logo.png
George Tiginashvili

"მოედო ბრძოლა მთელს იმ არემარეს, ტყემ უფრო მეტი ხალხი შთანთქა, ვიდრე მახვილმა შეჭამა იმ დღეს" (II მეფეთა 18,8).

სულთმოფენობის შემდეგ, მოციქულებმა მისიონერული მოღვაწეობა დაიწყეს და დედამიწის სხვადასხვა კუთხეში პირველი ეკლესიები დააფუძნეს, დაადგინეს იერარქია, განსაზღვრეს კანონიკური სტრუქტურის საფუძვლები და ზნეობრივი ვალდებულებანი. თითოეულმა მათგანმა წუთისოფელი - დროებითი მოვლენების ადგილად და საგამოცდო სარბიელად მოიაზრა, სადაც უპოვარებით, უბიწოებითა და ყოველგვარი პოლიტიკური თუ სოციალური დომინანტობის უარყოფით იცხოვრა. ქრისტეს ერთგული მოწაფეები არათუ პრივილეგიებსა და დოვლათს ეშურებოდნენ, არამედ შეგნებულად მიილტვოდნენ მოწამეობრივი და აღმსარებლობითი ღვაწლისკენ და სწორედ ასეთმა თავგანწირვამ, ალტრუიზმმა, უანგარობამ და სულიერმა მოწიფულობამ შექმნა ურყევი ფუნდამენტი ეკლესიოლოგიისა და მორწმუნეთა კრებულის ინსტიტუციონალური მოწყობისა.

დღეს კი რას ვხედავთ, საქართველოს საპატრიარქოს სისტემა და პირადად კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის რეჟიმი, დღენიადაგ მიიწევს ტრიუმფალიზმისკენ, სიხარბისკენ, გავლენის პოლიტიკური ბერკეტებისკენ, კარტელური ბიზნეს-სქემების ჩამოყალიბებისკენ, ზეჭარბი ფუფუნებისკენ და ძალაუფლებით ტკბობისკენ! ეს არის სრული აცდენა და გაუცხოვება ეკლესიის მოწოდებისგან და ბუნებითი თვისებებისგან.

წარმოიდგინეთ წმინდა ანდრია პირველწოდებული, მაცხოვრის გამორჩეული მოწაფე (რომელმაც შემოიარა საბერძნეთი, მცირე აზია, საქართველო და კიევამდე მივიდა), რომელიც სადაც კი ჭეშმარიტებას ამოწმებდა და საზოგადოებას ანათლებდა, იქვე რომ მიწები, ტყეები და ოფიციალური დაფინანსება მოეთხოვა "ეკოლოგიაზე ზრუნვის" ეგიდით, ბუნებრივი რესურსების "უცხოტომელთა ხელში" არ ჩაგდების მოსაზრებით და "რეპრესიული ხვედრის" კომპენსაციისთვის. ჩვენი იერარქებიც ხომ ქიროტონიის უწყვეტი ჯაჭვით ხსენებული მოციქულის მემკვიდრენი არიან და ნუთუ არ რცხვენიათ იმ კონტრასტის, რომელიც მათსა და მათ განმანათლებელს შორის ასე თვალშისაცემია?!

ქართულ რეალობაში სიმბოლურია, როცა ტყეს - ტყიურები ეპატრონებიან, მაგრამ მოსახლეობამ რა დააშავა თეოკრატიის ასეთი გავეშებული მტაცებლობის შემხედვარე?!

უმდიდრესი პატრიარქის ბრმადმადიდებელნი, ღარიბი და უბრალო ხალხია ძალიან ცოდო, მომავალი თაობა და ახალგაზრდობაა მეტად საბრალო, რადგან "...უღრან და გაუვალ ტყეს დაემსგავსება მისი გამაგრებული ქალაქები." (ესაია, 17,9).

საპატრიარქოსადმი ტყეების გადაბარებით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა საკუთარ უუნარობაში ეროვნულ უსაფრთხოებაზე დამოუკიდებლად ზრუნვის თვალსაზრისით, ხოლო ეკლესიის მესვეურებმა კი კიდევ ერთხელ დაგვანახეს თავიანთი დექრისტოცენტრული სახე!

თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

ნანახია: (1272)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას