logo.png

Vladi Narsia

"ის ადამიანები ვინც გუშინდელ დარბევას აპროტესტებენ ერთი საერთო ნიშნის ქვეშ შეიძლება გაერთიანდნენ: თითქმის ყველა რაღაც ფორმით არის ინტეგრირებული ევროპულ კულტურასთან - მიღებული აქვთ ევროპული განათლება ან შეძენილი აქვთ ასეთი გამოცდილება ევროპაში ცხოვრების გზით. მოსწონთ ევროპა, ჭრელი, ზოგჯერ გაუგებარიც კი, მაგრამ უსაფრთხო და მშვიდი, სადაც თავს დაცულად გრძნობენ. ნაკლებად სარწმუნოა, რომ ისინი ქრისტიანულ მოძღვრებას, რომელზეც ხშირად აპელირებდნენ, სიღრმისეულად იცნობდნენ.

და, აი რატომ:

განა ევროპისთვის იყო უცხო ფუნდამენტალიზმი? ავიღოთ პროტესტანტული ევროპა, რომელმაც ქრისტიანული ფუნდამენტალიზმისაგან განთავისუფლებას სამასი წელი მოანდომა. ამ ხნის მანძლზე გადამუშავდა არაერთი თეოლოგიური დოქტრინა, მათ შორის: პიროვნების ღირსების, თავისუფლების, ადამიანის უფლებების, სამართლის ცნების, მორალის, ქრისტიანული ანთროპოლოგიის და სხვა მრავალი. ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციაც ხომ არსებითად ადამიანის ღირსების და თანასწორობის ქრისტიანულ თეზას იცავს და აფართოვებს?!

დღევანდელი პროტესტანტული ევროპა ღრმა და ხანგრძლივი თეოლოგიურ-ფილოსოფიური დისკუსის შედეგად ჩამოყალლიბდა. მჯერა, საქართველოში სოციო-კულტურული პროცესების ტრანსფომაციაც ამ გზაზე გადის. ეს რთული პროცესია, მაგრამ რადგან ევროპაზე ვსაუბრობთ უნდა ვაღიაროთ, რომ ამ კულტურისთვის დამახასიათებელი ტრანსფორმაცია მენტალურ ძალისხმევას გულისხმობს (განმანათლებლობა!) და არა პოლიტიკური რეჟიმების ძალადობრივ ინსტრუმენტალიზაციას.

ფუნდამენტალიზმი არც კათოლიკური სამყაროსთვის იყო უცხო. თითქმის მე-20 საუკუნის შუა წლებამდე რომის კათოლიკური ეკლესია უკიდურესად შეუვალ და ჩაკეტილ ინსტიტუციად რჩებოდა. მაგრამ, 1962-5 წლის კრებამ დაამკვიდრა „ახალი“ სოციო-კულტურული პარადიგმა - გახსნილობისა და დიალოგის პარადიგმა. ამიტომ, ეს კრება შემობრუნების წერტილად მიიჩნევა და დღემდე ასაზრდოებს ჯანსაღ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ დისკუსს დასავლეთში. თითქმის არ არსებობს მეცნიერების სფერო, ჰუმანიტარული თუ საბუნებისმეტყველო, რომელთა მიღწევებზე და გამოწვევებზე არ რეაგირებდეს კათოლიკური ეკლესია. ალბათ, მსოფლიოში ასობით უნივერსიტეტი არის ჩართული ამ პროცეში, რომლებიც ქმნიან უაღრესად ცოცხალ და მგრძნობიარე გარემოს რელიგიის აქტუალიზაციის კუთხით და უნარჩუნებენ კათოლიკურ ეკლესიას საგრძნობ ავტორიტეტს.

აღმოსავლურ მართლმადიდებლურ ეკლესიას სოციო-კულტურული ტრანსფორმაციის ეს გზა არ გაუვლია. მე-18 საუკუნის შემდეგ, აღმოსავლეთ ეკლესიათა ოჯახში რუსეთის ეკლესიის ჰეგემონიამ ეს პროცესი მეტად დაამძიმა. რუსეთის ეკლესიის მთავარი ამოცანა დასავლური ქრისტიანული სამყაროსაგან დისტანცირება იყო. კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს გაუმართლა რომ შეძლო რუსეთისაგან დისტანცირება დასავლეთთან ინტეგრაციის გზით და დაუდო კიდეც საფუძველი კათოლიკურ-მართლმადიდებლურ, მართლმადიდებლურ-პროტესტანტული დიალოგის ტრადიციას. მეტწილას ეს ტრადიცია ასრულებს დღემდე აღმოსავლურ და დასავლურ ქრისტიანულ ცივილიზაციათა შორის დიალოგის ფუნქციას!

საქართველოს ეკლესია, მე-19 საუკუნიდან მოყოლებული, რუსული გავლენებიდან ვერ განთავისუფლდა. ვერ მოხერხდა საქართველოში რუსული ცარისტული რეჟიმის მოდელით თეოლოგიური დისციპლინების სემინარიის კედლებიდან სეკულარულ აუდიტორიებში გადატანა, რაც აუცილებელი წინაპირობაა დასავლური ქრისტიანული კულტურის ტრანსფორმაციის გზაზე, სადაც თეოლოგიას სეკულარული მეცნიერებები უსვამენ შეკითხვებს, და პირიქით. ეს პროცესი არის გარანტი რელიგიის მარგინალური ველიდან განთავისუფლების, მისი მაგიური საბურველიდან განძარცვის, რაც რელიგიას არ აძლევს საშუალებას გაეხსნას თანამედროვე რაციონალურ დისკუსებს. ამიტომ, რაც შეიძლება მეტ აკადემიურ სივრცეში, და ბევრი, უნდა ვილაპარაკოთ რელიგიაზე და შევიტანოთ იგი არჩევით საგნად მაინც სეკულარულ უნივერსიტეტებში. ასე გადაინაცვლებს ქრისტიანობის შესახებ სწორი ცოდნა აუდიტორიებიდან სოციუმში, სამოქალაქო ჯგუფებში და არაპროფესიულ თემებში. მანამდე კი გიორგი ზვიადაძის (სასულიერო აკადემიის რექტორი) და იაკობ იაკობიშვილი (საპატრიარქოს უნივერსიტეტის რექტორი) ხელში თეოლოგიური განათლების დატოვებით მხოლოდ კისერზე ამხედრებული მამაოების გამრავლებას უნდა ველოდეთ."

წერს თეოლოგი ვლადი ნარსია.

ნანახია: (409)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას