logo.png

ბექა ჭიჭინაძე

,,გვაკურთხენ, წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო".

იეზუიტების არქივში გადავაწყდი ჩვენი ისტორიის ერთ დიდებულ წყაროს საქართველოს მეფე/პრესვიტერ იოანეზე, რომელმაც მთლიანად დაადასტურა შარშან წინ გამოქვეყნებული ჩემი კვლევა:

ეთიოპიელი იეზუიტების რელაციაში ნათქვამია:

,,პრესვიტერ იოანეს სახელი, ჩვენთან ასე გავრცელებული აქ (ეთიოპიაში) სრულებით უცნობია, ის ეთიოპიის იმპერატორს მიეკუთვნა აზიის იბერიის, ანუ გეორგიანოს მეფესთან მცდარი გაიგივების გამო, რომელიც გაპატიოსნებული იყო დიაკვნის ხარისხითაც, რადგანაც იგი დამყარებულ იქნა დიაკვნის წოდებაში, და ამგვარად ხუცობაში იქნა განწესებული ღვთის სამსახურებელად".

დიდად მოვინდომე რომ ზედმიწევნით და ლამაზად მეთარგმნა.

აქ იგულისხმება საქართველოს ძველი ევროპული სახელი - Abasia (აფხაზეთი), რომელიც ემთხვეოდა ეთიოპიის ძველ სახელწოდებას - Abasc-აბისინიას.

დავით აღმაშენებელი, ისევე როგორც საქართველოს სხვა მეფეები მართლაც შეიძლება იპოდიაკვნებად მიჩნეულიყო, ერისკაცებისაგან განსხვავებით საქართველოს მეფეები საკურთხეველში აღსავლის კარით შედიოდნენ და წმინდა ტრაპეზს მიეახლებოდნენ, გარდა ამისა, მეფეს მთავარდიაკონი ამ სიტყვებით მიმართავდა:

,,გვაკურთხენ, წმიდაო და თვითმპყრობელო მეფეო".

აზრი საქართველოს მეფის ხუცესობის შესახებ შესაძლოა გამოეწვია ქართული ,,მეფის" აზრობრივ თარგმანსაც, მეფე ეტიმოლოგიურად იგივე მეუფეა, ,,მეუფე" ხშირად უბრალოდ უფლის ბატონის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, მაგრამ უფრო სპეციფიურად ის მიემართებოდა სასულიერო არისტოკრატიას, სწორედ ისე, როგორც ფრანგული Monseigneur, ამგვარად, ,,მეფე/მეუფე" შესაძლოა გაგებულიყო, როგორც სასულიერო დასის წევრი.

საინტერესოა კიდევ ერთი თანხვედრა, ევროპული რელაციების მიხედვით, პრესვიტერი იოანე ორ პატრიარქით იყო გარშემორტყმული, ამ ცნობის ავტორს თითქოს თვალწინ ჰქონდა ერთიანი საქართველოს მეფის კურთხევის წეს-განგება, რომლის მიხედვითაც საქართველოს მეფის საკურთხევლიდან გამოსვლისას მისი მარჯვენა ხელი აფხაზეთის კათალიკოსს უნდა სჭეროდა, მარცხენა კი მცხეთის კათალიკოსს.

დავით აღმაშენებლის მეფე-მღვდლად გამოცხადებას დიდი იდეოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა ევროპელი მონარქების პაპის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამ ეპოქაში ჯერაც არ არის მონელებილი ინვესტიტურის კონფლიქტი, ევროპელი პოლიტიკოსები თავად ცდილობენ სასულიერო ძალაუფლების მითვისებას, რასაც პაპი სასტიკად უპირისპირდება, ცნობილია, რომ სწორედ ამ კონტექსტში ფრიდრიხ ბარბაროსას პროპაგანდამ შეთხზა პრესვიტერ იოანეს ფიქტიური წერილი, სადაც ხაზგასმული იყო ის გარემოება, რომ იოანე როგორც საერო, ისე სასულიერო ძალაუფლებას ითავსებდა, ეს იდეოლოგიური საფუძველი ბარბაროსას პაპის საწინააღმდეგოდ სჭირდებოდა, ამაზე ალექსანდრე თვარაძემ კარგად დაწერა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იერუსალემის პირველ ქრისტიან მეფეს - ბალდუინს იერუსალემის მეფის ტიტულის მიღების გამო სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა პაპთან, რადგანაც იერუსალემის მეფობა თავისთავად გულისხმობდა საერო და სასულიერო ძალაუფლების გაერთიანებას, ბალდუინმა პაპისგან ლეგიტიმაცია ვერ მიიღო, ამ პირობებში მისმა პროპაგანდამ გადაწყვიტა გამოეყენებინა დავით აღმაშენებლის ავტორიტეტი, ამიტომ შენიშნავს ბალდუინის პანეგირისტი, რომ ძალაუფლების ნიშნები ბალდუინმა დავით აღმაშენებლისგან მიიღო, რომელიც მალქისედეკის მსგავს, დიად მეფე-მღვდლად მიიჩნეოდა.

თავის მხრივ, პაპებიც სასულიერო და საერო ძალაუფლების თავის ხელში გაერთიანებას ცდილობდნენ, ოღოდნ სხვა საფუძვლიდან, პაპისტურ მოდელში, მღვდელი/ხუცესი უნდა გამხდარიყო მეფე, ხუცეს იოანეს მოდელში კი მეფე ხდება მღვდელი/ხუცესი.

en grosse დავით აღმაშენებლის მიერ საქართველოში ეკლესიის დაქვემდებარებას შუა საუკუნეების ევროპის იდეოლოგიურ ბრძოლებში უზარმაზარი გავლენა ჰქონდა.

თავიდან მაქვს ყველაფერ ამაზე ნაშრომი გასამზადებელი...

წერს მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (116)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას