ლელა ჩხარტიშვილი
„პროვინციული ფაშიზმის“ მსხვერპლნი და იდეოლოგები
ძალიან ხშირად ვფიქრობ სკოპტოფობიაზე (სკოპტოფობია — შიში, ვაითუ აღმოჩნდე სასაცილო, მიიქციო ყურადღება) და აუტოფობიაზე (აუტოფობია — მარტოდ ყოფნის შიში)...
ხშირად ადამიანს უჭირს საკუთარი აზრის დაფიქსირება და საერთოდაც, იმის მიხვედრა, თუ რა არის მისი აზრი, იმიტომ, რომ სხვები დასცინებენ...
ვინ არიან ის ,,სხვები" და რატომ ეშინია ადამიანს იმ ,,სხვებისგან" გარიყვის, ,,რისკიანი მარტოდ დგომის"(კერკეგორი)?!..
ამ საჭირბოროტო საკითხზე ილიას აქვს მოთხრობა ,,სარჩობელაზედ"... მთავარი გმირი, პეტრე, რომლის შესახებაც ილია მოთხრობის ბოლოში სვამს რიტორიკულ შეკითხვას: ,,მართლა-და ჩვენი ბებერი პეტრე რა შუაში უნდა იყოს?!" რა არის პეტრეს ბრალი? სოფლიდან ჩამოსული პეტრე სიკვდილით დასჯის ცერემონიალზე ,,შემთხვევით" მოხვდება, მაგრამ მას ჰგონია, რომ ეს ნამდვილად კაცის ჩამოხრჩობა კი არა, გასართობი სანახაობა ანუ ჯამბაზობაა, თან ეეჭვება, მაგრამ მაინც ერიდება ჰკითხოს ხალხს, იმიტომ რომ დასცინებენ სოფლელ კაცს და აბუჩად აიგდებენ...
ანუ მას ეშინია, არ გახდეს სასაცილო და ამ ბარბაროსულ სანახაობაში იღებს მონაწილეობას...
,,კაცის დარჩობის სანახავად გამოუქნელ მოზვერსავით გამომიწია გულმა. ამ პატარა გულში რამოდენა ცოდვა ტრიალებსო"...
პარალელი მინდა გავავლო 90-იან წლებთან. რამდენმა პროვინციელმა, სოფლიდან ჩამოსულმა ადამიანმა ზურგი აქცია ზვიად გამსახურდიას იმის შიშით, რომ პროვინციელობა (,,პროვინციულ ფაშიზმს" ხშირად ატრიალებდა ყველა ბრუნვაში, ვაიინტელიგენციის ქურუმი, მამარდაშვილი თავის ,,ელიტარულ" ლექციებზე) არ დაბრალებოდა და ,,სვეცკური" წრიდან მოკვეთილი არ ყოფილიყო. ასეთი კომპლექსები ადამიანს ბავშვობიდანვე უყალიბდება. ჯერ კიდევ სკოლიდან მახსოვს, საზოგადოების ფენებად დაყოფის პრიმიტიული მაგალითები. ადამიანთა (მოსწავლეთა) გარკვეული რაოდენობა ერთიანდება ,,სასტავში", თავს ელიტად მოიაზრებს და ზემოდან უყურებს და დასცინის სხვა, მათი აზრით, მათზე დაბლა მდგომ ფენას... ოღონდ ეს ვერ გამეგო ვერასოდეს, რა ნიშნით იყვნენ აღმატებულნი იმ ე. წ. ,,ელიტის" წარმომადგენლები... არც აზროვნების სიღრმეებით, არც ღვთისგან ბოძებული რაიმე უნარებით (ტანისამოსის წარმოების ფირმას და მორგების უნარს არ ვგულისხმობ, ასევე პრეტენზიასაც). უბრალოდ, ასეთ პატარა ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამკვიდრებენ ღირებულებებსდა თუ ამ უბადრუკ ღირებულებებს არ იზიარებ, მაშინ მარტო უნდა დარჩე. ეს მასა ვერასოდეს ვერ გახდება თავისუფალი, რადგან არც იცის ამ ცნების მნიშვნელობა და ყველაზე მთავარი - ეშინია უმცირესობაში აღმოჩენის, სასაცილოდ გახდომის, მარტოობის... ედგარ პოს ,,ბრბოს კაცის" შესავალში ეპიგრაფად აქვს წამძღვარებული სიტყვები: ,,უბედური ხარ, როდესაც მარტოობა არ შეგიძლია, საშინლად უბედური"... მართლაც, უბედურებაა როდესაც კომპლექსების და ფობიების ტყვეობაში ხარ და ღვთის მიერ ბოძებულ ყველაზე სანუკვარ ნიჭს - თავისუფლების ნიჭს კარგავ!
ნანახია: (2208)-ჯერ
Comments
თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას