logo.png

 

მართა კასრაძე

 

"2008 წლის აგვისტოს ბოლოს ჩემი 12 წლის დეიდაშვილი, სოფელ ერედვიდან დევნილი ბიჭი კოტე მიდოდაშვილი მე და ჩემმა მეუღლემ კახეთში წავიყვანეთ. სახლი გვაქვს იქ პატარა ეზო-ბაღით, კახური ხვატისა და უწყლობის მიუხედავად, მაქსიმალურად გამწვანებული.

მანქანა ბოლომდე არ იყო გაჩერებული, როცა ბავშვმა კარი გააღო და მწვანე ბალახზე გაგორდა, თან სიამოვნებისგან კრუტუნებდა. როცა მისი დიდი, ცრემლით სავსე თვალები შემომეფეთა, მეც ამივარდა ტირილი და მაგრად ჩავიკარი გულში. ბავშვი აზლუქუნდა და შემევედრა: ხშირად ჩამომიყვანე აქ, ასე მგონია, ჩემს სოფელთან ახლოს ვარ და მსიამოვნებს, თბილისში კი ტყვე მგონიაო ჩემი თავი.

მთელი ღამე იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამეღვიძებინა ამ პატარა ბიჭის გულში იმედი და გამექარწყლებინა აუტანელი ტყვეობის განცდა, რომელიც, ეგებ, მასზე მეტად მე მქონდა. თან ჩემი ნუგეში მართალი უნდა ყოფილიყო, ყალბი პათეტიკისა და ცრუდაპირების გარეშე, რომელიც ასეთ დროს იჩენს ხოლმე თავს... შეუძლებელია, ღვთისთვის სათნო საქმე გეწადოს და ამ საქმეში მყისიერად არ მოგემართოს ხელი . ამ საგონებელში წმინდა გიორგის ტროპარი გამახსენდა, სადაც დიდმოწამეს, როგორც ტყვეთა გამათავისუფლებელს, ისე მივმართავთ. მთელი ჩვენი ისტორია ხომ ომისა და ბრძოლის ქრონიკაა, აღმასვლით, დაცემით, მერე ისევ აღმართს შედგომით და ასე, იმედია, საბოლოო გამარჯვებამდე... საქართველოში წმ. გიორგის სახელზე აგებული 363 ტაძარიც ხომ არაა შემთხვევითი მოვლენა. ისიც გამახსენდა, რომ კოტეს სოფელში მეცხრე საუკუნის უნიკალური ტაძარი სწორედ ამ დიდი მეოხის სახელს ატარებს, ხოლო მის თავზე, უკიდეგანო მთებში, მთელი ქართლის მცველად და ფარად წამომართულა გერის უძლიერესი და მადლმოსილი სალოცავი ასევე წმინდა გიორგის სახელობისა. აღვიდგინე ტოპონიმის საინტერესო ისტორიაც: როგორ გადამალა თავისი საყვარელი გერი, აფხაზთა სამეფო ოჯახის შვილიშვილი, მეფე ფარსმანმა მტრის შემოსევის დროს ამ მიუვალ მთებში წმ. გიორგის ხატთან ერთად. ვინ იცის, როგორ ავედრევდა უფალს პატარა უფლისწული თავის ქვეყანასა და საკუთარ თავს მოსალოდნელი ტყვეობისაგან დაცვას...

მეორე დღეს მთელი ოჯახი თვალთაის წმინდა გიორგის პატარა სალოცავში წავედით, რომელიც საგარეჯოს ზემოუბანში, ტყით დაფარული მთის კალთაზე, ერთ ადგილას მოშიშვლებულ კლდოვან ქანებზეა ამოზრდილი. მისკენ მიმავალმა ბილიკმა კოტეს გერის გზა გაახსენა, მე კი ხელ-ფეხი გამეხსნა ძალდაუტანებელი, ბუნებრივი საუბრის დასაწყებად. დღის ბოლოს ბიჭის თვალებში იმედი დავინახე, უფრო მეტიც, ეს მან სიტყვითაც გამოხატა — ახლაც და მშობლიურ სოფელში დაბრუნების შემდეგაც წმ. გიორგის მადლობელი იქნებოდა სამუდამოდ!

ამ იმედის მარადიულობა მინდა გისურვოთ ყველას — მიღწეული მიზნის, ჩვენს ამქვეყნიურ სამოთხეში დაბრუნების შემდეგ გაგრძელებული მიწის სიყვარული მისი სამუდამო შენარჩუნებისთვის...

როცა კახეთში ვარ, გული მტკივნეულად მეკუმშება, ჩემი აქაური მეზობლების მოასფალტებულ ეზოებსა და ბოქლომჩაჟანგებულ რკინის ჭიშკრებს რომ ვუყურებ. სულ მეფიქრება იმაზე, რომ მარადიული ღირებულებების დროულად დაფასების შემთხვევაში მტერი ვერაფერს დაგვაკლებს! არა?!"

წერს მართა კასრაძე

ნანახია: (654)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას