logo.png

 

რუსთაგან წამებული მღვდელმთავარი - წმიდა ექვთიმე გაენათელი 

ხსენება  4 მაისს

 

                  წმინდანის სამარე გელათში

გურიის მთავარ - შერვაშიძეთა შთამომავალ მაღალყოვლადუსამღვდელოეს ექვთიმეს (1747-1821), ურთულეს დროში მოუხდა მოღვაწეობა - ერთი მხრივ ისლამის მოძალება და ტყვეთა სყიდვა, მეორე მხრივ - შინააშლილობა ქართველთა შორის და, ამავე დროს, რუსთა იმპერია, რომელიც ცეცხლითა და მახვილით მკვიდრდებოდა კავკასიაში.

ექვთიმემ სულიერი მოძღვართ-მოძღვრის უმძიმესი ტვირთით იცხოვრა მაშინ, როდესაც საქართველომ ერთიანად დაკარგა, როგორცსახელმწიფოებრივი, ისე ეკლესიური დამოუკიდებლობა.

1789 წელს, როცა დაისვა საკითხი ქართლ-კახეთთან იმერეთის სამეფოს შეერთებისა, ერეკლე მეორეს დასავლეთ საქართველოდან საგანგებოდ წარმოგზავნილი ელჩობა ეახლა. დელეგაციის წევრთა შორის იყო ექვთიმე გაენათელიც და ჯვრით ხელში

ცდილობდა ყოველი ქართველის სანუკვარი მიზნის მიღწევას -

საქართველოს ერთიანობის აღდგენას.

კრწანისის ბრძოლაში მიღებული ჭრილობები არ მოეშუშებინა ჯერ საქართველოს, რომ ახალი განსაცდელი დაატყდა თავს. დაახლოებით 1797 წელს იფეთქა შავი ჭირის

ეპიდემიამ. აქა-იქ ხალხი იმასაც ამბობდა, რუსის გენერალმა

ტორმასოვმა გაავრცელაო ეს სასიკუდინე სნეულება.

იმერეთის რუსეთთან შეერთებისას (1810 წელი) გაჩნდა ბიუროკრატიული აპარატი, გაიზარდა სახელმწიფო გადასახადები და შრომითი ბეგარა, გაუარესდა სამართალწარმოება, ფესვი გაიდგა მექრთამეობამ.

რუსეთის მთავრობამ მიზნად დაისახა, გაეზარდა სახაზინო შემოსავალი. ამისათვის საჭიროდ მიიჩნიეს საეკლესიო რეფორმების გატარება, რითაც გლეხთა საეკლესიო გადასახადები კიდევ უფრო იზრდებოდა.

ამ ღონისძიებას უკმაყოფილოდ შეხვდა მოსახლეობის ყველა ფენა და დაიწყო გამოსვლები რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ.

ხალხთან ერთად ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიოდნენ მიტროპოლიტები, დიდგვაროვნები, თუმცა მათ საპროტესტო წერილებს რუსეთის იმპერიის დამპყრობლური პოლიტიკის შეცვლა არ მოჰყოლია.

ეროვნულ არქივში დაცულია მიტროპოლიტ ექვთიმე შერვაშიძის წერილები რუსი მოხელეებისადმი, სადაც ის ეკლესიისათვის ქონების ჩამორთმევის არამართლზომიერებას უჩივის.

„რუსეთთან შეერთების შემდეგ პირველი ძლიერი მასობრივი აფეთქება საეკლესიო ნიადაგზე მოხდა დასავლეთ საქართველოში“, როგორც ამის შესახებ წერდა გრიგოლ

ლორთქიფანიძე. ეს გახლდათ იმერეთის 1819-20 წლების აჯანყება, რომლის მთავარი სულისჩამდგმელებდოსითეოზ ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი იყვნენ.

მიტროპოლიტები „ცხადად აკურთხედნენ ხალხს სამშობლოს განთავისუფლებისა ღვწად; ეკკლესიებში აკურთხებდნენ იარაღსა და მღვდელნი ურიგებდნენ სამრევლოთა“, - ვკითხულობთ პოლიევქტოს კარბელაშვილის მიერ გაზეთ „ივერიაში“ ცხვილოელის ფსევდონიმით გამოქვეყნებულ წერილში.

აჯანყებაში ექვთიმე გაენათელისა და დოსითეოზ ქუთათელის გარდა სხვა სასულიერო პირებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მღვდლები თავისი სულიერი შვილების გვერდით იბრძოდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ 1820 წლის 21 მაისს სოფელ ფუტიეთში რუსის ჯარისკაცებმა მოკლეს ორი ათასი ამბოხებული. გარდაცვლილთა შორის, როგორც გენერალი პოტტო წერს, გადაცმულ მღვდლებსაც ნახულობდნენ. რუსის ჯარმა ასევე შტურმით აიღო შემოქმედი და საერთოდ, მეტად სასტიკად უსწორდებოდნენ ამბოხებულებს.

ასეთ ვითარებაში განსაკუთრებული საფრთხე, ბუნებრივია, აჯანყების სულისჩამდგმელებს, მათ შორის ექვთიმე გაენათელს მოელოდა.

იმერეთის 1819-1820 წლის აჯანყების მასალებშია, ასევე ექვთიმე გაენათელის, ქუთათელის, დასავლეთ საქართველოს დიდგვაროვნების დაპატიმრებისა და გადასახლების ბრძანებები, საიდუმლო განკარგულება - დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მათი ლიკვიდაციის შესახებ.

ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულია დოკუმენტი, რომელიც გაენათელი მიტროპოლიტის გადასახლების შემდეგ მის ქონებას აღწერს.

დიდმარხვა იყო, 4 მარტი. აჯანყების პირველი ტალღებიც ჩამცხრალიყო და მყუდროება სუფევდა. იცოდნენ რუსთა იმპერიის სატრაპებმა, რომ მხცოვანი მიტროპოლიტების შეპყრობა ქართველობას ისევ ააჯანყებდა,  მაგრამ არ ცხრებოდა აღბორგებული საიდუმლო უსჯულოებისა; უღმერთობა, რომელიც ფარულად სულ უფრო და უფრო მეტად იდგამდა მეტასტაზებს ერთმორწმუნე რუსეთის სხეულში და, რომელიც მოგვიანებით 1917 წლის რევოლუციის სახით გადმოინთქა რუსეთის

მართლმადიდებელი ეკლესიისავე წასალეკად. იმჯერად კი, როგორც ჩანს, ისევ საქართველოს ეკლესიის ჯერი იდგა.

4 მარტის ღამით, საწოლში მწოლარენი შეიპყრეს ექვთიმე და დოსითეოზ

მიტროპოლიტები, არქიმანდრიტი გრიგოლ ცქიტიშვილი, ბატონიშვილი დარეჯანი და სხვა მამულიშვილები. მიროპოლიტებს „თავს ამოაცვეს წელამდინ ტომრები და შეუკრეს ზევიდამ ხელნი და ჰგვემეს ფრიად ქუთათელს, და თავის სახლიდამ თრევით

ძირს ჩამოიტანეს“, -გვაუწყებს დავით ბატონიშვილი. შეპყრობილნი მაშინვე დიდი ცხენოსანი ყარაულის თანხლებით რუსეთის გზას გაუყენეს. ნაცემ-ნაგვემი ქუთათელი მიტროპოლიტი გზაზე გარდაიცვალა. ხოლო ექვთიმე გაენათელი, არქიმანდრიტ გრიგოლთან ერთად,ნოვგოროდში გადაასახლეს.

...„არა ნივთთათვის, არა განვრცელებისათვის საზღვართა, და ესრეთცა უკვე ვრცელისა ქვეყანასა ზედ აიმპერიასა შინა, მივიღებთ ჩვენთვის ზედა ტვირთსა

საქართველოს სამეფოსა მართებელობისასა“, - აცხადებდა იმპერატორი ალექსანდრე პირველი 1801 წლის 12 სექტემბრის უმაღლეს მანიფესტში და თვალთმაქცურად ჰპირდებოდაქართველობას: „არა მივსცეთ მსხვერპლად განსაცდელისა ენა

ერთმორწმუნეთა“.

და აჰა, ღმრთის განგებით ისე მოხდა, რომ სამწყსოწართმეული და სამშობლოწართმეული ექვთიმე გაენათელი მიტროპოლიტი წარადგინეს სწორედ ამ

ალექსანდრე პირველის წინაშე. და მაშინ აღლესა მახვილი მხილებისა.

...„იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა მოისურვა მისი ნახვა. ჩაიყვანეს პეტერბურ-

ღში, იმპერატორმა დიდი ზეიმით და პატივით მიიღო, მაგრამ ექვთიმე არ მოერიდა

ემხილებინა საქართველოს ეკლესიისა და ერის თავისუფლების წართმევისა და

სამშობლოს დამცველთა წამებისათვის. მას უწოდა ახალი ნერონი. ეს იყო მიზეზი, რომ ის გაგზავნეს ალექსანდრე სვირის მონასტერში, ოლონეცკის გუბერნიაში, სადაც განისვენა და დასაფლავებულია“, - წერს უწმიდესი ამბროსი.

ნოვგოროდიდან რუსთა იმპერიის დედაქალაქში ჩაყვანილი ექვთიმე ისედაც შინაპატიმრობაში ჰყავდათ და იქ გადასახლებულ ქართველ უფლისწულებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევდნენ; ხოლო იმპერატორის მხილების შემდეგ აღარც პეტერბურგში აღარ გააჩერეს და გადაასახლეს იქ, სადაც უწინ საქართველოს უკანასკნელი პატრიარქი ანტონ მეორე ჰყავდათ საპატიო ტყვეობაში.

...„და წარიყვანეს შემდგომად სვირის მონასტერსა შინა, და დაასადგურეს მუნ, რომელიცა შორავს პეტერბურხს 200 ვერსით; ხოლო გარდაიცვალა მუნვე მონასტერსა შინა, ამაზატიკში, აპრილის 21, წელსა 1822, დღესა პარასკევსა და დაფლეს მუნვე. ესე იყო წლისა 76. ხოლო რაჟამს შეასუენეს მონასტრისა ეკლესიასა შინა წმიდა გუამი გენათელისა და იწყეს კრებულთა ანდერძის აგება, მაშინ კუბოდამ წამოჯდა

ზეზედ და დასწერა ჯუარი ვითარცა ცოცხალმან და კუალად მიწვა კუბოსავე და მიიძინა. დაეცათ შიში დიდი მუნ მყოფთა ყოველთავე, და აქებდეს ღმერთსა ამის წმიდისასა და დაიდუმეს ესე შიშითა რუსთათა“, - მოგვითხრობს დავით ბატონიშვილი.

მაგრამ, როგორც ჩანს, ექვთიმეს საკვირველი მიცვალების ამბავი ხალხში მაინც გახმაურდა - „საფლავსა მისსა დღესაც ლოცულობენ მკვიდრნი მუნებურნი, ვითარცა წმიდისასა, და სასოებით მვედრებელნი მიიღებენო კურნებასა“ - წერდა პოლიევქტოს კარბელაშვილი მას შემდეგ, რაც ექვთიმეს მიცვალებიდან ნახევარ საუკუნეზე მეტი დრო იყო გასული.

2005 წელს მამა კონსტანტინე გიორგაძემ რუსეთიდან ჩამოასვენა წმიდა ექვთიმეს ცხედარი. გაენათელი მიტროპოლიტი დაუბრუნდა თავის საკათედრო ტაძარს, სადაც უსისხლო მსხვერპლს შესწირვიდა ღმრთისა მიმართ. იგი დაიკრძალა გელათის მთავარი ტაძრის საკურთხევლის წინ.

 

გიორგი მაჭარაშვილი

„ექვთიმე გაენათელის ღვაწლი“

ნანახია: (1825)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას