logo.png

Gelasi Aroshvili

 

სასულიერო აკადემია

"ერთი ამბავი გამახსენდა 90-იანებიდან. სასულიერო აკადემიაში დამამთავრებელ კურსზე ვართ, კარგი ჯგუფი იყო, მეგობრული, ძირითადად პატიოსანი და იდეური ხალხი, რელიგიით სერიოზულად დაინტერესებული. წინა მერხზე ორი ყველაზე მონდომებული და ბეჯითი სტუდენტი, არჩილ მინდიაშვილის სულიერი შვილები ისხდნენ. და, ამ ორმა რატომღაც გადაწყვიტეს წერილი მიეწერათ პატრიარქისთვის, უფრო ზუსტად, პირადად გადაეცათ მისთვის. წერილი საკუთარ მოძღვარსაც წააკითხეს და ჩვენც გაგვაცნეს. საკმაოდ ზრდილობიან და კორექტულ ტონში დაწერილი წერილი შიდა საეკლესიო სარწმუნოებრივ, კანონიკურ და ზნეობრივ პრობლემებს ეხებოდა, დასმული იყო კითხვები. ჯგუფის უმეტესობისთვის ეს გავლილი თემები იყო და პირად გვქონია, არაერთხელ ამაზე საუბარი და კამათი პატრიარქთან, ამიტომ სკეპტიკურად ვუყურებით ამ მიმოწერის ეფექტურობას და დიდად არც დავინტერესებულვართ ამ წერილით. მოკლედ, ეს წერილი პირად გადასცეს პატრიარქს. ორიოდე დღეში, ამ ორ სტუდენტს იბარებს რექტორი, რომელიც პატრიარქმა სერიოზულ წნეხში გაატარა, - რა წერილებს მწერენ შენი სტუდენტებიო, და უცხადებს - გარიცხულები ხართ, რადგან სუბორდინაცია დაარღვიეთ, ჯერ ჩემთვის უნდა მოგემართათო. შემოვიდნენ ჯგუფში ჩვენი მეგობრები ყურებჩამოყრილები, - გაგვრიცხესო. არადა ბოლო კურსზე ვართ, ამათ, ისევე როგორც სხვებს, ძველი სპეციალობისთვის თავი დანებებული აქვთ, რა ხანია, სასულიერო წოდებაზე ფიქრობენ და უეცრად ქუჩაში უკრეს თავი. ცხადია ორივე ყველას შეგვეცოდა, მითუმეტეს წერილის ძირითად აზრს ყველა ვიზიარებდით. შევედი რექტორთან, კარგი ურთიერთობა მქონდა, ერთად ვსწავლობდით სემინარიაში, რა ხდება, რას აკეთებთ მეთქი. მიპასუხა - რა ვქნა პატრიარქმა მიბრძანა გარიცხეო. წერილი მათხოვე, ჩვენც გვინდა წავიკითხოთ, ამისთანა რა დაწერეს მეთქი, თითქოს არ ვიცოდი რა ეწერა. მენდო და მათხოვა. შევიტანე ჯგუფში, ორი კაცის გარდა, იქიდან ერთი სუპერმიტროპოლიტია, ყველამ ხელი მოაწერა და ოცდა ათზე მეტი ხელმოწერით დამშვენებული წერილი რექტორს ვაახლე. გაგიჟდა, ეს რა მიქენი, დაამღუპეო! რაღას იზავდა, იძულებული იყო, უკვე მთელი ჯგუფის ხელმოწერილი წერილი, ხელმეორედ მიეტანა საპატრიარქოში. აქ უკვე აშკარა ბუნტის ნიშნები გამოიკვეთა, მთელ დამამთავრებელ კურს ხომ ვერ გარიცხავდნენ, ამიტომ საპატრიარქომ, როგორც ყოველთვის, შემოვლითი ტაქტიკა აირჩია. ეს ორნი გარიცხეს, დანარჩენები კი გამოცდებზე ჩაჭრეს, ანდა დიპლომის დაცვა დაუბლოკეს. მოკლედ ორმოცკაციან ჯგუფში, დიპლომი სულ სამმა კაცმა აიღო. დანარჩენები შავ სიაში აღმოჩნდნენ, მათთვის არანაირი პერსპექტივა აღარ დარჩა ამ სისტემაში. მოკლედ საუკეთესო, იდეური, პატიოსანი კადრები მოიცილეს და გარიყეს. ჰო, ვიდრე ეს ყველაფერი მოხდებოდა გარკვეული იმედი ამ ორი გარიცხულის გადარჩენისა მათი მოძღვარი - არჩილ მინდიაშვილი იყო, რომელიც იმხანად ''მასტიტი'' მამაო და ყოფილი დეპუტატი იყო. მითუმეტეს წერილი მისი კურთხევით იყო დაწერილი. გვეგონა გამოექომაგებოდა, პატრიარქთან შევიდოდა, თავდებში ჩაუდგებოდა და ა.შ. მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ხელებიც დამიბანიაო არჩილმა და მთელი პასუხისმგებლობა წერილის ავტორებს დააკისრა. გავიდა დრო, იმ ორი დეკაბრისტიდან, ერთი ბოლომდე ვაჟკაცურად დადგა, მეორემ კი შეინანა, ცრემლებით დალტობილი ახალი წერილი დაწერა და დღეს პრიმა მამაოა. არ ვიცი, რატომღაც დარწმუნებული ვარ, მასაც არ ასვენებს სინდისი, იმ უსამართლოდ გარიცხული მეგობრების გამო, რომლებმაც მის გადასარჩენად საკუთარი კარიერა გაწირეს, თუმცა კი არაფერი გამოუვიდათ კორუმპირებულ სისტემასთან ბრძოლაში. თუმცა რა სინდისი, მაგ ამბიდამ რამდენიმე წლის შემდეგ სწორედ იმათ დაუპირისპირდა, ვინც მისთვის გარისკეს და გვერდში დაუდგნენ, და მათ შორის, იმ თავის მეგობარსა და წერილის თანაავტორსაც. თავისი მოწოდებებით, მათ ჩასაქოლად ბრბო აამხედრა და მათ მიერ აშენებული წმიდა გიორგის ეკლესიის დანგრევის პროპაგანდაშიც შეიტანა წვლილი. c'est la vie, ჭეშმარიტად, არაფერია ამ ცისქვეშეთში ახალი."

წერს გელასი აროშვილი

ნანახია: (544)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას