logo.png

პუტინის ყოფილი მრჩევლის - ანდრეი ილარიონოვის ამ ინტერვიუმ ალესია ბალცმანთან (https://gordonua.com/) სოციალურ ქსელებში რამდენიმე მილიონი მნახველის ყურადღება დაიმსახურა. ანდრეი ილარიონოვის ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია და მისი არაორდინარული მსჯელობა ყოველთვის მეტად  აღიზიანებთ კრემლის პოლიტტექნოლოგებს.

დღევანდელ ინტერვიუშიც ნათლად ჩანს მისი მიუმხრობელი და გულწრფელ;ი დამოკიდებულება კაცობრიობისთვის მტკივნეულ საკითხებთან. მაგრამ ვთხოვთ მკითხველს, ყურადღებით  მოეპყრას და სტრიქონებს შორის სცადოს ქარაგმის ამოკითხვა, როდესაც გაეცნობა

ნოვოსიბირსკიდან ჩინეთში ვირუსის გადატანის საწინააღმდეგო  არგუმენტებს, სადაც არის მცდელობა უჰანში მომხდარი ტრაგედიის გამიჯვნისა ნოვოსიბირსკისაგან. ნუ დაგვავიწყდება, რომ შეუბღალავი პატიოსნების მიუხედავად,  ბატონი ანდრეი მაინც რუს პატრიოტად რჩება და არა შეგნებულად, მაგრამ გაუცნობიერებლად, შესაძლოა,  ეს იყოს მისი ფსიქოლოგიური თავდაცვა, რადგან უაღრესად მძიმეა ბრალდება - როდესაც მსოფლიო კატასტროფა შენს მიწაზე იბადება და შენი მშობელი ხალხია მსოფლიოში აბრიალებული ხანძრის გამჩაღებელი!

ქვემოთ ქართველ მკითხველს ვთავაზობთ ინტერვიუს ფრაგმენტებს მათთვის საინტერესო საკითხებზე:

 

 

 

ანდრეი ილარიონოვი

ეს ამოუცნობი კორონავირუსი!

 

 

ნოვოსიბირსკის აფეთქება

 

რაც შეეხება იური შვეცის ინფორმაციას კორონავირუსის ნოვოსიბირსკიდან ჩინეთში ექსპორტირების შესახებ, შემიძლია მოგახსენოთ, რომ ნოვისიბირსკში მართლაც მოხდა აფეთქ:ბა  2019 წლის 16 სექტემბერს.

„ვექტორის“ დაწესებულებაში რეალურად მუშაობენ როგორც ბიოლოგიური იარაღის შექმნაზე, ისე - მისი გამოყენების საკითხებზე. ეს გახლავთ რუსეთის ტერიტორიაზე მსგავსი საქმიანობის მთავარი ცენტრი, სადაც ინახება სხვადასხვა ბაქტერიების, ვირუსების სახეობები; 16 სექტემბერს მომხდარი აფეთქების თაობაზე ოფიციალური ინფორმაცია იუწყებოდა, რომ სარემონტო სამუშაოების დროს აფეთქდა ბალონი - ცეცხლის არეში მოექცა 30 მ2, ჩაიმსხვრა ფანჯრები და ხანძარი ჩააქრეს. მაგრამ, აბა დააკვირდით - ამ ხანძრის ჩასაქრობად გამოძახებული იყო 17 სახანძრო მანქანა და შავი კვამლი იხილვებოდა მთელ ახლომახლო მიდამოებში. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანმა ინფორმაციამ გამოჟონა რუსეთის თავდაცვის სამინისტროდნ - 17 სექტემბერს მათი საიტი იტყობინებოდა, რომ „16 სექტემბერს  ნოვოსიბირსკში ჩატარდა სამხედრო სწავლება, სამოქალაქო დანიშნულების 23 სამგზავრო ატობუსისგან შემდგარი სპეციალური ავტოსანიტარული ასეულის ფორმირებასთან დაკავშირებით, რის დროსაც მუშავდებოდა საგანგებო ვითარების შემთხვევაში დაჭრილთა ევაკუაციის საკითხები“.

დახეთ მოვლენათა არაორდინარულობას: თავდაცვის სამინისტროს ადრე არ განუცხადებია,  რომ რაიმე მსგავსი სწავლებანი უნდა ჩატარებულიყო ან იგეგმებოდა ნოვოსიბირსკში - ეს ერთი; ახლა მეორე - იგივე საიტი იუწყებოდა, რომ მანევრებში მონაწილეობდა 20 ათასი სხვადასხვა დანიშნულების  ტექნიკის ერთეული - იბადება კითხვა, თუ გყავს 20 ათასი ასეთი ტექნიკის ერთეული, რაღა საჭიროა  სამოქალაქო დანიშნულების 23 ავტობუსის რეკვიზიცია? მესამე - თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებულ პოლიგონთა შორის არ ფიგურირებდა პოლიგონი, სახელწოდებით „ნოვოსიბირსკი“; მეოთხე - არსად, რუსეთის ფედერაციის არცერთ სხვა რეგიონში  - არც მანამდე და არც შემდეგ - არ ჩატარებულა მსგავსი სწავლებები,  დაჭრილების თუ დამწვარ-დასახიჩრებულთა ევაკუაციისათვის, 23 ერთეული სამოქალაქო ტექნიკის გამოყოფით... აქედან გამომდინარე, სრულიად აშკარაა, რომ „ვექტორში“ მართლაც მოხდა სერიოზული ავარია.

მაგრამ, ყოველივე ეს უშუალოდ არ შეიძლება უკავშირდებოდეს კორონავირუსს. დღეისათვის  კორონავირუსის გენომი კარგად არის შესწავლილი. მიკრობიოლოგები და ვირუსოლოგები თვალს ადევნებენ სეკვენირების პროცესს - კორონავირუსის მოდელში სხვადასხვა ელემენტების თანამიმდევრულობის დადგენას. დადგენილია, რომ კორონავირუსის დებიუტი შედგა 2019 წლის 19 ნოემბერს უჰანში და პირველი პაციენტი გამოვლინდა ჯერ კიდე 17 ნოემბერს - უჰანელი ქალბატონის, ვირუსოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის სახით. დღეისათვის მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ ორივე ეს ნაღვლიანი და ტრაგიკული ისტორია - ნოვოსიბირსკისა და უჰანის - სხვადასხვა წარმომავლობისაა. თუმცა, მრავალი პუბლიკაცია მაქვს ნანახი, რომელთა მიხედვითაც „ვექტორში“ განვითარებულ მოვლენებს შეეძლოთ გავლენა მოეხდინათ პნევმონიის განვითარებაზე რუსეთში - ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში რუსეთის არაერთ რეგიონში იყო პნევმონიის აფეთქება. რუსეთის ბევრ ქალაქში იყო გამოცხადებული კარანტინი, მაგრამ ეს მეტწილად იყო ტრადიციული პნევმონიები. კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია გაცილებით უფრო მძიმეა. ჩვენთან, ნოვოსიბირსკში მოხდა სერიოზული კატასტროფა, რამაც გამოიწვია თვით სკოლების დახურვაც. ხოლო, რამდენად შეიძლება ამ მოვლენების დაკავშირება ერთმანეთთან, ძნელი სათქმელია - საჭიროა ვირუსების მიკრობიოლოგიური ანალიზი და სულ სხვა ისტორიაა - გაჟონვა... გაჟონვა უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტიდან მოხდა  არაუგვიანეს 2019 წლის ნოემბრის თვისა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში...

 

კორონავირუსის დაბადება

 

ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსია მომდინარეობს იქიდან, რომ კორონავირუსის წყარო იყო ზღვის პროდუქტების ბაზარი.  ხოლო პრობლემა აქ ის გახლავთ, რომ ამ ბაზარში არავის არასდროს უნახავს გაყიდვაში ღამურები.

რეალურად კორონავირუსის სამეცნიერო კვლევები მიმდინარეობდა ჩრდილო კაროლინის დიუკის უნივერსიტეტსა და უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. 2015 წელს მათმა თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს წერილები ჟურნალ „Nature“-ში, გამოკვლევების მიმდინარეობის შესახებ. შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ეს სამუშაოები შეჩერდა, ხოლო ჩინეთში - გაგრძელდა.

ჩინეთში კვლევებს აგრძელებდა ლაბორატორია ში ჩჟენლის ხელმძღვანელობით და აყენებდნენ ცდებს ღამურებიდან მომდინარე კორონავირუსებზე.

როგორც კი გაჟღერდა ინფორმაცია უჰანში კორონავირუსის გამოჩენასთან დაკავშირებით, უჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა ში ჩჟენლიმ განაცხადა, რომ რამდენიმე უძილო ღამე გაატარა იმაზე დარდში, ხომ არ გაპარულა ეს ვირუსი მისი ლაბორატორიიდან და დაასკვნა, რომ არა, შეუძლებელია მათგან გაპარულიყო. აი, მისი მტკიცებულების ტექსტი: „2019 წლის ახალი კორონავირუსი - ეს არის ბუნება, რომელიც სჯის ადამიანთა რასას არაცივილიზებული ცხოვრებისეული წეს-ჩვეულებების შენარჩუნებისათვის. მე, ში ჩჟენლი, ვფიცავ საკუთარ სიცოცხლეს, რომ ამას არავითარი კავშირი არა აქვს ჩვენს ლაბორატორიასთან. ვურჩევ მათ, ვინც იჯერებს და ავრცელებს ხმებს მედია-ინფორმაციის მავნე წყაროებიდან და ასევე მათ, ვინც უჯერებს არასაიმედო, ინდოელ მეცნიერთა ეგრეთ წოდებულ აკადემიურ ანალიზს, დამუწონ თავიანთი მყრალი ხახები!“.

მაგრამ ფაქტი ის გახლავთ, რომ ეპიდემიური აფეთქების შემდეგ მას არ გამოუქვეყნებია არცერთი  დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა განსხვავებას მის მუშაობის  შედეგებსა და მკვლელ კორონავირუსს შორის.

 

კორონავირუსი და  დიქტატორული მმართველობები

 

კორონავირუსის მსოფლიო პანდემიაში დამნაშავეა პირველ რიგში ჩინეთის ხელისუფლება. როდესაც კორონავირუსი გასცდა მათი ინსტიტუტის ლაბორატორიის ფარგლებს, ჩინეთის ხელისუფლება ორთვენახევრის განმავლობაში მალავდა ამ ინფორმაციას. არც თვითონ მიუღიათ ქმედითი ზომები ინფექციის გავრცელების წინააღმდეგ და არც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს აძლევდნენ ამის საშუალებას და დღემდე ასაიდუმლოებენ ყოველგვარ ინფორმაციას.

მეორე მთავარი დამნაშავეა ჯამმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელმაც არაფერი იღონა ეპიდემიის ჩანასახშივე ჩასახშობად სწორედ იქ, სადაც ის წარმოიშვა!

        კარლო ურბანი

ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი კონკრეტული შემთხვევის მაგალითი - როდესაც 2003 წელს დაფიქსირდა  SARS-ის პირველი ნიშნები, იტალიელი ექიმი კარლო ურბანი გაიწვიეს ვიეტნამში, სადაც იმყოფებოდნენ პაციენტები უცნაური ავადმყოფობით. მან მოახდინა ახალი დაავადების იდენტიფიცირება, შეუდგინა მკაცრი განაწესი ვიეტნამის ხელისუფლებას და ეს ხელისუფლებაც დაემორჩილა მას - დაამყარა უმკაცრესი კარანტინი. შედეგად, SARS-ი ლოკალიზებულ იქნა ვიეტნამის საზღვრებში და არ გავრცელებულა. თუმცა, ამ დაავადებისგან დაიღუპა რამდენიმე ასეული კაცი და თვით კარლო ურბანი, რომელმაც კაცობრიობა იხსნა დიდი პანდემიისაგან და ასეულობით ათასი ადამიანის დაღუპვისაგან! ამ ექიმს ესმოდა, რა არის მედიკოსის მოვალეობა და ადამიანის მოვალეობა ზოგადად!

 

ჩინეთში იყო ექიმი ლი-ვენლიანგი, რომელმაც პირველმა გააჟღერა საჯაროდ ინფორმაცია კორონავირუსზე. ისიც, თავად კორონავირუსისგან დაიღუპა. ჩინეთში მასზე ამბობდნენ თავიდან, რომ ის იტყუება, პროვოკაციას ავრცელებს, ხოლო მოგვიანებით აღიარეს მისი სიმართლე. ამ სიმართლის თქმით მანაც ფაქტობრივად საკუთარი თავი მიიტანა მსხვერპლად.

ლი-ვენლიანგი

ახლა კი ვხედავთ, რომ მსგავს გამოწვევებს  ვერ გაუმკლავდა ვერც ჩინეთის ხელისუფლება და ვერც მსოფლიო ჯანდაცვის ბიუროკრატიული ორგანიზაცია,  რის შედეგებსაც იმკის მსოფლიო! ამ ორგანიზაციის დღევანდელი ხელმძღვანელი, ეთიოპიის ოდინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, აქტიურად მალავს ინფორმაციას და იცავს ჩინეთის ინტერესებს. იანვარში კი, როდესაც ჩინეთში იღუპებოდნენ ადამიანები,  მას და მის ორგანიზაციას არაფერი გაუკეთებიათ სიტუაციის ლოკალიზაციისთვის, კიდევაც მეტი - იანვრის ბოლოს დავოსში ჩატარდა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და იქ ათას რამეს მიედებოდნენ და მოედებოდნენ - ესაო და გლობალური დათბობაო და მისთანებს. გრეტა ტუნბერგი ბოდავდა რაღაც სისულელეებს და მერე ჩვენი ჩუბაისები წერდნენ, მსოფლიოს მომავლის რარიგ მწვავე საკითხებს იხილავდა ეს მშვენიერი გოგონა. ამ დროს კი საშინელი კორონავირუსი მძვინვარებდა უკვე და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან და არც ჩინეთიდან არ ცდილან გამოეყენებინათ დავოსის თავყრილობის უნიკალური შესაძლებლობა მსოფლიოში განგაშის ზარების ასატეხად, სასიკვდილო საფრთხის მოახლოებასთან დაკავშირებით!

ყოველივე ეს იმის მაჩვენებელია, თუ რაოდენ სახიფათოა ავტორიტარული პოლიტიკური რეჟიმები. ისინი სახიფათოა, უპირველეს ყოვლის, საკუთარი მოქალაქეებისათვის: ჩინური რეჟიმი - ჩინელთათვის, რუსული რეჟიმი - რუსებისათვის... მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს რეჟიმები სახიფათონი არიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. ის, თუ რარიგ ზიანის მომტანია რუსული რეჟიმი, ვიცით საქართველოს, უკრაინის, სირიის და სხვათა მაგალითებზე. თუ რარიგ საზიანოა ჩინური რეჟიმი, ამას ვხედავთ პანდემიის შედეგების მიხედვით. კიდეც რომ წინასწარგანზრახულად არ მოქცეულიყვნენ, მთავარია, რომ ჩინელებმა დამალეს ინფორმაცია, რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა მილიონობით ჩვენი პლანეტის მცხოვრებთ!

 

ვირუსი ხალხის თავისუფლების წინააღმდეგ?

 

როცა ისმება კითხვა, არის თუ არა ანტიდოტი ვირუსის წინააღმდეგ, უნდა ითქვას, რომ ასეთი ანტიდოტი არ არსებობს - არსებობს ეჭვი, რომელსაც გამოთქვამენ თავისუფალი ჩინელები ტაივანიდან და ჰონკონგიდან, რომ ამ ვირუსის გამოყვანა ჩინეთის ხელისუფლებას სჭირდებოდა ჰონკონგში არსებულ მღელვარებათა დასათრგუნად, რათა მათ ვერ შესძლებოდათ დაეცვათ თავიანთი უფლებები და თავისუფლება. მატერიკული ჩინეთი ასე ებრძოდა თავისივე თვისტომთა თავისუფალ ნებას. გამოვიდა კი ისე, რომ ვერც ანტიდოტი და რაიმე ვაქცინა მოიგონეს და თვითონ მატერიკელები იმ რაოდენობით გაწყდნენ, რა რაოდენობასაც აქამდე გულმოდგინედ მალავენ.

მკურნალობისა და ინფექციისაგან დაცვის მექანიზმებს ახლა აქტიურად სწავლობენ თავისუფალ სამყაროში - ავსტრალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში. ეს სახელმწიფოები ყველა ქვეყნიდან იკრებენ საუკეთესო სპეციალისტებს და ეძიებენ კორონავირუსისაგან თავის დახსნის ფორმებს და საშუალებებს. როგორც ვიცით, მსგავსიც არაფერი კეთდება ჩინეთისა და რუსეთის ავტორიტარულ რეჟიმებში.

 

პოზიტიური სტატისტიკური მაჩვენებელი ამ დროისთვის არის BCG!

 

ყოფილი საბჭოთა კავშირის მცხოვრებთათვის ეს გახლავთ კარგად ცნობილი აცრა ტუბერკულოზის წინააღმდეგ. 1952 წლიდან ეს აცრა იყო აუცილებელი მთელ ქვეყანაში. აღმოჩნდა, რომ ასეთი აცრა იძლევა დამატებით იმუნიტეტს ან ახდენს იმუნიტეტის მობილიზებას, რომელიც არათუ მხოლოდ ტუბერკულოზის წინააღმდეგ მოქმედებს, მოქმედებს კორონავირუსის წინააღმდეგაც.  სტატისტიკამ უჩვენა, რომ აფეთქებიდან ერთი თვის შემდეგ, იმ ტერიტორიებზე, სადაც აუცილებელია ეს ვაქცინაცია, სიკვდილიანობა 15-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იქ, სადაც ან არ იყო აუცილებელი ვაქცინაცია, ან უტარდებოდათ მხოლოდ რისკის ჯგუფებს, ან 10-30 წლის წინ გააუქმეს მისი აუცილებლობა. ასეთი ქვეყნებია დასავლეთ ევროპაში. აშშ-ში და კანადაში არასოდეს არ ყოფილა ეს ვაქცინაცია აუცილებელი, იტალიაშიც ასევე; ესპანეთში გააუქმეს 30 წლის წინ, პორტუგალიაში გააუქმეს 2017 წელს. და თუ შევადარებთ კორონავირუსის გავრცელებას ამ ორ მეზობელ ქვეყანაში, ციფრები თვალსაჩინოდ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. იგივე პრინციპით - აღმოსავლეთ გერმანიაში ბევრად ნაკლებია კორონავირუსით ავადობა და სიკვდილიანობა, ვიდრე - დასავლეთში. ახლა ვნახოთ სამხრეთ ამერიკა - იქ არის ქვეყანა ეკვადორი, სადაც არ გახლავთ აუცილებელი ეს ვაქცინაცია, ხოლო პერუში და კოლუმბიაში - აუცილებელია. და აქაც დაავადებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი რამდენჯერმე უფრო მაღალია ეკვადორში.

ასე რომ, სტატისტიკური (და არა სამედიცინო) მაჩვენებელი გვატყობინებს:  სადაც კეთდება ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 100 წლის წინანდელი მეთოდით, იქ გაცილებით უკეთესი ვითარებაა - გამომუშავდება დამატებითი იმუნიტეტი კორონავირუსის წინააღმდეგ და სიკვდილიანობა ნაკლებია. აშშ-ში უკვე მიმდინარეობს სამედიცინო კვლევები ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად, მათ შორის -კეთდება BCG-ის აცრები მოხალისეებზეც.  

კიდევ ერთი უცნაური ფაქტორია ანგარიშგასაწევი - ეკონომიკურად უფრო განვითარებულ ქვეყნებს, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, აქვთ ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის უფრო მაღალი მაჩვენებლები! ეს, შეიძლება ითქვას, არის არამარტო გამოცანა, არამედ გადატრიალებაც გარემომცველ სამყაროში! იმიტომ, რომ ადრე ყველაზე მეტად ისეთი ინფექციური დაავადებები, როგორიც არის ხოლერა, ებოლა, შავი ჭირი, „აივ“ - იშვებოდნენ და ლოკალიზდებოდნენ აფრიკაში ან აზიაში,  ახლა კი განუვითარებელ ქვეყნებში ნაკლებია ავადობა და სიკვდილიანობა - მაღალია ევროპასა და ამერიკაში. რა ხდება? ამ თემაზე მიდის დიდი სჯა-კამათი.

 

კორონავირუსით დაავადების რისკ-ჯგუფი - აფროამერიკელები!

 

როგორც აღმოჩნდა - არც მოსახლეობის სიმჭიდროვე, არც გეოგრაფიული არეალი, არც იმდენად მხცოვანი მოსახლეობა არ ყოფილა მთავარი განმაპირობებელი. აშშ-ში ჩატარდა ავადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლების მონაცემების ანალიზი და დადგინდა, რომ რისკის პირთა ჯგუფს უპირატესად შეადგენენ აფროამერიკელები, რომლებიც სამჯერ უფრო ხშირად ავადდებიან, ვიდრე თეთრი მოსახლეობა და ექვსჯერ უფრო ხშირად, ვიდრე აზიელები და ეს მაშინ, როდესაც უშუალოდ აფრიკაში, კორონავირუსის გავრცელება აშკარად ნაკლებად არის დადასტურებული.

რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნდა კორონავირუსის გავრცელების რუკა - და მართლაც დადასტურდა ეს მოვლენა! მანამდე აფრიკელები იმასაც კი ამბობდნენ, რომ ეს ავადმყოფობა თეთრებს ეხებათ და ჩვენი რასა დაცულიაო მისგან, მაგრამ აშშ-ში საწინააღმდეგო  სურათი დაიხატა -  რატომ?

1.აფრიკაში ბევრგან, თუ ყველგან არა, BCG ვაქცინაცია ხდება, ხოლო აშშ-ში არც თეთრებს და არც შავებს არ ცრიან;

2. სტატისტიკის მონაცემები აშშ-ში მიღებულია მსხვილი ცენტრებიდან, სადაც მცხოვრებთა ჯგუფებში მრავლად არიან ემიგრანტები, რომლებსაც თავიანთ ქვეყნებში ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია, ხოლო აფრიკიდან ემიგრირებული აფროამერიკელები პრაქტიკულად არ არსებობენ;

3. თავიანთი „ამჩემფეხება“ დამოკიდებულების გამო აფროამერიკელები ნაკლებად პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ეპიდემიის დროს საკარანტინო  და თვითიზოლაციის წესების დაცვას - ისინი ძველებურად აგრძელებდნენ მჭიდრო ურთიერთობებს ერთმანეთში, პრინციპულად იგნორირებას უკეთებდნენ გამკაცრებულ წესებს - შედეგად, უფრო მაღალი ავადობა და სიკვდილიანობა;

4. დაბოლოს - აფროამერიკულ გაერთიანებებში უფრო გავრცელებულია underline conditions - სასუნთქი სისტემების, გულის უკმარისობის, დიაბეტის, ჭარბი წონის პრობლემები, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს კორონავირუსის მიმდინარეობაზე.

 

შეუძლებელია რუსეთში პანდემიის მასშტაბის წარმოდგენა!

 

უპირველესად უნდა ითქვას, რომ პუტინს მთლიანად გაეპარა ეს პანდემია. მისი რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მის მოქმედებაში ჩანს ტოტალური უვიცობა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პანდემია და როგორ მოეთხოვება მასთან ბრძოლა.  

4 მარტს ის ლაპარაკობდა პროვოკაციულ ჭორებზე, რომლებსაც დასავლეთიდან ავრცელებენ, რათა სტაბილურობა დაურღვიონ. ერთი თვის თავზე მისი პოზიცია შეიცვალა და რა იქნება ახლა? რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის ის, რომ რუსეთში არ არსებობს ტესტირება კორონავირუსზე. ის  მონაცემები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ არსებობს კორონავირუსის მილიონი ტესტი, ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. რას გულისხმობენ რუსები ამ ტესტებში? ისინი ამას ლათინურად ეძახიან „თერმოსკრინინგს“ - თერმომეტრით უზომავენ ხალხს ტემპერატურას, რაც ნიშნავს „კორონატესტებს“ პუტინის ენაზე! რუსეთში ყველა ადამიანი, ვისაც სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ამბობს ერთსა და იმავეს - შეუძლებელია კორონავირუსზე ტესტირების გავლა, შეუძლებელია რაიმე შედეგის მიღება. აქედან კი გამომდინარეობს, რომ სრულიად შეუძლებელია დღეს რუსეთში არსებული ეპიდემიის მასშტაბის წარმოდგენა!

თუკი მაღალგანვითარებულ ქვეყნებს - იტალიას, აშშ-ს და ესპანეთს დაახლოებითი წარმოდგენა მაინც აქვთ თავინთი ქვეყნების კატასტროფის მასშტაბებზე, რუსეთში წარმოდგენაც კი არა აქვთ ამის შესახებ!

მე ყოველდღიურად ვკითხულობ ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ ბრუნდებიან ჩინეთში ვლადივოსტოკიდან ჩინელები. ყოველ რეისზე 20-მდე კორონავირუსიანი ავადმყოფის დიაგნოსცირება ხდება და მაშინათვე გადაჰყავთ სამკურნალოდ. თვით რუსეთში კი, სადაც ეს აურაცხელი ავადმყოფები იმყოფებიან,  არ შესწევთ იდენტიფიცირების უნარი - ავად არის კაცი კორონავირუსით თუ არა. ჩამორჩენილობის, ტესტირების და დიაგნოსტიკის არაადექვატურობის ხარისხი რუსეთში გამაოგნებელია!

აქედან შეიძლება მხოლოდ ერთი, უაღრესად არასასიამოვნი  დასკვნის გამოტანა - რადგან არც ტესტირება არსებობს, არც დიაგნოსტიკა და არც კატასტროფის მასშტაბებია ცნობილი - ეს ნიშნავს, რომ ეპიდემია ეს-ესაა იწყება და აფეთქება წინ ელის რუსეთს. ამჟამად ინფიცირების მასშტაბები იზრდება დღე-ღამეში 22%-ით, ასეთივე სიჩქარით იზრდება გარდაცვლილთა რიცხვიც და ეს რიცხვები დღითიდღე უფრო მოიმატებს!

საგულისხმოა, რომ არაკომპეტენტურობას მოუცავს თვით პუტინის შინაური წრეც; ექიმი, რომელიც მას დაატარებდა მთავარ ინფექციურ საავადმყოფოში, თავად დაავადდა კორონავირუსით.  საავადმყოფოში არ ატარებდნენ თავდაცვის ღონისძიებებს - არ იყენებდნენ არც პირბადეებს, არც თავსაკრავებს, რაც გულისხმობს რუსეთში მედიცინის უკიდურესად დაბალ დონეს და იმას, რომ უაღრესად მძიმედ გადაიტანს რუსეთი ეპიდემიას.

აფრიკა რომ აფრიკაა, იქაც კი უკვე აქვთ ინფექციებთან ბრძოლის გარკვეული გამოცდილება და მჯერა -  აფრიკა უკეთ გაართმევს თავს კორონავირუსთან ბრძოლას, ვიდრე რუსეთი - იქ არიან ექიმები, რომლებმაც იციან როგორ მოიქცნენ, აქვთ ვირუსთან ბრძოლის გამოცდილება, რუსეთი კი, თუ უკანასკნელი ხანის მოვლენებით ვიმსჯელებთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება!

ამიტომ, რაც უფრო ადრე წავა პუტინი ხელისუფლებიდან და რაც უფრო ადრე მოვლენ სათავეში კომპეტენტური ადამიანები, მით ნაკლები ადამიანი დაავადდება რუსეთში და გამოესალმება სიცოცხლეს! მაგრამ პუტინი თვითონ არ წავა და, ძნელი წარმოსადგენია,  ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოწოდება გაუბედოს მისმა ვიწრო გარემოცვამ!

 

საგანგაშო ინფორმაცია  საინკუბაციო პერიოდზე

 

თუ ისტორია,  რომლის მიხედვითაც მოხდა ევროპის დასნებოვნება, მართალია, მაშინ ჩვენი წარმოდგენა საინკუბაციო პერიოდზე სავალალოდ შეიძლება შეიცვალოს!

ბიზნესმენმა, რომელიც იტალიაში ჩავიდა ფილიპინებიდან, კორონავირუსის ნიშნებით მიაკითხა კლინიკას 53 - 55 დღის შემდეგ. ამ ვერსიის რეალურობის შემთხვევაში, საინკუბაციო პერიოდი რიგ ვითარებებში, სავარაუდოა, გაცილებით უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

აქედან გამომდინარე, კარანტინის ვადა ინფიცირებულებისა და გადამტანებისათვის, კიდეც რომ არ უვლინდებოდეთ კორონავირუსის სიმპტომატიკა, შეიძლება უფრო გაეზარდოთ. მაგრამ ამ, უკიდურეს მაგალითსაც თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ის შემთხვევა, რომელმაც ლომბარდიის კრიზისი გამოიწვია  და რომელმაც მთელი ევროპა დააავადა, ხომ დანამდვილებით 24-ე დღეს დაფიქსირდა, მას შემდეგ, რაც ადამიანი უჰანიდან გამოემგზავრა!

ჩინეთში დასაქმებული, კომპანია Unilever-ის იტალიელი მენეჯერი 21 იანვარს ჩამოფრინდა ლომბარდიაში. მაშინ ის არ იყო ავად, არავითარი სიმპტომი არ ჰქონდა. როდესაც გამოიკვლიეს, ყველა მონაცემი უარყოფითი აღმოაჩნდა, მაგრამ 24 დღის შემდეგ, ერთმა პიროვნებამ, რომელიც მასთან იყო კონტაქტში, მიაკითხა ქალაქ კოდონიოს კლინიკას ავადმყოფობის სიმპტომებით. დიდხანს ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა მას და ამ ხნის მანძილზე მან ავადმყოფობა გადასდო მრავალ ადამიანს. მერე კი გაირკვა, რომ ეს იყო კორონავირუსი. და თუ ეს ისტორია სრულ ჭეშმარიტებას წარმოადგენს, ამ შემთხვევაში საინკუბაციო პერიოდი 24 დღეს აღემატება!

ვირუსის ჩვენეული აღქმა დღეს მხოლოდ საწყის სტადიაზეა. ამიტომაც საკარანტინო ვადები და, ვინ იცის,  ყველა თავდაცვის საშუალება სრულიად სხვაგვარი აღმოჩნდეს, ვიდრე ახლა წარმოგვიდგენია!

 

 

ნანახია: (1390)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას