logo.png

წმიდა ეფრემ ასურის შეგონება სიცილით სულიერი გარყვნის შესახებ

10 თებერვალი წმიდა ეფრემ ასურის ხსენების დღეა.

ცნობილია ქრისტეს გზაზე შემდგართა მიმართ მისი არაერთი შეგონება. წერილი, რომელიც ზღვარს გადასულ ემოციებს ეხება, ბერ-მონაზვნებისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მისი გაცნობა არც საერო პირთათვის უნდა იყოს ზედმეტი:

„მონაზვნის სულიერი გარყვნის დასაწყისი სიცილი და სილაღეა. იცოდე, მონაზონო, როდესაც შენს თავს ამას შენიშნავ, ცოდვების უფსკრულში ხარ დანთქმული, და ევედრე უფალს, გიხსნას ამ სიკვდილისაგან... სიცილი სტაცებს კაცს იმ ნეტარებას, რომელიც ღმერთმა მგლოვარეებს აღუთქვა (მათ.5, 40), არღვევს სულის კეთილ მიმართულებას, შეურაცხყოფს სული წმიდას, სულსაც ვნებს და ხორცსაც განხრწნის. სიცილი განაგდებს სათნოებებს, არ ახსოვს სიკვდილი, არ ფიქრობს საუკუნო სატანჯველზე“ (ფილოკალია, ტ.2, გვ. 448).

 

                                      წმიდა მამები იგივე თემაზე

 

 

ბარსანუფი დიდი და იოანე

 

მოურიდებელი საქციელი ორი სახისაა: ერთი ურცხვობიდან მომდინარეობს და ყველანაირი ბოროტების ფესვია, ხოლო მეორეს მხიარულება წარმოშობს; თუმცა, ეს უკანასკნელიც არაა სასარგებლო, მაგრამ, რადგან მათგან თავისუფალნი მხოლოდ ძლიერნი არიან, ხოლო ჩვენ, უძლურებს ეს არ ხელგვეწიფება, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება იმ სახის თავისუფალი ქცევის დაშვება, რომელიც მხიარულებიდან მომდინარეობს. მხოლოდ უნდა დავუკვირდეთ, საცდურს ხომ არ ვუგებთ ამით ძმას. ვინც არასრულყოფილია და ადამიანთა გარემოშია, ის ჯერ ვერ შეძლებს მეორე სახის მოურიდებელ ქცევას რომ გაექცეს. რადგან ეს არ შეგვიძლია, ამიტომ, დაე, ეს ჩვენს შეგონებას მოემსახუროს და არა ცდუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა მასთან შეუღლებული საუბრის შემცირებას შევეცდებით; იმიტომ, რომ მრავალსიტყვაობა კარგი არაა, თუმცა კი გარეგნულად რაიმე უგვანოს შეიძლება არც შეიცავდეს. იგივე უნდა ითქვას სიცილის შესახებ. ის უკრძალველი საქციელის ერთ-ერთი განშტოებაა. და ვინც უკრძალველ ქცევას ბილწსიტყვაობასთან აერთებს, ცხადია ასეთი ადამიანის სიცილიც ბილწია; ხოლო, თუ მოურიდებელი ქცევა მხიარულებიდან მომდინარეობს, მაშინ ცხადია, მისი სიცილიც მხოლოდ ხალისიანია. მაგრამ, რადგან ვთქვით, რომ მოურიდებელი ქცევა სრულიად უსარგებლოა, ამიტომ თავს უფლება არ მივცეთ და სიცილიც არ გავაგრძელოთ დიდხანს, არამედ აზრი შევაკავოთ და სიცილს თავი კეთილგონივრულად ავარიდოთ. მათ, ვინც ამ საკითხს თავისუფლად უყურებს, იცოდნენ, რომ ისინი მისგან სიძვაშიც ცვივიან.

წმ. იოანე ოქროპირი

 

ხშირად სიცილი და სახუმარო სიტყვები ცოდვად არ გვეჩვენება, მაგრამ ისინი ცოდვასთან მიმყვანებელია. ხშირად უჯერო სიცილისაგან ბილწსიტყვაობა იშვება, ბილწსიტყვაობისაგან კიდევ უფრო ბილწი საქმეები. ხშირად ამაოდმეტყველებითა და სიცილით - გინება და შეურაცხყოფა, დარტყმა და ჭრილობები, მათგან - სასიკვდინე წყლულები და მკვლელობანი იშვება. ამგვარად, თუკი საკუთარი თავის კეთილისმოსურნე ხარ, არა მარტო ბილწ სიტყვებს და საქმეებს, დარტყმებს, წყლულებსა და მკვლელობებს უნდა განეშორო, არამედ უდროო სიცილსაც და სახუმარო სიტყვებსაც. ისინი შემდგომში ბოროტების ფესვებს წარმოაგენენ.

 

იოანე სინელი

 

როცა ეშმაკი იხილავს, რომ გვსურს განვერიდოთ სიცილისა და ბასრობის შესაკრებელს, გვაცდუნებს და გვეუბნება: „შენი წასვლით ნუ დააბრკოლებ მოსაუბრეს“, ანნუ უჩვენებ მათ, რომ მოყვასზე მეტად ღმერთი გიყვარს“. გაიქეცი მათგან, ნუ შეჩერდები. წინააღმდეგ შემთხვევაში ლოცვის ჟამს სიცილისა და განცხრომის მოგონება დაგაბრკოლებს და დაგაბნელებს.

 

ნილოს სინელი

 

მომეტებულ სიცილს ერიდე, რადგან იგი სულს აუძლურებს, ხოლო მოუძლურებული სული ადვილად იხსნის კანონის უღელს.

 

ნიკოდიმოს მთაწმინდელი

 

როგორ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ჩვენი უადგილო სიცილი ღვთის ნების საწინააღმდეგო არაა? მაშინ, როდესაც განკაცებული უფალი ჩვენი არა მხოლოდ არასოდეს იცინოდა, არამედ გარდა ამისა, ოთხჯერ იტირა კიდეც და თავის სწავლებაში თქვა: "ვაი თქუენდა, რომელნი იცინით აწ, რამეთუ იგლოვდეთ და სტიროდით" (ლუკა 6, 25). ბასილი დიდი თავის კანონებში მონაზონთა შესახებ განსაზღვრავდა ერთკვირიან უზიარებლობას სიცილისათვის, უადგილო საუბრებისათვის ანდა სახუმარო სიტყვებისათვის: "თუ ვინმე ენამახვილობს ანდა უადგილოდ იცინის, ერთი კვირით უზიარებელი იყოს".

 

ნანახია: (1576)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას