logo.png

30 ივლისს (ძვ. სტ. 17 ივლისს) ქრისტეს ეკლესია იხსენებს წმინდა დიდმოწამე მარინეს

დიდმოწამე მარინე, წმინდათა ცხოვრება, თვენი, ივლისი, ქველი, qwelly, july

      წმ. მარინე პისიდიის ანტიოქიაში წარმართ ქურუმის ოჯახში დაიბადა. დედა ადრე გარდაეცვალა. ზრდიდა ქრისტიანი ძიძა.

      იმპერატორ დიოკლეტიანე დროს დაიწყო ქრისტიანების სასტიკი დევნა. მართლმორწმუნეთა დასასჯელად ანტიოქიაში მიმავალი ეპარქი ოლიმბრი გზად თხუთმეტი წლის მარინეს გადაეყარა, მოიხიბლა მისი მშვენიერებით და ვინაობა და წარმომავლობა ჰკითხა. სათნო ქალწული თავმდაბლად პასუხობდა შეკითხვებზე, არ დაუმალავს, რომ ქრისტიანი იყო, ემზადებოდა ნათლობისათვის და ქრისტესთვის აპირებდა ცხოვრების მიძღვნას. ეს რომ შეიტყო, ოლიმბრმა თანმხლებ მეომრებს მისი შეპყრობა და ქალაქისკენ გაყოლიება უბრძანა, თან ფრთხილად ეპყრობოდა ასულს, იმედი ჰქონდა, რომ დაიყოლიებდა რწმენის უარყოფაზე და ცოლადაც შეირთავდა.

      მეორე დღეს წმინდანი სამსჯავროზე წარადგინეს. ეპარქმა ურჩია, კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა, მაგრამ ვერც პირფერობამ გაჭრა და ვერც მუქარამ. შემდეგ საპყრობილეში ჩასვეს.

      საპყრობილეში გამომწყვდეული ქალწული დაუდუმებლად ლოცულობდა და მაცხოვარმაც წყალობის თვალით მოხედა თავის მსასოებელს: ღამით მარტვილის თავზე ჯვარი გაბრწყინდა, რომელსაც თეთრი მტრედი დაადგა და გაისმა ხმა: ,,აროდენ, რამეთუ მალე ბრძენ ქალწულთა თანა ღირს იქმნები შესვლად ქორწილსა შინა სიძისა შენისასა, უკვდავისა მეუფისა ზეცათასა!“

      მადლმოსილი სიტყვებით გამხნევებულმა მოწამემ იგრძნო, რომ წყლულებიც უმთელდებოდა, გული სიხარულით აევსო, ადიდა უფალი და მეორე დღეს სულით და ხორცით ახოვანქმნილი წარდგა მსაჯულის წინაშე.

      მომხდარი სასწაული ეპარქმა კერპებს მიაწერა და მარინეს კვლავ მათი თაყვანისცემა მოსთხოვა, მაგრამ ნეტარმა აღმსარებელმა ისევ და ისევ ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა.

      წმინდანი მრავლი გზით აწამეს. ბოლოს კი წყლით სავსე უზარმაზარ კოდში ჩააგდეს. დასახრჩობად განწირული მარინე ღვთაებრივმა ნათელმა გააცისკროვნა, საკვრელები თავისით შეეხსნა და კვლავ ცოცხალი დარჩა. საკვირველმა სახილველმა განცვიფრებაში მოიყვანა ხალხი. ბევრმა ირწმუნა და ადიდა ჭეშმარიტი ღმერთი, ეპაქი კი გააფთრდა და ბრძანა, ამოეჟლიტათ ყველა, ვინც ქრისტეს აღიარებდა.

      სასჯელის წინ დიდმოწამე დიდხანს ლოცულობდა ყველასათვის. უცებ მიწა იძრა, ხალხი შეძრწუნდა. შეშინებული ჯალათი მიწაზე დაეცა. თვით უფალი იესო ქრისტე გამოცხადდა ზეციდან თავის მოწამესთან, თავის საუკუნო განსასვენებელში მოუხმო და ხელები გაუწოდა, რათა მიეღო მისი მშვენიერი სული.

      აღწერელი სიხარულით აღვსილმა მარინემ ჯალათი წამოაყენა, ევედრებოდა, სწრაფად დაესრულებინა სიკვდილით დასჯა და მახვილს თავი მშვიდად შეუშვირა.

      ასე დაასრულა თავისი მოწამეობრივი ღვაწლი წმინდა დიდმოწამე მარინემ. ამ დღეს 1500 ქრისტიანი ეწამა.

ნანახია: (1401)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას