logo.png

ვახტანგ მეექვსეს ანდერძი 

საქართველოს განმანათლებელმა მეფემ, ვახტანგ მეექვსემ ქართველ ახალგაზრდებს ანდერძი დაუბარა... ანდერძებში დიდი იდეებია შეკუმშული, უყვართ ამიტომ ანდერძების მოსმენა, მაგრამ ვახტანგის ანდერძი საქართველოს ისტორიის საგანძურში ჩამარხულ მარგალიტად დარჩა, მიივიწყეს.

ანდერძი ახალგაზრდობისადმი ასეთია:

,,ისწაონ და წადიერ იყვნენ და შეასრულონ ფილაფოსობა ქართულითა ენითა".

ანდერძის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ვახტანგ მეექვსემ მიაგნო ქართული კულტურის გულს, ქართველი ტომებისგან ათასეული წლების სიგრძეზე მიღებული გამოცდილება ქართულ ენაში დალექილია დიდი ფილოსოფიური პოტენციალის სახით, ეს რესურსი აქტუალიზირებადია თანამედროვე ფილოსოფიაშიც.

ჟაკ დერიდას ფილოსოფიის ცენტრალური ელემენტი - ტექსტის ავტონომიურობა, ემყარება ძველ ბერძნულ სიტყვას - Graphein-ს, რომელიც ნიშნავს არამხოლოდ წერას, არამედ ამოკაწვრასა და ხატვასაც, ამ ინტუიტიამ ფილოსოფოსს მისცა ძლიერი შთაგონება - წერას, ისევე როგორც ხატვას, აქვს ესთეტიკური ავტონომია, ზოგს შეიძლება ეგონოს, რომ ნახატი უბრალოდ მოდელის კოპირებაა, მაგრამ სინამდვილეში ნახატს არ აქვს ფოტოგრაფიული დანიშნულება და საკუთარ მოდელთან მიმართების გარეშეც იგი რჩება ესთეტიკურად ავტონომიურ კონსტრუქციად, იგივენაირად ტექსტიც, რომელიც თითქოს მიემართება მისგან აღწერილ ფაქტს, სინამდვილეში კი ყველა ტექსტი არის დამოუკიდებელი პოეზია, ესთეტიკური ავტონომია და არა ისტორიის, ფაქტის ფოტოგრაფირება, ამას ნიშნავს დერიდას ცნობილი მტკიცება, რომ ტექსტს, ისე როგორც ნახატს ,,გარეთა მხარე არ აქვს", გარე სინამდვილისგან მოწყვეტილია, წმინდად იმანენტურია.

როცა ვინმე არაკეთილსინდისერ მთხრობელზე იტყვიან, ,,რაებს ხატავსო", დერიდას დისკურსში ეს სიტყვა იქნება ონტოლოგიურად ვალიდური, ყველა ყველაფერს ხატავს და არასდროს არ აირეკლავს ჭეშმარიტებას, ამიტომ ნებისმიერი ნარატივი პოეტურად ინტერპრეტატიულია, შესაბამისად, ესთეტიკურად დამოუკიდებელი, მოდელთან მიმართების გარეშეც.

როგორც ვთქვით, ეს ინტუიცია ფილოსოფოსმა მიიღო ბერძნული Graphein-ის მდიდარი სემანტიკური ველისაგან, რომელსაც ის ძალიან აფასებდა, შთამბეჭდავია, რომ ძველ ქართულ ,,ნაწერს" იდენტური სემანტიკა აქვს, ის ერთდროულად აღნიშნავს ნაწერს, ნახატს და ნაკაწრს, პოტენციურად, ეს სიტყვა სავსებით შეიძლება ქცეულიყო დერიდას ფილოსოფიის შთაგონებად, მას რომ ძველი ქართულიც სცოდნოდა.

ქართულის ფილოსოფიური პოტენციალი კოლოსალურია, იგია ჩვენი მრავალათასწლოვანი ისტორიული გამოცდილების საცავი, თითქმის სრულად გამოუყენებელი, ამიტომაც უბარებდა განმანათლებელი ვახტან მეფე ანდერძად ქართველ ყმაწვილებს, შეესრულებინათ ფილაფოსობა ქართულითა ენითა, მაგრამ საამისოდ ინტელექტუალური რესურსი საქართველოში, ჩვეულებრივ, არ კმარა, ისტორიკოსებს არ აქვთ იმხელა გაქანება, ამ მასშტაბის ინტელექტუალური ოპერაცია შეასრულონ, დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა. დიდი დიდი, გულის შემაღონებლად მშრალ ქრონოლოგიაზე და პოლიტიკურ მოვლენებზე იღაღადონ, ისიც მოძველებული თეორიებით და შეზღუდული წყაროებით, და ასე, უყურადღებოდ რჩება საქართველოს ისტორიის მთავარი წყარო - ძველი ქართული ფილოსოფიური ენა, სრულად აუთვისებელი და დაუმსახურებელი მარგალიტი.

არის მეორე, მითომანისტური უკიდურესობაც, ქართული ენის

ოკულტური მისტიფიცირება, როგორც ,,ღმერთების ენისა", ვახტანგის ანდერძს ამასთან საერთო არაფერი აქვს, მასთან ნაგულისხმევია მხოლოდ ის უზარმაზარი ფილოსოფიური პოტენციალი, რომელიც ქართულს თავისი თავისთავადი განვითარების ძალიან გრძელ გზაზე დაუგროვდა.

მკვლევარი ბექა ჭიჭინაძე.

ნანახია: (86)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას