logo.png

 დიქტატორის აღსასრული 

30 წლის წინ დახვრიტეს რუმინეთის სახელმწიფოს მეთაური ნიკოლაე ჩაუშესკუ

 

                                    

თავისი  მმართველობის ბოლო წლებში რუმინეთის მმართველმა ჩაუშესკუმ ქვეყანა მიიყვანა ეკონომიის აბსურდამდე, მოსახლეობის გაღატაკებამდე და საიდუმლო პოლიციის - სეკურიტატეს შეუზღუდველ ძალაუფლებამდე.

მასობრივი მღელვარებების მიუხედავად, დიქტატორი დაიმედებული იყო, რომ მის რეჟიმს ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. მას შემდეგაც კი, რაც აჯანყებამ ტიმიშოარაში  მოიტანა მსხვერპლი - 60 დაღუპულისა და 253 დაჭრილის სახით, ის მშვიდად გადაფრინდა მოლაპარაკებებისთვის ირანში, მაგრამ მალევე მოუხდა დაბრუნება, რათა ეხილა საპრეზიდენტო სასახლესთან აბორგებული ბუქარესტი.

ხალხის ტალღები ერთმანეთზე გადადიოდა და ადამიანები წყევლა-კრულვას უთვლიდნენ ჩაუშესკუსა და მის მეუღლეს. ეს იყო სახალხო აჯანყება - პოლიტიკური სტრუქტურებისაგან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. რევოლუციური მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა - პოლიცია და არმია პარალიზებულ მდგომარეობაში იყვნენ, ხოლო მაღალჩინოსან სამხედროთა ნაწილი აჯანყებულთა მხარეს გადავიდა,

რაც შეეხება საიდუმლო პოლიციას, მას დიდი როლი ეკისრებოდა რეჟიმის შენარჩუნებაში, მაგრამ აჯანყების დროს ისინი მიხვდნენ, რომ დიქტატორის ბედი გადაწყვეტილი იყო და უარი უთხრეს რეჟიმს მხარდაჭერაზე.

ერთადერთი საშუალებაღა რჩებოდა  - გაქცევა!

 ვერტმფრენი დაეშვა პირდაპირ ქვეყნის მეთაურის სასახლის სახურავზე.

ცოლ-ქმარმა ჩაუშესკოებმა სცადეს მიმალვა პროვინციაში, მაგრამ აჯანყებულებმა იქაც მიაგნეს. ისინი გაასამართლეს რაღაც შუალედური მეთოდით - ლინჩის წესსა და რევოლუციურ ტრიბუნალს შორის.

როგორც მაშინდელი ოპონენტები აღნიშნავდნენ, ალბათ უმჯობესი იყო, პოლიტიკური პროცესი მოეწყოთ მისთვის, მაგრამ ხალხი იღუპებოდა ამბოხის მიმდინარეობისას და ჩაითვალა, რომ დიქტატორის ფიზიკური განადგურება დაამშვიდებდა პროცესებს. მართლაც ასე მოხდა.  ჩაუშესკუს სიკვდილის შემდეგ მეამბოხეთა მოწინააღმდეგეებმა დაყარეს იარაღი.

ნანახია: (1810)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას