logo.png

ალექსანდრე ლევკოვსკი ცხოვრობს და მოღვაწეობს ისრაელსა და ამერიკაში. 

მწერალი დიდად არის დაინტერესებული საქართველოთი, მისი არაერთი ნაწარმოებია აგებული ქართულ თემატიკაზე.

დღეს ჩვენს მკითხველს ვთავაზობთ მოთხრობას, სახელწოდებით „თამარ მეფე“. მას ეპიგრაფად წამძღვარებული აქვს იაკობ პოლონსკის ცნობილი ლექსი „თამარ მეფე და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი“.

იაკობ პოლონსკი საქართველოზე გამიჯნურებული რუსი პოეტი გახლდათ, იგი კარგა ხანს ცხოვრობდა საქართველოში და არაერთი პოეტური სტრიქონი უძღვნა საქართველოს. მისი ერთი ლექსი თვით დიდ ილიას აქვს ნათარგმნი.

საქართველოზე პოლონსკიზე არანაკლებად შეყვარებულმა ალექსანდრ ლევკოვსკიმ, თავისი ნაწარმოები შექმნა პოლონსკის თამამი იდეით შთაგონებულმა, რომელსაც შოთა რუსთაველი მეფე ქალის უიმედო მიჯნურად ჰყავდა წარმოდგენილი. მოთხრობას წითელ ხაზად გასდევს შილერის პოეტური ქმნილების აფორიზმად ქცეული თეზა, რომლის მიხედვითაც   უფლისაგან ცის კარი ეხსნებათ პოეტებს. ლევკოვსკისთან კი ამა ქვეყნისეული რეალობა ცხადდება, იმის დადასტურებით, რომ შილერისეული ზეციური აღთქმები მიწიერ ცხოვრებაზე ვერ ახდენს გავლენას, რადგან მიწაზე სხვა კანონები მოქმედებენ და საზეო ქმნილების ავტორ პოეტს ვერ ხელეწიფება წარმომავლობით პირობადებული თავისი წოდებრივი მიჯნის გადალახვა. მკითხველს უთუოდ გაახსენდება კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და ხელოვანის ბედისწერა ცრუსა და მუხთალ წუთისოფელში.

ამავე დროს, ნაწარმოების ქარგაში რუსთაველის ცხოვრების ეპიზოდი ჩართულია წარსულისა და დღევანდელობის მითოლოგიზირებულ უწყვეტ ხაზში, რომელიც სათავეს იღებს მამა აბრაამის მამრეს მუხის სათავეებიდან და სამი ანგელოზის ნაანდერძევით განივრცობა კლდის მწვერვალზე სამწმიდაობით გასამებული ჯერ ნორჩი და მერე - მრავალსაუკუნოვანი მუხებითა და ლოთის ცოდვათა სინანულით დარგული სამი ხის ნაფუძარზე აღმართული იერუსალიმის ქართული ჯვრის მონასტრით, რითაც ხაზგასმულია ძველი და ახალი აღთქმების, წარსულისა და დღევანდელობის პერმანენტული ერთიანობა.

ნაწარმოების ფინალში ისევ შემოქმედის ბედისწერას უბრუნდება ავტორი შემაგონებელი მოძღვრებით, რომ საკუთარ ფესვებს მოწყვეტილი მწერალი ვერასოდეს შექმნის საკუთარი ერის და კაცობრიობისათვის ღირებულსა და სამარადისოს.

პოლონსკისა და შილერის ლექსების ქართული თარგმანები ეკუთვნით პოეტებს: სიმონ ჯაფარიძეს და აკაკი გელოვანს, ხოლო თვით მოთხრობა მთავრდება პავლე  ანტოკოლსკის სასიმღერო ლექსით.

 

ალექსანდრე ლევკოვსკი

 

 

 

 

 

                                                                    თამარ მეფე

 

                                                                                     ეძღვნება პეტრე ზგონიკოვს, ლაგოდეხის მეხოტბეს

 

                                                      „ო, დედოფალო! მე თავადთა საკრებულოში

                                                       სამარადჟამოდ განტევება მებრძანა შენგნით,

                                                       მაგრამ ეს ჩეთვის სულერთია! - ვინახავ გულში

                                                       ხატებას შენსას, ქვეყნად ვსუფევ ვიდრე ღვთის ნებით;

                                                        სიყვარულს ვუმღერ, მაგრამ შენ თუ ვერ მოგწვდებიან,

                                                        ვფიცავ, რომ დიდი სიყვარულის ზეაღმტაც ხმებით                  

                                                        ცის კაბადონზე ვარსკვლავებიც გაბრწყინდებიან!

 

                                                        უდაბნოდ გასულს მელის მკერდზე მირქმა სინაზით,

                                                        შენდობას ვითხოვ! - არ ეგების ჯილდო მცირედიც,

                                                        მე ჩემს ქმნილებას გავასრულებ სრულყოფილებით, -

                                                         გულებში ჩვენი შვილების და შვილიშვილების

                                                         რომ დაივანოს, ვით მარგალიტს ობოლს შეშვენის

                                                         და რომ  განდიდდეს თაობებში სახელი შენი!                                  

 

                                                                                    იაკობ პოლონსკი "თამარი და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი"

 

მე დავტოვე ხაიფა გარიჟრაჟზე, როდესაც მზე ჯერ არ ამოწვერილიყო კარმელის მთიდან და ბახაის ცნობილ ბაღებს  ნისლის ფთილები ფარავდა. ჩრდილოეთიდან ზღვის ნაპირის გაყოლებაზე შემოვუარე ქალაქს და გავედი აღმოსავლეთისკენ მიმავალ შარაგზაზე კინერეტის ტბის მიმართულებით, რომელიც ბიბლიიდან  გენისარეთის ტბის სახელით არის ცნობილი.

ისრაელის გალილეა გაზაფხულზე - გულისშემძვრელად ლამაზია. ზურმუხტოვანი ველები,  მჩქეფარე შადრევნების უსასრულ რიგებით - ველები, რომლებზეც ოდესღაც  იესო ქრისტეს უვლია - გარს აკრავს შარაგზას ორივე მხრიდან; ბიბლიური ბრძოლების მომსწრე მოყვითალ-მოყავისფრო გორაკები წამოიმართებიან შენ წინაშე ხან ჩრდილოეთიდან, ხან - სამხრეთიდან და უეცრად იცვლებიან მთების დიდებული გრეხილებით.

ამერიკის აღმოსავლეთი სანაპირო, სადაც მე ნახევარწლობით ვცხოვრობ, ასევე ლამაზია, მაგრამ - სხვანაირად ლამაზი. ამერიკული სილამაზე - ნოყიერი, უსიერ-ტყიური, ხშირფოთლოვანი, შემოდგომით - შეუდარებლად მრავალფერადოვანი, ხოლო გალილეის სილამაზე - შეგრძნებითაც კი მყიფეა, ის გეძლევა შენ აღტაცებითი აღქმისათვის მხოლოდ გაზაფხულზე, რათა ზაფხულში,  ისრაელის მზის მწველი სხივების ქვეშ, გაყვითლდეს და დაკარგოს თავისი  ზურმუხტისფერი ჰაეროვნება.

გზას კინერეტის ტბის გარშემო, რომელზეც  ქრისტე,  როგორც ცნობილია, ვიდოდა ყოველგვარი სირთულის გარეშე, თანდათანობით აჰყავს მგზავრი მაღლა, გოლანის სიმაღლეების მთაგრეხილებისკენ. იქ, ფიჭვებით დაფარულ ჟღალი კლდეების კედელთან, მდებარეობს პანსიონატი, სადაც მე დედა მელოდება,  რომელიც არ მინახავს შტატებიდან ჩემი უკანასკნელი ჩამოსვლის დროიდან. დედა სამოცდათვრამეტი წლისაა, მას უჭირს სიარული და ცუდად ესმის, მაგრამ ღვთით მიმადლებული მხატვრის ნიჭით მხედველობის დაკარგვას არ უჩივის და მთელი დღეების განმავლობაში ხელიდან არ უშვებს ფუნჯს.

აი, ახლაც ბაღჩაში დამდგარა მოლბერტთან,  ფუნჯჩაბღუჯულ ხელს მიქნევს, მიღიმის და ალერსიანად მეგებება: "როგორ მიყვარხარ, შვილო!"

ჩვენ გადავკოცნეთ ერთმანეთი და მე შევხედე მის მოლბერტს.  რა თქმა უნდა, დედა ხატავს კინერეტის პანორამას კაპერნაუმის ტაძრის სილუეტით, რომელიც შესანიშნავად მოჩანს აქედან - ჩვენ ქვემოთ, სულ ორ კილომეტრში.

ჩვენ შევედით მის მისაღებში და უეცრად დედას რაღაც გაახსენდა და მომმართა:

- ალიოშა, მოდი ერთი კეთილი საქმე ჩაიდინე -  გადადი რუსულ სუპერმარკეტში, იყიდე ორი შავი პური და უმად შებოლილი ძეხვი, აი ის,  შენ რომ გიყვარს. გახსოვს, სად არის ეს სუპერმარკეტი?

მე თავი დავუქნიე და ის იყო კარი გავაღე, რომ დედამ დამადევნა:

- და კიდევ,  შეირბინე ქართულ კაფეში, აიღე შებოლილი სულგუნი - სამასი გრამი, ლობიანი (მე ის ძალიან მიყვარს) და კიდევ ოთხი ცალი ქადა.

- დედა, რა არის "ქადა" და სად არის ეს ქართული კაფე? წინა ჩამოსვლაზე, შენთან რომ ვიყავი, არავითარი ქართველები აქ არ ყოფილან.

დედას გაეღიმა.

- შენ მოგეწონება ქადა. ეს ერთგვარი ფენოვანი ნამცხვარია ნიგვზით. შემ ხომ გიყვარს ტკბილეული. ქართული კაფე  კი რამდენიმე ხნის წინ გახსნა ვინმე ვახტანგმა - არის ასეთი კოლორიტული კავკასიელი პიროვნება, შეშლილია რუსთაველზე... ამბობენ, საქართველოში ცნობილი ჟურნალისტი ყოფილა, ვიდრე ცოლს არ დაუთანხმებია ისრაელში გადმოსვლაზე. სადაც მისი ნათესავები ცხოვრობდნენ...

- ისიც მასთან ერთად მუშაობს კაფეში?

- არა, ის, სამწუხაროდ, მშობიარობას გადაჰყვა; ვახტანგს ქალიშვილი დარჩა მისგან... აქ კი, მოგეხსენება, ცხოვრების სახსარს მოპოვება სჭირდება და ვიღაცამ მიაწოდა მას ქართული კაფეს გახსნის იდეა. მაგრამ ეს უბრალოდ ისეთი ადგილი კი არ არის, სადაც  ხარჩოს მიირთმევენ და საფერავს სვამენ, ეს უფრო კაფეს ნაზავია ქართულ ლიტერატურულ-მუსიკალურ სალონთან. როგორ გითხრა,  რაღაც იმ პარიზული კაფეს მსგავსი, სადაც მღეროდნენ ედიტ პიაფი და შარლ აზნავური... ახლოს არის აქედან - ქალაქის განაპირას, 91-ე ქუჩაზე. იოლად იპოვი ამ დაწესებულებას - ის იმ კლდის გვერდითაა, რომელზეც სამი ფესვმაგარი განმარტოებული მუხა ხარობს.

- რა ეწოდება ვახტანგის ამ სამფლობელოს? ალბათ "თბილისი" ან, იქნებ, "ქუთაისი"? ამერიკაში ყველა ქართულ კაფეს ან "თბილისი" ჰქვია, ან "ქუთაისი.

დედამ მხრები აიჩეჩა.

- არა, ვახტანგმა მას რაღაც სხვა სახელი დაარქვა - არ მახსოვს,  რაღაც ძალიან უცნაური სახელი ჰქვია.

 

... მე ვიპოვე ვახტანგის კაფე და გადმოვედი თუ არა მანქანიდან, უპირველესად კლდეს ავხედე. სამი მძლავრი, ფესვმაგარი მუხა იდგა კლდის ქიმზე მტკიცედ, ურყევად, არც კი ტოკდებოდნენ გოლანიდან დაძრული ქარბორიისაგან. მერე მზერა გადავიტანე აბრაზე, რომელიც კაფეს შესასვლელ კარებზე დაემაგრებინათ. მასზე სამენოვანი წარწერა - ივრიტული შრიფტით, ქართული ხვეულებით  და რუსული კირილიცით - იუწყებოდა, რომ ეს კაფე იწოდებოდა უჩვეული სახელით "ლაგოდეხი".

         

                                        ***

 

გუშინ ჩემს სენაკში მეწვია ირაკლი.

- შოთა, - მითხრა მან - იური მოკვდა.

მე გვერდზე გადავდე კალამი. როგორ შემიძლია უდარდელად ვწერო ლექსები, როდესაც მივიღე ცნობა ყოფილი ნოვგოროდელი თავადის, იური ბოგოლიუბსკის აღსასრულის შესახებ?

-საიდან შეიტყვე?

- სამი დღის წინ იაფოში ჩამოვიდა გემი კონსტანტინოპოლიდან. ბერძენმა კაპიტანმა მითხრა ამის შესახებ.

ირაკლი ჩემთვის ძირითადი მაკავშირებელია გარე სამყაროსთან. როდესაც თამარ მეფემ მეჭურჭლეთუხუცესობა მიბოძა  და გამომგზავნა იერუსალიმს, ოდნავ შემახო მხარზე ხელი და მითხრა:

- შოთა, მე შენთან ერთად ვისტუმრებ ღვთისმეტყველ ბერს და დახელოვნებულ ექიმს - ირაკლის. შენ ვერ ინატრებ უკეთეს მდივანსა და უფრო გამოცდილ დასტაქარს, ვიდრე მცხეთელი ირაკლია. ღვთისმეტყველებას ის ათენშია დაუფლებული, ხოლო მედიცინაში მისი მასწავლებლები იყვნენ სახელგანთმული ებრაელი მკურნალები ეგვიპტის ალექსანდრიიდან.

თამარს არ უთქვამს და მას არც შეიძლება სცოდნოდა, რომ ბერი ირაკლი აღმოჩნდებოდა  ამავე დროს მოქნილი დიპლომატი და იერუსალიმის ყველა სიახლეთა წყარო და ჩემი განმანათლებელი წმიდა მიწის ისტორიასა და გეოგრაფიაში. აი, ახლაც, ის რომ არა, ვერც კი გავიგებდი  ჩემი მეტოქის,  თამარ მეფის ყოფილი ქმრის, გარყვნილი და ორგიების მოყვარული, საძულველი  იური ბოგოლიუბსკის სიკვდილის ამბავს.

ირაკლი გავიდა და უხმოდ მიიხურა კარი - იცოდა, რომ მარტო მესურვებოდა დარჩენა, რათა შევგუებოდი აზრს, რომ აღარ არის ქვეყნად ის, ვინც თან მდევდა  ჩემს სიზმრებში. ამ სიზმრებში, მასთან ჭიდილში მე კვლავ და კვლავ ვიმეორებდი:

"მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან,

ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან;

ვთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან;

მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

 

მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა,

მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა;

ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა,

კვლა ზოგთა ქვე უც ბუნება კეკლუცთა ზედა ფრფენითა".

 მე ვიყავი სწორედ ის მიჯნური, რომელიც "მით რომე შმაგობს მისისა ვერ-მიხვდომისა წყენითა".

და მაინც მის მეუღლედ იქმნა ის და არა მე, ყველასაგან სახელდებული სამეფო კარის პოეტი შოთა რუსთაველი!  უკეთუ პოეტებს,  თვით ყველაზე ცნობილთაც კი  არ ეძლევათ მეფეეების ასულთა მეუღლეობის ნება. მეუღლეობის უფლება ენიჭებათ  მხოლოდ მათ,  ვის ძარღვებშიც ჩქეფს მეფური, ან უკიდურეს შემთხვევაში, ამ იურისავით თავადური სისხლი.

მე ავდექი მაგიდიდან, სენაკის კარი გამოვიხურე და  გავწიე მონასტრის გასასვლელისკენ. გალავანს გავცდი და რამდენიმე წუთის მანძილზე ვიდექი და ვიყურებოდი აღმოსავლეთისაკენ  - იუდეის უდაბნოთა - მოყვითალო-მონაცრისფრო გორაკებისკენ,  მდინარე იორდანეს და მკვდარი ზღვის წაგრძელებულ წყლის სივრცეებზე  ჩემ პირდაპირ.

წმიდა ჯვრის ქართული  მონასტერი, სადაც მე მოვიპოვე სიმშვიდე ამსოფლიური ზრუნვისაგან, აღმართულია იერუსალიმის უდაბნოს განაპირას. გარშემო არ ხარობს არა ხე, არა ბალახი და არა ბუჩქი. ზამთრობით უბერავს სუსხიანი ქარი ჩრდილოეთ გოლანის სიმაღლეებიდან, გაზაფხულზე და ზაფხულში გადაუვლის მწველად-ცხელი არაბული "ხამსინი" - და ამ ქარიან დღეებში სულ თვალწინ მედგა მთვლემარე, აბრეშუმის ხავერდივით  ბალახით დაფარული, აყვავილებული ხეების ვარჯებში დანთქმული ალაზნის ველი,  მოლურჯო და თეთრი ბურუსით დაფარულ კავკასიონის ქედის ფერხთით განფენილი...

ორი წლის წინ ირაკლიმ დამითანხმა ჩრდილოეთისკენ,  გალილეისკენ მოგზაურობაზე, სადაც  გენისარეთის ცნობილი ტბაა და მის სიახლოვეს კაპერნაუმის ტაძარია აღმართული.

- შოთა, - მარწმუნებდა ის თავისი მშვიდი ხმით - შენ ნახავ ქვეყანას, რომელიც მოგაგონებს შენს საყვარელ საქართველოს - იგივე დაბურულ ტყეს, კლდეებს, ალპურ მდელოებს, ველს, ალაზნის ველის სადარს და ქარის ტკბილ სურნელებას... წავიდეთ!

და ჩვენ გავეშურეთ.

ირაკლისაგან დაქირავებული თორმეტი სირიელი მესაჭურვლის თანხლებით, მდინარე იორდანის გასწვრივ, ჩვენ გადავედით ჩრდილოეთში, სადაც ოდესღაც ნათელს იღებდა იესო ქრისტე იოანე ნათლისმცემლისგან და გავედით გენისარეთის მიდამოებში. შემოვუარეთ ტბას და შევჩერდით მაღალ ბრტყელ კლდესთან, რომელიც გასაოცრად მაგონებდა  ნაცნობ კლდეებს ჩემს მიტოვებულ სამშობლოში. სამი ნორჩი მუხის ხე იდგა კლდის მწვერვალზე - ზუსტად ისე, როგორც შორეულ ალაზნის ველზე.

მე ვუყურებდი ტბას და კაპერნაუმის ტაძარს მის ნაპირზე, ვუყურებდი და მაგონდებოდა მსგავსი ტაძარი მცხეთაში. როგორ ვიდექი მაშინ საპატიო სტუმრების ჯგუფში და როგორ მიბინდავდა ცრემლები მზერას, როდესაც პატრიარქი მიქაელი ჯვარს წერდა თამარს და იურის. მე ტკივილამდე ვუჭერდი ხელს ხმლის ვადას. თავს ვიკავებდი, რომ არ მიმერბინა საკურთხეველთან ხმლის სასიძოსთვის ჩასასობად!

დიდხანს ვნანობდი მას შემდეგ, რომ თავი შევიკავე, მაგრამ რომ არ შემეკავებინა, ვეღარც  "ვეფხისტყაოსანს" დავწერდი მაშინ...

 

                                            ***   

 

 - როგორ მოგეწონა ვახტანგი? - შემეკითხა დედა.

მე და ის პირს ვიტკბარუნებდით ქადით და თან ჩაის ვატანდით.

მე გამეცინა.

- ვიდრე კავკასიური დელიკატესებით ავივსებდი აბგას, გამოცდა ჩავაბარე ლიტერატურაში, რომელიც მან მომიწყო - ვუთხარი მე - შევედი თუ არა მის კაფეში, პირველი, რაც დავინახე, იყო რუსთაველის პორტრეტი, რომელიც ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ეკიდა, ჩემთვის ნაცნობ ლექსთან ერთად, რომელიც მე ზეპირად ვიცი.

- შენ, ცხადია, "ვეფხისტყაოსანს" გულისხმობ...

- წარმოიდგინე, რომ არა. ეს იყო სტროფები ფრიდრიხ შილერის " ქვეყნის დაყოფიდან".

- რაღაც არ მაგონდება, - მითხრა დედამ - წამიკითხე, გეთაყვა.

სწორედ ასე მთხოვდა ხოლმე დედა კრილოვის იგავ-არაკის  წაკითხვას ყვავსა და მელიაზე, ხუთი წლის რომ ვიყავი. მე გავუღიმე და დავიწყე დეკლამირება:

 

"გაინაწილეთ დედამიწა - შესძახა ზევსმა

ზეცის თაღებში, - გაძლევთ ქვეყნებს, დაბა-ქალაქებს.

ძმურად გაიყოს ყველამ, ვისაც ჩემი ხმა ესმა,

აწ და მარადის მიწას კაცის ხელი განაგებს."

 

ვისაც მუხლებში ძალა შესწევს, ფუძეს დაეძებს,

ყრმას და ბერიკაცს - ყველას უნდა ხვედრი თავისი.

გლეხკაცმა სწრაფად მიაშურა ხეხილს, ნათესებს,

და მონადირეც გარბის უმალ ტყეში ხალისით.

 

ვაჭარი იღებს საქონელს და ორმაგად ჰყიდის,

აბატის ქვევრი შარშანდელი  ღვინით აივსო,

მეფემ ჩაკეტა ქვეყნის ყველა გზები და ხიდი,

თან განაცხადა: მეათედი ჩემი არისო.

 

ბოლოს, როდესაც აღარ დარჩა კუთხე პატარა,

ვნახოთ, პოეტი ახლოვდება სადღაც შორიდან:

შეჩერდა, შეკრთა, შეწუხდა, რომ არა დარჩა რა,

ყველაფერს უკვე პატრონი ჰყავს - გვიან მოვიდა.

 

- კაფე ცარიელი იყო, - განვაგრძე მე - მხოლოდ დახლთან იდგა საშუალო ხნის მამაკაცი და  მიღიმოდა. ალბათ ეს იყო ვახტანგი. მე პორტრეტის წინ გავჩერდი და ჩუმი ხმით წავიკითხე ორი უკანასკნელი სტრიქონი: "შეჩერდა, შეკრთა, შეწუხდა, რომ არა დარჩა რა, ყველაფერს უკვე პატრონი ჰყავს - გვიან მოვიდა", მერე მივუტრიალდი ვახტანგს და ვუთხარი: " აქ არ არის შილერის ლექსის მეორე ნახევარი" "თქვენ იცით მეორე ნახევარი?" - მსწრაფლ მკითხა შესამჩნევი ქართული კილოთი და გამოვიდა დახლიდან.

 - ცხადია.

 ის მომიახლოვდა და იმ ხმით, რომლითაც შე მთხოვდი ახლა, მთხოვა მანაც: "წაიკითხეთ, თუ შეიძლება". შენ ხომ იცი, მე დიდხანს ხვეწნა არ მჭირდება, როცა საქმე ეხება ჩემს საყვარელ ლექსებს. მეც ავდექი და  წავუკითხე:

 

"ვაგლახ, ყველაზე უბედური მე რატომ გავხდი,

შენი ყველაზე საყვარელი, ერთგული ვაჟი?" -

თქვა და დანამა ცრემლით ზევსის ციური ტახტი,

თანაც აღაპყრო უიმედოდ ხელები ცაში.

 

" შენ თუ ოცნების სამეფოში დაგაგვიანდა,

მე რა ვქნა, უკვე გვიან არის შემოდავება.

სად იყავ, როცა ვიხმე ტომი ადამიანთა?

"შენთან ვიყავი, - თქვა პოეტმა - ჩემო ღვთაებავ.

 

ცის ჰარმონიამ დაატყვევა ჩემი ყურები,

შენმა სახემ კი - თვალთა მზერა. ო, ზევსო, გვედრი,

მას ნუ გასწირავ, ვინც ნათელი სახის ყურებით

დათვრა, დაკარგა მიწიერი თავისი ხვედრი",

 

"რა ვქნა, გავყავი დდამიწა, - შეწუხდა ღმერთი, -

სად შევძლო შენთვის შესაფერი კუთხის მიგნება?

თუ გსურს იცხოვრო აქ, ზეცაში, ღმერთების გვერდით,

რა დროსაც მოხვალ, შენთვის კარი ღია იქნება".

 

ვახტანგმა ხელი ჩამომართვა, მაგრად მომიჭირა ხელი ხელზე და ხმამაღლა მითხრა:  "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება "ლაგოდეხში". მე მქვია ვახტანგი, თქვენ როგორღა მოგმართოთ?

"ალექსი... ამიხსენით, თუ შეიძლება, ვახტანგ, რას ნიშნავს ეს უცნაური სახელი - "ლაგოდეხი"?

ის კაფეს შორეული კუთხისკენ წამიძღვა ისე, რომ ჩემთვის ხელი არ გაუშვია. იქ მთელი კედელი ეკავა საქართველოს ფერადოვან რუკას. მან თითი მიადო ერთ წერტილს  რუკის მარჯვენა ნაწილში და მითხრა: "ალიოშა, აქ იმყოფება  პატარა ქალაქი, სადაც მე შევხვდი ჩემს პირველსა და ერთადერთ სიყვარულს და ამ ქალაქს ჰქვია ლაგოდეხი".

რამდენიმე წუთის მანძილზე ის გატაცებით მიყვებოდა ლაგოდეხზე, ალაზნის ველზე, იქაურ ცნობილ ნაკრძალზე, ალპურ მდელოებზე, რბილ ზამთარზე, ნაზ ზაფხულზე, ნაყოფით დახუნძლულ შემოდგომაზე - და კიდევ ბევრ სხვა რამეზე. მერე მან წამოიძახა: "ალიოშა, მოდით პარასკევს საღამოს ჩვენთან! აქ იკრიბება ისრაელის ქართული დიასპორის ნაღები! ქვეყნის ყოველი კუთხიდან!  ცფათიდან, ხაიფადან, კესარიიადნ, ნეთანიიდან! თქვენ აქ მოისმენთ ლექსებს და სიმღერებს. მე თქვენ გაგაცნობთ ჩემს ქალიშვილს, იერუსალიმის უნივერსიტეტის სტუდენტს. ის წაიკითხავს ნაწყვეტებს  თავისი რომანიდან შოთა რუსთაველზე...

- რაც შეეხება მის ქალიშვილს, - შემნიშნა დედამ - მე მას ვიცნობ. ხომ იცი, მე როგორც მხატვარი, ვერა ვარ გულგრილი სილამაზის მიმართ და ერთმანეთზე ლამაზ მენატურეთა აურაცხელ რაოდენობას გაუვლია ჩემ თვალწინ, მაგრამ ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება სილამაზით ვახტანგის ქალიშვილს, ის მზეთუნახავია! კვირაში ერთხელ ის  პოზირებს ჩემთან და მე ვხატავ მის პორტრეტს, რომელიც ვახტანგმა დამიკვეთა.

- რამდენი წლის არის?

-ცხრამეტის. ერთ თვეში ოცის სრულდება.

- რა ჰქვია?

- თამარი...

 

                                         ***

 

მე და დედა შევედით ვახტანგის კაფეში.

ყველა მაგიდა დაკავებული იყო. სადღაც სცენის მიღმიდან ისმოდა ქართული მელოდია. აქ მთელი ოჯახებით მოსულიყვნენ ისინი,  ვისაც სურდა კვირაში ერთხელ მაინც ჩაძირულიყო შორეული და მიტოვებული კავკასიის ატმოსფეროში.

ვახტანგი გამოვიდა პაწაწკინტელა სცენაზე და წარმოთქვა:

- საღამო მშვიდობისა, ძვირფასო მეგობრებო და შაბათ შალომ! ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ შაბათის შეხვედრას! ჩემო მეგობრებო, ნება მიბოძეთ, მიკროფონთან მოვიწვიო ჩემი ქალიშვილი, რომელიც გააგრძელებს ნაწყვეტების კითხვას რომანიდან "შოთა წმიდა მიწაზე"!

და სცენაზე გამოვიდა თამარი.

ანაზდად მომეჩვენა, რომ მან მე შემომხედა და გამიღიმა. მაშინვე გადავხედე დედას. ის მიცქერდა მე ოდნავი ღიმილით, რომლითაც თითქოს მეუბნებოდა: "აბა, რას გებნებოდი? არსებობს განა ქვეყანაზე კიდევ მსგავსი მზეთუნახავი?" და ეს აზრი,  მეჩვენებოდა, რომ კიაფობდა ყველას სახეზე, ვინც იმ დროს იმყოფებოდა ვახტანგის კაფეში და ვინც მის ქალიშვილს უცქერდა.

თამარმა დაიწყო კითხვა:

 

"... როგორ მაშინებდა ჩემს ფიქრებსა და სიზმრებში ამ ჟამის დადგომა! უწყის უფალმა, არ მსურდა  იმ დღემდე მიმეღწია, როდესაც ჩემი ერთგული ირაკლი მოვიდოდა  და მომიტანდა მსგავს ცნობას, მაგრამ დადგა ეს დღე.

 შოთა - ძლივს გასაგონად წაილუღლუღა ირაკლიმ - თამარი აღესრულა.

მე ავად ვიყავი. უკვე ერთი თვე იწურებოდა, რაც შეპყრობილი ვიყავი რაღაც გაურკვეველი ცხელებით. აქ მომიყვანეს, ქამის სამკურნალო წყაროებთან, იმ ადგილის ახლოს, სადაც მდინარე იორდანე გამოედინება გენისარეთიდან.

ვიწექი საკაცეზე,  ჩემს ამოჩემებულ კლდესთან, რომლის მწვერვალზეც იზრდებოდა სამი ნორჩი მუხის ხე. ჩემ წინ იდგა ირაკლი, ბერის სამოსში, რომელიც იმ იორდანეს უდაბნოს მტვრით იყო დათრთვილული, რომელიც გამოევლო იერუსალიმიდან წამოსულს.

- შოთა - დასძინა მან - გუშინწინ იერუსალიმში ჩამოვიდა თამარის ვაჟი, გიორგი, მრავალრიცხოვან ამალასთან ერთად. ის ჩვენი ტაძრის სტუმარია და შენ გელოდება, რომ საქართველოში წაგიყვანოს.

თამარის ვაჟი? მას დარჩა შვილი დავით სოსლანისაგან, მისი მეორე ქმრისგან. არადა, რად არ  უნდა გვყოლოდა მას და მე? ის ახლა ოცი-ოცდახუთი წლისა იქნება. და თუ ის მას ჰგავს, არ იქნება ქვეყნად უფრო ლამაზი მამაკაცი.

მე არ მსურს მისი ხილვა! მე არ შემიძლია მისი დანახვა.

- რა სურს მას?

- დედამისის ანდერძს ასრულებს, ჩამოგიტანა სამეფო ბეჭედდასმული წერილი მისგან.

- სად არის ეს წერილი?

ანაფორის ნაკეცებიდან  წერილი გამოაძრო ბერმა და გადმომცა.

"ჩემო ძვირფასო შოთა, - წერდა თამარი ჩემთვის ნაცნობი ხელწერით - მე სიკვდილს მივეახლები და გთხოვ აღასრულო ჩემი უკანასკნელი თხოვნა. მე შენთან ვგზავნი ჩემს ვაჟს თხოვნით, რომ შენ სამშობლოში ჩამოგიყვანოს. მე დამკრძალავენ მცხეთაში ან გელათში და მე მსურს, როდესაც შენ მიიცვლები  როცა უფალი მიგიხმობს თავისკენ, დაიკრძალო ჩემ სიახლოვეს. გახსოვდეს, ძვირფასო შოთა, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე მხოლოდ შენ  მიყვარდი - შენი თამარი!"

 

                                                ***

 

 ჩემი ჩვეულებრივ სიტყვაუხვი დედა, როდესაც ფუნჯს იღებს ხელში, როგორც წესი, ხდება მდუმარი და მოქუფრული. ის დიდხანს უძებნიდა შესაფერის პოზას თამარს - ხან პირისახით დასვამდა სინათლისაკენ, ხან გვერდულად; ხან  მხრებზე მოუგდებდა ფერად მოსასხამს, ოდნავ აუჩეჩდა თმებს, ხელებს მუხლებზე დაადებინებდა და საერთოდაც, როგორც მე ვიტყოდი ხოლმე, აბუჩად იგდებდა კლიენტს.

დედა ჩამოჯდა, ფუნჯი და პალიტრა აიღო ხელში და  სინათლისაკენ სახით მიბრუნებული, შეუდგა წმიდა მსახურებას.

მე მდუმარედ ვუცქერდი ვახტანგის მშვენიერ ქალიშვილს. უეცრად გამახსენდა სრულქმნილი ქალური მშვენიერების აღწერა, რომელიც ალექსანდრ კუპრინის კალამს ეკუთვნის:

 

" ფარდის უკნიდან გამოვიდა ქალი და დახლსუკან დადგა, თავზე დიდ ნაცრისფერ თავსაფარს იკრავდა.  როდესაც კაშინცევი  მისკენ სახით მიტრიალდა, მას მოეჩვენა, რომ რაღაც უხილავი ძალა დაეძგერა უეცრად მკერდზე  და ვიღაცის ცივმა ხელმა მოუჭირა მის მოფართხალე გულს -  მას არასოდეს არათუ არ ენახა ასეთი გასხივოსნებული, ამაყი, სრულქმნილი სილამაზე, იმის გაფიქრებასაც ვერ გაბედავდა, რომ ასეთი რამ შეიძლება არსებობდეს ქვეყანაზე".

 

- თამარ, - წყნარად დავეკითხე - როგორ აპირებ ეპიზოდის დასრულებას? გაემგზავრება შოთა საქართველოში თუ არა?

მან გაიცინა,

-სიცილი არ იყოს! - დატუქსა დედამ - ალიოშა, შენ მე ხელს მიშლი, - და ფუნჯის ტარით ნიკაპი წამოუწია თამარს.

- მე ჯერ არ გადამიწყვეტია, - მითხრა ბოლოს - ერთსაც და მეორე ვარიანტსაც აქვთ  თავიანთი უპირატესობა და ნაკლოვანებანი... მამა მიმტკიცებს, რომ არაფერი ხეირიანი არ გამოდნება ჩემი რომანიდან, ვიდრე არ ვნახავ საქართველოს და არ შევიგრძნობ მის სურნელს..

მე თვალს ვერ ვაშორებდი მას. და კვლავ ამომიტივტივდა გონებაში კუპრინის სტრიქონები:

 

"შეიძლება თუ არა ვინმესთვის ამ სახის აღწერა?  - ეკითხებოდა საკუთარ თავს კაშინცევი  -  შეიძლება თუ არა ჩვეულებრივი, უბრალო, მარტივი ენით ამ საუცხოო ნაკვთების,   ამ ნაზი და ნათელი ფერების გადმოცემა? დიდი და ბრიალა შავი თვალები,  იქამდე დიდი და შავი, რომ დახატული გეგონებოდათ, და მათში, გუგების გარშემო კიაფობდნენ ცოცხალი,  გამჭვირვალე ოქროს წერტილები; როგორც ათინათები ყვითელ ტოპაზში...ო, საოცნებოვ, მშვენიერო! - იმეორებდა თავისთვის გრძნობამორეული კაშინცევი და ტირილი ერეოდა აღტაცებისა და სინაზისაგან, რომელთაც დაემონებინათ, მკერდზე დასწოლოდნენ და თვალებზე ელაციცებოდნენ."

 

- მამამ მითხრა, რომ თქვენ კითხულობთ ლექციებს ლიტერატურის ისტორიაში, მართალია?

- დიახ, - დავუდასტურე მე - ნახევარი წელი პრინსტონის უნივერსიტეტში, შტატებში, ნახევარი წელი   - ხაიფაში.

- გამოდის, რომ მე გამიმართლა - გაეღიმა თამარს  - შევხვედრივარ დიდ სპეციალისტს ლიტერატურაში. მაშ, თქვენ რას მირჩევთ   - უნდა გაემგზავროს შოთა სამშობლოში, თუ არა? - მე გავუჩუმდი.

- ვერაფერს გეტყვი, - ვუთხარი ბოლოს - უნდა გაემგზავროს შოთა სამშობლოში თუ არა, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ვახტანგი მართალია: ვიდრე გააგრძელებდე რომანს, შენ ჯერ უნდა გადაფრინდე საქართველოში, ნახო ეს ქვეყანა და შეიგრძნო მისი სურნელი...

                                

                                                    ***

 

 დაძინებამდე დედაჩემი შემოვიდა ჩემს საძინებელში.

მე ვიწექი, ხელები თავქვეშ მქონდა ამოდებული და ვფიქრობდი თამარზე.

დედა საწოლის კიდეზე დამიჯდა  და წყნარად მითხრა:

- მე ვხედავდი, როგორ უყურებდი შენ მას. გული მწყდება შენზე, ალიოშა და მესმის შენი.

- დედა, -  ამოვღერღე მე - რა უნდა ქნა, როდესაც შენ ორმოცდაათისა ხარ, გყავს ორმოცდახუთი წლის მეუღლე და ოცდაორი წლის ქალიშვილი? შენ მოულოდნელად ხვდები ასეთ სრულყოფილსა და არამიწიერ სილამაზეს - და გთანგავენ აზრები, რომ ის ხვედრია შენი კი არა,  შენთვის უცნობი გარეშე პირის. და განა ეს უცნობი შენ რამეთი გჯობია? რატომ უნდა იყოს ის მასთან და არა შენთან?

დედამ აიხედა სადღაც ჩემს თავს ზემოთკენ და მომიგო:

- ისღა დაგრჩენია, თავი იმით ინუგეშო, რომ ისიც გახდება ოდესმე ორმოცდახუთი წლისა, მერე ორმოცდათხუთმეტისა და სამოცდახუთისა - ეს მომაჯადოებელი მშვენიერება დაჭკნება, და ნაცვლად ღვთაებრივად ქმნილი სილამაზისა ვიხილავთ უსწრაფესად მობერებულ ქალს... და მისი ქმარი, ცხრამეტი წლის თამარის დანახვისას  ზუსტად ისევე იქნება განცდებში, როგორც შენა ხარ ახლა...

დედას უეცრად  სინანულით ჩაეღიმა და გააგრძელა საუბარი:

- გახსოვს, დინა რუბინას ერთ მოთხრობაში არის მხნე ოთხმოცდაათი წლის დედაკაცი  - ერთი იმათთაგანი, რომლებიც სიბერისაგან მკურნალობენ ვარჯიშის, დიეტის, ოყნის და რაღაც საარაკო "ურინოთერაპიის" მეშვეობით.  მოთხრობის გმირმა შემთხვევით დაინახა პლაჟზე დედაბრის დანაოჭებული სხეულის მომჩვარული ტომარა და უეცრად "მწვავე სიბრალული მოაწვა ყელში: როგორი დაცინვაა - მთელი ჩვენი ცხოვრება.  და რისთვის არის საჭირო  ეს ვარჯიშები, დიეტები, ოყნები და ურინოთერაპია,  თუკი სულერთია, ბოლოს და ბოლოს  ადამიანის დამატყვევებელი სხეული ამად იქცევა ბოლოს"

 

                                               ***

 

 ერთი თვის შემდეგ ჩვენ, კაფე "ლაგოდეხის" მრავალრიცხოვანი მუდმივი სტუმრები ვდღესასწაულობდით თამარის ოცი წლისთავს. ჩვენ ვსვამდით შამპანურ "ბაგრატიონს", ვუსმენდით  მაღალფარდოვან სადღეგრძელოებს და საჩუქრებს ვუძღვნიდით დღესასწაულის მთავარ მიზეზს.

როდესაც ჩემი რიგი დადგა, ავდექი და ვთქვი:

- მე და დედაჩემი ვულოცავთ თამარს და ვჩუქნით მას თვითმფრინავის ბილეთს  თბილისამდე და უკან. დაე ის ჩავიდეს წინაპრების სამშობლოში, ნახოს და შეიგრძნოს საქართველოს დაუვიწყარი სურნელი...

 

 …გამოაცხადეს ჩასხდომა თვითმფრინავში და მე დედასთან და ვახტანგთან ერთად დავიწყეთ ნაჩქარევი და უთავბოლო დამშვიდობება თამართან.

ვახტანგმა უთხრა:

- არ დაგავიწყდეს ალაზნის ველზე იმ სამმუხიანი კლდის ფონზე  საურათის გადაღება. ხომ არ დაგავიწყდება?

- არ დამავიწყდება, არ დამავიწყდება - იცინოდა თამარი - მე მახსოვს ყოველი შენი დარიგება.

ჩვენ დავკოცნეთ ერთმანეთი და მდუმარედ ვუცქერდით, როგორ გაჰყვა ის ხალხის ნაკადს, ხელი დაგვიქნია და მგზავრთა შორის გაუჩინარდა.

 

... ჩვენ სამნი მდუმარედ მივემგზავრებოდით ღამეული გზატკეცილით ჩრდილოეთისკენ. ნახევარი საათის შემდეგ დედა ოდნავ შეინძრა და ხელი გასწია რადიომიმღებისაკენ. ეთერში ჯერ ტკაცუნი გაისმა და  მერე სრულ სიჩუმეში წამოიწყო ტენორმა:

"როგორც ბულბულის გალობა ბაღში

ვარდის ფურცლებში დაიქარგება,

რაც მომიმართავს აქამდე პროზით,

 გადავაქციო მინდა ჰანგებად.

 

მოძღვნილი არის ეს ჰანგი თქვენთვის,

მინდა დავუდგე სიტყვას თავდებად,

რომ რაც კარგია რაიმე ქვეყნად,

სულ სასიმღერო ლექსით თავდება!“

ნანახია: (1720)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას