logo.png

Giorgi Geguchadze

"როგორ მივედით 8 აგვისტომდე, ანუ ქრონოლოგია მათთვის, ვინც ამტკიცებს, რომ ომი საქართველომ დაიწყო.

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ საკმაოდ არასახარბიელო იყო ბორის ელცინის ადმინისტრაციის დროსაც, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2000 წლის გაზაფხულზე პუტინი გახდა პრეზიდენტი, საქართველოს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. პუტინის მმართველობის პირველივე წლებიდან დაიწყო საქართველოს ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზების მშენებლობა და განვითარება, რუსეთის გენშტაბის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ომის მომზადების გეგმა, პუტინის აქტიური შეხვედრები სეპარატისტთა ლიდერებთან, აფხაზეთსა და ცხინვალში ქართული მოსახლეობისათვის რუსული პასპორტების დარიგება.

2008 წლის 4 აპრილს გამოქვეყნდა ნატოს სამიტის კომუნიკე, რომელიც პირდებოდა საქართველოს ნატოს სამომავლო წევრობას.

8 აპრილს რუსეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ,,გააკეთებს ყველაფერს, რომ არ დაუშვას უკრაინისა და საქართველოს ნატოში გაწევრიანება".

17 აპრილს ოჩამჩირეში განთავსდა 300 მდე რუსი ჯარისკაცი.

20 აპრილს რუსულმა თვითმფრინავმა ჩამოაგდო ქართული დრონი, რომელიც აფხაზეთში რუსული სამხედრო ძალების ზრდას აკვირდებოდა.

31 მაისს რუსეთმა 400 სამხედროს დაავალა სოხუმსა და ოჩამჩირეს შორის სარკინიგზო ხაზის აღდგენა, რომელიც ხელს შეუწყობდა სამხედრო ტვირთების შემოტანას რუსული შემოჭრის დასახმარებლად.

3 ივლისს მოხდა დიმიტრი სანაკოევის წინააღმდეგ მიმართული აფეთქება, სადაც დაიჭრა რამდენიმე ქართველი პოლიციელი.

3-4 ივლისის ღამეს ამ ინციდენტს მოჰყვა საცეცხლე შეტაკებები.

10 ივლისს კავკასიის გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვა განაცხადა, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები ემზადებოდნენ სამხრეთ ოსეთში შესაძლო საომარი მოქმედებების დასაწყებად, ვითომდა მათი მოქალაქეების დაცვის მიზნით.

15 ივლისს რუსულმა ჯარმა დაიწყო მასშტაბური სამხედრო სწავლება-წრთვნა, ანუ გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც რამდენიმე კვირაში განახორციელეს.

2 აგვისტოს, სწავლების დასრულების შემდეგ ზოგი რუსული სამხედრო ნაწილი არ დაუბრუნდა თავის მუდმივ ბაზას და საქართველოს საზღვრის სიახლოვეს დარჩა.

24_28 ივლისს მოხდა რამდენიმე აფეთქება ცხინვალის სამხრეთ მიდამოებსა და ქართულ სოფელ ავნევში.

29-31 ივლისს მიდიოდა საცეცხლე შეტაკებები ქართულ სოფელ სვერსა და სამხრეთ-ოსური კონტროლის ქვეშ მყოფ სოფელ ანძისს შორის.

1 აგვისტოს ერედვი-ხეითის ქართულ შემოვლით გზაზე მოხდა აფეთქება, სადაც დაიჭრა ხუთი ქართველი პოლიციელი.

1_2 აგვისტოს საღამოსა და ღამის განმავლობაში რუსეთი ახორციელებდა სნაიპერული და ნაღმტყორცნი ცეცხლის ინტენსიურ და ფართო გავრცელებას.

4 აგვისტოს ცხინვალის რეჟიმის ლიდერმა კოკოითმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ ოსეთიდან შემოვიდა 300 მოხალისე და იგი ელოდა მათი რაოდენობის 2000 მდე გაზრდას.

5 აგვისტოს რუსული სამხედრო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვიქტორ ვოდოლაცკიმ განაცხადა, რომ მისი ორგანიზაცია მზად იყო სამხრეთ ოსეთში საქართველოსთან საომრად მებრძოლთა გასაგზავნად. რუს კაზაკთა სხვა ჯგუფების ლიდერებმაც გამოთქვეს ამისთვის მზადყოფნა.

6 აგვისტოს შუადღიდან საცეცხლე შეტაკებები მიდიოდა ქართულ და სამხრეთოსეთულ მხარეებს შორის კონტაქტების თითქმის მთელ ხაზზე. განსაკუთრებით ცხელი წერტილები იყო ავნევი- ხეთაგუროვის და დმენისი- ფრისის (ცხინვალის აღმოსავლეთით) არეალებში.

6 აგვისტოს დიდი რაოდენობის რუსული სამხედრო ძალები მოძრაობდნენ როკის გვირაბის მიმართულებით. საქართველოს სამხედრო გზა სავსე იყო რუსული ტანკებით და სამხედრო კოლონებით.

7 აგვისტოს რუსულმა ჯარმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რასაც მოჰყვა საპასუხო სროლა ქართული მხრიდან. ცხინვალის რეგიონში ცეცხლი გაგრძელდა 7 აგვისტოს შუადღემდე.

8 აგვისტოს დილის დაახლოებით 6 საათზე რუსული შტაბიდან ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს ქართველ ჯარისკაცებს, როდესაც ისინი შევიდნენ სამხრეთ ცხინვალში.

7 აგვისტოს, 23:35 საათზე, სააკაშვილმა დაურეკა საქართველოს გენშტაბის უფროსს ზაზა გოგავას და მისცა ორი ბრძანება: შეეჩერებინა ცხინვალის მიმართულებით მოძრავი და როკის გვირაბიდან გამომავალი რუსული კოლონები და ჩაეხშო ქართული პოზიციებისა და სოფლების დაბომბვა. ზარის დასრულების შემდეგ მან კვლავ დაურეკა და პატარა კორექტირება შეიტანა მის პირვანდელ ბრძანებაში: ,,სამოქალაქო მსხვერპლის მინიმუმამდე დაყვანა".

ამ ბრძანების მიღების შემდეგ ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს სამხედრო ოპერაცია. რუსული შეიარაღებული ძალები მთელი ომის (7_12 აგვისტო) განმავლობაში შემოდიოდნენ საქართველოში როკის გვირაბითა და აფხაზეთის გზით. რუსეთის სახმელეთო ძალებს აქტიურად უჭერდა მხარს მისივე ავიაცია, რომელიც ბომბავდა საქართველოს და სამხედრო ფლოტი, რომელმაც საქართველოს სანაპიროს ბლოკადა მოახდინა.

ცხადია, ფაქტების ქრონოლოგიურმა ანალიზმა უკვე დაადასტურა, რომ პირველად ცეცხლი გაიხსნა მოწინააღმდე მხარის პოზიციებიდან, პირველი მსხვერპლი იყო ქართველებში, იბომბებოდა ჯერ კიდევ მაშინ ქართული სოფლები, სანამ სააკაშვილი გასცემდა საპასუხო ცეცხლის გაცემის ბრძანებას. საქართველოს რომც პირველად დაეწყო საომარი მოქმედებები, ეს იქნებოდა აბსოლუტურად ლეგიტიმური.

რა ნარატივიც არ უნდა გავატაროთ საზოგადოებაში, დაიწყო თუ არ დაიწყო საომარი მოქმედებები საქართველომ, რეზულტატი არის ერთი - ყველა შემთხვევაში ქმედება იყო სამართლიანი და ლეგიტიმური. ნებისმიერ სხვა მხარეს დგომა, არის ისტორიის არასწორ მხარეს დგომა და საკუთარი ქვეყნის დადანაშაულება თუნდაც მის მიერ დაწყებულ ომში არის უგუნური საქციელი, თუ მოღალატეობრივი არა."

წერს თეოლოგი გიორგი გეგუჩაძე

ნანახია: (793)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას