logo.png

აზერბაიჯანული ჯავშანტექნიკის განადგურების კადრები სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს გაავრცელა.

უწყების ცნობით, სომხეთის ჯარმა გაანადგურა აზერბაიჯანელთა სამი ტანკი, ჩამოაგდო ორი ვერტმფრენი და სამი უპილოტო საფრენი აპარატი.​ თავდასხმის ლოკაცია განცხადებაში მითითებული არ არის.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ მიზეზიც დაასახელა: სომხეთის მიერ კონტროლირებად მთიან ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში აზერბაიჯანულმი მხარე სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს.

ყარაბაღის დე ფაქტო მთავრობის დანიშნულმა ომბუდსმენმა ტვიტერზე დაწერა, რომ აზერბაიჯანის მხარემ სულ მცირე, ორი სამოქალაქო პირი იმსხვერპლა - ქალი და ბავშვი. ათეულობით სხვა ადამიანი დაშავდა.

საომარი მდგომარეობა და სამხედრო მობილიზაცია ჯერ მთიან ყარაბაღში, მოგვიანებით კი მთელ სომხეთში გამოცხადდა. განკარგულება ნიკოლ ფაშინიანმა  ფეისბუქითაც გაავრცელა.

სომხეთში საბრძოლველად მთელი დღეა მოხალისეები იკრიბებიან.

ამჯერადაც, როგორც კონფლიქტის გამწვავების წინა შემთხვევების დროს, დაპირისპირებული მხარეები კონფლიქტის გამწვავებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ პირველებმა დღეს დილით სომეხმა სამხედროებმა გაუხსნეს ცეცხლი მათ დასახლებულ და სამხედრო პუნქტებს.

აზერბაიჯანულმა სააგენტოებმა გაავრცელეს კადრები, როგორ ანადგურებს დღეს აზერბაიჯანული საჰაერო ტექნიკა სომხურ რადარს.

თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაჰიმ კალინმა კონფლიქტის გამწვავებაში სომხეთი დაადანაშაულა. მან აზერბაიჯანს მხარდაჭერა გამოუცხადა, სომხეთს მოუწოდა, დაასრულოს ოკუპაცია და მიმართა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის შექმნილ მინსკის ჯგუფის ქვეყნებს ზეწოლა მოახდინონ სომხეთზე.

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა თურქეთს ამ კონფლიქტში ჩართვის საშუალება არ მისცეს.

კონფლიქტის გამწვავებას წინ უძღოდა აზერბაიჯანული მხარის მიერ ჩატარებული საჰაერო და სახმელეთო წვრთნები.

პარალელურად ბოლო დღეების განმავლობაში სომხეთშიც ორ პოლიგონზე მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი რუსული სამხედრო სწავლება "კავკაზ 2020". 

იგივე სწავლება მიმდინარეობდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კასპიის ზღვაზე. ამ სწავლებების საბაბით, სომხეთის სტრატეგიულ მოკავშირე რუსეთს რეგიონში მობილიზებული ჰყავს 85 ათასი სამხედრო და მძიმე ტექნიკა. 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 2016 წლის ნოემბერში მოაწერა ხელი შეთანხმებას რუსეთისა და სომხეთის სამხედრო დაჯგუფების შესაქმნელად.

შეთანხმების შესაბამისად, სამხედროთა გაერთიანებულმა დაჯგუფებამ უნდა დაიცვას რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრების ნაწილები და საჰაერო სივრცე. გარდა ამისა, ქვეყნები შეთანხმდნენ იმის თაობაზე, რომ შეექმნათ ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემა. 

ქართველი ექსპერტების შეფასებით, რუსეთის როლი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ცნობილია, რომ ის იარაღით ორივე მხარეს ამარაგებდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთი სომხეთის დასახმარებლად საქართველოს ჰუმანიტარულ დერეფნად გამოყენებას შეეცდება. საქართველომ კი ამ დროს მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი.

ბოლო მონაცემებით სომხურ მხარეს გარდაცვლილია 16, ასზე მეტი კი დაჭრილია.

დღეს რომის პაპმა ფრანცისკემ საკვირაო ქადაგებისას ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე, წმინდა პეტრეს მოედანზე, კვირის ქადაგებისას ისაუბრა.

აზერბაიჯანსა და სომხეთის შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი 1988 წელს დაიწყო. აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღი სომხეთს აქვს ოკუპირებული.

1994 წელს მხარეებმა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს, მაგრამ შეთანხმება არაერთხელ დაირღვა.

ამ თემაზე ბოლო პერიოდში რამდენიმე დისკუსია გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის.

ყველაზე მეტად ვითარება ბოლო პერიოდში 2016 წლის 2 აპრილს გამწვავდა, როცა კონფლიქტის ზონაში აზერბაიჯანის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოაგდეს. წელსაც ივლისში გამწვავებულ კონფლიქტს ორივე მხრიდან 36 ადამიანი ემსხვერპლა.

ნანახია: (987)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას