logo.png

                        წმიდა შიო მღვიმელის სასწაულები

 

      

 

 

                                            ეკლესიის მშენებლობა

       

წმიდა შიოსთან შემოკრებილი ძმები წუხდნენ, რომ არ ჰქონდათ ეკლესია, რომელშიც კვირა დღეს შეიკრიბებოდნენ, ამიტომაც ნეტარ შიოს სთხოვეს, ეკლესიის აშენების ბრძანება მიეცა. ბერი ადგა, თავისი გამოქვაბულის პირდაპირ მდგარ კლდის წვერზე ავიდა, ძმები ლიტანიით გაჰყვნენ. თავდადრეკილი ბერი ღმერთს ცრემლით ევედრებოდა. ძმებიც ლოცულობდნენ და ღმერთს ევედრებოდნენ, ეჩვენებინა ადგილი, რომელიც ტაძრის ასაშენებლად მომზადდებოდა.

ნეტარი შიო დიდხანს იდგა მუხლმოყრილი. ლოცვის შემდეგ ამ სასწაულმოქმედ მამას ებოძა ცეცხლი, რომელიც მარცხენა ხელის გულზე დაიდო და ზედ საკმეველი დაასხა, მარჯვენა ხელით ჯვარი გადასახა და ძმებს უბრძანა, ხელაპყრობილი განეგრძოთ კირიელეისონის წარმოთქმა, და ასე აკმევდა საკმეველს. საკმეველის კვამლი ჰაერში ავიდა და სვეტივით აღიმართა ცამდე. ვიდრე თვალს არ მიეფარა, ძმები იდგნენ და ამ უცნაურ ნიშანს უყურებდნენ. ჰაერში ისევ გამოჩნდა მიწისკენ მომავალი კვამლის სვეტი, და იმ ადგილას ჩადგა, სადაც ძმები მკვიდრობდნენ.

მამა შიო ღვთის დიდებით წარუძღვა ძმებს ღვთისაგან მინიშნებული ადგილისაკენ. მის ხელისგულზე ორ საათზე დიდხანს იდო ნაკვერჩხლები. მხილველი ამისა ვინ არ განადიდებდა უფალს, ერთადერთ საკვირველმოქმედს, რომელმაც, როგორც ბაბილონში სამი ყრმა ცეცხლში დაწვას გადაარჩინა, ასევე თავისი მონის ხელი ზებუნებრივად დაიცვა დაწვისაგან!

ღირსმა შიომ ბარი მოითხოვა, სამგზის დასცა იმ ადგილას, რომელსაც საკმეველის სვეტი ადგა და თქვა: “დიდება შენდა ღმერთო, რომელიც სამპიროვნებითა და ერთარსებით  იდიდები, სრულჰყავ ტაძარი შენი დიდებისა!”

ცოტა მოშორებით ისევ სამგზის დასცა ბარი მიწას და თქვა: “ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო მარიამ, რომელმაც ღვთის სიტყვა ხორციელად შობე, აქ დაამტკიცე შენი სადიდებელი სახლი!” იქვე, მახლობლად ნეტარმა შიომ ჯურღმულის მსგავსი მღვიმე ნახა და ბრძანა მის ზემოთ ნათლისმცემლის ეკლესია აშენებულიყო. ნეტარმა ევაგრემ უთხრა: “წმიდაო მამაო, იყოს ნება ღვთისა და შენი! როგორც ყველა ვხედავთ, ღვთით მეტყველებს შენი ნეტარი პირი, შენს ყოველ ნებას აღასრულებს უფალი”.

საკმეველის სვეტი სამ დღეს განუძრევლად იდგა და ენით უთქმელ სურნელებას გამოსცემდა, მესამე დღეს კი გაქრა.

 

 

                                              სამი ღერი თმა

 

იმხანად, როდესაც მამა შიო მღვიმეში იმყოფებოდა, ერთი კაცი საგანგებოდ ჩამოვიდა სპარსეთის სამეფოდან მონასტერში, მისთვის დახმარების სათხოვრად. მას წყალმანკი სჭირდა, გაეგო მამა შიოს სასწაულთქმედებების ამბავი და, რაკი აქამდე ვერანაირ მკურნალობას ვერ გამოეღო შედეგი, გამოჯანმრთელების მთელ იმედებს მხოლოდ მამა შიოზეღა ამყარებდა. მღვიმის პირად დამხობილი რამდენიმე დღის მანძილზე ვედრებით მიმართავდა მამა შიოს. როდესაც მას უთხრეს, რომ ბერი არავის ელაპარაკებოდა და მხოლოდ კვირაობით ჩადიოდა  მასთან ტაძრის იღუმენი, კვირა დღეს დაუდარაჯდა ნეტარ ევაგრეს და ფიცით არწმუნებდა, რომ არ წავიდოდა აქედამ მანამ,  ვიდრე არ განიკურნებოდა.

ღირსმა ევაგრემ სთხოვა მამა შიოს, ელოცა იმ კაცის საკურნებლად, მაგრამ პასუხად მოკრძალებული უარი მიიღო: „ვინ ვარ მე – ცოდვილი და საწყალობელი!? ღმერთია ყველას მკურნალი და ვისი განკურნებაც ნებავს, თვითონვე განკურნავს მას თავისი ანგელოზის ხელით“. ევაგრემ  აღარ შეაწყინა თავი ბერს, მერე მისი კუნკულის დაბერტყვა მოიმიზეზა და კუნკულიდან უჩუმრად აიღო მისი წმინდა თმის სამი ღერი იმ იმედით, რომ წყალმანკიან ავადმყოფს გადასცემდა საკურნებლად.

ევაგრემ სამიოდ საათი დაჰყო ბერთან და, როცა მღვიმიდან ამოვიდა, ავადმყოფს დაუწყო ძებნა. თავისდა გასაოცრად იგი მღვიმიდან მოშორებით იხილა – იდგა სტუმარი და ხალხის წინაშე ამბობდა უფლის სადიდებელს, თან  იმ კურნების მადლზე ჰყვებოდა, რომელიც ნეტარმა შიომ აღასრულა მასზე.

ღირსი ევაგრე ჩაეკითხა, თუ რაგვარად მიეღო ამ კაცს კურნება  და მიიღო პასუხად: „შენ რომ მღვიმეში ჩახვედი, იმ ჭაბუკმა, რომელიც, ეტყობა, იქიდან  გამომიგზავნე, სამი ჭაღარა თმა მომცა და მითხრა, პირში ჩამედო. მეც ჩავიდე და მაშინვე ტიკივით დავიცალე. ნახე როგორი განთავისუფლებული ვდგავარ საჭირველისაგან!“

გაკვირვებულმა ევაგრემ დაიხედა ხელისგულზე და იქ ბერის თმები ვეღარ აღმოაჩინა – ყველასთვის საცნაური შეიქნა, რომ მისი ხელიდან აღებული თმები სნეულისთვის ანგელოზს გადაეცა!

სამშობლოში დაბრუნებული კაცი იმ თმის ღერებით შემდგომში სასწაულებს ახდენდა. მონასტერში ყოველწლიურად მოდიოდა სტუმრად და ტაძრისათვის სურნელოვანი საკმეველი და ზეთი მოჰქონდა.

 

 

                                                შერისხული ავაზაკები

 

სპარსეთიდანვე იყო წარმომავლობით კიდევ ერთი კაცი, ვისი უსინათლო შვილიც ნეტარ შიოს განეკურნა. ერთხელ ის მამა შიოსთან მოდიოდა და ზეთით, სიმსიმით, თაფლითა და ლეღვის ჩირით დატვირთული ორი ვირი მოჰყავდა. კაცს უკაცრიელ ადგილას შემოაღამდა. უეცრად თავს ყაჩაღები დაესხნენ. მსახურები დაუჭრეს, თვითონ კი გაიქცა. ღვთის განგებით, გამთენიისას მსახურებიც მასთან მივიდნენ. იმ კაცს რწმენაში ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი. ხელები აღმართა და ხმამაღლა წარმოთქვა: „წმიდაო მამაო შიო, იზრუნე იმ ყველაფრისთვის, რაც შენს მონასტერში მოგვქონდა და ჩვენს სახედრებზეც!“ და მშვიდად დაადგა მონასტრის გზას.

ღმერთმა ავაზაკებს გონება აურია და მხედველობა დააკარგვინა – ეგონათ, რომ შინისაკენ მიდიოდნენ, მღვიმის მონასტრის მახლობლად კი აღმოჩნდნენ – ისხდნენ შუა გზაში თვალის ჩინდაკარგულნი. ამ ყოფაში იხილა ისინი მორწმუნე კაცმა თავის სახედრებთან ერთად და მათაც, სურდათ ეს თუ არა, დანაშაულიც აღიარეს და თავისი გასაჭირიც ამცნეს: „ეს სახედრები სხვებს გამოვტაცეთ, გვეგონა სახლისაკენ მივდიოდით, რაღაც უცნაურ კლდეებში კი აღმოვჩნდით, ვიღაც ბერმა თვალებში სული შეგვიბერა, დავბრმავდით და არ ვიცით, სადა ვართ. გევედრებით, წყალობა მოიღე ჩვენზე, წაგვიყვანე, სადაც მიდიხარ, რომ ამ უდაბნოში არ დავიხოცოთ!“

მორწმუნე კაცმა  შიოს მონასტერში მიიყვანა დაბრმავებული ავაზაკები და მონასტრის იღუმენს, ნეტარ ევაგრეს ამცნო თავს გარდახდილის შესახებ. როცა ნეტარმა ევაგრემ გამოჰკითხა ავაზაკებს საქმის ვითარება და მათაც შეიტყვეს ჩადენილი ბოროტებისათვის მზღვეველის ვინაობა, შეევედრნენ: „მონაო ღვთისა შიო, შეგვიწყალე და ნუ მოგვაგებ ჩვენი ურჯულოებისამებრ!“ ევაგრე დაჰპირდა, რომ კვირა დღეს მათ თავს შეავედრებდა მამა შიოს, მაგრამ, როდესაც კვირა დღეს ევაგრე ჩვეულებისამებრ ჩავიდა მღვიმეში, განგებ არაფერი უთქვამს ავაზაკთა შესახებ. თავად გულთამხილავმა ბერმა უთხრა გამოთხოვებისას: „ძმაო ევაგრე, წაიღე ეს კვერთხი და იმ კაცებს უთხარი, გაშორდნენ უწესობას, გამითავისუფლებია ისინი ვერმხედველობის კრულვისაგან. თვალებზე შეახე კვერთხი და დაუბრუნდებათ სინათლე. ოღონდ გაფრთხილდნენ – უარესი არ დაემართოთ!“

როდესაც ევაგრეს პირობა მისცეს ავაზაკებმა, რომ უღირს საქციელს აღარასოდეს ჩაიდენდნენ, ევაგრემ თვალებზე შეახო მათ კვერთხი და დაუბრუნდათ მხედველობა. თავიანთ სოფელში დაბრუნებულნი ისინი საჯაროდ აღიარებდნენ თავიანთ ცთომილებებს და მადლს სწირავდნენ მამა შიოს შეწყნარებისათვის.

 

 

                                            გვირგვინოსნის სინანული

 

 ქართლის მთავარმა სტეფანოზმა, შიომღვიმის მონასტერში ინება სტუმრობა. მონასტერს პატრიარქთან ერთად ეწვია და, პატივმოყვარეობით აღვსილმა, საკუთარ შეურაცხყოფად მიიღო მასპინძელთაგან ეკლესიის საჭეთმპყრობლის მიმართ  მიგებული უპირატესი პატივი. განაწყენებულმა ხელისუფალმა ორი მამული წაართვა მონასტერს.

მომდევნო ორი ღამის განმავლობაში სტეფანოზს ძილი დაუფრთხო ოქროს კვერთხითა და ხელში ჯვრით გამოცხადებულმა შიო მღვიმელმა, რომელიც მკაცრად დაემუქრა – თუ მონასტერს მამულებს არ დაუბრუნებდა, მკაცრად აზღვევინებდა. განმეორებადმა სიზმარმა შეაშფოთა სტეფანოზი, მაგრამ ორივე მამულის დაბრუნება მაინც არ ეთმობოდა. ამიტომ მესამე ღამეს მამა შიომ ეკლესიის მტერს გადაუწყვიტა სასჯელის ზომა და, მიუხედავად იმისა, რომ შეშინებულმა ერისმთავარმა საჩქაროდ უბრძანა მსახურს, წართმეული მამულები დაებრუნებინა ტაძრისათვის, მსახურს ფეხები შეეკრა და ადგილიდან ვერ დაიძრა. სტეფანოზს კი კიდევ ერთხელ გამოეცხადა მამა შიო, ოღონდ ამჯერად არა ძილში, არამედ ცხადში და შერისხა: „როგორადაც გულით ხარ ბრმა, თვალითაც ისე დაბრმავდები შენ, შენი ცოლიცა და შვილებიც! გონებასაც აგირევთ, ვიდრე უფლის ნებით არ გამოსწორდები!“ მყისვე აუსრულა დანაპირები და ყველა მხილველისათვის შესაბრალის ჰყო:  სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს სიცოფე შეეყარათ – ერთმანეთზე შმაგად იწევდნენ საკბენად და გაიძახოდნენ, რომ ღვთის მონის, შიოს მიერ იგვემებოდნენ. 

ქართლის დიდებულებმა გულისხმაჰყვეს და სტეფანოზი და მისი ცოლ–შვილი ხელფეხშეკრულნი წაიყვანეს ნეტარი შიოს მონასტერში.

მონასტრის მამებმა თანაგრძნობით მიიღეს სტუმრები – სტეფანოზის მთელი ოჯახი წმიდა შიოს საფლავზე მიიყვანეს, ლოცვა აღასრულეს, შემდეგ იღუმენმა საფლავის მტვერი აიღო, ბარძიმში ჩაყარა და სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს შეასვა.

შეშლილნი მყისვე მოვიდნენ ცნობას, მაგრამ სიბრმავე მათი არ განიკურნა. მამები ნეტარ შიოს შეევედრნენ, ელოცა თვალისჩინდაკარგულთათვის. სტეფანოზმა მწიგნობარს დააწერინა წერილი, სადაც შენდობას სთხოვდა მამა შიოს და ორ საუკეთესო სოფელს  სწირავდა მონასტერს სამეფო სოფლებიდან. 

იღუმენმა წყალში ამოავლო ნეტარი შიოს კვერთხი და მერე იმ წყლით თვალები მობანა სტეფანოზსა და მის ცოლ–შვილს. მათაც მაშინვე აეხილათ თვალები.

სტეფანოზმა გასცა ბრძანება, რათა ქვეყანასა ქართლისასა ყველა ეკლესია გაენთავისუფლებინათ ხარკისა და ყოველგვარი იძულებისაგან. თავად იგი დიდი მწყალობელი შეიქნა ეკლესიებისა და სამღვდელოებისა, ოჯახთან ერთად ყოველწლიურად ადიოდა  შიომღვიმის მონასტერში და ეკლესია–მონასტრების მშენებლობაში გაწეულ სხვა ღვაწლთან ერთად სწორედ მისი მმართველობის პერიოდში აიგო ჯვრის მონასტრის უდიდესი ნაწილი!

 

 

                                                    ცის ანგელოზები

 

ჩვენი გადამეტებული ცოდვების სამხილებლად და დასასჯელად ღმერთმა მთელი ქართლი ბილწ აგარიანებსსარკინოზებს ჩაუგდო ხელში. ისინი ამირ მუმინის ბრძანებით შემოვიდნენ და მთელი სომხეთი და ქართლი დაიპყრეს არაგვეთის მთამდე. ყველაფერი ააოხრეს. მათს ჯარს ამირ მუმინის ნათესავი აჰმადი წინამძღოლობდა, მოძალადე, გულფიცხი და ხარბი კაცი. მან მუხრანის ველი გაიარა და იქიდან მტკვარს აჰყვა. წინ თავისი სარდლები, უძარი და ბურული, გააგზავნა. ციხედიდში მისულმა სარდლებმა, მოპირდაპირედ, სარკინის მთებში გამოქვაბულები დაინახეს და თქვეს: “შევრცხვეთ, თუ ის სიმაგრე არ ავიღოთ. არც სულთანი შეგვინდობს, ეს რომ დავიზაროთ.”

მტკვარს ფონი შეურჩიეს და შევიდნენ. მაგრამ მთელი დღე ამაოდ დადიოდნენ მდინარეში, გაღმა გასვლა ვერ შეძლეს. შეღამებისასღა მოეგნენ გონს და მიხვდნენ, რომ ამაოდ ირჯებოდნენ. შეშინებულებმა მიზეზის გაგება მოისურვეს, მოიყვანეს ერთი ტყვეთაგანი და ჰკითხეს, რა იყო ამ კლდოვან გამოქვაბულში. ტყვემ აუხსნა, რომ იქ ღვთის მონები იყვნენ, ნეტარი კაცის, სასწაულთმოქმედი შიოს მიერ შეკრებილნი. გაოცებული სარდლები წავიდნენ და მივიდნენ აჰმადთან, რომელიც მტკვრისა და ლიახვის შესართავთან დაბანაკებულიყო, და წმინდა შიოს სასწაული უამბეს. აჰმადმა დიდად უსაყვედურა, რატომ უფრო ადრე არ მაცნობეთ ეს ამბავიო. გაგზავნა ერთი დიდებული, სახელად უმარი და გაატანა სანოვაგე, რაც ბერებს საზრდოდ შეეფერებოდათ, ამასთანავე, დიდძალი ოქრო, სურნელსაკმეველი და შეუთვალა: ილოცეთ ჩემთვის, ღვთის მონებო, ეს ძღვენი მიიღეთ, საკმეველი თქვენი მოძღვრის საფლავს მოახმარეთ. რომ დავბრუნდები გიხილავთ მშვიდობით!”.

მონასტრის კარიბჭეს მიახლოებულმა უმარმა ჰაერში აურაცხელი მხედრობა დაინახა. ჯარს, რომელიც მთელს იმ დგილს იცავდა, ერთი მეტად მშვენიერი მოხუცი ბრძანებლობდა. მთავარმა მსახური გააგზავნა, ბერებს სულთნის ბრძანება აცნობა და მშვიდობა აღუთქვა. ბერებმა იგი მონასტერში შეიყვანეს. სპარსთა დიდებულმა მონასტერს სულთნის გამოგზავნილი ძღვენი გადასცა და ნეტარი შიოს საფლავზე თავისი რჯულისამებრ ილოცა. მერე ძმებს დააკვირდა და იხილა დაკონკილი ფლასით მოსილნი, მშვიდად მოსიარულენი, არაფერ ამქვეყნიურზე მზრუნველნი. უმარმა უთხრა:წმიდანო ღვთისანო, რად გეშინიათ ადამიანისა? – არვის ძალუძს რაიმე წაგართვათ. ვხედავ, რომ რაღაც უხილავი ძალები მხედართა სახით ჰაერში მიმოდიან და ამ წმინდა ადგილს იცავენ. ვეჭვობ, ანგელოზნი არიან ისინი. გამოჩნდებიან, უჩინარდებიან და საოცრად ბრწყინავენ. მათ შორის არის გამოუთქმელად კეთილი სახის, თმათეთრი ბერი, ის უცილობლად თქვენი მოძღვარი იქნება”.

მონასტრის ძმებმა ამ ამბებთან ერთად ის სასწაულიც შეიტყვეს, სპარსთა მხედრობას მტკვრის გადმოლახვა რომ სურდა და ვერ შეძლო. ადიდეს ღმერთი და მონა ღვთისა შიო, რომელიც მათ ცხოვრებას მუდამ იცავდა. მთავარმა კი აღთქმა დადო, რომ ამიერიდან ეკლესიებს არაფერს ავნებდა, როგორც კი შეძლებდა, მოინათლებოდა, გაქრისტიანდებოდა და მათ გვერდით დამკვიდრდებოდა, ვითარცა ბერი. მთავარი ბერებს გამოეთხოვა და წავიდა.

ერთი თვის შემდეგ ორ ერთგულ პირთან ერთად უარყო სპარსთა რჯული, დატოვა ამქვეყნიური დიდება და ფარულად მივიდა მღვიმის მონასტერში. თავისი აღთქმა აასრულა: მოინათლა და ბერად აღიკვეცა. სახელად ნეოფიტე უწოდეს. იგი თავისი მაღალი მოღვაწეობით დიდ მამებს გაუტოლდა. ღმერთმა არაწმიდა სულების სიტყვით განდევნის ძალი უბოძა და მისი ხელით მრავალი სასწაული აღასრულა. ამიტომაც, სამოელ კათალიკოსმა, დაჟინებული თხოვნით, ურბნისის საყდრის ეპისკოპოსად აკურთხა იგი. ნეტარი ნეოფიტე დიდად ზრუნავდა თავის სამწყსოზე და გაბედულად ებრძოდა ცეცხლთაყვანისმცემლებს. საბოლოოდ ცეცხლთაყვანისმცემლებმა აწამეს იგი ქრისტესათვის. ღამით შეიპყრეს და ჩაქოლეს. ასე რომ, ნეოფიტე მოწამის გვირგვინითაც შეიმკო.

 

ნანახია: (2196)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას