logo.png

       სად არის საქართველო და ვინ ცხოვრობს საქართველოში? 

 

                   როდესაც ევრაზიის კონტინენტს დახედავთ, ევროპისა და აზიის შესაყარზე – ორ ზღვას შუა, შავსა და კასპიის შორის, ამოიკითხავთ ქვეყნის დასახელებას, რომელსაც  „Georgia“ ეწოდება. 

                    რას ნიშნავს „Georgia“? ერთის მხრივ, ძველი ბერძნების სახელდებით, ეს არის მიწის მუშაკთა, „გეორგიანთა“ ქვეყანა, ხოლო, მეორეს მხრივ – ქრისტიანობის გავრცელების დროიდან, ეს არის „წმიდა გიორგის სამწყსო“! წმიდა გიორგი საქართველოს მფარველი წმინდანია – მის საპატივცემულოდ საქართველოში ყველაზე ხშირად ვაჟებს სწორედ გიორგის არქმევენ.

                     ქართველები ამ მიწა–წყალზე უხსოვარი დროიდან სახლობენ, ხოლო დასახლების ისტორიას შთამბეჭდავი ლეგენდით ჰყვებიან: როდესაც ღმერთი დედამიწის მცხოვრებლებს მიწას ურიგდება, ქართველებს დაჰგვიანებიათ. ღმერთს მკაცრად გამოუკითხავს მიზეზი და ქართველებს უპასუხნიათ, იმიტომ დაგვაგვიანდა, რომ შენს საღღეგრძელოს ვსვამდითო. ღმერთს სიმკაცრე ლმობიერებით შეუცვლია და უთქვამს, მიწები უკვე დავარიგე, მაგრამ რაკი აგრეა, იმ წაზე დაგასახლებთ, რომელიც ჩემთვის მქონდაო გადანახული. მას შემდეგ ქართველები მიწიერ ედემში ცხოვრობენ და ღმერთს მადლობას სწირავენ.

                      მიუხედავად ასეთი „ზეციური პრივილეგიებისა“,  დღეისათვის ქართველების ვინაობა, თავიანთი ადრინდელი პოლიტიკური დაქვემდებარებულობის გამო – სიუზერენის სლავურ წარმომავლობაში, ხოლო სახელწოდების მიხედვით – ამერიკულ შტატში ერევათ ხოლმე. სინამდვილეში ქართველები სრულიად გამორჩეულ ეთნოკულტურულ ფენომენს წარმოადგენენ:

               საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მკვიდრობენ ცალკეული ქართული ტომები,  რომლებსაც აერთიანებს ზოგად ქართული ეროვნული ნიშან–თვისებები, სალიტერატურო ქართული ენა, მართლმადიდებლური სარწმუნოება; თუმცა ერთმანეთისაგან განირჩევიან კიდეც – ხასიათობრივი თავისებურებებით, ენობრივი დიალექტითა თუ, რიგ შემთხვევაში, კონფესიური სხვაობით. ეს კუთხეებია: აღმოსავლეთის ბარში კახეთი  და ქართლი, მთაში – თუშეთი, ფშავ–ხევსურეთი, მთიულეთი და ხევი; დასავლეთის ბარში – იმერეთი, სამეგრელო, აფხაზეთი, გურია–აჭარა, ხოლო მთაში – სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. სამხრეთ საქართველოში – მესხეთი და ჯავახეთი.

           მაგრამ საქართველოში მარტო ქართველები როდი ცხოვრობენ – ეს ქვეყანა მრავალი სხვა თესლ–ტომის სამშობლოც არის და საქართველო ყველა ერისათვის ერთნაირად მშობლიური და საყვარელი სამშობლოა. იგი ცნობილია თავისი სარწმუნოებრივი და ეროვნული ტოლერანტულობით – აქ ძველი წელთაღრიცხვის მე–6 საუკუნიდან ცხოვრობენ ებრაელები და არასდროს  ყოფილა ანტისემიტიზმის თუნდაც უმნიშვნელო გამოვლინება, მკვიდრობენ გარეშექრისტიანული  აღმსარებლობის ხალხები, მაგრამ არ აბრიალებულა ინკვიზიციის კოცონები –  ქსენოფობია უცხოა ქართველთათვის. ამიტომაც სახლობენ აქ იმ ეროვნებების წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად ყოფილ სიუზერენთაგან დევნილნი, საქართველოში აღმოჩენილან და აქ უპოვიათ თავშესაფარი: სომხები  და აზერბაიჯანლები, ბერძნები და ქისტები, უკრაინელები და პოლონელები, ესტონელები და ასურელები, ოსები და ქურთები და მრავალი სხვა.

           საქართველოს ამჟამად სუვერენული ქვეყანაა და ასეთსავე დამოუკიდებელ ქვეყნებს ესაზღვრება – მისი მეზობლები არიან თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან – რუსეთის პირიქითა კავკასიის რეგიონები.

 

                                  ვინ არიან და რა ისტორიის ხალხია ქართველები?

 

               ვიდრე  კრებითი სახელწოდებით, „Georgia”,  გაიცნობდნენ, ძველი მსოფლიოსათვის  ქართველები ცნობილი იყვნენ ორი სახელწოდებით: აღმოსავლეთის მკვიდრნი – „იბერიელებად“, ხოლო დასავლეთისანი – „კოლხებად“. საყოველთაოდ ცნობილი მითები პრომეთე–ამირანისა და მედეასა და არგონავტების  შესახებ, იბერიისა და კოლხეთის მიწიდან იღებენ სათავეს. სწორედ საქართველოს ნაპირებს მოადგა იაზონი ოქროს საწმისის მოსატაცებლად და სწორედ ქართულ მთის მასივს – კავკასიონს მიაჯაჭვა ზევსმა პრომეთე–ამირანი ადამიანთათვის ცეცხლის გადაცემის გამო!

               რაც შეეხება პირველ სავსებით დამოუკიდებელ ქართულ სამეფოს, მას დასაბამი მიეცა ქრისტეს დაბადებამდე მე–3 საუკუნიდან – მეფე ფარნავაზის ზეობის ხანაში, რომელმაც მტკიცე საზღვრები დაუსაზღვრა ქვეყანას, სათავე დაუდო  მწიგნობრობას  მშობელი ხალხისათვის და, ამასთანავე, „... განავრცო ენა ქართული და არღარა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“.

            მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი ფურცელია ჩაწერილი საქართველოს საისტორიო მატიანეში, რომელთაგან სულ რამოდენიმე ფრაგმენტს მოვიხმობთ:

            ქრისტეს შობამდე I საუკუნეში, მეფე არტაგის დროს,  საქართველოში ილაშქრა სახელმოხვეჭილმა რომაელმა სარდალმა პომპეუსმა. რომაელებს გააფთრებული წინააღმდეგობა გაუწიეს იბერიელებმა. საბოლოოდ არტაგი და პომპეუსი დაზავდნენ; იბერია გამოცხადდა „რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად“.

             საქართველოსთან კეთილგანწყობილების ნიშნად, ჩვენი წელთაღრიცხვის  II საუკუნეში, რომის იმპერატორმა ანტონინე პიუსმა ქართველი მეფე – ფარსმან II ქველი წარჩინებულთა ამალით მიიწვია დარბაზობაზე.  ქართველთა პატივსაცემად გამართულ საცხენოსნო ასპარეზობისას,  ქართულმა მხედრობამ  იმდენად ისახელა თავი, რომ იმპერატორ ანტონინე პიუსის ბრძანებით, ქართველი მეფის, ფარსმან ქველის ძეგლი  დაიდგა რომის ცენტრში, ბელონას ტაძარში.

                მე–5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალმა  შექმნა უძლიერესი სამეფო – ჩრდილოეთით მტკიცედ გაამაგრა კავკასიონი  უცხო ტომების შემოჭრისაგან თავდასაცავად, ბიზანტიასა და სპარსეთს საქართველოს ძალმოსილება აღიარებინა, ქართულ ეკლესიას მოუპოვა ავტოკეფალია და ახლად აღორძინებული ქვეყნისათვის  ახალი დედაქალაქი – თბილისი ააგო.

                   საქართველოს  XII  ასწლეულში დაუდგა ოქროს საუკუნე – თავისი ღვაწლით გამორჩეული ქართველი მეფის, დავით აღმაშენებელის მეფობის დროს (1089–1125) დიდი შრომითა და ბრძოლით შეიქმნა ძლევამოსილი ქართული სახელმწიფო, რომელმაც უთანასწორო ომში (60 000  600 000–ის წინააღმდეგ) დაამარცხა დამპყრობელთა კოალიციური ლაშქარი და საქართველოს განუმტკიცა უძლეველი ქვეყნის სახელი მთელს წინა აზიაში; ხოლო მეფე–ქალის, თამარის  დროს, სახელმწიფოს პოლიტიკურმა წონამ და ეკონომიკურმა შესაძლებლობებმა იმჟამინდელი დაწინაურებული ევროპული ქვეყნების დონეს მიაღწია.

             თვით ძნელბედობის ხანაში, XVIII საუკუნეში, უკანასკნელ მეფეს –  ერეკლე მეორეს, საქვეყნოდ ისეთი სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, რომ პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი ამბობდა მასზე: „ევროპაში მე ვარ და აზიაში – ქართველი მეფე ერეკლეო!“ მაგრამ ერთმორწმუნე ჩრდილოელი მეზობლის მოიმედეობამ საბედისწერო ნაბიჯი გადაადგმევინა, სამოკავშირეო ფიცის დადებით, რომელსაც მოკავშირეებმა პირუმტკიცობით უღალატეს –რუსულმა იმპერიამ  სამეფო ტახტიც წაართვა ქართველებს და ეკლესიის ავტოკეფალიაც და ორი საუკუნით დააკარგვინა თავისუფლება და დამოუკიდებლობა!

            

                                             როგორი ხალხია ქართველები?

 

            ქართველებს, როგორც ჭეშმარიტ კავკასიელებს, მტკიცედ სჩვევიათ მამა–პაპეულ ადათ–წესებზე დგომა: ეს არის ეროვნული ტრადიციების  დაფასება, უფროსებისადმი საყოველთაო პატივისცემა, სტუმარ–მასპინძლობა, ძმადნაფიცობა, ფიცის სიმტკიცე, დედისა და ქალის კულტი. ქართველი ბუნებით ლაღია და თავმომწონე, რიგ შემთხვევებში უდარდელი და დაუდევარი, მაგრამ ყოველთვის ბედისადმი დაუმორჩილებელი!

               ქართველები თავიანთ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ.  ქართული ენა იბერიულ–კავაკასიურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება, ის ერთადერთი ძველი დამწერლობის მქონე ენაა იბერიულ–კავკასიურ ენათა შორის და მას სამეზობლოში მონათესავედ ჰყავს ჩრდილოურ კავკასიური ჩერქეზულ–ჩეჩნურ–დაღესტნური ენათა ჯგუფი, ხოლო მსოფლიოს თვალსაწიერით – შორეულ ბასკეთში მცხოვრები ხალხი.

            მსოფლიოში სულ 14 დამოუკიდებელი  ანბანია – მათ შორის ერთი ქართულია! ოცდაოთხი საუკუნის წინათ მეფე ფარნავაზის მიერ შექმნილ ანბანს „ასომთავრული“ ეწოდება. იგი გამოიყენებოდა წარმართულ ეპოქაში. ქრისტიანობის მიღების შემდეგ საქართველოში  ასომთავრულისგან განშტოვდა ორი ანბანი – საეკლესიო „ნუსხა–ხუცური“  და „მხედრული“ – საერო მოხმარებისათვის, რომელზეც დღეს წერენ და კითხულობენ ქართველები.

            ეს ანბანი ძალიან ხიბლავს უცხოელებს.  „ვერც ლათინური და ვერც სანსკრიტული ენების ანბანი ვერ შეედრება თქვენს სადასა და ლამაზს, კოხტა ასოებს“– უთქვამს ერთ ევროპელ ორიენტალისტს.                                         

               მიკერძოებად რომ არ ჩაგვეთვალოს, ქართველების ნიშან–თვისებათა დასახასიათებლად, ქვემოთ სხვა უცხოელთა შეფასებასაც მივმართავთ.

         იტალიელი მწერალი და მოგზაური მარკო პოლო (1254-1324წწ.): „ ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან. მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა  სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი)...

               ფრანგი მოგზაურისა და მკვლევარის, შარდენის (1643 – 1713) აღწერით: „ქართველების ტომი უმშვენიერესია აღმოსავლეთში და, შემიძლია ვთქვა, მთელს მსოფლიოში. აქ არ მინახავს არც ერთი ცუდი სახის ქალი ან კაცი, ანგელოზებივით ლამაზებიც ბევრი შემხვედრია“.

             კავკასიის გაცნობის შემდეგ, გერმანელი მწერალი ფრიდრიხ ბოდენშტედტი(1819 – 1892)აღნიშნავდა: „ქართველები ყველაზე უფრო ზნეობიანნი, ყველაზე უფრო პატიოსანნი კაცნი არიან ამ მხარეში, სტუმართმოყვარეობა დიდი იციან...ერთგულნი არიან – როგორც მათნი ხმალნი, სწრაფნი და მარდნი – როგორც მათნი ტაიჭნი, ვაჟკაცნი ომში, შინ თავაზიანნი და საამურნი“

          ინგლისელი  დიპლომატი და პუბლიცისტი  ოლივერ უორდროპი(1864 – 1948)საქართველოს სამეფოში წერდა: „საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება! ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი, ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია... ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღვრემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელ-გაშლილ, პატიოსან და გულალალ ხალხს.“

          

                            ქართველთა სარწმუნოება, დედა ღვთისმშობელი და

                                      საქართველოს ქრისტიანული სიწმინდენი

 

             საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა – ქართველების 95% მართლმადიდებლური აღმსარებლობის მიმდევარია.

             საქართველოს უდიდესი სულიერი სიმდიდრეა ის ქრისტიანული სიწმინდენი, რომლებიც ქვეყნის წმიდა ადგილებსა და მართლმადიდებლურ კერებშია დაცული.

             კავკასიონის მთის მიუვალსა და მიუდგომელ გამოქვაბულში, რომელსაც თვით მთამსვლელები ვერ უდგებიან და სადაც მხოლოდ დიდი სიწმინდის ადამიანს ხელეწიფება ჯაჭვით ასვლა – გადმოცემით, ოდითგან ინახება ბიბლიური მამა აბრაამის კარავი და ქრისტეს აკვანი.

            უფლის განგებულებით, მცხეთაში, საქართველოს უძველეს დედაქალაქში, წარმართობის დროიდან ინახება წმიდა ილია წინასწარმეტყველის მოსასხამი – ხალენი; ხოლო ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ, საქართველოს ხვდა წილად მაცხოვრის კვართის ღირსი შექმნილიყო, რომელიც  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის სიწმინდეა.

             საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რადგან ღვთისმშობელს ხვდა წილისყრით ქადაგება საქართველოში, ხოლო საქართველოს ეკლესია –სამოციქულო ეკლესია, რადგან აქ საგანმანათლებლო მისიით თავის მაგივრად წარმოგზავნა ღვთისმშობელმა ანდრია პირველწოდებული. მას გარდა, სხვადასხვა წყაროებით, საქართველოში უქადაგია კიდევ ხუთ მოციქულს – ბართლომეს, თომას, თადეოზს, სვიმონ კანანელს და მატათას.

              სამი საუკუნის შემდეგ, IV საუკუნის დასაწყისში, ღვთისმშობელმა გამოარჩია კაპადოკიელი ქრისტიანი ქალწული ნინო, რომელსაც ოცნებად ჰქონდა იმ ქვეყნის ნახვა, სადაც მაცხოვრის წმინდა კვართი ინახებოდა – სიზმრისეულ ხილვაში გამოეცხადა მას, ხელში ჯვარი ჩაუდო და აკურთხა საქართველოს ქრისტიანულად ნათელსაღებად. ეს ჯვარი დღეს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში ინახება წმიდა მოციქულის თომას თავის  ქალასთან ერთად. წმიდა ნინოს მიერ  მონათლულმა მეფე მირიანმა  318 წელს ქრისტიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა.

            დიდი სარწმუნოებრივი რყევების ჟამს, როდესაც პატარა ერები ვერ უმკლავდებოდნენ პოლიტიკურ ექსპანსიებს და თმობდნენ სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებას, ღვთისმშობელმა   ასურეთიდან წარმოგზავნა თორმეტი ასურელი მამა იოანე ზედაზნელის წინამძღოლობით, რომლებმაც მთელი ქართლ–კახეთი მოჰფინეს ეკლესია–მონასტრებით და დაიცვეს მართლმადიდებლობა საქართველოში.

           სახელმწიფოებრივი ძლიერების განსამტკიცებლად, იმავე საუკუნეში, ღვთისმშობელმა საქართველოს მოუვლინა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია, რომელთა გვარის დამწყები იყო კლეოპა, იოსებ დამწინდველის ძმა, რომელიც შორეულ ნათესავად ერგებოდა წმიდა მარიამს.

           დედა ღვთისმშობელი იფარავდა თავის  წილხვედრ ქვეყანას უმძიმეს ბრძოლებში ურიცხვ დამპყრობთა წინააღმდეგ და ხშირად ხილულადაც უხსნია ქართველთა ჯარი განსაცდელისაგან.

            საქართველოს მფარველის, დედა ღვთისმშობლის კვართი დასავლეთ საქართველოში, ქალაქ ზუგდიდში, ინახება!

 

 

                      ქართველი ხალხის ლიტერატურა და ხელოვნება

 

           ქართველებმა, თავისი ხალხური შემოქმედებით, ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს მსოფლიო ლიტერატურისა და ხელოვნების საგანძურში. საქართველოში, განსაკუთრებით მთაში, დღემდე იმართება ხალხური პოეზიის საღამოები, სადაც სპონტანურად, ექსპრომტად იქმნება ლექსი–შედევრები. მსოფლიოში უნიკალური მოვლენა გახლავთ ხალხური ლექსისათვის აგებული ძეგლი – იგი დგას თბილისში: „ბალადა ვეფხისა და მოყმისა“ და უმაღლესი ადამიანური ღირებულებების წარმოდგენას ემსახურება. ქართველ ხალხში იშვა ამირანის მითი, რომელიც ბერძნებმა გამოიყენეს პრომეთეს მითის შესაქმნელად. სწორედ ხალხური შემოქმედება ასაზრდოებდა ისეთ დიდ პოეტ–მოაზროვნეს, როგორიც იყო ვაჟა–ფშაველა და გენიალურ რუსთველს, რომლის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიური სოლომონისეული „ქებათა ქების“ ტოლფასი ახალი სახარებაა ქართველთა.

              მაგრამ ენობრივი ბარიერის გამო, სამწუხაროდ, მსოფლიო ხალხებისთვის იოლად მისაწვდომი როდია უცხო ქვეყნის პოეზიის ნიმუშები; სამაგიეროდ ყველასათვის მისაწვდომია მუსიკალური ენა. ქართველებს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვით  მრავალხმიანი ხალხური სიმღერისა და ქრისტიანული საგალობლების განვითარებაში.  მრავალხმიანობა და გუნდურობა ქართული მუსიკალური აზროვნების ყველაზე უფრო ნიშანდობლივი თავისებურებებია.

             ამ gზით ქართველებმა შექმნეს თავიანთი მუსიკალური ინდივიდუალობა. ქართული მრავალხმიანი ხალხური მუსიკის უნიკალურმა ჟღერადობამ ათქმევინა  ფოლკლორისტ ალან ლომაქსს: „საქართველო მსოფლიოს ხალხური მუსიკის დედაქალაქია“. შემთხვევითიც არ გახლავთ, რომ ამერიკელებმა, 1977 წელს საჰაერო ხომალდით, კაცობრიობის სხვა დიდ მუსიკალურ მონაპოვრებთან ერთად, კოსმოსურ სივრცეში (მათი რმწმენით – სხვა ცივილიზაციებთან შესახვედრად) ქართული სიმღერა, სახელად „ჩაკრულო“ გაგზავნეს!

        2001 წლის მაისის მიწურულს ქართული ხალხური სიმღერა კაცობრიობის მუსიკალური საგანძურის შედევრად აღიარეს და მასზე განსაკუთრებული მზრუნველობა იკისრა იუნესკომ. დღეს ქართულ ხალხურ სიმღერას მონდომებით სწავლობენ და ასრულებენ არა მარტო ამერიკაში, არამედ – მთელ მსოფლიოში: გერმანიიდან და საფრანგეთიდან მოკიდებული –იაპონიამდე.

         ქართველთა მუსიკალური სააზროვნო სისტემა ოდითგან მრავალხმიანი იყო. ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ წარმართობის ჟამს ჩასახულმა საერო მრავალხმიანმა მუსიკამ ქართულ ქრისტიანულ საგალობელში მრავალხმიანი ფორმების ჩასახვა_განვითარებაზე უდიდესი გავლენა იქონია. საქართველო არა მარტო მართლმადიდებლურ, არამედ მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ–ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც საეკლესიო მუსიკაში მრავალხმიან გალობას დაუდო საფუძველი.

          რაც შეეხება ქართულ ხალხურ ცეკვას – მან რა ხანია დაიპყრო მსოფლიოს ქორეოგრაფიის დამფასებელთა გულები, რომლებიც ეცნობიან მას „დიდი ქართული ბალეტის სახელწოდებით“.  ქართულ ხალხურ ცეკვაში ირეკლება ერის მითოლოგიური საწყისები და მისტიური წარმოდგენები. იმავე ამერიკაში, გასული საუკუნის დასაწყისში, ქართული საცეკვაო ხელოვნება პერსონალურადაც იყო დელეგირებული ქართული წარმოშობის ბალეტმეისტერის – ჯორჯ ბალანჩინის სახით, რომლის სახელზეც დღეს დასავლეთის ნახევარსფეროში „ამერიკული ბალეტი“ ფუნქციონირებს, ხოლო ძეგლი დგას  საქართველოს დედაქალაქში, თბილისის საოპერო თეატრის წინ.

           ნიშანდობლივია, რომ, როგორც სასიმღერო, ისე საცეკვაო ხელოვნებისთვის ქართველებს მოეპოვებათ თავისი ეროვნული მუსიკალური საკრავები –  ისინი წარმოდგენილია სიმებიან, ჩასაბერ, კლავიშებიან და დასარტყამი  ინსტრუმენტების ჯგუფებად. სიმებიანი საკრავები იყოფა: ჩამოსაკრავ და  ხემიან საკრავთა ქვეჯგუფებად. ჩამოსაკრავს განეკუთვნება ფანდური, ჩონგური და ჩანგი; ხემიანს კი ჭუნირი ანუ ჭიანური. ჩასაბერი ჯგუფი წარმოდგენილია შემდეგი საკრავებით: მრავალღერიანი სალამური (ლარჭემ-სოინარი), უენო და ენიანი სალამურები, დუდუკი, ზურნა, გუდასტვირი და ჭიბონი, პილილი. კლავიშებიანს განეკუთვნება: ბუზიკა, წიკო-წიკო და გარმონი. დასარტყამ საკრავებს განეკუთვნებიან დოლი, დაირა, დიპლიპიტო, დაფდაფი, წინწილა.

        ქართველმა ხალხმა თავისი ხელი დაატყო ეროვნულ ხუროთმოძღვრებასა და არქიტექტურასაც. აღმოსავლეთის ბარში – ქვითკირის  შენობებით, მთაში – ტერასულად შეფენილ სოფლებში, ფიქლით ნაგები ბრტყელსახურავებიანი შენობებით; დასავლეთის ბარში – ხის ოდა–სახლებით, ხოლო მთაში – გოროზი მრავალსართულიანი კოშკებით. ეროვნულმა ხელწერამ საეკლესიო მშენებლობაშიც ჰპოვა თავისი ასახვა – სრულიად გამორჩეული ქართული არქიტექტურული სტილით არის ნაგები  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების მშვენება „ჯვარი“ და „სვეტიცხოველი“ ქართლში, „ალავერდი“ და „კვეტერა“ კახეთში, „ბაგრატი“  და „გელათი“ იმერეთში, „ნიკორწმინდა“– რაჭაში, „ბედია“ –აფხაზეთში; „მარტვილი“ – სამეგრელოში...

         ეროვნულმა ესთეტიკურმა მრწამსმა სახვით ხელოვნებაშიც ჰპოვა თავისი გამოხატულება – ხალხურ შემოქმედებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ქართველი ფერმწერის – ნიკო ფიროსმანის შემოქმედება, რომელმაც მთელ მსოფლიო აღაფრთოვანა  და რომლის გრაფიკული პორტრეტი, მისი შემოქმედებით აღფრთოვანებულმა  თვით პიკასომ შექმნა. მართლმადიდებლური ხატები და ფრესკები, რომლებიც ქართულ ტაძრებს ამშვენებენ, ასევე  ეროვნული ნიშან–თვისებებით არიან აღბეჭდილნი, მოკიდებული ძველი უბისადან და ყინცვისიდან –  ქაშვეთში თანამედროვე, გუდიაშვილისეულ ხატწერამდე.

  

                                                   ქართული სუფრა

 

                     ქართველებმა განსაკუთრებულად იციან მოლხენა – სუფრაზე ისინი სვამენ ქართულ ღვინოებს და მღერიან ქართულ ხალხურ სიმღერებს.

                    სუფრას უძღვება სუფრის წევრების მიერ არჩეული ხელმძღვანელი – თამადა, რომელსაც მოეთხოვება მჭევრმეტყველების უნარი, ეროვნული ისტორიისა და ტრადიციების საფუძვლიანი ცოდნა და, რა თქმა უნდა, იუმორის გრძნობა.

           სუფრის რიტუალი ქართველისათვის აყვანილია საეკლესიო ლოცვის დონეზე, ამდენად, სინონიმურია სუფრაზე ორგვარი მიმართვა – „სადღეგრძელო თქვი“ ან „დაილოცე“!

                   თამადის კვალად სუფრის წევრებიც ილოცებიან: ჯერ უფლის სადიდებელს ამბობენ, შემდეგ სალოცავებისას და წმინდანებისას, შემდეგ სამშობლოსას... მე–19 საუკუნემდე ამას მეფის სადღეგრძელო მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ ქვეყნის ანექსიის შემდეგ  უკვე იმ გმირთა სადღეგრძელო ისმებოდა, ვინც ნანატრ თავისუფლებას დაუბრუნებდა ქვეყანას. შემდეგ კი –  სადღეგრძელოები მიჰყვება ერთმანეთს წესისა და რიგის მიხედვით: მშობლების, დედმამიშვილების, ნათესავების, მეზობლების, წინაპრების, უდროოდ წასულების, მომავალი თაობების, უკეთესი მომავლისა და ასე შემდეგ,  თამადის ინტელექტუალური თვალსაწიერის, ექსპრომტული აზროვნებისა და გონებამახვილობის შესაბამისად, ვიდრე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლით არ დამთავრდება სუფრა. საუკეთესო შემთხვევაში ყოველ სადღეგრძელოს თან სდევს მისი შესატყვისი მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერა.

              ქართული სუფრა ქართული სამზარეულოს დემონსტრაციაა: ვისაც ერთხელ მაინც უგემნია ქართული კერძი, ის ვერასოდეს დაივიწყებს მისით მოგვრილი სიამოვნების განცდას.

           მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, მისი სამზარეულო ისევე მრავალფეროვანია, როგორც მისი  კუთხეები –  სხვადასხვა რეგიონებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა კერძები. მაგალითად, დასავლეთ საქართველოსგან რამდენადმე განსხვავებული სამზარეულო აქვთ, ვიდრე აღმოსავლეთში; ასევე ერთმანეთისაგან განსხვავებული კერძები აქვთ აღმოსავლეთის, დასავლეთისა და სამხრეთის მთისა თუ ბარის რეგიონებში.

             ქართველები ქეიფსა და სუფრას სხვაგვარად კიდევ „პურ–მარილსაც“ ეძახიან. აქვთ კიდევაც სათქმელი – საქართველოში ისეთი გემრიელი პური ცხვება თონეში, რომ მას მიტანებაც კი არაფრისა სჭირდება. აკი კახელები ამბობენ: „თეთრ პურსა შეჭამანდი რად უნდაო“.

            ფრინველის კერძებიდან, გარდა შემწვარ–მოხრაკულიმა, მზადდება სრეციფიკური წვნიანები: „საცივი“, „ჩახოხბილი“, „ჩიხირთმა“, ხოლო ოთხფეხა საქონლიდან – შეუდარებელი ქართული მწვადის გარდა „ხინკალი“, „ბოზბაში“, „ყაურმა“, „ჩაქაფული“.საქართველოში  უხვად ხმარობენ სანელებლებსა და წიწაკას; სუფრის აუცილებელი ატრიბუტია საწებლები: ტყემლის, ტომატის, შინდის; აჯიკისა და სუნელის საკმაზი. ქართველები  ცოცხლად მიირთმევენ მწვანილს – ოხრახუშს, წიწმატს, რეჰანს, ტარხუნას.

           როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში ყოველდღიური ტრადიციული კერძია სხვადასხვა სანელებლებით და სხვადასხვა ცხიმით შემზადებული ლობიო; დელიკატესად ითვლება ნიგვზით მომზადებული ნებისმიერი კერძი – იქნება ეს მხალეული და ბოსტნეული (მაგ.ბადრიჯანი), თუ ფრინველისა და ოთხფეხის – საცივი, ხარჩო, ბაჟე. დასავლეთში დიდად სცემენ პატივს კუპატს, ღორის კუჭმაჭს, რომელიც ცხარე სანელებლებით არის შეკმაზული.

           განსაკუთრებულად აღსანიშნავია ქართული ყველის მრავალფეროვნება: იმერული ყველი – ძროხის რძისგან დამზადებული უმარილო ყველი ; მეგრული სულგუნი – რძეში მოხარშული ყველი; თუშური გუდის ყველი – ცხვრის რძისგან დამზადებული მარილიანი ყველი; ქართლური – ძროხის რძისგან დამზადებული ყველი .

            დაფუნჩხული ყველის ცომში გამოცხობით მზადდება ქართული სამზარეულოს მშვენება – ხაჭაპური, რომელიც სცვადასხვა კუთხეში განსხვავდება ტექნოლოგიით: იმერული, აჭარული, მეგრული, ფენოვანი;სვანური ჭვიშტარი სიმინდის ფქვილს მოითხოვს ხორბლის ნაცვლად.

            არაყი, ისიც მხოლოდ მაღალი ხარისხის – თაფლის ან ჭაჭის, მადის გასახსნელად მიიტანება სუფრაზე, ან სპეციფიკური საკვების თანხლებით – მაგალითად ხაშზე ( საქონლის შიგნეულის წვნიანზე) ან ხინკალზე ( ცომში გახვეულ დაკეპილ ხორცზე).

           სადილად ისმება რამდენიმე ჭიქა თეთრი კახური ან, უფრო იშვიათად, წითელი ღვინო. ლხინისა თუ ჭირის სუფრაზე, ხანგრძლივი პურობისას თამადა ამჯობინებს მშრალ თეთრ კახურ ღვინოებს – „გურჯაანს“, „წინანდალს“, „თელიანს“, „მანავის მწვანეს“; დელიკატესად ითვლება რაჭული „ქინძმარაული“, მეგრული „ოჯალეში“, გურული „ჩხავერი“.

            მიუხედავად იმისა, რომ სუფრაზე ბევრი ღვინო ისმება,  მაგიდასათან მსხდომი თითოეული ადამიანი ცდილობს, არ დაეტყოს თრობა. ღირსებაშია ის პიროვნება, ვინც კიდეც მჭევრმეტყველებს, კიდეც სვამს, კიდევაც ილხენს, მაგრამ ღვინო არ ეკიდება!

            ქართველებს აქვთ სხვადასხვა სახის ტკბილეული – ცომეულებიდან: ქადა, ნაზუქი; ხოლო ყურძნის ბადაგიდან ამოჰყავთ ჩურჩხელა – თათარაში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი; სპეციალურად საახალწლოდ ამზადებენ გოზინაყს – თაფლში მოხალულ ნიგოზს.

 

                                               ღვინის კულტურა საქართველოში

 

                მეცნიერთა აზრით, თავად სიტყვა - "ღვინო" ქართული წარმოშობისაა და მევენახეობა–მეღვინეობის ქართული წარმართული ღვთაების სახელს უკავშირდება. მსოფლიოში ცნობილი 2000 ყურძნის ჯიშიდან 500 ქართულია.

          არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის ნაკეთობანი, უძველესი საწნახელები, მარნები, თიხისა და მეტალისგან დამზადებული ღვინის სასმისები და სხვ. აღმოჩენილია ჩვ.წ.-მდე IX-VII სს. დათარიღებული ღვინის მსმელი კაცის ფიგურა, რომელიც აგრეთვე ნაყოფიერების სიმბოლოცაა. ყურადღებას იქცევს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოსაგან დამზადებული ღვინის სასმისები, შემკული ძვირფასი თვლებითა და ვაზის გამოსახულებით..

              ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში.  წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს ”ვაზის ჯვრის კულტი” –  ქართულ ტაძრებს ხშირად ამშვენებს ვაზის გამოსახულებანი.

          ქართულ ეკლესია-მონასტრებში არსებობდა პრიმიტიული ღვინის ქარხნები, აქ დღესაც შეხვდებით მარნებსა და საწნახელებს. აღსანიშნავია ნეკრესში აღმოჩენილი IV საუკუნის მარანი, იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არსებული ღვინის ქარხნის ნაშთები. ალავერდის კათედრალის ტერიტორიაზე აღმოჩენილია უძველესი ორმოცქვევრიანი მარანი, სამონასტრო ღვინის დამზადების ტრადიცია აქ დღესაც გრძელდება.

        ყვარლის რაიონში მდებარეობს უნიკალური ღვინის საცავი, რომელიც კლდეში ნაკვეთ გვირაბშია განთავსებული. გვირაბის სიგრძე 13,5 კმ-ს შეადგენს. საცავი წელიწადის ყველა დროს ინარჩუნებს მუდმივ ტემპერატურას 14-დან 16-გრადუსამდე, რაც იდეალურია ღვინის დაძველებისათვის. საცავში დღემდე აძველებენ ქართულ სამარკო ღვინოებს.

          კახეთში, სოფელ წინანდალში არის თავისი  ეთნოკულტუროლოგიური მნიშვნელობით მეტად ფასეული პოეტ ალ.ჭავჭავაძის სახლ–მუზეუმი. როგორც ისტორიული, ასევე არქიტექტურული თვალსაზრისით, აღსანიშნავია ალ. ჭავჭავაძის მამულში მდებარე XIX საუკუნეში აგურით ნაგები ენოთეკა თავისი უძვირფასესი ღვინოების კოლექციით. კოლექციის ყველაზე ძველი სასმელი - "პოლონური თაფლი", 1814 წლით თარიღდება.

         ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

 

                              საქართველოს მრავალფეროვანი ბუნება

 

           საქართველო ტერიტორიულად მცირე მოცულობისაა, მაგრამ ვეებერთელა კავკასიონის ქედსა და ორ ზღვას შუა მოქცეული ქვეყანა ბუნების შესაშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა – ერთ ციდა ტერიტორიაზე არის ალპიური მდელოებიც, სუბტროპიკებიც, უდაბნოებიცა და ხშირფოთლოვანი გაუვალი ტყეებიც. წელიწადის ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე დღეს,   ადამიანს შეუძლია ტანსაცმლის ზამთრის ეკიპირება საზაფხულოდ შილიფად  ჩაცმულობით შეცვალოს და სამთო თხილამურები – ზაფხულის საზღვაო თხილამურებით.

           საქართველოში 4000–ზე მეტი სახეობის ყვავილოვანი მცენარე ხარობს, რომელთაგან მრავალი ენდემური, ადგილობრივი წარმოშობისაა და საქართველოს გარდა არსად არ გვხვდება! საქართველოს ტყეებში 400–მდე სახეობის ხე იზრდება. აქედან დაახლოებით მეოთხედი ენდემურია. აღსანიშნავია რომ საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილია ხელუხლებელი ტყეები. ისინი შეადგენენ მთელი ტყის ფართობის 17,2%-ს.

          ბუნებრივი პირობების მიხედვით საქართველო ოთხ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი, მცირე კავკასიონი, სამხრეთ საქართველოს მთიანეთი და საქართველოს მთიანეთშორისი ბარი.

         ჩრდილოეთით დიდ კავკასიონზე მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალები: შხარა, თეთნულდი, უშბა, მყინვარწვერი – რომელთა დაპყრობაშიც დაოსტატებულა არაერთი ცნობილი ქართველი მთამსვლელი. მცენარეული საფარი მთაში  სუბალპურიდან ნივალურ სარტყელამდე ჯერ ბუჩქნარით, ტანბრეცილი, მეჩხერი ტყითა და ფერადოვანი მდელოებით, შემდეგ კი თანდათან ბალახოვანი მცენარეებით, ხალიჩისებრი მდელოებით  და ბოლოს ხავსებითა და მღიერებით არის წარმოდგენილი.

         მცირე კავკასიონი აჭარაში იწყება და თბილისთან მთავრდება. მცირე კავკასიონის კალთებზე ბევრი ცნობილი კურორტი  და მინერალური წყლის საბადოა. აქ უხვად არის ფოთლოვანი და წიწვოვანი შერეული ტყეები – შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ტყეების ყველაზე დიდი ფართობი ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკშია დაცული.

          სამხრეთ საქართველოს  მთიანეთი საქართველოს მთის ყველაზე უტყეო ნაწილია – მშრალი ველების, ვრცელი ვაკეების და ტბების სამფლობელო. საქართველოში დაახლოებით 860 ტბაა და ამ მხრივ ყველაზე მდიდარი სწორედ სამხრეთ საქართველოს მთიანეთია –  ტაბაწყურის, ფარავნის, მადათაფის, საღამოს, კარწახის ტბები.

         საქართველოს მთიანეთშორისი ბარი  შუაზე ლიხის ქედით არის გაყოფილი კოლხეთის ბარად (იგივე დასავლეთ საქართველოდ) და ივერიის ბარად (იგივე აღმოსავლეთ საქართველოდ). დასავლეთ საქაოთველოში თბილი და ტენიანი ჰავაა და აქ მრავალგვარი მარადმწვანე მცენარე ხარობს. ეს მხარე შავ ზღვას ემიჯნება უკიდურეს დასავლეთში და ტენიანობა სწორედ მისი გავლენითაა გამოწვეული. საქართველოს საპორტო ქალექებიდან გემებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ატლანტის ოკეანეში მოხვედრა. დასავლეთ საქართველოში თბილი და ნოტიო ჰავის გამო გავრცელებულია კოლხური ფოთლოვანი ტყე.     აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით მშრალი ჰავაა.მთისწინეთში უმთავრესად ფოთლოვანი ხემცენარეებია, ხოლო ფერდობებსა და ხეობებში ნაძვნარ–სოჭნარი ხარობს. დასავლეთსა და აღმოსავლეთს ორი დიდი მდინარე სერავს – აღმოსავლეთს მდინარე მტკვარი, რომელზეც საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქები –  მცხეთა და თბილისია გაშენებული და დასავლეთს – მდინარე რიონი, რომელზეც „ლიხთიქეთური დედა“ – ქალაქი ქუთაისი მდებარეობს.

              ისევე, როგორც მცენარეული სამყარო, საქართველოს ნადირ–ფრინველთა  სამყაროც მრავალ ენდუმურ სახეობას მოიცავს, 130 სახეობის ძუძუმწოვარიდან 15% ენდემურია;  გვხვდება ფრინველთა 300-ზე მეტი სახეობა, აქედან 3 კავკასიის ენდემს წარმოადგენს: კავკასიური როჭო, კავკასიური შურთხი, და კავკასიური ყარანა.

                საქართველოს ერთ–ერთი ენდემია ჯიხვი, რომელიც კავკასიონის მიუდგომელ ადგილებში ბინადრობს. მტაცებლებიდან საქართველოში ბინადრობს კავკასიური მურა დათვი, ქართული თეთრი მელა, ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებული ნადირია მგელი, რომელიც ნადირობს როგორც შინაურ, ისე გარეულ ცხოველებზე.

                 მგლისაგან ცხვრის ფარის დასაცავად საქართველოში  საქვეყნოდ  ცნობილი ქართული ნაგაზია გამოყვანილი – იგი არაჩვეულებრივი სილამაზით, შეუპოვრობით, ერთგულებითა და  გონიერებით გამოირჩევა.

                  შინაური ცხოველ–ფრინველების ადგილობრივი ჯიშები – ცხვარი, კამეჩი,ძროხა, თხა – საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოდითგანვე გამოჰყავდათ გარემო (მთისა და ბარის) პირობებთან მისადაგებით.      

                 საქართველოს  ფლორისა და ფაუნის, მეტადრე,  მათი ენდემური ჯიშების დასაცავად,  ქვეყნის გამორჩეულ ადგილებში შექმნილია ნაკრძალები – განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მნახველები ჰყავთ აღმოსავლეთ საქართველოში ლაგოდეხისა და ვაშლოვანის ნაკრძალებს –   ბარში და თუშეთის ნაკრძალს – მთაში; ბორჯომ–ხარაგაულის ნაკრძალს – სამხრეთ–დასავლეთში. 

 

                     საქართველოს ძველი და ახალი დედაქალაქები – მცხეთა და თბილისი

 

            მცხეთა საქართველოს უძველესი დედაქალაქი და  ქალაქი–მუზეუმია, რომელსაც დიდი ისტორიული წარსული აქვს: არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია სამაროვნები და ნამოსახლარები ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელ რკინის ხანამდე, ანტიკური ხანის თავდაცვითი და სამოქალაქო ნაგებობები; ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების  მაღალმხატვრული ნაკეთობები.

            მცხეთას მრავალი დიდი ბრძოლა გადაუტანია, რის სამაგალითოდაც დღემდე შემორჩენილია „პომპეუსის ხიდი“ მცხეთაში – რომაელი სარდლის, პომპეუსის ლაშქრობის დროს აგებული.

      წარმართობის დროინდელი კულტურული ძეგლებიდან უმნიშვნელოვანესია „არმაზის ბილინგვა“ – II საუკუნეში, საფლავის ქვაზე ბერძნულ და არამეულ ენაზე ამოკვეთილი ეპიტაფიის ტექსტით;

          მცხეთის საგანგებო მნიშვნელობა საქართველოს ისტორიაში, უპირველესად, მისი დიდი ქრისტიანული მისიით არის განპირობებული: IV საუკუნეში ქართლის პირველმა ქრისტიანმა მეფემ, მირიანმა აქ აღმართა ჯვარი, რომლის კვარცხლბეკი დღემდეა შემორჩენილი. VI-VII საუკუნეებში ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ I ჯვრის ტაძარი ააგო. ამ ტაძარში აღმართულ ჯვარში იმ ძელიცხოვლის ნაწილებია მოთავსებული, რომელზეც მაცხოვარი იყო ჯვარზე გაკრული.

         სვეტიცხოვლის ტაძრის გვერდით, სადაც ქრისტეს კვართია დავანებული, მდებარეობს სამთავროს დედათა მონასტერი, სადაც წმიდა ნინოს დროინდელი ბიბლიური სიმბოლოთი დატვირთული მაყვლოვანი ხარობს.

        ნიშანდობლივია, რომ დედაქალაქის თბილისში გადატანის შემდეგ მცხეთა დარჩა ქვეყნის საეკლესიო ცენტრად – აქ იყო საქართველოს პატრიარქ–კათალიკოსის რეზიდენცია.

         დღეისათვის მცხეთა მთლიანად იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაშია.

        თბილისი – საქართველოს ამჟამინდელი დედაქალაქი, ქართველთა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, გადმოიტანა მცხეთიდან მე–5 საუკუნეში, მისი გეო–სტრატეგიული ხელსაყრელი მდებარეობის გამო.

          ქართულ ენაში ტერმინი „სამშობლო“ გამოითქმის „დედასამშობლოს“ ცნების იდენტურად. თბილისში დგას ქართლის დედის ქანდაკება. მას ცალ ხელში ხმალი უჭირავს, მეორეში – თასი.. ქანდაკება სიმბოლურად დედასამშობლოს განასახიერებს, რომელსაც თასი მოყვრისათვის აქვს, ხოლო ხმალი – მტრისათვის.

              თბილისი ისეთ წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე, ერთ უცხოელ პოეტს ათქმევინა, რომ „თბილისი მისი სიზმრის ქალაქია“.

             თბილისი ძველისა და თანამედროვეობის იშვიათი თანაარსებობის ადგილია – არქიტექტურა  ჰარმონიულად არის შერწყმული ბუნებრივ ლანდშაფტთან: მდინარე მტკვრის ორივე მხარეზე გაშენებული ძველი ქალაქი გხიბლავთ კლდეებზე წამომართული სახლებით, ტაძრებითა და ციხე–გალავნებით, ქარვასლებით, ღვინის დარბაზებით, სკვერებითა და ხეივნებით; მეფე ვახტანგის დროინდელი გოგირდის აბანოებით, თავისი კოლორიტული მექისეებით, რომელთაც, თავის დროზე,  მოუხიბლავთ ფრანგი მწერალი დიუმა და რუსი პოეტი პუშკინი.

           ბუნების მოყვარულთათვის ქალაქს გააჩნია უმდიდრესი ბოტანიკური ბაღი იშვიათი ენდემური მცენარეებით, საბრძოლო ისტორიის მოყვარულთათვის  – ნარიყალას უდრეკი ციხე და საეკლესიო წარსულით დაინტერესებულთ შეუძლიათ იხილონ   ქალაქში უძველესი, მე – 6 საუკუნის  ანჩისხატის ტაძარი, მე–13 საუკუნის მეტეხის ტაძარი,  ქვაშვეთის ეკლესია, სიონის საკათედრო ტაძარი, ახლად აგებული ხუროთმოძღვრული მშვენება – „სამების“ ეკლესია...

         საქართველოს სულიერი და ყოფითი კულტურის ნიმუშები საქართველოს ორ მუზეუმში – ისტორიულსა და ხელოვნების მუზეუმებშია დაცული; მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძრის ტერიტორიაზე, განთავსებულია საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეთა პანთეონი.

        თბილისი საინტერესოა თანამედროვე კულტურული დაწესებულებების სიმრავლითაც: თბილისში ფუნქციონირებს 1848 წელს აგებული საჯარო ბიბლიოთეკა; ქ არის მსოფლიოში სახელგანთქმული რუსთაველის სახელობის თეატრი, ჯერ კიდევ 1851 წელს დაარსებული ოპერისა და ბალეტის თეატრი; ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო საფეხბურთო სტადიონი და ორიგინალური პროექტით აგებული სპორტის სასახლე...

      თბილისში მოგხიბლავთ დასვენების შესანიშნავი კერები – მთაწმინდის პარკი და კუს ტბა, რომლებიც, ბილიკებით უკავშირდება ერთმანეთს და ტურისტული ლაშქრობების მოყვარულთ  საშუალებას აძლევს  მაღლიდან  დატკბნენ თბილისის შესანიშნავი პანორამით; ბავშვთა ქალაქი „მზიური“, რომელიც ახლო მომავალში „დისნეილენდის“ თბილისურ სახესხვაობად ეპირება გადაქცევას და ასე შემდეგ.

          ყოველდღიური ჯაფით მოღლილი დედაქალაქის მცხოვრებლებისა და მისი სტუმრებისათვის ქალაქში  მრავლად არის  რელაქსაციის გამომწვევი დაწესებულებები – თანამედროვე კაფე–ბარები, თუ ძველ, ტრადიციულ ყაიდაზე მოწყობილი რესტორნები, რომლებიც სტუმრებს სთავაზობენ ქართული კულინარიის შედევრებს, ეროვნული ხალხური თუ თანამედროვე ევროპული მუსიკის თანხლებით.

 

                                                   ქართლი

 

           ქართულ ენაზე ქართველთა მთელ ქვეყანას „საქართველო“ ეწოდება. ფუძე ამ სიტყვისა სწორედ „ქართლიდან“ მოდის  – ქართლი არის ქართულ მიწების შემკრები და ძველი და ახალი საქართველოს დედაქალაქები სწორედ ქართლში მდებარეობენ. ადამიანს, ვინც ქართველი კაცის ყველა ღირსებით არის დაჯილდოებული, „გულქართლს“ ეძახიან. ხოლო თვით სახელწოდება მოდის ქართველთა ეთნარქის – „ქართლოსის“ სახელიდან.

          ეთნიკურ–გეოგრაფიულად ქართლი ისტორიულად მოიცავდა 2 მხარეს – „ზენა სოფელს“ ანუ „შიდა ქართლს“ და „ქვენა სოფელს“ ანუ “ ქვემო ქართლს“. „შიდა ქართლის“ უდიდესი ნაწილი, ეს სწორედ ის ეგრეთ წოდებული „სამხრეთ ოსეთია“, სადაც  ქართველებს კეთილმეზობლურად ჰყავდათ ჩასახლებული ხიზანი ოსები და, რომელი მიწებიც დღეს რუსულ საოკუპაციო ჯარებს აქვთ დაკავებული.

           სწორედ ამ ტერიტორიაზეა განთავსებული ქართლის უმნიშვნელოვანესი ისტორიული საგანძური: უნიკალური არქეოლოგიური სამარხები, რომელიც ქრისტეს დაბადებამდე მე–4 საუკუნეს უკავშირდება – მას ახალგორის განძი უწოდეს, მოპოვების ადგილის მიხედვით. მათ შორის იყო: ბრინჯაოს ინსიგნია-შტანდარტი (ძვ. წ. IV ს.), ირმის გამოსახულებიანი ბრინჯაოს სამკაული, ბეჭდები, საყურეები, თიხის, პასტის, სარდიონის მძივები, საკინძები, სატევრები, ცულები, შუბისპირები, ნუმიზმატიკური მასალები.

          შიდა ქართლშივე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე – რომლის ქალაქად სახელდება 30 საუკუნეს ითვლის, წინაქრისტიანულ პერიოდში ის სატაძრო ქალაქი იყო, ხოლო IX – X საუკუნეებში ქართლის პოლიტიკური ცენტრი გახდა. დღეისათვის იგი შედის   სახელმწიფო  მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაში, რომელიც მოიცავს ძვ. წ. I ათასწლეულისა და ახ. წ. დასაწყისის ამ ძეგლსა და აგრეთვე IX-X სს. სამნავიან ბაზილიკას და ანტიკური პერიოდის სხვადასხვა დანიშნულების კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულებს.

         დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის სამოქმედო არეალია: სამეფოს რეზიდენცია არმაზციხე (I-V სს.), სამეფო აკლდამა (I ს.), პიტიახშთა არმაზისხევის რეზიდენცია, სამთავროს ნამოსახლარი და მრავალფენიანი სამაროვანი, ბებრისციხე და სხვა. მუზეუმში დაცულია არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი კოლექციების ძირითადი  ნაწილი –  30 000-მდე ექსპონატი.

         ასევე მდიდარია არქეოლოგიური მონაპოვრებით ქვემო ქართლი – ისტორიული თრიალეთის მდიდრულ ყორღანში აღმოჩენილია ქრისტეს დაბადებამდე II ათასწლეულის ძვირფასი ოქრომჭედლობის ნიმუშები.

           განსაკუთრებული მუშაობა წარმოებს დმანისში, იქ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები იკვლევენ  გეოლოგიურ ფენას, რომელიც გამოირჩევა ე.წ. ადრეული ჰომინიდებისა და განმარხებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ნაშთებით. როგორც მეცნიერები იუწყებიან, 1991 წლიდან დღემდე დმანისის ძეგლზე აღმოჩენილია ე.წ. ჰომინიდის ხუთი თავის ქალა, რაც მსოფლიოს არცერთ ძეგლზე დღემდე არ დაფიქსირებულა.

         ქრისტიანობის პერიოდიდან უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლებია: იოანე ზედაზნელის სასწაულებრივი ზედაზნის მონასტერი, საიდანაც მთელი თბილისი და მცხეთა მოჩანს და მისი მოწაფეების ღვაწლნაამაგარი ––  შიო მღვიმელის მონასტერი შიომღვიმეში, წილკანში – ისე წილკნელისგან სასწაულებრივად მდინარით დარწყულებული ტაძარი, ისიდორე სამთავნელის მიერ საფუძველჩაყრილი სამთავისის ეკლესია...

       შიდა ქართლში, ნიქოზის ეკლესიაში დაკრძალულია საქართველოს პირველმოწამე რაჟდენი; მთელი საქართველოს მშვენებაა ყინცვისის ტაძარი, შუა საუკუნეების ქრისტიანული მხატვრობის ულამაზესი ქმნილებებით.

          ქვემო ქართლში, ბოლნისის სიონის ტაძარში,  შემონახულია V საუკუნის ქართული დამწერლობის უძველესი ნიმუშები.

          ქართლის გულად ითვლება ქალაქი გორი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი გახდა აქ დაბადებული იოსებ სტალინის მეშვეობით. ქალაქში არის მისი დიდი მუზეუმი, საქართველოში შემორჩენილი მისი ერთადერთი ძეგლი და ქოხი, სადაც ის დაიბადა. 

                   ქართლში შესანიშნავი ბუნებაა – მრავალი საკურორტო ქალაქი, სადაც ჯანმრთელობას იკაჟებს საქართველოს მოსახლეობა – მათ შორის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა მაღალმთიანი დაბა სურამი. ბუნების დასაცავად და შესანარჩუნებლად შექმნილია ლიახვის, ალგეთის, საგურამოს  ნაკრძალები.

 

                                                                      კახეთი

 

                         დღევანდელი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთში მდებარეობს კახეთი. ეს რეგიონი საქართველოს ხერხემალი და ბალავარია. ჯერ კიდევ ადრეულ შუა საუკუნეებში გამოირჩეოდა განსაკუთრებული პოლიტიკური ძლიერებით, ხოლო ბოლო დროს სწორედ აქ წყდებოდა სრულიად საქართველოს ბედი.

                 კახეთის დედაქალაქ თელავში დგას უკანასკნელი ქართველი მეფის ციხე–სიმაგრე, მისი ახლად აგებული ძეგლი და საქართველოში ყველაზე ხანდაზმული და ტანადი, 12 მეტრი გარშემოწერილობის მქონე 900 წლის ჭადარი, რომლის ჩრდილქვეშ მრავალი ერისთვის საჭირბოროტო საკითხი გადაწყვეტილა მთელი ისტორიის მანძილზე.

                 კახეთი  მდიდარია ხუროთმოძღვრული ძეგლებით: მისი არქიტექტურული მშვენებაა ძველი დედაქალაქის –  გრემის ეკლესია, შუამთის სამონასტრო კომპლექსი, ყველაწმინდას ეკლესია გურჯაანში. კახეთის სულიერი ციტადელი ასურელ მამათა გარჯას ნაყოფზე დგას – ეს არის VI საუკუნეში დავით გარეჯელის მიერ შექმნილი დიდი სამონასტრო კომპლექსი, აბბა ალავერდელის სამკვიდროში წმიდა გიორგის სახელზე  XI საუკუნეში აშენებული ალავერდის უმშვენიერესი ტაძარი, აბიბოს ნეკრესელის სახელთან დაკავშირებული ნეკრესის ტაძარი;              იყალთოში, ზენონ იყალთოელის მიერ დაარსებულ სამონასტრო კომპლექსთან ერთად ფუნქციონირებდა სამეცნიერო აკადემია, სადაც გენიალური ქართველი პოეტი – შოთა რუსთაველი სწავლობდა.

            კახეთის განსაკუთრებული მხარეა „უბატონო ქვეყანა“ – ქიზიყი. ქიზიყის სოფელ ბოდბეს ტაძარში საქართველოს ქრისტიანულად განმანათლებელი ქალწული ნინო განისვენებს. ქიზიყში მდებარეობს  სულ ახლახან, XVIII საუკუნეში  გაშენებული ულამაზესი ქალაქი სიღნაღი, რომელიც თავისი ბუნებრივი ლანდშაფტით და შენობა–ნაგებობებით აჯადოვებს ურიცხვ დამთვალიერებლებს.

           კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ–ერთი უძველესი კერაა. რქაწითელის ჯიშის ყურძნისაგან ყველა სოფელში ღვინის დაყენების თავთავისი ტექნოლოგიის, ნიადაგისა და მიკროკლიმატის შესაბამისად მოჰყავთ ღვინო, რომელსაც წარმოების ადგილის სახელს არქმევენ. ერთი უცხო ქვეყნის ჟურნალისტმა უკუღმა გაიგო მომხდარი და გაიკვირვა: „კი ვიცოდი, რომ კახეთში ღვინოს პატივს სცემდნენ, მაგრამ თუ სოფლებს ღვინის სახელებს არქმევდნენ, ამას კი ვერ წარმოვიდგენდიო“.

          კახეთი ტურისტებისათვის მიმზიდველია  თავისი ნაკრძალი ტერიტორიებით –იშვიათი სილამაზის ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი საქართველოს უკიდურეს ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში: წიფლნარ - ფოთლოვანი ტყით, ალპური ზონის ხელუხლებელი მდელოებით, გამყინვარების დროინდელი ტბებით, ენდემური და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, ლაგოდეხის ტყის უმშვენიერესი ჩანჩქერი; ბაწარა - ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალი შემორჩენილი რელიქტური უთხოვრის უნიკალური კორომით, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას წმინდა, ანგელოზების ხედ მიაჩნია.                   ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი და ეროვნული პარკი მცენარეული ტიპების  სწრაფი ცვლით:  ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

         ბუნების ნაკრძალთა გარდა, კახეთში საგანგებოდ ფუნქციონირებენ  მუზეუმ–ნაკრძალები –

საგარეჯოში, დავით გარეჯას ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალში დღეისათვის  ტერიტორია მოიცავს შუა საუკუნეების ცამეტ არქიტექტურულ ძეგლს, სადაც  კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა VI ს-ის შუა წლებიდან დაიწყო – დავით გარეჯელის დროიდან; ყვარლის გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები; მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალი ცივ-გომბორის ქედის სამხრეთით, საგარეჯოს რაიონში, სადაც დაცულია რელიქტური სოსნოვსკის ფიჭვის იშვიათი მასივი. ტერიტორიის დიდი ნაწილი ტყითაა დაფარული. ხარობს რცხილა, ჯაგრცხილა, მუხა, წიფელი, ნეკარჩხალი, თელა და სხვ.

 

                            აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთი

 

         ხევი, მთიულეთი  და თუშ–ფშავ–ხევსურეთი – აღმოსავლეთ საქართველოს მთის რეგიონების სახელწოდებებია.

           მთის ხალხი განსაკუთრებული ემოციური სიმკაცრით გამოირჩევა და მათი რელიგიური განწყობაც განსაკუთრებულია – მთის რელიგიური ცენტრები – ხატ–ანგელოზების საბრძანისები, სამლოცველოებია, რომლებსაც ხევსურები ჯვრებს, ხოლო თუშები და ფშავლები ხატებს უწოდებენ. ჯვარს(ხატს) თავისი ტერიტორია აქვს, სადაც სამლოცველო დარბაზი, სადროშე კოშკი, საზარე, სასანთლე, ბეღელი, საქვაბე–სალუდეა განალაგებული.

        ერთ–ერთი მთიანი მხარის –  ხევის უმთავრესი სალოცავია ულამაზესი გერგეტის სამება – რომელიც ზღვის დონიდან 2 040 მეტრზე მდებარეობს. ტაძარი XIV საუკუნეშია აგებული და გუმბათოვანი ტაძრისა და სამრეკლოსაგან შედგება.

         მთის სოფლების არქიტექტურა ქართული ხუროთმოძღვრების განსაკუთრებული ძეგლია. მისი საუკეთესო მაგალითია სოფელი შატილი – იგი ქართული სამშენებლო ხელოვნების გამორჩეული ქმნილებაა – ტერასულად შეფენილი სოფელი საცხოვრებელიცაა და ციხე–სიმაგრეც.    

     მთიელები მუდამ განსაკუთრებული პატრიოტული გრძნობით გამოირჩეოდნენ – ისინი ქართველი მეფეების ყველაზე ერთგული დასაყრდენნი იყვნენ გადამთიელი დამპყრობლების წინააღმდეგ, იქნებოდნენ ისინი რელიგიური მტრობით შემოჭრილნი, თუ ფიზიკურად დაპირისპირებულნი. ერეკლე მეფის ომის დროს აღა–მაჰმად–ხანის წინააღმდეგ, სამასი არაგველი ჩაება უკვე წაგებულ ომში სპარსელთა წინააღმდეგ და შეჰფიცეს ერთმანეთს, რომ ებრძოლათ უკანასაკნელ სისხლის წვეთამდე და არცერთი მათგანი არ გარიდებია ბრძოლის ველს – ყველა ერთად დაიხოცა, როგორც ოდესღაც სამასი სპარტელი.

                 მთიელებს თავიანთი კულტუროლოგიური თავისებურებები ახასიათებთ – აქ ყველა პოეტია – ერთმანეთს ეჯიბრებიან კაფიაობაში – ექსპრომტული ლექსების თქმაში და კეჭნაობაში – ხელჩართული ხმალაობის ვარჯიშში; ცეკვავენ განსაკუთრებულ ომახიან მთის ცეკვებს; ქსოვენ არაჩვეულებრივად ფერადოვან ხალიჩებს და ქარგავენ მთის ეროვნულ ქართულ სამოსს;

       სუფრაზე, სხვა ქართული რეგიონებისგან განსხვავებით ღვინის წილ მიირთმევენ ლუდსა და ერთნახად არაყს – ჟიპიტაურს, დიდ ხმარებაშია ხინკალი.

       მთამ საქართველოს მისცა უდიდესი პოეტი–ფილოსოფოსი  ვაჟა–ფშაველა, რომლის ნაწარმოებებზე ზნეობრივად იზრდება თანამედროვე ქართველი ახალგაზრდობა.   

        აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში იშვიათი ბუნებაა, რომლის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილი უკავია თუშეთის ნაკრძალ ტერიტორიას – თუშეთის დაცული ტერიტორიები აღმოსავლეთ კავკასიონზე, ზღვის დონიდან 900 - 4800 .-ზე მდებარეობს.

თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალის  ფართობი 10694 ჰექტარია. ნაკრძალი შექმნილია აქ არსებული ბიომრავალფეროვნების, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობების დაცვისა და შენარჩუნების  აქ მობინადრე ცხოველთაგან აღსანიშნავია ნიამორი, კავკასიური ჯიხვი - მისი რიცხოვნება კავკასიაში რამდენიმე ეგზემპლიარით შემოიფარგლება, შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის წითელ ნუსხაში; აგრეთვე აღსანიშნავია არჩვი, მგელი, ფოცხვერი, დათვი და სხვ. ფრინველთაგან - შევარდენი, მთის არწივი და სხვ. თუშეთის ეროვნული პარკში დაცულია  უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები - არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, დგნალი.

                                                 აფხაზეთი

 

           აფხაზეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა, რომელიც ამჟამად დროებით არის დარჩენილი საქართველოს იურისდიქციის მიღმა. ადრინდელ შუა საუკუნეეში მთელი საქართველოს გაერთიანება სწორედ აფხაზეთიდან დაიწყო და მთელ დასავლეთ საქართველოსაც სწორედ „აფხაზეთი“ ერქვა. 

              აფხაზეთის მადლიან მიწაში თორმეტთაგან ერთ–ერთი მოციქული – სვიმონ კანანელი განისვენებს. აქ მოღვაწეობდა სამშობლოდან გაძევებული იოანე ოქროპირი.

              აფხაზეთის მთავარი ქალაქია ცხუმი, რაც ქართული ენის სვანურ კილოზე „რცხილას“ ნიშნავს. არაქართველებს უჭირთ „ცხუმის“ გამოთქმა და სახელწოდებას „სუხუმის“ სახით წარმოთქვამენ.  

              აფხაზეთი ქართველების უძველესი ქრისტიანული კუთხეა. აქ ქართული ქრისტიანული კულტურის უმნიშვნელოვანესი კერებია – მოქვის, ილორის, ბედიის, ბიჭვინთის, დრანდის  ტაძრები  და მონასტრები –  ქართული არქიტექტურით ნაშენები და შემკული ქართული ჩუქურთმებით, ფრესკებით, წარწერებით.

          სამაგალითოდ, ბედიის ტაძარი ბაგრატ III ააშენა X-XI საუკუნეებში. ბაგრატმა და მისმა დედამ გურანდუხტმა ტაძარს ოქროს ბარძიმი შესწირეს, რაც ზიარებისათვის განკუთვნილი  საეკლესიო ჭურჭლის ასომთავრული წარწერით დასტურდება. თვით ბაგრატ III თავისივე აშენებულ ტაძარშია დაკრძალული.

          აფხაზეთში დღემდე შემორჩენილია XI საუკუნის ერთმალიანი ხიდი სოხუმის ახლოს, მდინარე ბესლეთზე. თაღის საპირე ქვებზე ქართული ასომთავრული ასოებით ამოკვეთილია წარწერა, რომელშიც მოხსენიებულია გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III: „ქრისტეო, მეუფეო ყოველთა, ადიდე ორთავე შინა სუფევათა უძლეველი მეფე ბაგრატ“.

             XIX საუკუნეში, უკვე რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას,  ახალ ათონში, ივერიის მთის კალთებზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობაზე შეიქმნა მონასტერი, რომელიც დღემდე ფუნქციონირებს.

            აფხაზეთი –  ეს არის ბუნების საოცრება:  კავკასიონის მთის მასივსა და შავი ზღვის ნაპირს შორის მოთავსებული  სუბტროპიკები  მიწიური სამოთხის შთაბეჭდილებას უქმნის მნახველს. ამიტომაც აქ  თავიდანვე განსაკუთრებულად უფრთხილდებოდნენ ბუნების ნაკრძალებს:

            ბიჭვინთა – მიუსერას ნაკრძალის ღირსშესანიშნაობაა  ბიჭვინთის კონცხის რელიქტური ფიჭვის კორომი, რომლის სანაპირო ზოლში განლაგებულია ცნობილი კურორტი ბიჭვინთა.

            რიწის ნაკრძალში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს რიწის ტბა, რომელიც განუმეორებელი სილამაზით ყოველწლიურად ათასობით ტურისტს იზიდავს.

            ახალ ათონში ქართველი სპელეოლოგების მიერ აღმოჩენილი კარსტული მღვიმე, რამდენიმე დარბაზისაგან შედგება, სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების განუმეორებელ ზღაპრულ სანახაობას ქმნის და სამარადისოდ აჯადოვებს  უამრავ მნახველს.

 

                                                        სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი

 

           საქართველოს ჩრდილოეთით მისი ყველაზე მაღალმთიანი კუთხეებია შეფენილი კავკასიონის კალთებზე – სვანეთი და რაჭა–ლეჩხუმი. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის სოფელი უშგული ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია ევროპაში – იგი ზღვის დონიდან   2 200 მეტრზე მდებარეობს და, ამავე დროს, იუნესკოს ძეგლთა დაცვის ნუსხაში შედის.

        თავისი გეოგრაფიული  მდებარეობის გამო, საქართველოს სწორედ ეს მხარეები იყო მრავალმხრივ მტრებით გარშემორტყულ საქართველოში  სულიერი და მატერიალური განძეულის  ისტორიული საცავი –  ომების დროს აქ ამოჰქონდათ ბარიდან ჯვარ–ხატები,  ბარძიმ–ფეშხუმები, საეკლესიო სამკაულები,  წმიდა წიგნები  თუ სხვა სახის ეროვნული რელიქვიები – დღეს ამ უდიდეს ეროვნულ მისიას ღირსეულად აგრძელებს მესტიის მუზეუმი, სადაც თავმოყრილა საქართველოს უძვირფასესი საეკლესიო განძეული..

        სწორედ  კავკასიონის მთიანეთში იქნა დაცული ქართული სახარების ორი უძვირფასესი ხელნაწერი: ადიშისა – სვანეთში და ჭელიშისა – რაჭაში. საგულისხმოა უკანასკნელის აღმოჩენის მისტიური ისტორია – ქართული ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ, ბოლშევიკებისაგან ნაწამებ  კათალიკოს–პატრიარქ ამბროსის, ახალგაზრდობის წლებში ჭელიშში მსახურებისას, მიწიდან ესმა იდუმალი ხმა, გაათხრევინა და იქ  საგანგებოდ დამარხული „ოთხთავი“ იპოვეს.

       თუმცა სვანეთისა და რაჭა–ლეჩხუმის მიწა თვით წინარექრისტიანულ საგანძურსაც ინახავს – სამაგალითოდ გამოდგება I-IV საუკუნეების  სვანეთის სოფელ  ხაიშში  და რაჭის სოფელ ღებში აღმოჩენილი ძვირფასი განძეულობა; თუმცა, მიწის ქვეშ არსებული ყველაზე დიდი განძი ალბათ მაინც არის ლეჩხუმში დაკრძალული  მართლმადიდებელი საქრისტიანოს უდიდესი წმინდანის – მაქსიმე აღმსარებლის სამუდამო ძვალთშესალაგი.

        დასავლეთის მთის საქართველო მდიდარია საეკლესიო არქიტექტურის ნიმუშებითაც , რომელიც უხვად არის ამ მხარეში – მათ შორის უდავოდ ულამაზესი და უნატიფესია ნიკორწმინდის ტაძარი რაჭაში, ლამარია – უშგულში. რაც შეეხება ყოფითი არქიტექტურის ნიმუშებს, ამ მხრივ სრულიად უნიკალურია საცხოვრისები – კოშკები სვანეთში და დუროიანი სახლები რაჭა–ლეჩხუმში. ეს 20–25 მეტრიანი კოშკ–სახლები, რომელთაგან უხნესი X-XI საუკუნეებით თარიღდება, თავისი სათოფურებით, ადამიანებს იცავდა როგორც მტრის შემოსევებისაგან, ისე ზვავებისგანაც.

      არაერთი  ჩამოსული სტუმარი მოუხიბლავს კავკასიონის მთიანეთის მკაცრსა და ამაყ ბუნებასა და ასეთივე ხასიათის ადამიანებს.  სვანეთის თოვლიან–ყინულოვანი მწვერვალები – უშბა, შხარა, თეთნულდი –ტურისტების  ცქერის სიამოვნების მწვერვალებიც არის, ხოლო, ამავე დროს, ყველა ალპინისტის საოცნებო დასაპყრობი სიმაღლეები!

         რაჭაში, ბუნების განსაკუთრებული მადლის წყალობით, ქართული ყურძნისთვის განსაკუთრებული პირობებია: აქ ვაზის 60–მდე ადგილობრივი ჯიში ხარობს. მათ შორის განსაკუთრებულად სახელგანთქმულია სოფელ ხვანჭკარის ამავე სახელწლოების წითელი ღვინო.  რაჭაში დასვენების საუცხოო კერებიც არის მთის კურორტების – შოვისა და უწერის სახით. უწერაში სამკურნალო წყალსაც ასხამენ.

       ეს მიწა–წყალი  ისტორიულად არის დაფიქსირებული კინოფირზე –  1912 წელს აქ ქართველმა ოპერატორმა ამაშუკელმა გადაიღო მსოფლიოში ერთ–ერთი პირველი დოკუმენტური ფილმი , ქართველი პოეტის აკაკი წერეთილის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში, სადაც  პოეტის ბიოგრაფიის გაცოცხლებასთან ერთად, ამ კუთხის წარსულიც არის აღბეჭდილი თაობებისათვის!

                                                                      იმერეთი

 

                  საქართველოს ფეოდალური მონარქიის კუთხეებად დანაწილების შემდეგ, სხვა სამთავროთა შორის,  დასავლეთ საქართველოში ერთად–ერთი სამეფო სწორედ იმერეთისა იყო. მას იმერეთის ბაგრატიონთა შტო განაგებდა.

                 თუმცა, იმერეთის სადროშოს ადრეული შუასაუკუნეებიდან განსაკუთრებული როლი  ისედაც ჰქონდა საქართველოში – მოკიდებული ლეონ მეფის დროიდან, როდესაც მისი ადმინისტრაციული ცენტრი ქუთაისი მთელი დასავლეთ საქართველოს დედაქალაქად იყო სახელდებული. სწორედ აქედან დაიწყო საქართველოს გაერთიანების პროცესი – აქ ააშენა ბაგრატ მეფემ თავისი ულამაზესი ტაძარი ( დღეს სანახევროდ დანგრეული)X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ხოლო  XII საუკუნეში მეფე დავით აღმაშენებელმა,  უდიდესმა  ქართველმა მეფემ, ამ ქალაქში 1106 წელს ააგო გელათის მონასტერი, რომლის პარალელურად ფუნქციონირებდა გელათის აკადემია – უმაღლესი სასწავლებელი – სადაც ახალგაზრდები განისწავლებოდნენ საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტურულ მეცნიერებებში. ნიშანდობლივია, რომ ქართველთა  ეთნიკურ შეფასებებში იმერლები სწორედ  სანიმუშო აღზრდით, სიდარბაისლითა და ზრდილობით გამოირჩევიან.

               იმერეთის მიწაზე მოიპოვება ქრისტიანობამდელი ნივთიერი კულტურის მდიდრული ნიმუშები – XX საუკუნის  არქეოლოგიური გათხრების შედეგად ვანის ნაქალაქარში აღმოჩენილია უძველესი კოლხური კულტურის ოქრომჭედლობისა და ლითონმქანდაკებლობის  უმაღლესი დონის ოქროსა და ვერცხლის სამკაულები.

        იმერეთის მიწაზე არის ძვირფასი წიაღისეულის საბადოები: ჭიათურაში მანგანუმის მსოფლიო მნიშვნელობის საბადო; ხოლო ქალაქი წყალტუბო ყოველმხრივ არის ბუნებისაგან შემკული: აქ არის უნიკალური მინერალური სამკურნალო წყლები; მის ახლო, სოფელ გუმბრში – მრეწველობაში გამოყენებული თიხის საბადოები, ხოლო  კიდევ ერთგან, წყალტუბოს სიახლოვეს, მდებარეობს  ყუმისთავის მღვიმე ულამაზესი სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების დარბაზებით.

           კიდევ ერთი უნიკალური ადგილი იმერეთში – ნაკრძალი  სათაფლია, სადაც განთავსებულია სათაფლიის ტყე–პარკი, რომლის სიმდიდრეს და დაცვის მთავარ ობიექტს შერეული ტიპის კოლხური ტყე წარმოადგენს; სათაფლიის კარსტული მღვიმე – 5 კარსტული მღვიმით, რომელთაგან ერთი - ნომერ პირველი მღვიმე-საექსკურსიოდ არის გამოყენებული. მღვიმეში თერმომეტრი უცვლელად აჩვენებს 11 გრადუსს. სათაფლიის ნაკრძალის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა,1933 წელის 11 იანვარს ქუთაისელი მხარეთმცოდნისა და პედაგოგის პეტრე ჭაბუკიანის მიერ  „60 მილიონი წლის წინათ გადაშენებული ქვეწარმავლების-დინოზავრების ნაკვალევად“ სახელდებული კირქვის ნაჭდევები. ნაკვალევი განლაგებულია ორ იარუსად, მერგელოვან კირქვაზე.

             იმერეთი მდიდარია ბუნებრივი სიმდიდრეებით, რომლებიც საგანგებო დაცვას ექვემდებარება – მათ შორისაა აჯამეთის ტყე-პარკი – აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალში, ბაღდათისა და ზესტაფონის რაიონებს შორის არსებულ დაბლობზე, რიონის  ხეობაში,  76 000 ჰექტარზე გადაჭიმული   ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელიც ფართობის მიხედვით  ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში და ქუთაისის ბოტანიკური ბაღი, რომელიც აქ არსებული სახეობათა მრავალფეროვნების გამომცენარეთა ცოცხალ  მუზეუმს წარმოადგენს.

            იმერეთში – ქუთაისში, ზესტაფონში, ხარაგაულში – შესანიშნავი ეროვნული რესტორნებია შეუდარებელი იმერული ხაჭაპურით, ნიგვზიანი საჭმელებითა და განთქმული იმერული თავაზიანობით.

                                                          სამეგრელო

 

                            სამეგრელო უძველესი კოლხეთის მიწა–ნაფუძარია. „ოქრომრავალი კოლხეთი“, როგორც მას ძველი ბერძნები უწოდებდნენ, სწორედ აქ მდებარეობდა.        

                      მისი ისტორიული  კულტურული ცენტრი იყო საქართველოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქი ციხეგოჯი. ქრისტეს დაბადებამდე III საუკუნეში ერისთავმა ქუჯიმ, მეფე ფარნავაზის სიძემ, ააგო ციხე და ქალაქი.

             დღეს აქ ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალია: მუზეუმ-ნაკრძალი მოიცავს ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს. ნოქალაქევის ყველაზე ადრეული არქეოლოგიური ფენები და აქ აღმოჩენილი ნივთები თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. მათ შორისაა: კერამიკული ქანდაკებები, ელინისტური ხანის (ძვ. წ. III-I სს.) ორმოსამარხები და ქვევრსამარხები მდიდრული სამარხეული ინვენტარით: ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ნივთებით...

           აღსანიშნავია, რომ პირველი უძველესი ქართული მონეტის – „კოლხური თეთრის“ მოჭრა სწორედ აქ დაიწყეს ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნიდან.

         ციხე-გოჯის ტერიტორიაზე მდებარეობს სამეგრელო-ზემო-სვანეთის ტერიტორიაზე ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი ორმოცი წმინდა მოწამის სახელობის ეკლესია - VI საუკუნის პირველი ნახევრისა.

       სამეგრელო – ძველი კოლხებისა და ლაზების მოდგმის ხალხის სამშობლო –იმავდროულად უძველესი მითიური წარმოდგენების სამკვიდროც არის – ლეგენდის თანახმად, მარტვილში დიდი მუხა (მეგრულად „ჭყონი“) მდგარა, რომელსაც ადამიანები მსხვერპლს სწირავდნენ, სადაც გაქრისტიანების შემდეგ მარტვილის ტაძარია აგებული.

           სამეგრელოსა და მისი დედაქალაქის, ზუგდიდის მუზეუმის საგანძურს წარმოადგენს უდიდესი ქრისტიანული სიწმინდე  – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც საქართველოში 1453 წელს, ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ გადმოუტანიათ. ზუგდიდის მუზეუმში ღვთისმშობლის კვართის გარდა კიდევ მრავალი სიწმინდეა დაცული: წმ  მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, წმ. გიორგის ბარძაყის ძვლის ნაწილი, წმ. იოანე ნათლისმცემლის ძვლის ნაწილი. არქეოლოგიური ძეგლებიდან      მუზეუმში დაცულია ქართული ქანდაკების ნიმუშები, რომლებიც ქართველთა წარმართული კერპის ხარის გამოსახულებას წარმოადგენს; აგრეთვე XIII – XVII სს - თა ათობით ეპიგრაფიკული ძეგლი.

               მუზეუმის იშვიათ ექსპონატთა შორის განსაკუთრებულია ნაპოლეონ I- ის (1769-1821) ბრინჯაოს ნიღაბი, რომელიც ჩამოასხმევინა ანატომიის პროფესორმა ფრანჩესკო ანტომარკმა (1780-1838) პარიზში 1833 წელს.

          იქვე, სასახლესთან  გაშენებულია დადიანისეული ტყეპარკი   მე19 საუკუნის პირველ ნახევარში, სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის, დავით დადიანის მეუღლის, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის მიერ და თავის დროზე სასახლითურთ წარმოადგენდა დადიანების საზაფხულო რეზიდენციას, სადაც დადიანები ატარებდნენ 9 თვეს წლის განმავლობაში. დღეს ეს ტყე–პარკი განსაკუთრებულად იზიდავს დამთვალიერებლებს მრავალი ენდემური თუ ევროპული ჯიშის მცენარეებით. დადიანების სასახლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს მთავრისეული ტაძარი.

         დღევანდელი სამეგრელო ტურისტებისათვის ისტორიული წარსულის გარდა მნიშვნელოვანია თავისი ბუნებრივი ლანდშაფტითა და აგარაკებით –  თბილი და ნოტიო ჰავის გამო აქ გავრცელებულია კოლხური ფოთლოვანი ტყე და მარადმწვანე ბუჩქები. სამეგრელოში მდებარეობენ ცნობილი კლიმატური და ბალნეოლოგიური კურორტები – მენჯი და ლებარდე.

       მთელ სამეგრელოს სერავს წყალუხვი მდინაერ ენგური და შავ ზღვაში ჩაედინება, რომელზეც მდებარეობს სამეგრელოს უდიდესი ნავსადგური ფოთი – ძველი ფაზისი, სადაც ბერძნული მითის მიხედვით ოქროს საწმისის კვალზე წამოსულმა არგონგავტებმა ჩაუშვეს ღუზა. დღეს ფოთი ერთ–ერთი მაკავშირებელი ხიდია ევროპასა და აზიას შორის.

 

                                                            აჭარა–გურია

 

               აჭარა–გურიის მთიანეთის გარდიგარდმო სახლობენ აჭარლები და გურულები. მათ გამოარჩევთ მკვირცხლი ბუნება, ხაზგასმული თავაზიანობა და ცეკვა–სიმღერაში გაცხადებული  ემოციური  თვითგამოხატვა.

               აქაც, ისევე, როგორც მთელ საქართველოში, არქეოლოგიური გათხრები და მიწისზედა ნაგებობები ადასტურებენ უძველესი  მოსახლეობის საცხოვრისებს.

           აჭარაში,  ქობულეთთან ახლოს, ძველ ნაქალაქარში, რომელსაც „ფიჭვნარი“ უწოდეს და გურიაში – ურეკის სანაპიროზე, არქეოლოგიურმა გათხრებმა ძველი წელთაღრიცხვის და წინარექრისტიანული ხანის მრავალი ძვირფასი განძის მარაგი აღმოაჩინა; ორივე მხარეში არის ანტიკური  ხანის ციხეები – გურიაში – ასკანის ციხე,რომელსაც დიდი საფორტიფიკაციო მნიშვნელობა გააჩნდა.   აჭარაში – გონიოს ციხე, რომელსაც ძველი ბერძნები აფსაროსს უწოდებდნენ და I-III საუკუნეებში რომის იმპერიის სტრატეგიული ცენტრი იყო.    

           მსგავსი ადგილები გურია–აჭარაში ისტორიულ ნაკრძალებად არის გამოცხადებული: აჭარის გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალსა და პეტრა-ციხისძირის  მუზეუმ-ნაკრძალში;      აგრეთვე  გურიის გურიანთა-ვაშნარის მუზეუმ-ნაკრძალში საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობები, კერამიკის, ბრინჯაოს, ვერცხლის, ოქროს ნივთები,  ნუმიზმატიკური   მასალა, საბრძოლო და სამეურნეო იარაღი და უნიკალური საიუველირო ნიმუშებისა დაცული.

         საგულისხმოა, რომ აჭარაში უქადაგნია თვით საქართველოს პირველ ქრისტიანულად განმანათლებელს – ანდრია პირველწოდებულს.  ხოლო  გონიომ, ანტიკური წარსულის მემკვიდრეობის გარდა, დიდი ქრისტიანული მნიშვნელობა შეიძინა იმით, რომ აქ არის დაკრძალული ქრისტეს მეთორმეტე მოციქული მატათა.

         აჭარა–გურიაში დიდი ყურადღება ექცეოდა ოდითგან საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრებას. ეკლესია–მონასტრებიდან განსაკუთრებით თვალსაჩინოა სხალთის ტაძარი აჭარაში და შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი გურიაში.  განსაკუთრებულად შთამბეჭდავია მთელი დასავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი ერთ ან ორსართულიანი ოდა– სახლები, რომლებიც კრამიტით ან ყავრით არის გადახურული და ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული.

      აჭარა–გურია ცნობილია თავის ზღვისა და მთის კურორტებით: აჭარაში მხილველს ხიბლავს მისი ზღვისპირა  დედაქალაქის – ბათუმის კოლორიტული ბუნება, ასევე ზღვისპირა ქობულეთი, ჩაქვი, მახინჯაური. განსაკუთრებჰული სილამაზით გამოირჩევა ციხისძირისა და მწვანე კონცხები. მწვანე  კონცხზე, ბათუმის მახლობლად, ბოტანიკური ბაღია გაშენებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი 2 000–ზე მეტი მცენარე ხარობს.

       გურიაში საყოველთაოდ ცნობილია მთიანი კურორტი ბახმარო, სადაც პერსპექტივაში სამთო კურორტის დაგეგმვა არის განზრახული, აგრეთვე ბახმაროს გზაზე – მინერალური წყლებით განთქმული კურორტი ნაბეღლავი.

          გურია–აჭარაში დიდ პატივშია ხალხური სამღერა, რომელიც ოთხ ხმაში იმღერება – ერთი ხმაა კრიმანჭული, იგი ევროპულ ფალცეტს შეესაბამება. აჭარაში უმაღლეს სიმაღლეზეა აყვანილი საცეკვაო ხელოვნება, რომელიც შრომის, ბრძოლისა თუ სატრფიალო მოტივებზეა შექმნილი. გურულები და აჭარლები გაჩვეული ფრინველით მონადირეები არიან – მათ ამისათვის საგანგებოდ ჰყავთ დაგეშილი შევარდენი ან მიმინო.

          გურიაში დიდად არის დაფასებული საწეს–ჩვეულებო ყოფითი ჩვეულებები – მაგალითად, საშობაოდ აქ დგამენ ჩიჩილაკს – სიცოცხლის ხის ნაირსახეობას, რომელიც ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლება. საშობაოდ აცხობენ საგანგებო კვერცხიან და ყველიან ღვეზლებს, საახალწლოდ კვერებს, ბასილას. როგორც ყველგან საქართველოში, აქაც ძალიან უყვართ სტუმარი და ძალ–ღონეს არ ზოგავენ მის წინაშე თავის ღირსეულად წარმოჩინებისათვის.

  

                                                     სამცხე–ჯავახეთი

 

 

             სამცხე–ჯავახეთი  – ეს არის უძველესი მესხეთი – საქართველოს სულიერი და კულტურული განვითარების მესაძირკვლე. საქართვველოს ძველი დედაქალაქის სახელი „მცხეთა“, რიგი ავტორების მტკიცებით, „მესხთა“ ქალაქს ნიშნავს.

           მესხეთის მკვიდრია საქართველოს უდიდესი პოეტი, გენიალური  შოთა რუსთაველი. მისი „ვეფხისტყაოსანი“ ბიბლიური „ქებათა–ქების“ ტოლფასი ნაწარმოებია, რომელიც თანაბრად ეკუთვნის როგორც საერო ლიტერატურას, ისე – სასულიეროს.

           ვისაც არ უნახავს სამცხე–ჯავახეთი, ის ვერ წარმოიდგენს პოემაში აღწერილ  გეოგრაფიულ გარემოს – მხოლოდ აქაური ლოდებისაგან მშრალად ნაგები ციხე–ნამოსახლარების, ზღუდეების, კოშკების, აკლდამების ნახვის შემდეგ შეიძლება ვირწმუნოთ იმ დევგმირების რეალობა, რომლებიც პოემაში არიან აღწერილნი.

         ლოდებისაგან აგებულ ასეთ ძეგლებს მეგალითურ, ან ციკლოპურ ნაგებობებს უწოდებენ.  არსებობენ  ქვის  მეგალითური სვეტებიც,  რომლებიც რამდენიმე ათასი  წლის წინ მდინარეების სათავეებთან, წყაროებთან, ტბებთან იდგმებოდა. მეცნიერებმა მათ ვეშაპები უწოდეს. ვეშაპს ნაყოფიერებას და ბარაქიანობას შესთხოვდნენ. ამ ქვებთან დღემდე ასრულებს რიტუალებს მოსახლეობა.

         სამცხე–ჯავახეთი მდიდარია ქრისტიანული ძეგლებით.  ქალაქ ადიგენის სიახლოვეს მდებარეობს ზარზმის მონასტერი – VIII-IX საუკუნეებში დაარსებული. მონასტერს  ამშვენებს XIV საუკუნეში შემატებული გუმბათიანი ტაძარი და საქართველოში ერთ–ერთი ყველაზე დიდი სამრეკლო. სამლოცველოს თაღში ჩასმული წარწერა ბიზანტიის იმპერატორის ბასილ II  დასახმარებლად დავით III კურაპალატის გალაშქრების ამბავს გვაუწყებს.

        სამცხე–ჯავახეთის მშვენებას წარმოადგენს მეფეების გიორგი III  და თამარის დროს კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია. ვარძიის კომპლექსში სიმაღლეში 13 რიგად განლაგებული დაახლოებით 300 გამოქვაბული და მათი დამაკავშირებელი ათეულობით გვირაბია. ვარძიის მიძინების ტაძარში გიორგი III და თამარის პროტრეტებია შემონახული.

        სამცხე–ჯავახეთი ტბების სამფლობელოა – იგი ტბებით ყველაზე მდიდარი მხარეა მთელ საქართველოში. ეს ტბები მრავალრიცხოვანი ფრინველების თავშესაფარია, განსაკუთრებით, გადაფრენის დროს.

         სამცხე–ჯავახეთის ბუნების ღირსშესანიშნაობაა ბორჯომ–ბაკურიანის საკურორტო ზონა. აქ არის იდეალური  პირობები როგორც ზამთრის, ისე საზაფხულო დასვენებისათვის. ბაკურიანის საციგაო და სამთო–სათხილამურო ტრასები აქაურ კლიმატთან შესატყვისობით საკმაოდ ხელსაყრელ პირობებს ქმნის ბაკურიანის ზამთრის ოლიმპიადის მასპინძლად წარდგინებისათვის. აქ უკვე არსებობს და კვლავაც შენდება კომფორტული სასტუმრო კომპლექსები მრავალრიცხოვანი უცხოელი დამსვენებლისათვის.

         გარემო პირობების დასაცავად აქაურ გარემოს  ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. ნაკრძალის მთავარი ამოცანაა ძვირფასი, სამონადირეო ცხოველთა ჯიშების (უმთავრესად კავკასიური ირემის) აღდგენა და დაცვა. გარდა ამისა, ნაკრძალის ფუნქციაში შედის ბორჯომის ხეობის გატყიანება, რასაც საკურორტო, წყალდაცვითი, ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა აქვს. ამასთან დაკავშირებით დამუშავებულია ბორჯომის ეროვნული პარკის პროექტი.

 

ნანახია: (1790)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას