააშენეს საწყობები. ახლა კი მოსავალი იქვე უფუჭდებათ და აღარც საკმარისი ადგილი აქვთ ახალი მოსავლის დასაბინავებლად.

ჩვენ ვესაუბრეთ „საქართველოს მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარეს, ნიკოლოზ ბენიაიძეს.  თავად შირაქში და მის მიმდებარედ 1,500 ჰექტარზე ხორბალი აქვს დათესილი. 16 წლიდან ამ საქმეშია ჩაბმული, ახლა 45 წლისაა და ამბობს, რომ ასეთი კრიზისული სიტუაცია პირველად აქვთ.

ქართული წარმოების ხორბალი ადრე მთელი ბაზრის მხოლოდ 10-15 პროცენტს შეადგენდა, დანარჩენი კი შემოტანილი მარცვლეული იყო. ქართველ ფერმერებს ხორბლის გაყიდვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ. წელს კი, შემოდგომის შემდეგ, მარცვალს ვეღარ ყიდიან.

გასაყიდი ახლა 30,000 ტონაზე მეტი ხორბალია. უკვე მოსავლის აღების დროც ახლოვდება და დაბინავების პრობლემა შეექმნებათ. ყველა სიკეთესთან ერთად კი, თუ ბანკის სესხს ვერ გადაიხდიან, მიწების დაკარგვის საშიშროებაც შეექმნებათ.

„ეს იყო იაფი აგროსესხი, 100,000 ლარამდე ერთ ფერმერზე, რამაც გაგვაბედინა, მეტი ფართობი დაგვეთესა ხორბლის, რამაც ჩაგვაგდო განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში, 100,000 ლარი რომ გაგვესტუმრებინა, შარშან უნდოდა 100 ტონა ხორბალი და წელს უნდა 180 ტონა ხორბალი მოგვეყვანა. სხვა სესხი ავიღე ახლა, რომ ძველი გადავფარო,“ - ამბობს ბენიაიძე.

ნიკოლოზთან ერთად ამხანაგობაში გაერთიანებულია სამი სოფლის 46 ფერმერი. მათ იაფი სესხის პირობებით ჯამურად  4,000 ჰა-მდე ფართობზე აქვთ დათესილი მარცვალი და, მისი თქმით, ყველა ამ დღეშია ჩავარდნილი.

2020 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას, რომელიც 2013 წლიდან არსებობს, დაემატა კიდევ ერთი ქვეკომპონენტი ერთწლიანი კულტურების დაფინანსებისთვის. პროგრამის ფარგლებში ბანკები საბრუნავი საშუალებებისთვის 100,000 ლარამდე სესხს გასცემენ, სახელმწიფო კი ფერმერებს სესხის გადახდაში ეხმარება. ამ ქვეკომპონენტით 2020 და 2022 წლებში 7,060-მა ბენეფიციარმა ისარგებლა, აქედან მეხორბლე 4,000-მდეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ბანკების მიერ გაცემული სესხების თანადაფინანსება ბიუჯეტს 11 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდა.

რუსეთში ხორბლის ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილე­ბებმა უფრო თვალსაჩინოდ გამოკვეთა, რამდენად არათან­მიმდევრულია საქართველოს მთავრობის მიდგომა აგრარული სექტორის მიმართ. გამოჩნდა, რომ წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან გაღებულმა თანხებმა ვერც დარგი განავითარა და ვერც რუსეთზე დამოკიდებულება შეუმცირა ქვეყანას.

ჩვენ სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ორჯერ მივ­მართეთ წერილით და ვთხოვეთ, მოეწერათ, როგორია სამინისტროს პოლიტიკა ხორბლის მოსავლიანობის ზრდისა და ხარისხის გაუმჯობესების თვალსაზრისით. სამწუხაროდ, ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი ვერცერთხელ ვერ მივიღეთ. წერილობით გამოგზავნილ პასუხში ჩამოთვლილია პროგრამები, რომლებიც, ზოგადად, მარცვლეული კულტურების დასაფინანსებლად მოქმედებს. სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელს პასუხისმგებელ პირთან ვრცელი ინტერვიუს ჩასაწერად დახმარება ვთხოვეთ, თუმცა, დაპირების მიუხედავად, არ დაგვეხმარა. შესაბამისად, მოცემული სტატიიდან მკითხველი ლოგიკურად უნდა მიხვდეს, თუ რა პოლიტიკას ატარებს მთავრობა ამ მიმართულებით.

იაფმა კრედიტებმა და სახელმწიფო დაფინანსებამ გამოიწვია დაბალი ხარისხის ხორბლის მარაგის ზრდა, რომელიც, საქმე საქმეზე თუ მიდგება, მეწისქვილეებს თავისუფლად მუშაობის საშუალებას არ აძლევს.

ნიკოლოზ ბენიაიძე ამბობს, რომ ჩვენ ძირითადად საშუალო ხარისხის ხორბალი გვაქვს. ხარისხის ასამაღლებლად საჭირო სამუშაოებისთვის კი ფინანსები არ ყოფნით: „ამას დიდი ტექნოლოგიები… ჩარევა სჭირდება, სწორი კვება, სწორი ჯიშები, კლიმატთან შეხამება და, როდესაც ადამიანი სესხს ვერ იხდი, რომელ ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ?!“

მეხორბლეების პასუხად, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიას თქმით, ძალაშია პოლიტიკა, რომ ხორბლის მოსავალი 50 პროცენტით უნდა გაიზარდოს. ამ მიზნის მისაღწევად ამერიკელი სპეციალისტების დასკვნას ელიან: „ისინი შეისწავლიან ხორბლის წარმოების მთლიან ღირებულებათა ჯაჭვს და, შესაბამისად, მოგვცემენ რეკომენდაციებს დარგის ხელშეწყობის მიმართულებით; ამის შემდგომ ჩვენ უკვე დამატებით ღონისძიებებსაც გავატარებთ.“

2022 წლის ივლისში მთავრობამ მეხორბლეებს მარცვლეულის ექსპორტზე გატანა ერთი წლით შეუზღუდა. „რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორ­ციელდეს,“ - ამბობდა მაშინ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.

6 აპრილს, მეხორბლეების მიერ ვიდეოს გავრცელებიდან ოთხ დღეში, ეს შეზღუდვა მოხსნეს. ფერმერები ამას გამოსავლად ვერ მიიჩნევენ, რადგან საექსპორტო ფასი მათთვის მიუღებელია.

Საქართველოში წარმოებული და ექსპორტზე გატანილი ხორბალი

„გასულ წელს ხორბალი ამ დროს 1.10 ლარი ღირდა. დავთესეთ მაგ ფასად და ახლა 55 თეთრად უნდა გავყიდოთ. ვალს ვერ გავისტუმრებთ, თორემ გავყიდდით ამ ფასად. საექსპორტო შეზღუდვაც მოხსნეს, მაგრამ იქაც 55 თეთრი ღირს და არ გვიღირს. თვითღირებულებით მაინც რომ ჩავაბაროთ, საწყობებს გავათავისუფლებთ და ვალის ნაწილსაც დავფარავდით,“ - აღნიშნა „მარცვლის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ბენიაიძემ, bm.ge-სთან ინტერვიუში. 

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ საქართველოდან ხორბლის მცირე ნაწილი გადის საექსპორტოდ, თუმცა ეს ვითარებას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის.

განახლება: მეხორბლეების პროტესტისა და მეწისქვილეების მიერ გამოხატული უკმაყოფილების ფონზე სამინისტროს პოზიციის გადახედვა მოუწია. 29 მაისს მათ განაცხადეს, რომ 5 თვის განმავლობაში ფქვილის იმპორტზე დამატებით საფასურს დააწესებენ, ტონაზე 200 ლარის ოდენობით. Რეგულაცია ძალაში 12 ივნისიდან შევიდა.

ჟურნალი ახალი ივერია.

ნანახია: (85)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას