logo.png

19 თებერვალი - ერთი დღის გამარჯვება!

 

1921 წლის 25 თებერვალს ტრაგიკულად დასრულდა თავისუფლებისათვის ბრძოლის მორიგი ეტაპი ქართველი ერის ცხოვრებაში. მაგრამ დამპყრობთან ბრძოლის  შუაგულში იყო დღე, რომელმაც სასახელო ფურცელი ჩაწერა ჩვენი ერის უთანასწორო ომების მატიანეში.

17 თებერვალს - სამხედრო ძალებს სათავეში ჩაუდგა მთავარსარდალი გენერალი კვინიტაძე. 18 თებერვალს - იაღლუჯის მიდამოებში ქართველმა მეომრებმა მოიპოვეს საბრძოლო წარმატება. განსაკუთრებით თავი ისახელეს თბილისის სამხედრო სკოლის იუნკერებმა, რომლებმაც მტერი ქოროღლის ციხის, კუმისის და ვაშლოვანის იქით განდევნეს. უკვე 19 თებერვალს, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან რუსების უპირატესობა აშკარად იგრძნობოდა, ქართულმა ჯარმა წითელ არმიას ძლიერი დარტყმა მიაყენა და უკან დაახევინა.

ქართველი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გმირობის შედეგი იყოამ დღის გამარჯვება და 1600-მდე წითელარმიელის დატყვევება!

კულტუროსან საქართველოს რჩეულმა შვილებმა - ქართველმა ჯარისკაცებმა - იგრძნეს სავსებით საბედისწერო დღის სიმწვავე, გააფრთრებული ლომებივით თავგანწირვით ეკვეთნენ მოსულ კალია მტრის ჯარს და სამარე გაუთხარეს მას შეხლის გზაზე. დიაცის მანდილი მოახვიეს მას სახეზე, კურდღლებივით ჩამოლალეს თბილისის ქუჩებზე ყეყეჩი რუსი მუჟიკები. 19 თებერვლის გამარჯვებით ჩვენმა ჯარმა სამარადისო გვირგვინი დაიდგა განათლებული კაცობრიობის თვალში“, - წერდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე ქართველი ჯარისკაცების გამარჯვებაზე.

რუსი ტყვეები მართლაც ჩამოატარეს რუსთაველის გამზირზე, რის შესახებაც ცნობა ქართულმა გაზეთებმაც გამოაქვეყნეს.

გუშინ კიდევ ჩამოიყვანეს ფრონტიდან დიდძალიწითელიტყვეები. როგორც პირველ დღეებში ჩამოყვანილი ტყვეები, ესენიც მეტად ცუდ შთაბეჭდილებას ახდენდნენ. ნახევრად ტიტვლები, დამშეულები, ძალზე მოქანცულნი და ძალზე სასომიხდილნი, მაღაზიებში მსუნაგ ძაღლებივით იყურებოდნენ. მათ დიდად გაუკვირდათ, როცა დაინახეს მაღაზიებში პური, ხორცეულობა და სხვა სურსათი”, - წერდასაქართველოს რესპუბლიკა“...

მაგრამ 19 თებერვალი იყო კიდევ დიდი მწუხარების დღეც - ამ დღეს  თავისუფლებისთვის ბრძოლას მრავალი თავდადებული მამულიშვილი შეეწირა, რომელთა შორის იყო მოწყალების და მარო მაყაშვილი.

მაროს მამამ, პოეტმა კოტე მაყაშვილმა, მოგვიანებით ერთად დაიტირა დაღუპული შვილი და დაღუპული სამშობლო:

მაროს

 

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა - ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

1921 . კოტე მაყაშვილი

 

ნანახია: (1693)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას