logo.png
Zurab Aroshvili

გროზნო. ბოლო შეხვედრა პრეზიდენტ გამსახურდიასთან

Спохватиться (Внезапно вспомнить забытое, заметить ошибку, упущение, одуматься).
ალბათ ყველაზე კარგად ეს, ერთი რუსული სიტყვა გამოხატავს დღეს გაჩაღებულ რელიგიური ნიშნით ნერვოზს საქართველოში. ჩართულია მასმედია და სოც. ქსელები.
უცნაურია და თითქოს დღეს აღმოაჩინეს, რომ ილია მეორე პატრიარქია და იობი მიტროპოლიტი და ა.შ. თითქოს დღეს პირველად გაიგეს წითელი ინტელიგენციის და წითელი სამღვდელოების შესახებ.
არა ბატონებო. არაგულწრფელია თქვენი ეს დღევანდელი შფოთვა ამ ყველაფერზე.
30 წელზე მეტია რაც ამის შესახებ ითქვა აწ გარდაცვლილი დისიდენტების მიერ. და, სანამ მიწაში არ ჩააწვინა წითელმა ინტელიგენციამ და წითელმა სამღვდელოებამ ზვიად გამსახურდია მანამდე არ მოისვენა. დანარჩენები კი, ვინც აქტიურად არ მონაწილეობდით, დუმდით.
დუმდა არამარტო ხელისუფლებანი, რომლებიც იყო ამ 28 წლის განმავლობაში. არამედ, დუმდა მას-მედიაც.
ხშირად ისმის კითხვა -ვინ მოკლა ზვიადი?
აი, ამ წითლებმა მოკლეს. გაერთიანდა წითელი სამღვდელოება და წითელი ინტელიგენცია და მოკლეს. გადახედეთ 1992-1993 წლის სატელევიზიო კადრებს -პატრიარქს, ჯაბას, კიტოვანს, შევარდნაძეს და ა.შ. მათ სიტყვა-გამოსვლებს, საქმეს და მიხვდებით როგორ ერთსულ და ერთხორც შეითქვნეს და მოკლეს.
1993 წლის მარტიდან 27 წელი გავიდა. უკანასკნელად მაშინ ვნახე პრეზიდენტი გროზნოში. დიდი დრო გავიდა. შემდგომ ისე ტრაგიკულად განვითარდა მოვლენები, რომ ამაზე არასოდეს არ დამიწერია. სურვილი არ იყო და ვფიქრობდი, რომ არ იყო საჭირო. ან, ოდესმე დავწერდი. კაცი ამ სოფლად ასეულობით წელი ხომ არ ცხოვრობს, არა? დავწერ ამ ყველაფრის შესახებ. იყოს. ზოგი დაიჯერებს, ზოგიც არა. ამას მნიშვნელობა აღარ აქვს.
საღამოვდებოდა. მძღოლმა სამი კაცი მიგვიყვანა პრეზიდენტთან. უცნაური იყო. რაღაც რუსული კრემლის მსგავსი, გალავნიანი კოშკი იყო. არც კოშკი და არც კრემლი. ჭიშკარში სამხედრო ჯავშან მანქანა იდგა., რომლის ტყვიამფრქვევს ერჩოდა ზვიადის უმცროსი ვაჟი. პატარა იყო. ჩეჩენი ჯარისკაცები ცდილობდნენ რამენაირად მოეცილებინათ, მაგრამ ამაოდ. შენობის პირველ სართულზე მისაღები იყო, სადაც შუათანა ვაჟი ცოტნე ტელევიზორს უყურებდა. ახლგარზრდა ადგა და ზრდილობინად მოგვესალმა - მამა მეორე სართულზე კაბინეტში გელოდებათო.
ზვიადი გამოგვეგება კაბინეტიდან და მისალმების შემდგომ ოთახში მიგვიწვია. დიდ ოთახი იყო. ბოლოში, კუთხეში უზარმაზარი მაგიდა იდგა. ზედ დახვავებული უამრავი, ძველი ყავისფერი (გადაყვითლებული), მუყაოს საქაღალდეებით , „ДЕЛО“- ები. - ასე ეძახდნენ მაშინ ამ საქაღალდეებს. ამ მაგიდას კიდევ მივუბრუნდები. შუაში დიდი ტელევიზორი იდგა . რომელიღაც რუსული საინფორმაციო არხი იყო ჩართული დაბალ ხმაზე. ჩვენი საუბრის დროს რამდენჯერმე ახსენეს ზვიადი და ჯოჰარი. რუსული პროპაგანდისტული მანქანა მომართული იყო ამ ორი კაცის წინააღმდეგ. ყელში ძვალივით ჰქონდათ გაჩხერილი რუსებს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა და ამას პლიუს ზვიადის გროზნოში ყოფნა. ძაან შფოთავდნენ.
თბილად და მსუბუქი იუმორით მოგვიკითხა. კარგი მოსაუბრე იყო. უცებ განაწყობდა კაცს საუბრისთვის. კარგი მსმენელიც გახლდათ. დამეთანხმებით ეს იშვიათობაა. მის საუბარში აღელვება, გაფიცხება და კამათიც ზომიერი იყო. მოგეხსენებათ ფრიად განსწავლული, ნაკითხი და განათლებული კაცი იყო. არასდროს აგრძნობინებდა მოსაუბრეს ამ თავის უპირატესობას. საუბრისას ცდილობდა კარგად მოესმინა და მიმხვდარიყო რა გინდოდა, რის თქმას აპირებდი. ეს ყეველაფერი ერთად ქმნიდა საუბრისთვის თავისუფალ, შეუზღუდავ და თამამ გარემოს.
უცებ გადავხედეთ თუ რა გაკეთდა მისი საქართველოში ყოფნის დროს. უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრა, მონასრებისთვის ინდივიდუალური დახმარების წყაროების შექმნა, ფონდის იდეა...
1991 წლის ჩემი და ჩემი ძმის პატრიარქთან შეხვედრის დეტალები მოვუყევი (რაც ზემოთ ავღწერე). შეწუხდა. ჩაფიქრდა.
- მე და მერაბ კოსტავა 60-იანი წლებიდან ვიცნობდით მას. ჯერ კიდევ მიტროპოლიტი იყო ბათუმში. თბილისში ჩამოსვლა ფაქტიურად ეკრძალებოდა. ამიტომ მე და მერაბმა ფარულად, პატარა სახლი ვუქირავეთ. იქ ვხვდებოდით. ახალგაზრდა პატრიოტი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. იზიარებდა ჩვენს აზრებს საქართველოს მომავლის, დამოუკიდებლობის შესახებ. 70-იანების ბოლოს ვეცადეთ ყოველგვარი საეკლესიო, საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღმოგვეჩინა, რომ პატრიარქი გამხდარიყო. პატრიარქად არჩევის შემდგომ კი ჩვენი იმედები და მოლოდინები არ გაამართლა. არც საქართველოში და რაც მის ფარგლებს გარეთ აღარ ჩანდა მისი პატრიოტიზმი, საქართველო... ვფიქრობდით, კგბ-ს დიდი წნეხის ქვეშ ჰყავდა მოყოლილი და მაინც ვდილობდით კეთილმეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას. ყოველთვის პირდაპირ ვეუბნებოდი ეკლესიაში გაჩენილი პრობლემების შესახებ და მოვუწოდებდი მეტი სიმამაცისკენ, რომ ქადაგებებში და საზღვრებს გარეთ საქართველოზე ესაუბრა. ჩვენს ყოფაზე საბჭოეთში. მაგრამ ეს საუბრები საუბრებად რჩებოდა. ჰომოსექსუალი ეპისკოპოსების საკითხიც სანახევროდ გაირჩა. და, ორი ეპისკოპოსი კვლავ დარჩა. ამ ყველაფერზე ვესაუბრებოდი ჩემს პრეზიდენტობამდე წლებით ადრე. ასევე, საეკლესიო საკადრო საკითხებზე ვურჩევდი ყურადღებით ყოფილიყო. ღირსეული, განათლებული კადრები მოეძია და, პრეზიდენტობისას თუ იგივე ვუთხარი რა გასაკვირია და რა საეკლესიო საქმეების ჩარევაზე საუბრობს? რაში ჩავერიე? თქვენც კარგად იცით, რომ ვცდილობდი ყოველმხრივ დავხმარებოდი ეკლესია-მონასტრებს და საპატრიარქოსაც ყველანაირად ხელს ვუმართავდი. არა. სხვარამეშია საქმე. მისი შიშები და ეჭვები სხვა რამიდან მომდინარეობს... - თქვა ზვიადმა და პაუზა გააკეთა. - რა უხარია, რას ზეიმობს ეხლა საქართველოს პატრიარქი? - გააგრძელა ზვიადმა. - სიგუასთან, კიტოვანთან, ჯაბასთან და სხვა პუტჩისტებთან ერთად, რომლებმაც დაამხეს კანონიერი, ეროვნული ხელისუფლება. არჩეული ქართველის ხალხის ნებით. ქვეყანაში დაამყარეს ტერორი. მათი შეიარაღებული დაჯგუფებები მთელს საქართველოში ატერორებენ, აყაჩაღებენ ხალხს და ჩვენ ვუყურებთ, რომ პატრიარქი მათთან ერთად დგას ტრიბუნებზე, შეხვედრებზე მომღიმარი სახით. ლოცავს და აკურთხებს ხუნტას... - რა უნდა გვეთქვა? სიმართლეს იძახდა დევნული პრეზიდენტი. სტუმრებიდან ერთერთმა თქვა - ამ ბოლო დროს, თბილისში ხშირად ისმის საუბრები ილია მეორეს კგბ-სთან თანამშრომლობის, მისი აგენტობის შესახებ. გაზეთ „თავისუფალი საქართველო“-ში გამოქვეყნდა კიდეც ფოტო ასლები კგბ-ს არქივიდან მოპოვებული ე.წ. „ყუები“-სა სადაც ილია მეორეს „კარტოჩკაც“ არის.
- დიახ, თანამშრომლობდა კგბს-თან და ამის დამამტკიცებელი დოკუმენტები აგერ მაქვს. -თქვა ზვიადმა. ნახევრად შემობრუნდა სავარძელში და მარცხენა ხელით მიგვითითა იმ უზარმაზარ მაგიდაზე რომელზეც ზემოთ უკვე ვთქვი. იქ, უამრავი ძველი საქაღალდეები იდო...
სიჩუმე ჩამოწვა. აქ უკვე არა საბჭოეთის დროინდელი დისიდენტი გამოდიოდა სადმე შეკრებაზე და იძახდა -ეგ „სუკ“-ის აგენტიო. არა. აქ საუბრობდა ქვეყნის პრეზიდენტი დოკუმენტებზე დაყრდნობით.
სიჩუმე თვითონვე დაარღვია. წამოდგა ფანჯარისთან მივიდა - ეს ვიცი მე და მათაც იციან, რომ მე ეს ვიცი... –
მისი ეს სიტყვები 27 წლის შემდეგაც კარგად მახსოვს. თითქოს, საკუთარი თავის სასიკვდილო განაჩენი წარმოთქვა. ასეთი განცდა, შეგრძნება დამეუფლა მაშინ და ზუსტად ასეთივე ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, როდესაც ის მოკლეს. დიახ, მან იცოდა არა მარტო ილია მეორეზე, არამედ იმ წითელ ინტელიგენციაზე, რომლებმაც პუტჩი მოაწყვეს. და, მათაც იცოდნენ, რომ მან იცოდა მათზე, კგბ-ზე და კრემლზე.
ისინი ამას არ აპატიებდნენ. მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მივხვდი....
დღეს 26 მაისია. გვახსოვდეს სამშობლოსათვის თავდადებული გმირები და ანტიგმირებიც არ დავავიწყოთ ისტორიას.

(გავაგრძელებ. ვცდილობ ნაწყვეტებად და დეტალურად გადმოვცე. ისე, რომ მკითხველიც არ დავღალო)

წერს ზურაბ აროშვილი 

ნანახია: (1377)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას