"1991 წლის 16 ოქტომბერს, დილის 3 საათზე, „მხედრიონელებმა“ მწერალთა კავშირის სასახლეს ავტომატის ტყვიები დაუშინეს, რაც მისი თავმჯდომარის მუხრან მაჭავარიანის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. 1991 წლის 19 ოქტომბერს, ოპოზიციონერმა მწერლებმა ლონდონში მიმართვა გაუგზავნეს საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტს დ. კონრადს, რომელშიც ისინი თხოვდნენ მას, მიიღონ ქართველი მწერლები მწერალთა საერთაშორისო შემადგენლობაში, რადგან “ჩვენს ქვეყანაში დრამატული მოვლენები ხდება. ქართველ მწერალთა ერთგულება დემოკრატიის იდეალებისადმი სასტიკ დევნას განიცდის”ო. მიმართვას ხელს აწერდნენ: ჭაბუა ამირეჯიბი, გრიგოლ აბაშიძე, დათო მაღრაძე. ჯანსუღ ჩარკვიანი, მორის ფოცხიშვილი, გიგი სულაკაური, ვაჟა გიგაშვილი, ირაკლი სამსონაძე, არჩილ სულაკაური, ნუგზარ შატაიძე, თამაზ კვაჭანტირაძე, აკაკი ვასაძე ჯემალ ქარჩხაძე, ლაშა თაბუკაშვილი, გურამ გეგეშიძე, გურამ დოჩანაშვილი, ირაკლი აბაშიძე, თენგიზ ბუაჩიძე, თამაზ წივწივაძე, გურამ ფანჯიკიძე, კობა იმედაშვილი, რეზო ამაშუკელი, რომან მიმინოშვილი.
საბჭოთა ნომენკლატურულმა მწერალმა რეზო ამაშუკელმა, 1978 წელს, გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“, მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სტატია, სათაურით „ღამურები“ გამოაქვეყნა, რაშიც იგი გულისწყრომას გამოხატავდა დისიდენტების მიმართ: „კოსტავა და გამსახურდია, სოციალისტურ სამშობლოს ლანძღავენ რადიო „ამერიკის ხმასა“ და „თავისუფლებაში“ო. ამაშუკელის ამ პასკვილს, დისიდენტებმა, დისიდენტურ ჟურნალში ლექსით უპასუხეს: „სხვის სამრეკლოზე შეკიდულო, მართლაც, ღამურა, შურმა და მტრობამ შენი გული სულ მთლად გამურა, ამხანაგები დააბეზღე მდივნობის ეშხით, მაგ სავარძელში დღეს იხრწნება ეგ შენი ლეში! გეგონა ლექსი გქონდა გულის ამაჩუყელი, გმობს შენს საქციელს ყველა ნაღდი ამაშუკელი!“ დისიდენტების მიერ რეზო ამაშუკელისადმი 1978 წელს „მიძღვნილი“ ეს ლექსი პირველად გამოაქვეყნა „ნიუპოსტმა“ 2017 წლის 15 აგვისტოს. ამ „სახელოვანმა“ მწერლებმა, 1992 წლის ივლისში, განცხადებით, კიდევ ერთხელ მიმართეს საერთაშორისო პენ-კლუბს, რომლებსაც ამცნობდნენ: „...საქართველოდან გაძევებულ ექსპრეზიდენტ გამსახურდიას ბრალად ედება არამარტო ხელისუფლების უზურპაცია, სამოქალაქო ომის გაჩაღების მცდელობა, არამედ ხაზინის ქურდობაც, მილიონობით თანხის, მათ შორის უცხოური ვალუტის მითვისება. მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება დივერსიული აქტები – ხიდების, გვირაბების აფეთქება, ლიანდაგების აყრა, გზების ბლოკირება... გამსახურდიასა და მის მომხრეთა ხელით ხორციელდება ტერორისტული აქტებიც. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია უკანასკნელ დღეებში... ადამიანის უფლებათა დაცვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის ბატონ სანდრო კავსაძის დატყვევება...“ სანდრო კავსაძის ე.წ. დატყვევება გააპროტესტა აგრეთვე, ზვიადის ეროვნული ხელისუფლების ოპოზიციონერმა, უფლებათდამცველმა ფსევდო-ეროვნულმა გიორგი კერვალიშვილმაც (იხ. მისი განცხადების სკანერი გაზ. – საქართველოს რესპუბლიკა“, 17 ივლისი, 1992 წ.). სახელმწიფო ტელევიზიაში, კიტოვანის გვარდიელებსა და გელა ლანჩავასთან ერთად (აგრეთვე, შალვა ნათელაშვილი), შეიჭრნენ „დემოკრატი“ რევოლუციონერი მწერლები: ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი, თამაზ წივწივაძე, გურამ ფანჯიკიძე, ლევან ღვინჯილია, დავით მჭედლური, გურამ გეგეშიძე, ჯუმბერ თითმერია, მიხეილ ქურდიანის „დემოგრაფიული საზოგადოების“ აქტივისტი ილია ბეგიაშვილი (პოეტი). მწერლების აგრესიის გამო, მწერალთა კავშირის შენობაზე გაჩნდა წარწერა „საქართველოს მოძულეთა კავშირი“, ხოლო მოგვიანებით ამგვარი მწერლები სამარცხვინო ბოძზეც იქნენ გაკრულნი, მოზრდილი, თუმცა არასრული სიით (იხ. ფოტოები). გამოტანილ იქნა პლაკატები წარწერით: „ზიზღი, ძმათამკვლელ ომის წამქეზებელ ვაი-მწერლებს!“ და სხვ. ეს იყო სიტყვიერი ამბოხი მკითხველებისა მათი საყვარელი მწერლების წინააღმდეგ, რამეთუ ერთბაშად გაქრა ის შარავანდედი, რომელიც ემოსა ამ ცნობილ მწერლებს. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უშიშროების მინისტრმა იგორ გიორგაძემ თავისთან შეხვედრაზე მიიწვია მწერალთა დიდი ჯგუფი, რომლის სათავეში, ცნობილი პოეტი, მურმან ლებანიძე გახლდათ. იქ კი დიდხანს ესაუბრნენ მათ, საუბრის შინაარსი საზოგადოებისათვის უცნობი დარჩა. ამ საიდუმლო შეხვედრამ მალევე ჰპოვა გამოძახილი მათ ქმედებებში; უშიშროების მიერ დაინსტრუქტაჟებული სამკაციანი ჯგუფები მიდიოდნენ წარმოება-დაწესებულებებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებში და ეწეოდნენ შევარდნაძის ხელისუფლების პროპაგანდას, აძაგებდნენ დამხობილ პრეზიდენტს, ამართლებდნენ სამხედრო გადატრიალებას და თვით მანიფესტაციების დახვრეტებსაც, ეგზეკუციებსაც საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა თუ რაიონებში, განსაკუთრებით კი, სამეგრელოში. ეს შევარდნაძის კარის მწერლები გამოდიოდნენ რადიოთი, ტელევიზიით და მთელ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას სამეგრელოს წინააღმდეგ გალაშქრებისაკენ მოუწოდებდნენ. მურმან ლებანიძემ მეგრელთმოძულეობით თავი ლექსებითაც კი გამოიჩინა. მურმან ლებანიძემ, მეგრელთ-ფობიობით, ცოტნე დადიანსაც კი („..დადიანი ცოტნე, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და ბრძოლათა შინა სახელოვანი...“ – ჟამთაღმწერელი) ანთხია გესლი თავის ცნობილ ლექსშიც “ცოტნე – გამყიდველს”.
ხუნტის სახელმწიფო საბჭოს წევრი ნაირა გელაშვილი, 1992 წლის იანვრის თვის გაზეთ “მამულში”გამოქვეყნებულ ინტერვიუში ასე აფასებს სამხედრო გადატრიალებას, რომ ეს “იყო მამაკაცური ღირსების ამბოხი ყველაზე დედაკაცური ხელისუფლების (ზვიად გამსახურდიას - ლ.ც) წინააღმდეგ.. . ხოლო "ბატონი თენგიზ სიგუა ისეთ წარმოუდგენელ როლში მოგვევლინა მოულოდნელად და ისეთი სასწაულებრივი
კოშმარი გამოიარა, რომ რაკი აქამდე ჭკუაზე არ შეცდა,რაკი შესანიშნავად ფლობს საკუთარ თავს და ნერვიულ სისტემას, სიმშვიდეს ასხივებს და არავითარ აგრესიას
არ ამჟღავნებს და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ იცის რას აკეთებს, ეს უკვე ღვთის წყალობად უნდა ჩავთვალოთ...ხოლო თუ ცოტა მხატვრულად შევხედავთ ამ ყოველივეს, დიდად კოლორიტულ ფიგურებთან გვაქვს საქმე: შემოდგომიდან მოყოლებული ჩვენი საქართველო ხომ "სამი მუშკეტერის" საფრანგეთს დაემსგავსა, აქეთ მეფის გვარდიას, იქით, იქით კარდინალის. როლებიც შეიძლება ასე
გავანაწილოთ: ბ–ნი თ. კიტოვანი, რა თქმა უნდა, პორთოსია, ბატონი თ. სიგუა... ათოსი და დარტანიანი ჯაბა იოსელიანმა და გია ყარყარაშვილმა შეუძლიათ გადაინაწილონ.”
ხოლო პოეტი ლია ბედოშვილი 1991 წლის ზაფხულში ყვედრიდა ოპოზიციას: „რა გახდა ერთი კაცის [ზვიად გამსახურდიას] გაგორება?!!!“
1992 წლის 25 მარტს, ჭადრაკის სასახლეში ჩატარებულმა მწერალთა ყრილობამ, მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადააყენა მუხრან მაჭავარიანი. მკითხველებმა, ჭადრაკის სასახლის პარკში, პროტესტის ნიშნად დაწვეს გადატრიალებაში მონაწილე მწერლების წიგნები. გოგა ხაინდრავამ, დასაწვავად მიტანილ წიგნებში, ვერაგული განზრახვით ჩადო “ვეფხისტყაოსანიც” და მალე პროვოკაციული ხმაური ატეხა “მომხდარ ფაქტზე”. კომუნისტი მწერლები სრულ მხარდაჭერას უცხადებდნენ ედუარდ შევარდნაძეს. გურამ ფანჯიკიძე, თამაზ წივწივაძე, კობა იმედაშვილი, რევაზ ჯაფარიძე, იზა ორჯონიკიძე, ჯუმბერ თითმერია, ელგუჯა მაღრაძე... კიდევ უფრო მძაფრი რეპრესიებისაკენ მოუწოდებდნენ შევარდნაძეს ზვიადის მომხრეთა წინააღმდეგ. ამგვარი მტრული დამოკიდებულების გამო, ცნობილი მწერლების, მსახიობებისა და მეცნიერების მიმართ ხალხში გაჩნდა აგრესია და ისინი, მრავალი წლის განმავლობაში, ქუჩაში თავისუფლად სიარულს უფრთხოდნენ, რათა პატრიოტი თანამემამულეებისაგან “მოღალატე” და “სისხლიანის” ეპითეტები არ მიეღოთ. მწერლებმა და კულტურის მუშაკებმა, რომ თითქმის სრულად დაკარგეს ხალხის სიყვარული და ავტორიტეტი, ყველაზე ნათლად ვლინდებოდა მათი გარდაცვალების დღეებში, როცა მათ ცხედარს, პანთეონამდე, მხოლოდ ოჯახის წევრები და ახლობლები მიაცილებდნენ; აკაკი ბაქრაძის, მურმან ლებანიძის, კიტა ბუაჩიძის და კოტე მახარაძის კუბოს სულ რამდენიმე ათეული ადამიანი მიჰყვებოდა...
ჯანსუღ ღვინჯილიას, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, დიდი ამაგი დასდო – სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საზღვარგარეთ გაამგზავრა გულის მძიმე ოპერაციის გასაკეთებლად და როცა მოღონიერდა, ისიც ხუნტის მწერლების ავანგარდში ჩადგა... რევაზ ჯაფარიძე, 1977 წელს, ზვიადის მწერალთა კავშირიდან გარიცხვას კენჭისყრის გარეშე, დაჩქარებული წესით ითხოვდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა, ზვიად გამსახურდიას საქართველოში ჩამოსვენებისა და მთაწმინდაზე დაკრძალვის შემდგომ, ტელევიზიებით დაიწყო ფარისევლური კვეხნა, რომ თითქოს მან, ერთადერთმა არ დაუჭირა მხარი 1977 წლის 1 აპრილს, საქართველოს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომაზე, ზვიად გამსახურდიას მწერალთა კავშირიდან გარიცხვას. სინამდვილეში კი იგი ამ სხდომას საერთოდ არ ესწრებოდა იმ “საპატიო” მიზეზით, რომ მოსკოვში ბრძანდებოდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ სოსო სიგუას თქმით, ზვიადის მწერალთა კავშირიდან გარიცხვის სხდომას, პრეზიდიუმის წევრებიდან, აგრეთვე, საპატიო მიზეზით, არ ესწრებოდა მუხრან მაჭავარიანიც. იმის დასტურად, რომ ჩარკვიანი საერთოდ არ ესწრებოდა ამ სამსჯავრო სხდომას, მოგვყავს ვახტანგ გურგენიძის მიერ 1996 წელს პრესაში გამოქვეყნებული მწერალთა კავშირის ხსენებული სხდომის სტენოგრაფიული ანგარიში, სადაც არანაირად არ ფიგურირებს და არც იხსენიება ჯანსუღ ჩარკვიანი. ვნახოთ ამ სხდომის დასკვნითი ნაწილი; სხდომის თავმჯდომარე გრიგოლ აბაშიძე: “ვინ არის მომხრე გაირიცხოს, გთხოვთ ასწიოთ ხელი. გთხოვთ დაუშვათ. ვინ არის წინააღმდეგი? არავინ (ხაზგასმა ჩემია – ლ.ც.). თავი ვინ შეიკავა? არავინ (ხაზგასმა აქაც ჩემია – ლ.ც.). მაშასადამე, გადაწყვეტილება მიღებულია ერთხმად (ხაზგასმა აქაც ჩემია – ლ.ც.). ის მითიც, რომ, თითქოს, ჯანსუღმა შეგნებულად აარიდა თავი ზვიადის მწერალთა კავშირიდან გარიცხვის სხდომას და არ დაესწრო, ამის პასუხად კვლავ ბატონ სოსო სიგუას მოვიშველიებთ: „მაშინ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის წევრების მხრიდან სხდომაზე არ დასწრება, საპატიო მიზეზის გარეშე, თანამდებობის დაკარგვას ნიშნავდა”. ასე, რომ, ეს მითიც, ჩარკვიანების მიერაა შეთხზული. ჯანსუღ ჩარკვიანი, თავისი მგზნებარე სიტყვებით, ტრიბუნებზე და მიტინგების გარდა, ჟურნალ-გაზეთებშიც სისტემატურად ბეჭდავდა ეროვნული ხელისუფლების სიძულვილით გაჟღენთილ სტატიებს. მისი სიძულვილი და შეურიგებლობა დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტისადმი იქამდეც მიდიოდა, რომ ზვიად გამსახურდიას უმაღლეს სახელისუფლო სტატუსს – პრეზიდენტს, ბრჭყალებში სვამდა და ატრიზავებდა. სამაგიეროდ, ზვიადზე აღმატების ჟინით, თავად რიხით იკვეხნიდა, რომ მე ვიბრძოდი “მთავლიტში”, ვიბრძოდი „ცეკაში“ო და ასეთი მანიაკალური ბაქი-ბუქით ეწეოდა თვითგანდიდებას. ზვიადს კი “ბუნკერში ჩამძვრალ „პრეზიდენტად”, “შერეკილად” და “ფაშისტ-ფიურერად” მოიხსენიებდა, ხოლო გაზეთ “იბერია-სპექტრს” კი - “იმპერია-სპექტრად”. ჩარკვიანის ცილისწამების სერიალიდანაა გაზეთით გავრცელებული ჭორი, რომ თითქოს, ზვიადს 9 აპრილის მცირე მსხვერპლთა გამო უკმაყოფილოდ უთქვამს: “ნუთუ, ოც კაცზე მეტი არ დახოცილა? ამაზე ატყდა ამდენი ვაი-უშველებელი”ო? 1993 წელს, სახელმწიფო ტელევიზიით ჯანსუღ ჩარკვიანმა კონსტანტინე გამსახურდიას “დიდოსტატის მარჯვენის” სასკოლო პროგრამიდან ამოღება მოითხოვა:”ჭიაბერ ერისთავის მოწამვლა კათოლიკოსის მიერ, მოზარდებში სულიერ გადაგვარებას იწვევს”ო. მისი ეს განცხადებაც ზვიადის სიძულვილით იყო ნასაზრდოები. ვისაც არ ახსოვს, შეუძლია სახელმწიფო ტელევიზიაში მოიპოვოს ჯანსუღ ჩარკვიანის მუდარა შევარდნაძისადმი: ”არ გადადგეთ, თორემ დავიღუპებით!”. დაღუპვაში, ჯანსუღ ჩარკვიანი ხუნტის მხარდამჭერ ინტელიგენციას გულისხმობდა, ცხადია, და არა, საქართველოს.
10 აპრილს შევარდნაძე მწერალთა კავშირში მივიდა. იქ მას დახვდნენ ნომენკლატურული მწერლები, რომლებმაც თანადგომა აღუთქვეს მას. რეზო ჯაფარიძემ, კობა იმედაშვილმა, თამაზ წივწივაძემ... მოსთხოვეს შევარდნაძეს სახელმწიფო საბჭოს უფრო ეფექტური მოქმედება და კომენდანტის საათის გაგრძელება, რაზედაც სიამოვნებით დათანხმდა შევარდნაძე. სატელევიზიო მიმართვით იგივე მოითხოვა შევარდნაძისგან აკაკი ბაქრაძემაც; კომენდანტის საათის გაგრძელება კი ნიშნავდა კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგების შეიარაღებული გზით აღკვეთას...
სამწუხაროა, რომ კოლაბორაციონისტი მწერლების მხარეს, პუტჩის დღეებში, მწერალი და რეჟისორი გოდერძი ჩოხელიც აღმოჩნდა, მაგრამ მოგვიანებით მან წრფელი წუხილით მოინანია თავისი შეცდომა:”... ზვიადს, მართლაც ურწმუნო, არაქრისტიანი ქართველები ეომებოდნენ. ზვიადს, როგორი შეცდომაც უნდა დაეშვა, მხარი მაინც უნდა დაგვეჭირა, ჩვენ კი ურწმუნოდ მოვიქეცით”, თქვა გოდერძი ჩოხელმა ჟურნალ “სარკისთვის” მიცემულ ინტერვიუში და ზვიადის გარდაცვალების შესახებ წინასწარი ხილვებიც გაიხსენა. ცხადია, იყვნენ მწერლები, რომლებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას, საქართველოს სუვერენიტეტის გარანტს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნულ ხელისუფლებას: მუხრან მაჭავარიანი, ალექსანდრე ბარამიძე, სარგის ცაიშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, სოსო სიგუა, ნოდარ წულეისკირი, ოთარ ჩხეიძე, თემურ ქორიძე, გურამ პეტრიაშვილი, ირინა ტალიაშვილი, როსტომ ჩხეიძე, ჯემალ შონია, სერგეი სერებრიაკოვი, ბელა შალვაშვილი, ნოდარ ჯალაღონია, ნომადი ბართაია, მაკა ჯოხაძე, გივი ძნელაძე, ბერდია ბერიაშვილი (მოკლეს), ოთარ შალამბერიძე, ბადრი გუგუშვილი (თავი მოიკლა), თინათინ მღვდლიაშვილი, ეკა ბჟალავა, ლეილა მესხი, დილარ ივარდავა, ამირან კალაძე (მოკლეს,) ვაჟა ხორნაული, გიგი ხორნაული, ნანა კოტეტიშვილი, ენვერ ნიჟარაძე, აპოლონ ადონია, ზაალ ჯალაღონია, მიხეილ ჩაჩუა, თემურ ჩალაბაშვილი, მიხეილ ღანიშაშვილი, მარინა ხმალაძე, ედემ კვირტია, ჯემალ დავლიანიძე, თამთა ცეცაძე, მერაბ მეტრეველი, მერაბ ელიოზიშვილი, ომარ გოჩელაშვილი, რენე კალანდია, იმედი ჯახუა, შალვა მჭედლიშვილი (ანა კალანდაძის ყოფილი ქმარი), აპოლონ ჟორდანია (კრიტიკოსი), თამაზ ფიფია, ქიშვარდ ისაკაძე, ედიშერ გიორგაძე, ვლადიმერ ჯოლოგუა, ლაშა გვასალია, ზაურ მოლაშხია, ტიტე მოსია, ფისო ნავროზაშვილი...(არასრული სია).
პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მსასოებელი გახლდათ სრულიად ახალგაზრდა პოეტი ტატო (რატი) ნინუაც. პარლამენტის გვერდით მდებარე პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლე ტატო, აქტიურად ჩაერთო 9 აპრილისა და შემდგომ აგორებულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ზვიადსა და მერაბს ლექსებიც უძღვნა. ტატო ნინუამ ძალზედ მტკივნეულად განიცადა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დამხობა, კლასიკური გიმნაზიისა და პარლამენტის შენობის გადაწვა, რასაც მძაფრი ლექსი უძღვნა სათაურით „გადამწვარი ღრუბლები“. ამ ლექსში, შექმნილი პოლიტიკური ვითარება, ასოცირებულია ილიას იდეურ მკვლელობასთან, ხოლო ზვიადის ახალწლის ღამის მკვლელობას კი ამგვარად გამოეხმაურა იგი: „ყოველ ახალ წელს ჩემს ნაძვის ხეზე სათამაშოებს შორის ერთი ჰკიდია ცრემლი“. ტატო ნინუამ, 23 წლის ასაკში, უნივერსიტეტის ერთ-ერთ აუდიტორიაში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, უიმედობით შეპყრობილმა თოფით მოისწრაფა ჟამი და დატოვა დიდებული ლექსების წიგნი 9 აპრილსა და სამშობლოზე, სიყვარულზე, ლიტერატურული და ფილოსოფიური გამოკვლევები. ერთად წავიკითხოთ ტატო (რატი) ნინუასეული 9 აპრილის მხატვრული გააზრება: „გამხდარი ქუჩა წყლიან თვალებს ხმაურით ახელს, ქალაქს სველ მკლავზე ასვენია ზეცის სიმშვიდე, ჩუმი ტკივილით იმეორებს აპრილის სახელს და თეთრ სულს უწვდის ასაკენკად პატარა ჩიტებს...“ ხოლო, თუ როგორ განიცადა მან პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობა, ნათლად ჩანს მის ამ ლექსშიც: „გადამწვარი ღრუბლები“: გუშინ მეორედ მოკლეს ილია, მოკლეს ილია კედლებთან, სადაც ის გაიზარდა და გაილია ლამპრად, სანთელად, საკმევლად, დარდად... მას გაუგმირეს მეორედ შუბლი, მას განივთებულს სხეულში ძეგლის, ის იდგა სკოლის – გადამწვარ ღრუბლის ფონზე და ელდა, ვით წვერი ეკლის გულს უჩხვლეტავდა ელვების ქუფრით...“ რომელიც დათარიღებულია „1991 წ. 22 დეკემბერი - 1992 წ. 10 იანვარი“.
შევარდნაძის ჩამოსვლისთანავე შეიქმნა ე.წ. სახელმწიფო საბჭო ედუარდ შევარდნაძის, თენგიზ კიტოვანის, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ სიგუას შემადგენლობით, რომლებმაც დაიწყეს სახელმწიფო ქონების ხარბად ძარცვა; თენგიზ სიგუა თავად იქცა „პრივატიზაციის“ კანონშემოქმედად (რასაც ხალხმა უმალ უწოდა „პრიხვატიზაცია“) და სერიული დადგენილებების გამოცემით მიზერულ ფასად გაყიდა მრავალმილიონიანი საწარმო-დაწესებულებები და ქარხნები; ასე მაგალითად: 1992 წლის 30 აპრილს, თენგიზ სიგუას „მთავრობამ“ მიიღო დადგენილება №482 „სახელმწიფო გაერთიანება „საქკურორტმშენის“ საქართველოს რესპუბლიკის არქიტექტურისა და მშენებლობის საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემის შესახებ“. ამგვარი დადგენილებებით, პუტჩისტებისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა სახელმწიფო დაწესებულების, ორგანიზაციებისა და ქარხნების კარი გაიხსნა ლეგალური ყაჩაღობისათვის. 1998 წლის 15 ივლისს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული დადგენილება არაკონსტიტუციურად გამოაცხადა, მაგრამ ამ დადგენილებას თავისი შავი საქმე უკვე შესრულებული ჰქონდა; საქართველო და მისი მოსახლეობა სიღატაკის უფსკრულში ჩავარდა, რომლიდანაც ამოყვანა, არცერთ პოსტ-შევარდნაძისტულ ხელისუფლებას არ უცდია, არამედ, ინერციით გააგრძელეს საქართველოს ჩაძირვა. ქვეყანაში დაიწყო, ლუკმა-პურის მაძიებელთა აქტიური შიდა და საზღვარგარეთ მიგრაციის კატასტროფული პროცესი."
ნანახია: (2948)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას