logo.png

 

Lela Chkhartishvili

 

ციკლიდან: „მოგონებანი გარდასულ დღეთა.“

"დიღმის მასივის აი, ასეთ ,,ხრუშჩოვკის" ტიპის ბინაში დავიბადე და გავიზარდე...რა საიდუმლოებებს მალავენ და იტევენ ზოგადად სახლები?!..,,პატარა სახლი, როგორც ნალია, თვით სასახლეზე იდუმალია"..(გალაკტიონი)..ან კიდევ ბოდლერისა არ იყოს, ,,თითოეული ფანჯრის მიღმა ცხოვრებაა, ტანჯვა, ოცნება, ფიქრი ადამიანისა"...ახლა, რა თქმა უნდა, ,,სხვა ხალხის ისმის იქ ჟრიამული", მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლი (და ეს თითქმის ყოველდღე ხდება, რადგან ახლაც იქვე, სულ რაღაც 100 მეტრში ვცხოვრობ)..სულ ვფიქრობ..მახსოვს თითქმის ყველა ბინის ინტერიერი, ავეჯი, რემონტი, აურა, სუნიც კი.(თითქოს ამ ყველაფერს გააჩნდეთ გრძნობიერება, მეობა, ხასიათი)...ცალკე თემაა მათში მცხოვრები ადამიანების ბედი, ისტორია. იმ კონკრეტულ დროსა და სივრცეში რომ დაიდეს ბინა, ამ ასანთის კოლოფისხელა ოთახებში, როგორც აბრეშუმხვევია მოიკალათებს ხოლმე მის მიერვე საგულდაგულოდ დახვეულ პარკში, ბნელ და მყუდრო წიაღში, ჭუპრად რომ იქცეს...და მერე, ვინ იცის, რა ბედენა გამოვა..ყოველი ახალი ოჯახიც პეპელას ჭუპრს ჰგავს...ამ ჭუპრის გარსი უნდა გაირღვეს და ახალი სიცოცხლე დაიბადოს..გამოიჩეკოს...გარეთ გააღწიოს, სიბნელიდან სინათლეზე და მერე თავისუფლად გაშალოს ფრთები..ოქროს სიტყვებია: ,,ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს. ყველა უბედური ოჯახი კი თავისებურად არის უბედური.." ბავშვობიდან ვუყურებდი ქართველი ქალების მოთმინების მაგალითს.. რას უძლებდნენ?! ათასნაირი ზნის ქმრებს...არ მინდა ვინმემ ფემინისტობა დამწამოს, მასე რილკეც ფემინისტი გამოდის, როცა ქალების ნეტარ მოთმინებაზე წერს...წერს იმაზე, თუ როგორ დაიღალნენ ქალები.....რადგან მათ მთელი სიყვარული, ოჯახი და ყველაფერი თავიანთი სუსტი მხრებით ატარეს...რომ დიალოგის ორივე ნაწილს ისინი ახორციელებდნენ და როგორ ამაღლდნენ ბედოვლათ მამაკაცებზე.. გასცდნენ მათ და გადალახეს...რომ მათი ტანჯვა მკაცრ, ყინულოვან ბრწყინვალებაში გადაიზარდა..დამთხვეული და ლოთი ქმრების გვერდითაც კი ისინი შინაგან ციმციმს ინარჩუნებდნენ და ანათებდნენ, როცა ხალხში გამოდიოდნენ, თითქოს მთელი ცხოვრება ნეტარ წმინდანებთან ჰქონოდათ საქმე"..აბა, რა კადნიერებაა?!... რილკეზე უკეთესად რას იტყვი და რას დაწერ?..მაგრამ მეც გაოცებული ვარ მათი მოთმინებით და გამძლეობით..... მოკლედ, მე ვწერ ჩემი კორპუსის ქალებზე...აგერ, იმ დღეს მეოთხე სართულს შევავლე თვალი და ტრაგიკომიკური ისტორია გამახსენდა.. ჩემი ბავშვობისდროინდელი..გუშინდელივით მახსოვს.. გავიხედოთ და, ერთ დღეს რაღაც საზარელმა კივილმა გაგვაღვიძა, მეოთხე სართულიდან გამოდიოდა ხმა...მაშინ სიკვდილი ჯერ კიდევ საშინელება იყო...და ,,ღობის ჩხირად" არ ითვლებოდა..მთელი კორპუსი მოგროვდა და მიაწყდა მეოთხე სართულს. დეპეშა იტყობინებოდა, რომ გარდაიცვალა ოჯახის მამა და მარჩენალი....შეიქმნა ერთი ვაი-ვიში და მოთქმა-გოდება...,,ვაი, რა ბოძი წაიქცა, სახლ-კარი თავს დაგვექცაო!" - ტიროდნენ ოჯახის წევრები. მოკლედ გამოიგლოვეს ეს კაცი ..მეორე დღეს ელოდებოდნენ ცხედრის ჩამოსვენებას მოსკოვიდან და ჰოი, უცნაურობავ, თავად ეს კაცი (რომელიც, როგორც შემდეგ გაირკვა, თავად გახლდათ სწორედ დეპეშის ავტორი) არ გამოეცხადათ?! საღსალამათი და კაი ნაპატიებიც კი...ანუ ფერხორცით სა(მ)სე...ისმის კითხვა, რაში დაჭირდა ამ კაცს ამ ცირკის მოწყობა და თავისი ცოლ-შვილის ასე დაზაფრვა და გაბიაბრუება?!. როგორც გაირკვა, იმდენად შეეპყრო არასრულფასოვნების კომპლექსს, რომ გადაწყვიტა, ექსპერიმენტი ჩაეტარებინა და გამოეცადა თავისიანები, რამდენად დასწყდებოდათ გული და ვინ როგორი ხმით და ტონალობით დაიტირებდა...თავისი მნიშვნელოვანობის ხაზგასმა მოიწადინა კაცმა და დაუმტკიცა თავს, ეშმაკმა უწყის, რა?!..რაც მთავარია, თვითონ უწყოდა და თვითკმაყოფილიც კი ჩანდა იმ დღეს. ჩვენ, ბავშვებს, ეს მოვლენა, დიდხანს გაგვყვა თავშესაქცევ თემად...და მართალი გითხრათ, დღემდე დარჩა გამოცანად...ხოდა კიდევ ბევრი რამის თქმა შეიძლება ქართველ კაცებზე. მათ გასაოცარ ხრიკებზე და სხვადასხვა მიეთ-მოეთზე.. ამ და ბევრი რამის შემხედვარემ, მსურს, ხმამაღლა განვაცხადო: გმირები ხართ თქვენ, ქართველო ქალებო, ასეთი ,,რაინდების" ხელში...და აფერუმ თქვენს დედაკაცობას და მოთმინებას!..თეიმურაზ ხევისთავისა არ იყოს, ღმერთმა მოგცეთ: ,,მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო!".."

p.s. რუსტამ ბაზაროვის ნახატი: „ხრუშჩოვკა.“

წერს ლელა ჩხარტიშვილი.

 

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ღია ცის ქვეშ

ნანახია: (861)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას