logo.png

დღეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის დღესასწაულია.

 

საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება კეთილმორწმუნე ქრისტიანული ოჯახი, სადაც სასოებით არ ინახავდნენ და თაყვანს არ სცემდნენ ივერიის ღვთისმშობლის ხატს. ამის მსგავსად, ივერიის მიწაზე ალბათ არ მოიპოვება კუთხე, სადაც არ მიბრძანებულიყოს ივერიის ხატის ასლი, მეტწილად ათონის წმიდა მთაზე დაწერილი - ვითარცა ლოცვა-კურთხევა საქართველოსთვის. ყოვლადუბიწო ქალწული თავისი ივერიის ხატის ასლთა ძალით სულიერად აერთიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს და მათში დამკვიდრებულ მართლმადიდებელთ, განურჩევლად ეროვნებისა, და თავისი დედობრივი საფარველის ქვეშ შემოჰკრებს მათ, ვითარცა ეკლესიის ერთ სამწყსოს.

მოგითხრობთ სასწაულთმოქმედი ხატის ერთ-ერთ ასლზე, რომელიც ბოდბის მონასტერშია დავანებული.

 

                               ბოდბის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი

 

ივერიის ღვთისმშობლის ხატის საკვირველთმოქმედი ასლი განსაკუთრებული სამკაულია კახეთის მიწაზე, ბოდბის დედათა სავანეში დაკრძალული ქართველთა განმანათლებლის წმიდა ნინოს საფლავისა. ეს ხატი ათონის მთაზე დაიწერა 1905 წელს. როდესაც საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მონასტერი გაუქმდა და დედები სხვადასხვა მხარეს გაიფანტნენ, სავანის ტერიტორიაზე საავადმყოფო გაიხსნა და ივერიის ხატს მისი პერსონალი მაგიდად იყენებდა. რამდენიმე მონაზონი მოწყალების დის სახით მონასტერში დარჩა და ფარულად ემსახურებოდა წმიდა ნინოს საფლავს.

მონასტრის მახლობლად ცხოვრები კეთილმორწმუნე ქალი რაისა ჰყვებოდა გარდასულ მოვლენათა შესახებ: მისი დედა რენტგენის კაბინეტში სანიტრად მსახურობდა. რამდენიმე ფარულ მონაზონთაგან ერთ-ერთი რუსეთიდან ჩამოსული დედა მაგდალინაც იყო. მას გაგონილი ჰქონდა, წმიდა ნინო ფეხით ჩავიდაო საქართველოში და მის საფლავთან დამკვიდრება ისურვა. დედა მაგდალინა ფერმწერიც ყოფილა. მას უთხოვია რაისას დედისთვის, როგორღაც გამოვითხოვოთ ხატი და მე აღვადგენ დაზიანებულ ნაწილებსო. მანამდე კი ასეთი რამ მომხდარა. რენტგენის კაბინეტის ექიმს ხატი სახლში წაუღია და თვითონაც მაგიდად იყენებდა. მცირე ხანში მისი შვილი მძიმედ გამხდარა ავად. სიზმარში ექიმს ღვთისმშობელი გამოცხადებია და უთქვამს, სანამ ხატს ადგილზე არ დააბრუნებ, შენს შვილს არაფერი ეშველებაო. შეშინებულ ექიმს სიწმინდე უკანვე დაუბრუნებია, მაგრამ მიზეზი ხმამაღლა არ უთქვამს. მაშინ რაისას დედას შეუთავაზებია, ჩამოვწეროთ,  როგორც უვარგისი ინვენტარი და აქაურობას გავაცალოთო. მართლაც ასე მოქცეულან. დედა მაგდალინამ სწორდ რაისას სახლში აღადგინა ეს სიწმინდე, მოგვიანებით კი ჩარჩოში ჩაუსვამთ და კვლავ თავის პირვანდელ ადგილზე დაუბრძანებიათ.

ღვთისმშობლის ხატთან დაკავშირებით სინანულით ყვებიან კიდევ ერთ ამბავს:

იმ სოფელში, სადაც დედათა მონასტერი იმყოფება, ერთი უკეთური კაცი ცხოვრობდა. იგი „ჩეკისტი“ იყო და რელიგიურ სიწმინდეებს განსაკუთრებული სიძულვილით შეურაცხყოფდა. სწორედ მან აღმართა ხელი ივერიის ღვთისმშობლის ხატზე - სახე საგანგებო სიმკაცრით დაუსერა და საგანგებოდვე დაისაჯა; ჯანმრთელი და საღსალამათი, ყველასათვის მოულოდნელად გარდაიცვალა. სოფელში დღემდე ლაპარაკობენ, თუ როგორ დაისაჯა მთელი მისი შთამომავლობა, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ამოწყდა მთელი მისი ოჯახი.

გარეკანზე: ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ბოდბისეული ასლი

 

ნანახია: (1619)-ჯერ

გაზიარება


Tweet

Comments







თქვენი კომენტარი ექვემდებარება მოდერატორის განხილვას